პაატა მანჯგალაძე - თუ ლაზარე გრიგორიადისის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად - ვინც დასჭირდება, ნებისმიერ დროს დაგვაკავებს

თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული - თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქალაქო სასამართლოში, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი განცხადებით, მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.

“თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული. სამართლიანი სასამართლოს იმედი არ მაქვს. გამიკვირდება ძალიან, თუ სასამართლო გაათავისუფლებს, იმიტომ, რომ სინამდვილეში მას ამის არჩევანი არ აქვს. თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს. ეს არის მესიჯი”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი უნდა შეიწყალოს.

“პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. ადამიანი ისეა დაკავებული, რომ მტკიცებულებები არ არის. ჩემი მოლოდინი ის არის, რომ უნდა შეიწყალოს. ექსპერტიზა არ გვაქვს. რომ გვქონდეს, აქ კი არ ვიქნებოდით”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის