თამარ კორძაია - ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ გვეძლევა, ჩვენი საჩივრის განხილვა კი თვეების განმავლობაში არ ხდება, აჩვენებს, რომ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი

ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ გვეძლევა, ჩვენს საჩივარზე კი სხდომა თვეების განმავლობაში არ ინიშნება, აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ორგანო - უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართულია იმაში, რომ პარლამენტის წევრმა ვერ მოახერხოს, ვერ შევიდეს და ვერ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

“მინდა ყურადღება გავამახვილო იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რაც ტრიალებს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ერთ წელიწადზე მეტია, პარლამენტის თავმჯდომარემ აკრძალა პარლამენტის წევრების შესვლა მიხეილ სააკაშვილთან მისი მონახულების მიზნით. 2023 წლის 14 აპრილს მე სარჩელი შემიტანე, რადგან ვთვლი, რომ ვალდებული ვარ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დავიცვა კანონით განსაზღვრული ყველა საშუალებით. მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. 7 თვეში უკვე საქართველოს პარლამენტი არ იქნება და შესაძლოა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არც გვქონდეს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფიქციაა კანონში, რომელშიც წერია, რომ შეგვიძლია ვინახულოთ ნებისმიერი პატიმარი.

პროცესი კი ასე მიმდინარეობდა: როდესაც შალვა პაპუაშვილმა აკრძალა მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, დავიწყეთ გარკვევა. აღმოჩნდა, რომ სუს-ის უფროსმა, ბატონმა ლილუაშვილმა მიმართა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელმაც ზეპირად მიმართა პაპუაშვილს და მან ზეპირად აკრძალა შესვლა. როდესაც დავა დავიწყეთ, შემდეგ გაფორმდა წერილობითი დოკუმენტები. სასამართლო, რომელიც დღეს ატარებს მოსამართლეთა კონფერენციას იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია, ერთ წელზე მეტია სხდომას არ ატარებს. მე მგონია, რომ ეს ჯაჭვი ნათლად აჩვენებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, რადგან ყველა ორგანო - უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართულია იმაში, რომ პარლამენტის წევრმა ვერ მოვახერხო, ვერ შევიდე და ვერ მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. ამის უფლება ჩვენ გვაქვს კონსტიტუციურად, კანონმდებლობით და სრულიად დაუსაბუთებლად სისტემური უწესრიგობით, გააზრებული, დაგეგმილი უკანონობით ხდება ამ უფლებების შეზღუდვა”, - აღნიშნა კორძაიამ.

რაც შეეხება თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის განმარტებას, რაც გულისხმობდა, რომ ეს წესი მისივე უსაფრთხოების დაცვისთვის შემოიღეს, ამის საპასუხოდ კორძაიამ განაცხადა, რომ შეზღუდვა რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს გონივრული, მაგრამ უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ზოგადი.

“დასრულდა ეს პერიოდი. შეზღუდვა რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს გონივრული, მაგრამ უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ზოგადი. გარდა ამისა, ეს შეზღუდვა მას არ მოუხსნია და არც ხსნის. მაგრამ სასამართლო დავაში მე ვამტკიცებ იმას, რომ მნიშვნელოვანია, რომ დაასაბუთონ კონკრეტული დეპუტატი რატომ არის საფრთხისშემცველი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამის დასაბუთებას ვერ ბედავენ და სასამართლო სხდომები არ ინიშნება”, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია