ქართული პრესის მიმოხილვა 25.03.2024

ირაკლი მელაშვილი - სასაკლაო “კროკუსში” - რას გეგმავს პუტინი?!

იყო თუ არა ე.წ. ვეტინგი 9 დათქმაში - ამ თემაზე შიდა დაპირისპირება უკვე თბილისი-ბრიუსელის დისკუსიაში გადაიზარდა

ლაშა ბერიძე - “ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა - შეუძლიათ თუ არა აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის უსაფრთხოება”

“მათ შეეძლებათ ენმ ჩაანაცვლონ და “ოცნებას” სერიოზული კონკურენცია გაუწიონ” - ოპოზიციაში ახალი გაერთიანების კონტურები გამოიკვეთა

ანდრო გოცირიძე - “როგორ ჩაერევა კიბეროპერაციებით კრემლი საქართველოს არჩევნებში”

* * *

ირაკლი მელაშვილი - სასაკლაო “კროკუსში” - რას გეგმავს პუტინი?!

“რუსეთი გააფრთხილეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, რომ ტერაქტი იგეგმებოდა. ძალიან კი მალავდნენ და არ უნდოდათ ამის თქმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერაქტი რუსეთში მცხოვრები მუსლიმანების მოწყობილია და გრუ-ს უკავშირდება. ძალიან სურდათ რამენაირად ეს უკრაინელებისთვის დაებრალებინათ და ახლა ცდილობენ ის დააბრალონ, თითქოს ტერორისტები უკრაინაში გადასვლას ცდილობდნენ. პუტინმა თქვა, უკრაინელებმა “ფანჯარა გაუკეთესო”. კი, მაგრამ რუსულ მხარეს როგორ გაუკეთეს ფანჯარა უკრაინელებმა? სინამდვილეში, როგორც დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა თქვეს, ბელარუსის საზღვრიდან 25 კილომეტრში იყვნენ გაჩერებული, 125 კილომეტრზე კი უკრაინის საზღვრიდან. რა თქმა უნდა, პუტინი ეცდება ეს თავისი შიდა პოლიტიკისთვის გამოიყენოს. მას სჭირდება ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა მობილიზაციის ჩასატარებლად”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სასაკლაო “კროკუსში” - რას გეგმავს პუტინი?!

“ფაქტია, პუტინს არა მარტო მობილიზაცია უჭირს, არამედ დიდი პრობლემები აქვს ბელგოროდის ოლქში, სადაც 12-ში სხვადასხვა ბატალიონი შევიდა: ციმბირის, ჩეჩნური, კიდევ ორი რუსული ბატალიონი და უკვე ორი კვირაა პუტინი ვერაფერს აკეთებს და მეტიც, ევაკუაციის დაწყებამ მოუწიათ. ასეთ ვითარებაში მას ძალიან სჭირდება მობილიზაცია, ამიტომ ყველანაირად ეცდება ეს თემა გამოიყენოს ქვეყანაში უფრო ძლიერი მასობრივი ფსიქოზის დასანერგად უკრაინელების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ძლიერი ძვრებია რუსეთში. ბელგოროდის ოლქში აჰმედ ზაკაევის შვილი იბრძვის, ჩეჩნების დიდი ნაწილიც შეუერთდა ამ ბრძოლას, კადიროვი კი დუმს, არადა, ერთი ჩეჩნური ბატალიონი მთლიანად გაანადგურეს ბელგოროდში. ამიტომაც შეიძლება დიდი უკმაყოფილება დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ძალიან ჭკვიანურად იქცეოდა და ჩეჩნურ ბატალიონებში, ძირითადად, რუსებს აბრძოლებდა. ასევე საინტერესოა ბატალიონი “ციმბირი”, რომელიც, როგორც ამბობენ, ციმბირელებით არის დაკომპლექტებული. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ციმბირში დიდი მოძრაობა იყო, კონფედერაციულ საწყისებზე გადასვლა სურდათ, რადგან ყელში ამოუვიდათ მთელი რუსეთის რჩენა, მაშინ, როცა თვითონ არაფერი რჩებათ. მოკლედ, პუტინს ეშინია შიდა უკმაყოფილების და ამიტომაც შეეცდება ახლა ეს მობილიზაციისთვის გამოიყენოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წავა, მაგრამ ამ პოლიტიკით ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, მაგრამ მათი არ იზრდება. ხელისუფლების ასეთი დაცემული რეიტინგის პირობებშიც ოპოზიცია რომ ვერ ახერხებს ვერაფერს და მათი გამარჯვება ძალზე სათუოა, ამას მოხერხება უნდა. დღეს ოპოზიცია ძალიან უცნაურ რეჟიმშია. ვერც იაზრებენ, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. სულ რამდენიმე თვეში წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად დაიწყება და ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, ვინ ვისთან დაწყვილდება და რა ფორმატით გავლენ არჩევნებზე. ეტყობა, სიურპრიზს გვიმზადებენ და ეს ბლოკები მერე ჩამოყალიბდება, მაგრამ ჯერჯერობით მუდმივი საუბრები იმაზე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საზოგადოებაში უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს, ვიდრე მოლოდინს აჩენს. ლიდერების მიმართ უფრო არასერიოზულობის განცდა ჩნდება, ვიდრე პოზიტიური მოლოდინი. მარტივ მაგალითს მოვიყვან - გაიძახიან, ქვეყნიდან 800 ათასი კაცი გავიდაო, და უკან არავინ არ დაბრუნებულა? თუ ზრდასრულ მოსახლეობაზეა ლაპარაკი, დავრჩენილვართ მილიონ ხუთასი ათასი. რვაასი ათასი თუ გავიდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 40%-ით უნდა გავზარდოთ და მაშინ ეკონომიკაში საქმე მაგრად გვქონია, მაგრამ გვაქვს? რაღაც ლოგიკურად ხომ უნდა გადააბა, მოსახლეობას აბსოლუტურად იდიოტად ხომ არ უნდა თვლიდე?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ სრულიად სხვა მოლოდინი ჰქონდათ და სრულიად სხვა შედეგები მიიღეს. არც ახლა არის უკეთესად საქმე, რასაც მე ვაკვირდები. ერთადერთი, რაღაც ნიშის დაკავებას ცდილობს გახარიას პარტია და რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან აქამდე გახარიას სიჩუმე ოქრო იყო სხვა ლიდერების სისულელეების ლაპარაკის ფონზე და ამას გარკვეული რეიტინგი მოჰქონდა. წინასაარჩევნო კამპანია რომ გახურდება, რას იზამს, არ ვიცით, კამპანიაში სიჩუმე აღარ გამოვა. ადამიანებს უნდა აჩვენო გამოსავალი, მთავარი ეს არის, მაგრამ გამოსავალს არავინ აჩვენებს. როგორც “ლელოს” 1000-ლარიანი პენსია არ არის გამოსავალი, საიდან მოიტანენ ამ ფულს, რომელსაც დღევანდელი ბიუჯეტის 1/3 სჭირდება, ასეთივე არადამაჯერებელია ის დაპირებები, რომლებიც გაიცა - თურმე მეტროს 15 სადგურს ავაშენებთ. საიდან მოვიდა ეს იდეა, რომელსაც ქალაქის დაახლოებით 25 წლის ბიუჯეტი დასჭირდება, თორემ კი ბატონო, ან მეტრო რატომ, როცა ტრამვაი უფრო იაფი ჯდება?! ასეთი დაპირებები 20-25 წლის წინანდელ ამომრჩეველზე უფროა გათვლილი, ვიდრე ახლანდელზე”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“პოლარიზაციის შემცირებით არავინ არ არის დაინტერესებული საარჩევნო წელს, რადგან ორივე ძირითადი მოთამაშის ხმების მოგროვების ტაქტიკა ფოკუსირებულია პოლარიზაციის გაზრდაზე და არა შემცირებაზე. “ოცნებამ” ახლა ლგბტ თემა შემოაგდო, რომელიც მთელ მსოფლიოში პოლარიზაციის საკითხია და ესენიც იყენებენ ასე - აი, ვინც ჩვენი მომხრე არ არის, ლგბტ პროპაგანდის მომხრეაო, რაც უფრო ზრდის პოლარიზაციას. ორივე ძირითადი ძალა ამ პოლარიზაციით არის დაინტერესებული და დანარჩენებიც აყოლილი არიან, რადგან ვერ ხედავენ სხვა ვერანაირ შანსს. ზოგიერთი უფრო მეტად ცდილობს პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას, რათა იქნებ ასე უფრო მოიპოვოს რამე. ამ სიტუაციაში რა პოლარიზაციის შემცირებაზეა ლაპარაკი? საერთოდ, არჩევნებს ახასიათებს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენთან ეს გადავიდა პოლიტიკური ლიდერების პიროვნულ დაპირისპირებაში. ეს არის ყველაზე საშიში, რადგან ამან ჩვენ 1991 წელს სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. მას შემდეგ წლების განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირებები იყო, პოლარიზაციის გარკვეული ხარისხიც იყო, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან ურთიერთობასა და გადამწყვეტ მომენტში მოლაპარაკებასაც ახერხებდნენ ისე, რომ სისხლიან დაპირისპირებამდე და სამოქალაქო უბედურებამდე საქმე არ მისულიყო”, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი.

“ნაცმოძრაობის” დროს გაიზარდა პიროვნული დაპირისპირება. მაშინ დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მორალური განადგურება და დღესაც იგივე გრძელდება, თან ტემპერატურა მატულობს და მატულობს. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ “ნაცმოძრაობის” დროს მართლა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ, მიუხედავად ყველაფრისა, პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რომ რაღაც ზღვარზე არ გადაებიჯებინათ. დღეს კი იმ ადამიანებს, ვინც ლიდერებად მოგვევლინენ, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვთ, მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკაში შენარჩუნება სურთ. პოლიტიკური გამოცდილების უქონლობამ შეიძლება ძალიან აჭრას სიტუაცია, რადგან ის ნეგატიური გამოცდილებაც კი, რაც იყო, მაინც გამოცდილებაა და ამას ყველა ითვალისწინებდა 1990-იანების შემდეგ. დღეს ამას აღარ ითვალისწინებენ. დღევანდელი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა 2012 წლამდე პოლიტიკაში არც ყოფილა”, - დასძენს მელაშვილი.

იყო თუ არა ე.წ. ვეტინგი 9 დათქმაში - ამ თემაზე შიდა დაპირისპირება უკვე თბილისი-ბრიუსელის დისკუსიაში გადაიზარდა

“მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე - ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით დაწყებული აჟიოტაჟი უკვე თბილისსა და ბრიუსელს შორის დისკუსიაში გადავიდა. ხელისუფლებამ ეს თემა დახურულად გამოაცხადა, თუმცა შაბათს ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პიტერ სტანოს განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარების გამო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ევროკავშირისგან არგუმენტებს ითხოვს. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ თუ ევროკავშირისგან არგუმენტები იქნება, მოისმენენ, თუმცა აქვე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი მის ქვეყნებში თავისუფლად დაიარება, რაც მისი თქმით, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იყო თუ არა ე.წ. ვეტინგი 9 დათქმაში - ამ თემაზე შიდა დაპირისპირება უკვე თბილისი-ბრიუსელის დისკუსიაში გადაიზარდა.

“კობახიძის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. “ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს. ეს არ არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. დღეს, მადლობა ღმერთს, ვერავინ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ეს არის დღევანდელი მიდგომა. ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს თემა დახურულია. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი კი აღნიშნავს, რომ ვეტინგი არ ყოფილა 9 პირობის შემადგენელი ნაწილი და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ასეთი დამოკიდებულება სამართლიანი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თვითონ ტერმინი “ვეტინგი” არ უხსენებია, მაგრამ ყველა პუნქტი ჩამოთვალა და თქვა, რომ ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ძალიან უცნაური დამთხვევაა, რომ ეს მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც პრაქტიკულად უკვე დავაინიცირეთ და ორშაბათს საჯაროდ გაჟღერდება კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. როგორც ჩანს, ამაზე იციან ხალხის განწყობა, ამიტომაც ვერაფერი გვითხრეს ამ კანონთან დაკავშირებით, ამიტომ შემოგვიარეს მეორე კარიდან და გვეუბნებიან, რომ თუ ენჯეოების მიერ მოთხოვნილ ვეტინგს არ ჩაატარებთ, ამ შემთხვევაში, თითქოს საქართველოს რაღაც პრობლემები შეექმნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასეთი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ არის სამართლიანი, არ არის სწორი, მით უმეტეს, ვეტინგი არ მოუთხოვია ევროკავშირს, არ ყოფილა ეს 9 პირობის შემადგენელი ნაწილი. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ, რასაც ჩვენგან ითხოვენ, არ არსებობს. უკრაინა და მოლდოვა იყო სადაც ჩატარდა და იქაც შეფასება არის აბსოლუტურად უარყოფითი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ „ვეტინგმა“ არ გაამართლა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, `ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა ვენეციის კომისია, თქვეს, რომ ვეტინგმა უარესი შედეგები მოიტანა და რატომღაც ახლა საქართველოში ითხოვენ~, - განაგრძობს გამოცემა.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხრიდან ითხოვს იმ საერთაშორისო კონცეფციაში ჩართვას, რასაც სასამართლო რეფორმა ჰქვია. მისივე თქმით, ჩვენ ამაზე თანხმობა უკვე განვაცხადეთ მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. „ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა უნდა მოიყვანოს ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისობაში. ამიტომ თუ ამას კონსტიტუციის შეცვლა სჭირდება, კეთილი ინებონ და შეცვალონ. თუ არ გამოუვიდათ, იმას მაინც იტყვიან, რომ ოპოზიციამ ხმა არ მოგვცაო. კონსტიტუციის შეცვლაზე იოლი რა არის, როცა ოპოზიციაც მზად არის ამისთვის. თუმცა მათ არ უნდათ ამის გაკეთება. “ოცნებას” არ სურს საქართველოს სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ეჭქვეშ დადგეს ძალაუფლება სხვადასხვა პერიოდში, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ”, - თვლის ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “არჩევნების დროს ძალიან ბევრი სარჩელი სასამართლოში წავა. ამიტომ ხელისუფლებას უნდა, რომ სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი”, - დასძენს გამოცემა.

“აი, მაშინ გამოჩნდება, რომ ევროკავშირი მართალი იყო და შესაძლოა მაშინ დაბლოკოს და არ მიიღოს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება. სასამართლო რეფორმა პირდაპირ ბმაშია არჩევნებთან. “ოცნება” თუ დაუშვებს გადაცდომებს არჩევნების დღეს, ასეთი სასამართლო “ოცნებას” მიემხრობა. ამიტომ არაფრის ფასად მისი დათმობა არ სურთ... არავინ არ ითხოვს ევროპაში, რომ ცალ ფეხზე დადექითო, როგორც ამ ბოდვას მმართველი გუნდი ახმოვანებს. ეს არის მოგონილი ამბავი, რომლისაც თავად სჯერათ. ჩვენ მოგვცეს სტატუსი უკრაინელი ხალხის მსხვერპლის და ქართველი ხალხის თავგანწირვის გამო. ხოლო “ოცნება” აქ არაფერ შუაშია. ღმერთმა ქნას და მაინც გაგვიხსნან მოლაპრაკების ფანჯარა. ამასაც ხალხის დამსახურებით თუ გააკეთებენ. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, ამომრჩეველი როგორ მოიქცევა არჩევნებზე და რა სიტუაცია იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოყვანილი არგუმენტი - რომ დასავლეთს სურს ქვეყნის სასამართლო სისტემის მართვაში ჩაერიოს ლოგიკურია. მისივე თქმით, ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ქართველ მოსამართლეს აშშ-ის ვიზა იმის გამო არ მისცეს, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი არ მოეწონათ. “ზოგადად, მოსამართლეს განაჩენის გამო არ ედავებიან, მით უმეტეს არ სჯიან. სახელმწიფოც კი არ უნდა ჩაერიოს წესით. თუმცა ვნახეთ, რომ რადგან მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ამერიკის საელჩოს, როგორ დასაჯეს ეს მოსამართლე. ეს გვაფიქრებინებს, რომ მოსამართლეების ვინაობაზე და პოზიციებზე ამა თუ იმ ქვეყანას პრეტენზიები აქვს. ამიტომ ცდილობენ, რომ გავლენა იქონიონ. ამ ფრაგმენტიდან გამომდინარე, ის მოთხოვნები, რომ ფაქტობრივად უცხოელებმა წარმართონ შერჩევის პროცესი, ეს უკვე ხელისუფლებას აიძულებს ფრთხილად იყოს. თუკი არ იქნება რაიმე სხვა შემოთავაზებული, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფს, იქამდე ხელისუფლების პოზიცია ლოგიკურად მიმაჩნია”, - ამბობს საყვარელიძე. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მოსამართლეებით თემა ასევე 2024 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული, რადგანაც ოპოზიციისთვის, არჩევნების შედეგების არაღიარების კონტექსტში, სასამართლო საუკეთესო ბერკეტი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ქართული ოპოზიციის ბირთვი და მთავარი წარმომადგენელია, მოსამართლეების კონტროლი შეეშლება?! ისინი სასამართლოს მიმართ ნეიტრალურები არასდროს ყოფილან. ახლა რომ კონკრეტულ მოსამართლეებს იწუნებენ, განა მათი ხელისუფლების დროს ისინი სისტემას არ წარმოადგენდნენ? უბრალოდ მაშინ მათი ცოდვები “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობდა, ახლა კი აღარ აწყობს, რადგან მათი ერთგულები აღარ არიან. ოპოზიციის განცხადება, რომ მათ სურთ სასამართლო სისტემაში ჩარევა, სახიფათოა, რადგან ამ ხალხს უკვე აქვთ მოსამართლეების მართვის გამოცდილება. ამიტომ არჩევნებზე თუკი ისევ ხელში ჩაიგდებენ ამ სისტემას, თუნდაც დასავლეთის დახმარებით, ამაზე უარს არ იტყვიან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაშა ბერიძე - “ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა - შეუძლიათ თუ არა აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის უსაფრთხოება”

“რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინის ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებს. ვინაიდან ამერიკული დახმარება შეფერხდა, იგრძნობა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა შესუსტებულია და რუსეთი ცდილობს უფრო მასირებული დარტყმები მიაყენოს. რაც შეეხება უკრაინას, მან უკვე პრაქტიკულად გადაიტანა ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე. ბომბავს სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს... ბელგოროდისა და კურსკის ოლქში რუსი მოხალისეების შეჭრას უკვე ჩვეულებრივი რეიდის სახე არა აქვს, უფრო სისტემური ხასიათი მიიღო. რუსეთის ტერიტორიის დაბომბვები ჯერ მცირე მასშტაბისაა, მაგრამ შესაძლოა გაფართოვდეს. უკრაინას არ აწყობს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის ცდილობს ნებისმიერი გზით და ნაკლები დანაკარგით გააგრძელოს ბრძოლა. ძალიან ინოვაციური იყო რუსეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა. რუსეთი დაუცველია საჰაერო დაცვის მხრივ”, - აცხადებს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა - შეუძლიათ თუ არა აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის უსაფრთხოება”.

“რაც შეეხება რუს მოხალისეებს, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეტევა ბელგოროდსა და კურსკის ოლქებზე და, ალბათ, ეს რამდენიმე მიზანს ემსახურება: 1. რუსეთს მოუწევს ფრონტის ხაზიდან ყურადღების გადატანა ამ მიმართულებებზე და იქ რეგულარული ქვედანაყოფების შეყვანა; 2. მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორი - თუკი აქამდე რუსეთისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის კერა ყოველთვის იყო კავკასია, ახლა ბატალიონი “ციმბირი” და სხვადასხვა ქვედანაყოფი, ანუ თვითონ რუსები და სხვა ეთნიკური ჯგუფებიც გამოდიან პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფაქტობრივად, პუტინმა რუსეთში ჩაკლა ყველა სახის ოპოზიცია და წინააღმდეგობა, ნავალნის მკვლელობა იყო ბოლო წერტილი. ვინც პუტინის მოწინააღმდეგეა, ან ქვეყნიდან გაქცეულია, ან მოკლულია. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია არ არის და არც რაიმე პერსპექტივა ჩანს, ყოველთვის ვითარდება რადიკალური სცენარი იატაკქვეშეთიდან. კრემლს თუ საშუალება ექნა, ეჭვი არ შეგეპაროთ, აუცილებლად გაამძაფრებს დაბომბვებს. ის არად დაგიდევთ სამოქალაქო მსხვერპლს, მას წესები და კანონები არ ანაღვლებს. რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს! უკრაინელები ყველაზე დაუნდობელ და დიდი შეიარაღების ქვეყანას ეომებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ევროპელმა ლიდერებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს. იციან რა, რომ მათთვის აშკარა საფრთხე ახლოვდება, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ამერიკაში გაუგებარი და რთული პროცესები მიმდინარეობს, როგორც დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში. გაიხსნება თუ არა ეს კვანძი, ძნელი სათქმელია, თუმცა აშშ-ის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. თუკი უკრაინას საკმარისი საჰაერო თავდაცვა აღარ ექნება, რომელიც ამას გაანეიტრალებს, სამოქალაქო მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება. ტრამპის მიმართულებაა, რომ აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოება უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ კონგრესი ამ თემით მანიპულირებს, დემოკრატები არ თმობენ, რაც მავნებლური შიდაპოლიტიკური კონტექსტია... ამერიკის დახმარება ბევრ რამეს მოიცავს, მაგრამ საბრძოლო მასალებსა და ბევრ სხვა რაღაცაზე პასუხისმგებლობა ევროპამ აიღო - ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკის დახმარება, ძირითადად, მაინც საჰაერო თავდაცვას და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მოიცავს. ამერიკამ უკვე გადადგა ნეგატიური ნაბიჯები და ევროპამ ამიტომ აიღო ხელში ინიციატივა. ევროპელები ძალიან ნერვიულობენ იმაზეც, რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტრამპის რიტორიკა ევროპელებს წარმოაჩენს როგორც უუნარო, უხერხემლო და უპრინციპო ხალხს, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა, უკრაინის დაცვაზე აღარაა ლაპარაკი. მაკრონისა და ევროპელი ლიდერების განცხადებები სწორედ იმას ნიშნავდა, რომ მათ შეუძლიათ არა მარტო უკრაინის, არამედ თავის დაცვაც, თუ საჭირო გახდა ბირთვული იარაღითაც. ევროპამ უნდა აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ შეუძლია მისი დაცვა, რომ ამერიკაზე არ არიან ჩამოკიდებული და ტრამპის კურთხევას არ დაელოდებიან, რომ რაიმე დახმარება გამოუგზავნონ. სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ნატოს ოფსაიტი ემუქრება, მაგრამ ასე თუ გააგრძელა, ადრე თუ გვიან, შეიძლება მას მეორეხარისხოვანი როლიც მიენიჭოს”, - მიიჩნევს პოლკოვნიკი და შეკითხვაზე - “ტრამპმა ისიც თქვა, არ მინდა პუტინსა და უკრაინის დახმარებას შორის არჩევანის გაკეთებამ მომიწიოსო. თუკი მაინც მოუწევს, რას მოიმოქმედებს?” - პასუხობს:

“ტრამპის რიტორიკა და საქმეები სხვადასხვაა. სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ამბობდა, რომ 24 საათში გამოიყვანდა ჯარს ავღანეთიდან. 4 წელი ისე იპრეზიდენტა, ავღანეთიდან ჯარი არ გამოუყვანია, ვინაიდან ეს ნიშნავდა მარცხის აღიარებას, ტრამპს კი არ უნდოდა ისტორიაში დამარცხებული პრეზიდენტის სახელით შესვლა. უკრაინის მნიშვნელობა ავღანეთთან შედარებით გაცილებით დიდია. სად ევროპის უსაფრთხოება, ევროპაში პოზიციების დაკარგვა და სად ავღანეთი. ამჟამად დგას ევროპის უსაფრთხოების საკითხი, ევროატლანტიკური ალიანსის სიძლიერე და ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის როლი. ევროატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული ამერიკის მსოფლიო ჰეგემონია და თუ ტრამპი დაიწყებს გარე თამაშებს, ევროპაში ამ როლს დაკარგავს, ვის რაღა ჯანდაბად უნდა?”

“აშკარაა, რუსეთი ემზადება ნატო-რუსეთის ომისთვის, ეს უკვე რეალური საფრთხეა. რაც მთავარია, ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა - შეუძლიათ თუ არა აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის მოსახლეობა, ევროპის უსაფრთხოება. ასეთი შიში გააჩინა ტრამპმა და ახლა ტესტი იქნება, შეძლებს თუ არა დასავლეთი ჯერ უკრაინის დაცვას. ვინ დაიჯერებდა, რომ გერმანია დაგვიწყებდა ხვეწნას, ოღონდ რაღაც გააკეთეთ, ევროკავშირში რომ მიგიღოთო. დღეს დასავლეთის მიდგომა აღარ არის აღშფოთება-შეშფოთებები. ძალიან საყურადღებოა ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივა _ მან, როგორც სამხედრო კაცმა, დაინახა სამხედრო აუცილებლობა და ცდილობენ უკრაინის დახმარებას. რაც შეეხება უკრაინის ახალ კონტრშეტევას, ეს სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანაა... ტერმინს `კონტრშეტევა~ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი. რანაირად უნდა შეუტიო, როდესაც მოწინააღმდეგე 5-ჯერ აღემატება ცოცხალი ძალით, 5-ჯერ არტილერიით, ავიაციით, რაკეტებით და სხვა. რეალისტები უნდა ვიყოთ, რა კონტრშეტევა? ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევა იქნება, მაგრამ მთავარი საკითხები ფრონტის ხაზების უკან წყდება და, ალბათ, ბრძოლა უფრო არაკონვენციურ ხასიათს მიიღებს. უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა ომი 3-4 წელიწადს ან უფრო მეტხანსაც გასტანს”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

“მათ შეეძლებათ ენმ ჩაანაცვლონ და “ოცნებას” სერიოზული კონკურენცია გაუწიონ” - ოპოზიციაში ახალი გაერთიანების კონტურები გამოიკვეთა

“მოქალაქეების” დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “ლელოს”, “საქართველოსთვის”, “გირჩს”, ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს გაერთიანებაზე კონსულტაციებს სთავაზობს. მისი პროგნოზით, ასეთი ტიპის ალიანსი შუაშისტ ამომრჩეველს წაიყვანს და დაახლოებით 30-40%-იანი რესურსი ექნება. ელისაშვილს მზაობა ჯერჯეობით “გირჩმა” დაუდასტურა. რამდენად შესაძლებელია ასეთი ტიპის გაერთიანება მართლაც შედგეს და რა შანსი ექნებათ მათ საპარლამენტო არჩევნებზე? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ელისაშვილის მიერ დასახელებული პარტიებისა და ლიდერების გაერთიანების შემთხვევაში, ასეთი ალიანსი, სულ მინიმუმ, ენმ-ს ჩაანაცვლებს, როგორც მთავარ ოპიზიციურ პარტიას და შესაძლოა “ოცნებასაც” სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს პირველობისთვის ბრძოლაში. თუმცა, რამდენად შედგება ეს გაერთიანება, თავად ლიდერების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მათ შეეძლებათ ენმ ჩაანაცვლონ და “ოცნებას” სერიოზული კონკურენცია გაუწიონ” - ოპოზიციაში ახალი გაერთიანების კონტურები გამოიკვეთა.

“თუ ეს გაერთიანება შედგა, მაშინ შესაძლოა იმაზე ვიფიქროთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ნამდვილად გამოუჩნდება კონკურენტი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. თუ იქ რაღაცეებიც გადათამაშდება და ყველაფერი ნორმალურად ჩამოყალიბდება, ეს იქნება არა უბრალოდ გაერთიანება, არამედ ძალა, რომელიც რეალურად იბრძოლებს იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს პირობები თავად შესთავაზოს. ეს გაერთიანება რელურად რამდენად შესაძლებელია? ახლა რთული სიტუაციაა, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. თუ ეს ხალხი (ძირითადად ლიდერები) დაგვარწმუნებს, რომ ისინი თავისი თავისთვის კი არა, ქვეყნისთვის იბრძვიან, ეს ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია. თუმცაღა, თუ ყველას თავისი ლელოს გატანა უნდა, “ლელოდან” დაწყებული გახარიას ჩათვლით, მაშინ ეს გაერთიანება არ შედგება და მერე იმის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეთ, თუ “ქართულმა ოცნებამ” ამდენი მანდატი რატომ მიიღო. თუ გახარია უარზეა, მაშინ დანარჩენებმა უნდა შეძლონ გაერთიანება. ეს კი მოიტანს იმას, რომ გახარიას უბრალოდ ჩაძირავენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ასეთი გაერთიანების შემთხვევაში - ზემოთ ჩამოთვლილს მინუს გახარია - დიდი ალბათობით, პარტია “საქართველოსთის” 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ ის იძულებული იქნებ, ან ამ კოალიციაზე წავიდეს, ან ბორტს მიღმა დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ეს კოალიცია არ ვიცი პირველი ადგილისთვის რამდენად იბრძოლებს, მაგრამ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ იმისთვის, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად გადაიქცნენ ხელისუფლებასთან მიმართებაში და რეალურად ჩაანაცვლონ “ნაციონალური მოძრაობა”, - თვლის ძაბირაძემ და შეკითხვაზე - “ჩამოთვლილ პარტიებისა და ლიდერების შესაძლო გაერთიანებას არჩევნებზე ხმების რამდენი პროცენტის მიღების შანსი აქვთ?” - პასუხობს:

“ჯერ გაერთიანება უნდა შედგეს და რაღაცეები გამოიკვეთოს. ერთი, რაც დღეისთვის შემიძლია ვთქვა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ. დანარჩენი პროცესს უნდა შევხედოთ. თუ სწორად წაიყვანენ, ისინი, როგორც მინიმუმ, “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაანაცვლებენ, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას და დანარჩენი პროცესზეა დამოკიდებული. “ოცნების” საარჩევნო კამპანიას რომ ვუყურებ, ჩანს, მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ - ასეთი აგრესიული კამპანია აშკარად ამაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ისინი ალბათ ოპოზიციურ ნაწილზეც მუშაობენ და ცდილობენ არ დაუშვან ოპოზიციისთვის მომგებიანი და მათთვის წამგებიანი რაღაც ასეთი გაერთიანებები”.

“როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, “ცვლილება თუ გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ. მაქვს შეთავაზება პარტიებთან, რომლებიც არც “ნაცები” ვართ და არც “ქოცები”... ე.წ. შუაშისტური ძალები, პროდასავლური პარტიები უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცალ-ცალკე შეიძლება ბარიერი გადავლახოთ, მაგრამ ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ცვლილება თუ გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ. ასეთ შუაშისტურ ძალებს შეიძლება 30-40%-იანი რესურსი გვქონდეს. ასეთ ძალად მოვიაზრებ “ლელოს”, გახარიას პარტიას, “გირჩს”, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს. წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ. მე, პირადად, მზად ვარ დავჯდე ამ პარტიებთან სალაპარაკოდ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქვს “გირჩის” წევრებთან, რომლებმაც ასევე დაუდასტურეს მზაობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ბევრ რამეში ერთმანეთს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, შეიძლება, ყველას ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდეს, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკაში ვართ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა გავაცნობიეროთ ეს ისტორიული მომენტი, თუ ახლა შევცვლით ხელისუფლებას, გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ძალაუფლების ცვლილება უნდა იყოს წყნარი და მშვიდი. ჩვენ თუ ცვლილება გვინდა, კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, პირობა უნდა დავდოთ, რომ ეს რევანშიზმის გარეშე მოხდება, ცვლილების შემდეგ არავის დავიჭერთ, ქონებას არავის წავართმევთ, სამსახურიდან არავის გავუშვებთ... ჩვენ თუ ცვლილება გვინდა, რევანშიზმს უნდა მოვეშვათ... პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება, ისეთი ადამიანები დადგნენ ერთმანეთის გვერდზე, წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნია - მზად ვარ კომპრომისისთვის, მოვუწოდებ სხვა ე.წ. შუაშისტურ პარტიებს, მარტო თავის დღის წესრიგსა და ბარიერის გადალახვაზე ნუ ფიქრობენ, რომც გადალახონ, მერე რას იზამენ?” - ამბობს ელისაშვილი, რომლის აზრით, “გაერთიანების გარეშე ცვლილება არ მოხდება”, - დასძენს გამოცემა.

ანდრო გოცირიძე - “როგორ ჩაერევა კიბეროპერაციებით კრემლი საქართველოს არჩევნებში”

“კიბეროპერაციებით არჩევნებში ჩარევა რუსეთისთვის აპრობირებული ხერხია. მინიმუმ 2016 წლიდან ცნობილია, რომ ის ამგვარ საქმიანობას ეწევა. ცნობილია გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებში, აშშ-სა და საფრანგეთში პრეზიდენტების არჩევნებში, სხვადასხვა ქვეყნის რეფერენდუმებში ჩარევის ფაქტები. თუმცა ჩარევა ყოველთვის კიბეროპერაციებით არ ხდება. ზოგ შემთხვევაში კიბეროპერაციები გამოიყენება გავლენის ოპერაციების ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ამომრჩევლებში შესაბამისი განწყობების დათესვას ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად ან ზოგიერთ შემთხვევაში არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას, ნდობის შერყევას და მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ დემოკრატიული წყობა არაეფექტურია და ეფექტურია რუსული სახელმწიფო წყობა, რომელიც, პრინციპში, არჩევნებს გამორიცხავს კიდეც, იმდენად ფორმალური ხასიათი აქვს”, - აცხადებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსული ფიშინგი / როგორ ჩაერევა კრემლის საქართველოს არჩევნებში.

“რაც შეეხება წმინდა კიბერშეტევებს, ეს არის ფიშინგი, რომლის მეშვეობითაც მაკომპრომეტირებელ მასალებს ან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებენ, რასაც მაკომპრომეტირებელ მასალად გადააქცევენ ძალიან ხშირად გამოიყენება დიპფეიკის ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, იმგვარი ტექნოლოგიები, რომლებიც არჩევნებს შეაფერხებს, ჩაშლის, შეაფერხებს ხმის მიცემას, ხმების დათვლას და ა.შ. გარდა ამისა, არის საინფორმაციო ოპერაციები, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, ტროლებითა და ბოტებით სასურველი განწყობების შექმნა. ჩვენნაირ სახელმწიფოებში, ანუ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ პროცესს გამოუთხაროს ძირი, მთლიანად არჩევნების შედეგები გახადოს ნაკლებად სარწმუნო და არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ამას სხვა მეთოდებით ახერხებენ, იმიტომ, რომ მოსახლეობას ჩაუნერგონ ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესების მიმართ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე

“საქმეც ეგ არის, რომ არჩევნებს არ ჩაშლიან, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება არჩევნების მიმართ ნდობა, უფრო გამყარდება რუსული ნარატივი, უფრო მეტი მოქალაქე გადაინაცვლებს რუსულ ორბიტაზე. ვერც ერთი პარტია, რაც არ უნდა ამ ეტაპზე პრორუსულად იყოს განწყობილი, დემოკრატიულად არჩეული ვერ იქნება, რადგან მოსახლეობის მუხტი სხვა არის, ვერ უზრუნველყოფს რუსეთისთვის სასურველ შედეგებს. რუსეთს სჭირდება საქართველოში დემოკრატიის რწმენის შერყევა, რათა რეტროგრადულმა ძალებმა თქვან, ევროპა და ამერიკა ცუდია, მათი პოლიტიკური წყობა უვარგისია და ხომ არ დავბრუნდეთ რუსულ ორბიტაზეო. ეს არის რუსეთის სურვილი და არა ის, რომ რომელიღაც პარტია მოკლე ვადით ჰყავდეთ ხელისუფლებაში. კრემლს ეს ტაქტიკურად შეიძლება სურდეს, მაგრამ სტრატეგიულად არაფერს უწყვეტს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პოლარიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც ხელს უშლის ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ჩარევით ხდება. თუ ეს მათი ინიცირებული არ არის, ამ ტალღას აჰყვებიან და მათთვის სასარგებლო შედეგების მიღებას შეეცდებიან. ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეც ბევრია დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, ძალიან უშლის ხელს საკითხების გადაჭრას ის, რომ ხელისუფლებაც ნებსით თუ უნებლიეთ ხდება ხოლმე რუსული პროპაგანდის მსხვერპლი და სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის გამავრცელებელიც კი, მაგრამ რესურსი არსებობს - სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია. სწორად უნდა იქნეს გამოყენებული პარტნიორებთან თანამშრომლობის ის ფორმატები, რომლებიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული”, - მიიჩნევს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

“ახლა საქართველოს გარემო მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ ელჩ ჰარჩინსკის ბოლო განცხადებით, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს და რამდენად სწრაფად შევა, ეს საქართველოზეა დამოკიდებული. ამიტომაც რუსეთი შეეცდება ნებისმიერი მეთოდითა და ფორმით შეაფერხოს ჩვენი წინსვლა. ყველა ნაბიჯი, რომლებიც მიმართული იქნება ამ წინსვლის შეფერხებისთვის, რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი მოქმედება, ცხადია, იქნება მათ შორის არჩევნებზე ზემოქმედების კონტექსტშიც განხილული, მით უმეტეს, რომ რუსეთს ასეთი მეთოდები, როგორც გითხარით, აქვს. საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების პენეტრაციის ხარისხი მაღალია, რუსეთის კიბეროპერაციების რიცხვიც შთამბეჭდავია და გულუბრყვილობა იქნება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს”, - დასძენს ანდრო გოცირიძე და შეკითხვაზე - “ხელისუფლებას არ მიაჩნია რუსეთის ჩარევა საფრთხედ?” -პასუხობს:

“ხელისუფლება ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ ის რუსეთისთვის არ წარმოადგენს პრობლემას და მიაჩნია, რომ დაშოშმინების პოლიტიკით რუსულ აგრესიას აარიდებს თავს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა - რუსეთი აუცილებლად ჩაერევა ამ არჩევნებში, ექნება საქართველოზე ზემოქმედების მცდელობები და არა მარტო არჩევნებში, რადგან რუსეთი მოკლევადიან პერსპექტივაში არ მოქმედებს. ახლა მას დემოკრატიისთვის ბრძოლა აქვს და ამას უკრაინაში იარაღით ებრძვის. ამიტომაც შეეცდება, რომ საქართველოში დემოკრატიის ჩანასახიც კი მოსპოს და დააბრუნოს თავის ორბიტაზე”.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო