ქართული პრესის მიმოხილვა 08.04.2024

ვახტანგ ძაბირაძე - რა მოჰყვება სკანდალური კანონპროექტის უკან შებრუნებას?!

ვინ იმარჯვებს დიდ საინფორმაციო ომში

ანა ნაცვლიშვილი - “გირჩი” უკვე გაფორმდა “ქართული ოცნების” ოფიციალურ დანამატად”

“სპეცტრიბუნალი პუტინისათვის” შესაძლოა წელსვე შეიქმნას - რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში

ლევან ლორთქიფანიძე - “ოცნება”, სავარაუდოდ, კანონს გაიტანს და არა მგონია, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - რა მოჰყვება სკანდალური კანონპროექტის უკან შებრუნებას?!

“როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” რეიტინგში გვარიანად უჭირს, მიუხედავად მათი ლაპარაკისა, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ. სავარაუდოდ, ყოველკვირა ატარებენ შიდა კვლევებს და შედეგებით შეშფოთებული არიან, რადგან 60%-იანი კი არა, ამის ნახევარი რეიტინგიც არა აქვთ. ამიტომ გადავიდნენ აგრესიულ საარჩევნო კამპანიაზე. ამასთანავე, ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანა ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რასაც ეს ხელისუფლება ბოლო ხანს ეწევა - ეს არის ჩვენი პარტნიორების გამუდმებული და უსაფუძვლო კრიტიკა, ლგბტ თემის გააქტიურება, არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა და ა.შ., თან ამ ყველაფერს ქვეტექსტად მიჰყვება, რომ თურმე ოპოზიციას ქვეყნის არევა სურს. არადა, კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას ჯერ საარჩევნო კამპანიაც არ დაუწყია ნორმალურად”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა მოჰყვება სკანდალური კანონპროექტის უკან შებრუნებას?!

“მოკლედ, “ქართული ოცნება” ამ თავისი პოლიტიკით ცდილობს მოამზადოს ნიადაგი იმისთვის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშანს დაუსვამენ, ეს მიეწეროს არა "ქართული ოცნების" შეცდომებს, არამედ დასავლელი პარტნიორების ე.წ. აგენტების კანონის მიღებით, “ომის არდაწყებით” და ა.შ. გამოწვეულ განაწყენებას. სავარაუდოდ, გეგმავენ თქვან, ჩვენი პარტნიორები ამის გამო არიან ჩვენდამი ცუდად განწყობილიო... ჩემი შეფასებით, კანონპროექტის ხელახლა შემოტანა ძალიან ჰგავს 2011 წლის 26 მაისის პროცესებს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსთაველზე სასტიკად დაარბია დემონსტრანტები. მაშინაც ხელისუფლებას სურდა გაეტეხა საზოგადოება, გაენულებინა ოპოზიცია და დარჩენილიყო მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე. მეთოდია სხვა, თორემ დღეს “ქართული ოცნება” ამ კანონის გატანით იმავეს ცდილობს... კარგად იცოდნენ, რომ ამას მოჰყვებოდა ჩვენი პარტნიორების უკიდურესად მძიმე რეაქცია... მათი განცხადებები ძალიან კრიტიკულია, იმაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩვენთვის ევროკავშირის სტატუსის მოცემა ნაადრევი იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“როცა ქვეყნის მომავლისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპია, სულ რომ უპრობლემო იყოს ეს კანონპროექტი, ამის გამო უნდა თქვან უარი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალაუფლების შენარჩუნების პრინციპი ჩვენი პოლიტიკოსებისთვის უზენაესია. ხელისუფლებამ იცის, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება საპროტესტო ტალღა, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ამას გადალახავენ და გაიტანენ ამ კანონს. თუ არეულობა მოხდა, ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიცია დაადანაშაულონ. პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, მშვიდი და არა რადიკალური. არჩევნებს უკავშირდება ისიც, რომ როგორმე დაადუმონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. თუ ისინი საარჩევნო პროცესს უარყოფითად შეაფასებენ, ხელისუფლება ამასაც ამ კანონის მიღებას დააბრალებს. ჩემი აზრით, დიდწილად სწორედ არჩევნების ლეგიტიმურობის თემას უკავშირდება ამ კანონპროექტის შემოტანა, თუმცა შესაძლოა ეს მოკლევადიანი გეგმაა და მისი კანონად მიღების ქცევის შემთხვევაში სხვა მიზნებიც აქვთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ხელისუფლება საზოგადოების დეპოლარიზაციას კი არა, პოლარიზაციას ცდილობს. ყველაფერს აკეთებს საზოგადოების გადასატეხად, ცდილობს ყველას გვაჩვენოს, რომ რაც სურთ, იმას გააკეთებენ. რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ რაღაცა მაქინაციებით შეძლებენ სასურველი შედეგის მიღებას. თუ ჩემი ვარაუდი მართალია და მათი შიდა გამოკითხვებით ძალიან დაბალია მათი მხარდაჭერა, შესაძლოა ამიტომაც აღარ ადარდებთ, ამომრჩეველს რამდენად შეინარჩუნებენ. პირდაპირ აგრესიულ ქმედებებზე გადადიან, შეეცდებიან, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ერთ ქვაბში მოხარშონ მთელი ოპოზიცია. ოპოზიცია კი არა, მათ მიერ შერჩეულ პრეზიდენტს ეძახიან ყველაზე დიდ “ნაციონალს”. თუ ამას ვერ მოახერხებენ და რამდენიმე პარტია მოახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, მაშინ მათ ძალიან ცუდად ექნებათ საქმე და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს თავიდან აიცილონ”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება საგარეო კურსს, ევროპა და აშშ სამოგზაუროდ სურთ, შვილებისთვის განათლების მისაღებად და ა.შ., მაგრამ სახელისუფლებო ვერტიკალში მყოფთ, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, არ აძლევთ ხელს აქ სახელმწიფო მართვის ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. გადავხედოთ ჩვენს უახლოეს ისტორიას და ვნახოთ, მოხდა თუ არა ხელისუფლების თვისებრივი ცვლილებები. შევარდნაძე ავტორიტარი იყო, შეიძლება ვთქვათ, ლიბერალი ავტორიტარი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა მასობრივი კორუფციის ხარჯზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სისტემაში ჟვანია-სააკაშვილის გუნდი კარგა ხანს მშვენივრად გრძნობდა თავს. პრობლემა გაჩნდა მაშინ, როდესაც შევარდნაძეს ვადა ეწურებოდა და დღის წესრიგში დადგა, თუ ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე. მაშინ გაემიჯნენ მას, როდესაც მიხვდნენ, რომ ამის შანსი არ ჰქონდათ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მასობრივი კორუფცია კი მოისპო, მაგრამ დამკვიდრდა აგრესიული ავტორიტარიზმი და მისი თანამდევი ელიტური კორუფცია. 2012 წელს ისევ შეიცვალა ხელისუფლების, მაგრამ არა სისტემურად. აგრესიული ავტორიტარიზმისა და ელიტური კორუფციის ნაცვლად მივიღეთ კლეპტოკრატია, ხელისუფლების სათავეში მილიარდერია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“გადახედეთ პარლამენტის შემადგენლობას. ალბათ, რამდენიმე ათეული დეპუტატი თუ მოიძებნება, ვინც საშუალო ფენის წარმომადგენელია, უმრავლესობა მილიონერია. ეს ხელისუფლება არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც წინა იყო, მაგრამ მასავით აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, ოღონდ ამჯერად ფულით და ამის წყალობით, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციაში მიმზიდველი პოლიტიკური ძალა არ ჩანს, აქვთ გარანტია იმისა, რომ უალტერნატივოდ ჰქონდეთ პირველი ადგილი. დანარჩენს, ალბათ, ფიქრობენ, რომ ან იყიდიან, ან შეაშინებენ, ან კიდევ რამეს მოიფიქრებენ. ამიტომაც ნაკლებად ადარდებთ იმ ამომრჩევლის დაკარგვა, ვისაც ამ კანონპროექტის გატანით დაკარგავენ. სამწუხაროდ, ვფიქრობ, პროცესი მხოლოდ კანონის გატანით არ დასრულდება და ამას ჩვენი პარტნიორების უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვება, რისი მექანიზმებიც აქვთ. აქვე უნდა გავიხსენოთ ერთი რამეც - დღეს “ქართული ოცნების” პროპაგანდა დასავლეთთან დაკავშირებით მცირე ნიუანსებით თუ განსხვავდება რუსული პროპაგანდისგან”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, უკვე დაზიანებული ვართ იმით, რომ ხელისუფლების ნდობას ჩვენი პარტნიორები თანდათან კარგავენ. იმას, რაც ჩვენ ავანსად მივიღეთ, შესაძლოა მართლაც გადახედონ და ასეთი წვალებით მიღებული სტატუსი უკან წაიღონ. ხელისუფლება ამბობს, ჩვენ ორგანიზაციების თაობაზე ვიღებთ კანონს და არა ფიზიკური პირების. ახლა შეიძლება ასეც არის, მაგრამ ესეც დროის საკითხია _ წელს მთავარია კანონი მიიღონ და შემდეგ კანონში შესწორების შეტანა გაცილებით ადვილია. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ უმნიშვნელოვანესი პროგრამები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები აფინანსებენ, შეჩერდეს, მათ შორის სასწავლო თუ სამეცნიერო მიმართულების პროგრამები, ასევე ენერგეტიკის, სასოფლო-მეურნეობის და ა.შ. დასავლეთი საქართველოში უამრავ სფეროს აფინანსებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ კი არ ვვითარდებით, ხელისუფლება ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ იყენებს, შეიძლება მართლაც შეწყვიტონ ყველაფერი. ამიტომ იმით გულის დამშვიდება, რომ თურმე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებიან, არ შეიძლება”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, ამ მხრივ ამ კანონთან პრობლემა საერთოდ არა მაქვს. მეტიც, გამჭვირვალობა არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებშია საჭირო, არამედ ყველგან, სადაც კი პოლიტიკური თემისა და დემოკრატიული პრინციპების შეხება ხდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ასეც უნდა იყოს და ხალხმა უნდა იცოდეს, სად მიდის ფული. პრობლემა ის არის, ეს კანონი იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვართ, იმუშავებს ისე, როგორც მუშაობს რუსეთში - ანუ როცა ქვეყანაში არა გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, გაქვს მონოპოლია მედიაზე და აკონტროლებ ყველას და ყველაფერს, ეს კანონი ვერაფრით იმუშავებს ისე, როგორც ამერიკაში ან დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში. აი, ამიტომ არის ეს რუსული კანონი. სხვა პრობლემაც არის - როცა პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი ამბობს, კანონი ვთარგმნეთ, სუფთა ამერიკულია და რატომ უწოდებთ რუსულსო, ამ გამონათქვამში იმ პარლამენტის ფუნქციონირების იგნორირება ხდება, რომლის წევრიც თვითონ არის. კანონი საზოგადოების განვითარებას და საზოგადოებაში არსებულ ვითარებას უნდა მოერგოს და არ უნდა იყოს ბრმად გადმოღებული თუნდაც დემოკრატიული ქვეყნიდან. მაშ, პარლამენტი რად გვინდა, თუ შეგვიძლია კანონები ვთარგმნოთ და ისე მივიღოთ? _ დავიქირაოთ მთარგმნელთა ჯგუფი, რომელიც თარგმნის სხვა ქვეყნის კანონებს და ვიცხოვროთ ბედნიერად...” - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“ვიმეორებ, ეს კანონი რომ ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც მუშაობს რუსეთში, უბრალოდ, დროის საკითხია. ერთბაშად არც იქ შემოუღიათ შეზღუდვები, ეს ნელ-ნელა გააკეთა პუტინმა და დაახლოებით იგივე კეთდება აქაც. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც არ არის მთლად მორგებული დღევანდელ ვითარებას. როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს გაუმჭვირვალობაზე, ადგნენ და დღესვე გამოაქვეყნონ საკუთარი ფინანსები, რა შავდება ამით?! რაც შეეხება პროტესტს, მნიშვნელოვანია იყოს საპროტესტო აქციები, მაგრამ, ვიმეორებ, პროტესტი უნდა იყოს რაციონალური და მშვიდი, რომლის ავანგარდში საზოგადოება იქნება. თუმცა ოპოზიციამ ისე უნდა გათვალოს, რომ ამ პროტესტის შედეგი არჩევნებში ითარგმნოს. ამასთანავე, დროა ოპოზიციამ იფიქროს მსხვილი გაერთიანებების შექმნაზე. გულწრფელად გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა მალევე მოხერხდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ვარდნას შეაჩერებს და კლეპტოკრატიის პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს. თუ სწორად გავივლით შემდგომ 4 წელს, შეიძლება დავიწყოთ ჭაობიდან ამოსვლა. ვიმეორებ, ოპოზიციას სჭირდება გამსხვილება, რათა ამომრჩეველს მიეცეს არჩევანის საშუალება. ჩემი აზრით, ხელისუფლება ყველაფერზე წავა ამ კანონის მისაღებად - მისი კიდევ ერთხელ უკან წაღება, ფაქტობრივად, ჰარაკირის ტოლფასი იქნება”, - დასძენს ძაბირაძე.

ვინ იმარჯვებს დიდ საინფორმაციო ომში

“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონპროექტს რედაქტირებული ფორმით უკან პარლამენტში აბრუნებს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ნამდვილი საინფორმაციო ომი გაჩაღდა. ორივე მხარე საზოგადოების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას ცდილობს. ვის მხარესაა ამ ეტაპზე უპირატესობა და წინასაარჩევნოდ ვინ როგორ გამოიყენებს ამ თემას? ამ ეტაპზე ორივე მხარე აქტიურად იყენებს როგორც სოციალურ ქსელებს, ასევე მედიას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არის ”|რუსული კანონი”, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას წერტილი დაუსვას და ამის დასტურად თავისი არგუმენტები მოჰყავს, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ტყუილს უწოდებს და ასევე არგუმენტებით ცდილობს მის გაბათილებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ “ფეისბუქმა” შაბათს მასობრივად დაბლოკა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული პოსტები, როგორც ფეიკ-ნიუსები. ხელისუფლებამ ამაში “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან აფილირებული კომპანია დაადანაშაულა, რომელიც საქართველოში “ფეისბუქის” კონტრაქტორია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ იმარჯვებს დიდ საინფორმაციო ომში / მხარეთა არგუმენტები და გამჭვირვალობის კანონპროექტზე აგორებული სკანდალის გავლენა პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებზე.

“ახლა მთავარი კითხვაა, ვინ გაიმარჯვებს ამ საინფორმაციო ომში და წინასაარჩევნოდ ამ თემას პიარის თვალსაზრისით რომელი მხარე გამოიყენებს უფრო წარმატებით. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ფიქრობენ, რომ ამას დრო აჩვენებს და ხალხის რეაქცია, თუ რომელი მხარის არგუმენტები უფრო დაიჯერეს. ასევე ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული ამ თემას როგორ და რა ფორმით გამოიყენებენ. თუკი ხელისუფლებამ მათი აყოლიება საკუთარ ნარატივზე შეძლო, მაშინ “ოცნების” უპირატესობა უფრო გაიზრდება და აქცენტის მხოლოდ სამოქალაქო სექტორზე გადატანით ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებს. ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა რთულია იმის გაზომვა, თუ ვისი სჯერა და ვისი არა საზოგადოებას, რადგან ეს ხალხის რეაქციამ უნდა აჩვენოს, როგორც შარშან მოხდა. თუმცა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქის საშუალო ფენისთვის დამაჯერებლია ის, რომ ეს “რუსული კანონია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთი ამბობს, რომ ჩემი მოქალაქეები არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ევროპა ამას არ ამბობს, ევროპა იძახის, რომ სხვა ქვეყანაა ჩემი მტერი. ამიტომ მტრის აგენტებს ვეძებო. ესენი პირიქით ამბობენ - რომ მოქალაქეები, რომლებიც ფულს იღებენ უცხო ქვეყნიდან, უკვე აგენტები არიან. სამოქალაქო სექტორი ამ კამათში ყველაზე სუსტი რგოლია. ზღაპარია, რომ მათ გამჭვირვალობა სჭირდებათ. მათზე გამჭვირვალე არავინ არ არის. ახლა “ოცნება” წინასაარჩევნოდ ამას ძალიან რისკავს. ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანას მათთვის აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსებიც. ამიტომ სასწორზე უნდა აწონონ, რომელი უფრო მეტია და რომელი გადაწონის. პლუსები ხელისუფლებისთვის ის აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს არ მოგვცემს, ჩვენი პერსპექტივა ევროპისკენ ნულამდე დავა. მინუსია ის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, შესაძლებელია “ოცნებას” სერიოზული პრობლემები შეუქმნან და ვერ აიღონ არჩევნებში ის ხმები, რაც უნდათ. ეტყობა მათ ჩათვალეს, რომ წაგების შანსი მინიმალურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ყველაფერი ქართველი ხალხის ნებაზე გადაწყდება. თუ ხელისუფლება მოახერხებს და ხალხს დააჯერებს, რომ ეს მხოლოდ სამოქალაქო სექტორს ეხება, ხალხი არ გამოვა ქუჩაში. თუ ოპოზიცია დააჯერებს ხალხს, რომ ეს მათ და ქვეყანას ეხება, მაშინ ხალხი გამოვა. დააკვირდით რას აკეთებს “ოცნება” - ცდილობენ ეს კანონპროექტი ლგბტ კანონპროექტთან დააკავშირონ და ეს ორი ერთად გაიტანონ. თუ ამის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდა, მაშინ ხალხის რაოდენობა, რომელიც ქუჩაში გამოვა, არ იქნება შარშანდელი რაოდენობის. ასევე მმართველი გუნდი ეცდება ის ხალხიც დააშინოს და გაალახვინოს “ალტ-ინფოს”|, რომელიც აქციაზე მივა. ვფიქრობ მმართველ გუნდს ყველა მიმართულებით რაღაცეები გათვლილი აქვს, ამიტომ ოპოზიციამ საზოგადოებასთან მეტი უნდა იმუშავოს”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საინფორმაციო ომში მმართველი გუნდის გამარჯვება უფრო ჩანს, ვიდრე ოპოზიციის. ამის მიზეზად იგი ხალხის პირველ რეაქციას ასახელებს, რომელიც არც ისე მწვავე იყო. “დრო ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. საქმე ისაა, რომ როცა ხალხი ბრაზდება, ამ გაბრაზების პირველი წუთებია მნიშვნელოვანი. ხოლო როცა დრო გადის, ეს გაბრაზება უფრო ნელდება. ამიტომ, მოსახლეობის რეაქციიდან გამომდინარე, რომელიც პირველ დღეებში ჰქონდათ, როდესაც რუსთაველზე ხალხი არ მივიდა, ეს ნიშნავს, რომ შარშანდელი ლოზუნგი - ე.წ. რუსული კანონი - გაცვდა. ხალხი მეტ დამაჯერებლობას ითხოვს და ბევრი უფრო დაფიქრდა. შარშანდელი სიტუაცია მგონია რადიკალურად სხვა იყო. მაშინ კანდიდატის სტატუსი არ გვქონდა და ეს თემა ახალგაზრდებში ძალიან აჟიტირებული იყო. ამიტომ დასავლეთიდან გაკეთებულმა მწვავე განცხადებებმა კანდიდარის სტატუსის ვერმიღების შიში გაამძაფრა”, - აცხადებს საყვარელიძე, რომლის თქმით, ხელისუფლებამაც ვერ შეძლო მაშინ ოპოზიციის და დასავლეთის ერთობლივ პროპაგანდას შეწინააღმდეგებოდა. ახლა უფრო მომზადებულია და ეს რისკებიც ბევრად გათვლილი აქვს“, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი წინასაარჩევნოთ პარტიათა რეიტინგებზე, საყვარელიძე ფიქრობს, რომ რადგან “ოცნების” ამომრჩეველი ისედაც იმ აზრზეა, რომ არასამთავრობო სექტორი უნდა გაკონტროლდეს, ამიტომ ისინი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად არ აფასებენ და შესაბამისად, “ოცნება” ელექტორატს ამით არ დაკარგავს. რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც საყვარელიძე აცხადებს, თუკი აქამდე ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, გამოდის, რომ ოპოზიცია ამ თემას ვერც წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. მართალია ეცდება, მაგრამ დამაჯერებლობა ნაკლები ექნება”, - დასძენს გამოცემა.

ანა ნაცვლიშვილი - “გირჩი” უკვე გაფორმდა “ქართული ოცნების” ოფიციალურ დანამატად”

“ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხსა და კვოტებზე დავას გასცდა. გამოჩნდა, როგორ უყურებენ “ქართული ოცნებისა” და “გირჩის” მამაკაცები ოჯახების წევრ ქალებს, თანაგუნდელ ქალებს, საზოგადოდ, ქალებს. “ქართული ოცნება” ებრძვის ყველას, ვისაც ვერ აკონტროლებს, განსაკუთრებით, ქალებს გადაემტერნენ, მიზანში ამოგვიღეს. სხვათა შორის, “ქართული ოცნების” ლიდერებმა პირად საუბრებში არაერთხელ გვითხრეს, რომ დეპუტატი ქალები სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით და ამას არ შეეგუებიან. “გირჩი” ცდილობს გენდერული კვოტირების გაუქმება საკუთარი იდეოლოგიის გატარებად გაყიდოს. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, “გირჩი” უკვე გაფორმდა “ქართული ოცნების” ოფიციალურ დანამატად. მათ ძალიან კარგად იციან, რაშიც დაეხმარნენ “ქართულ ოცნებას”. დიახ, “გირჩი” გაურიგდა მმართველ გუნდს და კონსტიტუციური წესრიგისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცა”, - აცხადებს “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გირჩი” უკვე გაფორმდა “ქართული ოცნების” ოფიციალურ დანამატად”.

“ქართული ოცნება” ხედავს, რომ საქმე სახარბიელოდ არა აქვს. ფიქრობს, რა უყოს იმ მაჟორიტარებს, რომლებისთვისაც ახალ სისტემაში ადგილი აღარ არის. არადა, ამ ხალხის უმრავლესობა კორუფციული სქემებით არის გამდიდრებული, ადგილები ნაყიდი აქვთ “ქართული ოცნების” სიაში. თავის მხრივ, “ქართულ ოცნებასაც” სჭირდება ეს ხალხი მათი ფულით, გავლენით და გამოსავალი ნახეს გენდერული კვოტირების გაუქმებაში, რაშიც “გირჩი” დაეხმარა. ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად გამოძებნეს სიაში კვოტები კორუმპირებული ფეოდალებისთვის. ეს არ არის ერთადერთი მაშველი რგოლი, რომელიც “გირჩმა” “ქართულ ოცნებას” გადაუგდო. იაგო ხვიჩია არის ერთადერთი ოპოზიციონერი ამ მოწვევის პარლამენტში, რომელმაც მოიპოვა “ოცნების” მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვან საპროკურორო საბჭოს წევრობაზე. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რათა საბჭოში მომხდარი უმსგავსო ამბები მყისიერად გაეგო საზოგადოებას და დოკუმენტირებული ყოფილიყო ყველა უკანონობა. ერთ კაცს მაინც თუ ახსოვს ხვიჩიას ერთ კრიტიკული ანგარიში ან განცხადება მაინც. “გირჩი” ვითომ ძალიან ღელავს პატიმრების უფლებებზე. პატიმრებს ციხეში პროკურატურა უშვებს სასამართლოს თანხმობით. მე არ მახსენდება, ხვიჩიას ხმა ამოეღოს პროკურატურის დანაშაულებრივ სქემებზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილი.

“კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი - “გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” ერთად აშკარად არის ჩართული ანტიდასავლურ პროპაგანდაში. არ მოგატყუოთ მისმა ხუმრობით ნათქვამმა განცხადებებმა. ერთ-ერთი საკომიტეტო განხილვის დროს სწორედ ხვიჩიამ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში კომუნიზმს აბრუნებს. ასე რომ, “გირჩი” ტყუილად ნუ გამოიდებს თავს იდეებზე საუბრით, საქმე გვქონდა გარიგებასთან. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ - “ლელოს” ამ პარლამენტში ასზე მეტი კანონი აქვს დაინიცირებული (ზოგი პაკეტის სახით), მათი დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო რეფორმებს შეეხებოდა. ერთ-ერთს შეგახსენებთ - მე და არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ დავაინიცირეთ კანონპროექტი. თავიდან “ქართული ოცნება” თანამშრომლობდა ჩვენთან, ბოლოს კი კობახიძემ თქვა, კი, პიროტექნიკის გამოყენება პრობლემური საკითხია, მაგრამ “ლელო” ანტისახელმწიფოებრივი პარტიაა და მის კანონპროექტს არ გავიტანთო. “გირჩთან” დაკავშირებით რა მოხდა? არათუ უარი არ თქვეს, დაჩქარებული წესით გაიტანეს. ჩვენ კი ცხრაჯერ გადაგვიდეს კანონპროექტი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას და იაგო ხვიჩია არ აღიარებს? კვოტები გააუქმეს და სანაცვლოდ არაფერი არ მიიღეს. კანონი პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ქალსა და კაცს შორის უთანასწორობის შესამსუბუქებლად. ესენი კანონს ეწინააღმდეგებიან. ისე, იაგო ხვიჩიას ვურჩევ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა გადაიკითხოს. დიდი კლასიკოსები სწორედაც ქართველი ქალების ჩაგრულ ყოფაზე წერდნენ. ხვიჩიას თუ ჰგონია, ილიასა და ვაჟაზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია, გვითხრას. ამას რომ თავი დავანებოთ, ხომ ხედავთ, რა იკადრა ვახო მეგრელიშვილმა, დეპუტატ ქალებს ჰარემი უწოდა”, - დასძენს ანა ნაცვლიშვილი და შეკითხვაზე - “თუმცა შემდეგ განმარტეს...” - პასუხობს:

“მათი განმარტება ძალიან არადამაჯერებელია. გამოჩნდა, რომ “გირჩი”, ისევე როგორც “ქართული ოცნება”, ქალს აღიქვამს როგორც მხოლოდ სექსუალურ ობიექტს. “გირჩს” წარმოდგენაც არა აქვს, რა პირობებში უწევთ ქალებს საქართველოში ცხოვრება. თავად არ ელაპარაკებიან ქალებს და როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ კვლევების შედეგებს, ამბობენ, არ გვჯერაო. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, კაცები შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა ვიცხოვოთ ქალებმა. რა თქმა უნდა, კვოტირება ხელშემწყობი ფაქტორია იმ უთანასწორობის დასაძლევად, რაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს. ეს ჩვენ, ქალებს, არა, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, რათა ჩვენი ცივილიზებულობა ვაჩვენოთ მსოფლიოს. ეს არის პრობლემა, თორემ საქართველოში ისეთი მაგარი ქალები არიან, ყველა პრობლემას გადალახავენ”.

“სპეცტრიბუნალი პუტინისათვის” შესაძლოა წელსვე შეიქმნას - რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში

“რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეიქმნება. დეკლარაციას “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” ჰააგაში 44 მა სახელწმიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომაც. დასავლელი ლიდერები ორ ვერსიას განიხილავენ - მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო ტრიბუნალი, ან გამარტივებული გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპულ საბჭოს შორის ორმხრივი შეთანხმებით. მიდის თუ არა ამით დასავლეთი ვა-ბანკზე და დაიხურა თუ არა საბოლოოდ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა? ანალიტიკოსთა შეფასებები ამ მხრივ არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სპეცტრიბუნალის შექმნა იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს ოფიციალურად მიეცემა სამართლებრივი შეფასება, რაც როგორც ზოგადად რუსული სახელმწიფოს, ისე მიდი კონკრეტული წარმომადგენლების საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სპეცტრიბუნალი პუტინისათვის” შესაძლოა წელსვე შეიქმნას - რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში.

“დეკლარაცია 2 აპრილის ჰააგის კონფერენციაზე მიიღეს. მასში 55 სახელმწიფო მონაწილეობდა და დოკუმენტს მხარი 44-მა დაუჭირა, მათ შორის საქართველომ, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ, მოლდოვამ და ბრიტანეთმა. მხარდამჭერი ქვეყნები მიესალმებიან ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მოუწოდებენ “დაინტერესებულ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა ამ პროცესის დასასრულებლად საიმედო სამართლებრივი ჩარჩოს და ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად”. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, “რუსეთმა აგრესიული ომისთვის პასუხი უნდა აგოს... საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, პატივი სცეს გაეროს წესდებას და უზრუნველყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს”. იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი “დოიჩე ველესთან” ამბობს, რომ ტრიბუნალი, დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის შეიქმნება”,- აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ განვიხილავთ ამ ტრიბუნალს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებთან. ახლა განიხილება ორი ძირითადი ვარიანტი: საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც დაფუძნებულია მრავალმხრივ შეთანხმებაზე, ან გამარტივებული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის”, - თქვა ევროკომისარმა. რეინდერსი მიიჩნევს, რომ ტრიბუნალის შექმნა ბოლო ეტაპზეა, მისი თქმით, “შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკური ნების საკითხია. ახლა მხოლოდ წლის დასაწყისია და წლის ბოლომდე ეს შესაძლებელი გახდება”. ნიდერლანდები მზადაა სპეციალურ ტრიბუნის მასპინძელი იყოს, ამას კონფერენციის მონაწილეებიც მიესალმნენ. მათი შეფასებით, ეს ლოგიკურია, რადგან გარდა იმისა, რომ ჰააგა მსოფლიო მართლმსაჯულების დედაქალაქია, აქ ფუნქციონირებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც “ევროჯასტთან” და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად იძიებს რუსეთის აგრესიის შედეგად ჩადენილ დანაშაულებს. 2023 წლის ივლისიდან ამ ცენტრში პროკურორთა საერთაშორისო ჯგუფი აანალიზებს სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებს მონაცემთა ბაზაში, ეს კი შემდგომში გადაეცემა სპეციალურ ტრიბუნალს”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მიშნავს, რომ არ აპირებენ პუტინთან მოლაპარაკებებს და დასავლეთის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომში ისეთი სცენარი არ განიხილება, რასაც რუსეთის მოგება ჰქვია. “ის, რომ არ აპირებენ მასთან მოლაპარაკება აწარმოონ და მიჩნეულია, როგორც საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავე, ეს აზრი უფრო და უფრო ბევრ ქვეყანაში იკიდებს ფეხს. საკითხი იმდენად უპრეცედენტოა, რომ ასეთი რამე არ მომხდარა - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, გაეროს დამფუძნებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის, თან გადამდგარის კი არა, მოქმედის მიმართ ასეთი რამ რომ გაკეთდეს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რუსეთი არის იმ საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ქვეყანა, რომელიც თვითონ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლის დაცვაზე და საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე უნდა იდგეს. ესაა სახელმწიფო, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გაეროში, ისე ეუთოში და ა.შ. დღეს კი რეალურად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის”, - ამბობს ფხალაძე, რომლის მტკიცებით, “ეს უპრეცედენტო მოვლენაა, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის და შესაძლოა ეს მართლაც წელსვე განხორციელდეს”,- დასძენს გამოცემა.

“ამ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ ქმედებებს, რასაც ჩვენ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ვეძახით. შედეგები იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე კონკრეტული პიროვნებების მიმართ. როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მისი აღსრულება უფრო რთული თემაა, რადგან პუტინის დასაკავებლად მოსკოვში არავინ არ ჩავა. მაგრამ ეს მის გარემოცვას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის და მისი გარემოცვა ვეღარ გადაადგილდებიან იმ ქვეყნებში, რომლებიც გასცემენ ორდერს, თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ იზოლაციას, რაც დიდ შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ ამ პიროვნებებთან, არამედ ზოგადად რუსეთთან მიმართებაში, რადგან თუკი აღიარებულია, რომ ამ ქვეყანას კრიმინალური რეჟიმი მართავს, მაშინ იმ ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება ბუნებრივია იცვლება... ამ შემთხვევაში ვა-ბანკზე რუსეთი წავიდა და დასავლეთს სხვა გზა არ დარჩა - რამდენჯერაც მოლაპარაკებების მცდელობა იყო, პუტინმა ეს ყველაფერი აღიქვა, როგორც დასავლეთის სისუსტე და გარდა იმისა, რომ მოატყუა და დაპირებები არ შეასრულა, კიდევ უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა და ამიტომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დარჩა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ამასთან, ფხალაძე დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმასაც, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომში ისეთი სცენარი არ განიხილება, რასაც რუსეთის მოგება ჰქვია. ამბობს, რომ დასავლეთში “დღესდღეისობით ეს განწყობა ნამდვილად არის”. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ტრიბუნალის შექმნა მოლაპარაკებების ფანჯარას არ დახურავს. “თუ პრეცედენტის კუთხით განვიხილავთ, ასეთი ვარიანტი იყო მილოშევიჩის დროს - შეიქმნა სპეციალური სასამართლო კოლეგია, რომელმაც მისი საქმე განიხილა და ახლაც მასშტაბები ასეთი იქნება. მაშინ მილოშევიჩი გადააყენეს სერბეთში და დააპატიმრეს. ახლა პუტინთან მიმართებაში ეს ცოტა გაჭირდება”, - ამბობს მაისაია, რომლის აზრით, “პუტინს დამატებით ბავშვების ტრეფიკინგში სდებენ ბრალს, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია, მილოშევიჩს კი მხოლოდ ეთნიკური წმენდის საკითხი ჰქონდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“პუტინი ისევ მოქმედი პრეზიდენტია. როგორ აირჩა, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. რომ აუკრძალონ ქვეყნის გარეთ გასვლა, მისთვის პრობლემა არაა - იმ ქვეყნებში წავა, რომლებსაც აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს ყველანაირ მოლაპარაკებებზე უარის თქმას რუსეთთან. ჯერ ერთი, პუტინს თავისი პირობები აქვს, რაზეც არც უკრაინა წავა და არც დასავლეთი. თუ რუსეთ-უკრაინის ომი არასასურველი სცენარით - რუსეთის მოგებისკენ წავიდა, მოხდება ის, რომ პუტინს დაუსწრებლად გამოუტანენ დაპატიმრების განაჩენს და დასრულდება ეს საქმე. რუსეთში ამ განაჩენს არავითარი გავლენა არ ექნება. რუსული სამართლებრივი გარემო ისეთია, რომ შიდა სამართლებრივი საკითხები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საერთაშორისო”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ლევან ლორთქიფანიძე - “ოცნება”, სავარაუდოდ, კანონს გაიტანს და არა მგონია, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს”

“ამ გადაწყვეტილებას, სულ მცირე, ორი განზომილება აქვს. ერთი გეოპოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური და ადგილობრივი, შიდა პოლიტიკაზე დამოკიდებული. გეოპოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს საქართველოსა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ურთიერთობას. ევროკავშირმა ჩვენ, ასე ვთქვათ, ავანსი მოგვცა, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ამით გამოთქვა იმედი, რომ რეფორმებს გავატარებდით, გამოგვიგზავნა 9 რეკომენდაციაც, სადაც საუბარი იყო ევროკავშირის დათქმების შესრულებაზე, თუნდაც გენდერული კვოტირების საკითხი ართულებს ამ 9 პუნქტის შესრულებას და ა.შ. მოკლედ, გეოპოლიტიკურად ეს ძალიან დაძაბავს ვითარებას ევროკავშირთან და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” არა მარტო დასავლეთისკენ იყურება, უკვე სხვა მიმართულებითაც აქვს მოსინჯული ნიადაგი - მაგალითად, ჩინეთის და რუსეთის ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც ცდილობს”, - აცხადებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება”, სავარაუდოდ, კანონს გაიტანს და არა მგონია, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს”.

“შიდაპოლიტიკურად დიდ დაძაბულობას გამოიწვევს არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ხელისუფლებასა და ე.წ. მდიდარ ენჯეოებს შორის, მწვავე კონფლიქტი იქნება ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ახალგაზრდებს შორისაც - ანუ ვიღებთ არა მარტო პარტიებს შორის პოლარიზაციას, ამ პარტიებთან დაკავშირებულ ენჯეოებსა და ხელისუფლებას შორის პოლარიზაციას, არამედ პოლარიზება შეიჭრება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფშიც, ვთქვათ, ახალგაზრდობასა და სამოქალაქო მოძრაობებში. ასე რომ, ამ კანონის ხელახლა ინიცირება ძალიან დაამძიმებს ისედაც არცთუ კარგ ვითარებას. ამ კანონის კვლავ წინა პლანზე წამოწევა არარაციონალური დემოკრატიისთვის საზიანო ნაბიჯია... მგონი, პრეზიდენტი ცდილობს საკითხები, რომლებიც მისი აზრით პრობლემურია, პოლიტიკურ ძალებთან ერთად განიხილოს. დარწმუნებული ვარ,| “ქართულმა ოცნებამაც” რომ მოინდომოს ზოგიერთი საკითხის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად გაანალიზება, ის ამისთვისაც მზად იქნება. მე არ ვიცი, რა შესთავაზეს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, პრეზიდენტი ეძებს გზებს, რათა როგორმე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ხიდი არ დაიწვას. ცდილობს ხელი შეუშალოს “ქართული ოცნების” პოლიტიკას, რომლის მიზანია მუდმივ კონფლიქტში იყოს ბრიუსელთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.

“აქციების მასშტაბი წინასწარ გათვალა “ქართულმა ოცნებამ”. იცით, როცა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, რომ 3 თვეს გაგრძელდება დისკუსია ამ კანონის შინაარსზე. ასე რომ, კანონის მიღების პერიოდი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს დაემთხვევა. გონივრულად შეარჩიეს დრო - ეს ერთი; მეორე - კონფლიქტები დიდხანს იმ შემთხვევაში გრძელდება, როცა არც ერთი მხარე ბოლომდე მართალი არ არის - ენჯეო-სექტორსაც აქვს თავისი პრობლემები. ზოგიერთ მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციას მართლაც არ უნდა თავისი ფინანსების გასაჯაროება. ჰგონიათ, თვითონ ყველაფრის უფლება აქვთ და სხვას, ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, არაფრის უფლება არა აქვთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მათ არა აქვთ უფლება დამალონ თავიანთი დაფინანსება. თუ თავს აძლევ უფლებას, რომ არ გაასაჯაროო ყველაფერი, მეორე მხარესაც სურს იგივე, რომელ სექტორშიც არ უნდა საქმიანობდეს. ბოლომდე მართალი არც სამოქალაქო სექტორია. ამ საკითხს დაიხვევენ თითზე პროპაგანდისტული მედიასაშუალებები და ბუნებრივია, შეეცდებიან დაყონ საპროტესტო მუხტი. ოპოზიციას საპროტესტო-საორგანიზაციო რესურსი მაინცდამაინც დიდი არა აქვს, სახელიც გატეხილი აქვს და თუ შარშან გაიმარჯვა ამ მოძრაობამ, იმიტომ, რომ ძალიან ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ახლა ”ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, მიაღწევს მიზანს, კანონს გაიტანს და არა მგონია, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს. თუმცა ამას მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან ვამბობ. ღმერთმა ქნას, ეს კანონი უკან წააღებინონ, ან მის ნაცვლად რაღაც სხვა ადამიანური, შეთანხმებაზე დაფუძნებული კანონი მივიღოთ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“არჩევნები, რა თქმა უნდა, პოლარიზებულ გარემოში ჩაივლის, მაგრამ მთავარი ის არის, რა თემების გამო გამწვავდება პოლარიზება. “ქართულმა ოცნებამ” უკვე გამოკვეთა დღის წესრიგში ორი საკითხი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები ორ ნაწილად დაიყოფიან: ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერენ, პირობითად ვამბობ, ოჯახს, კონსერვატიულ ღირებულებებს, ქრისტიანობას და მეორე მხარეს იქნებიან ლგბტ მოძრაობის მომხრეები. ხელისუფლება იტყვის, რომ ის სიწმინდის მომხრეა და დანარჩენი, ვისაც სურს დედას დაერქვას მშობელი #1, ხოლო მამას მშობელი #2, ჩვენთან ვერ იქნებაო. ეს იქნება ერთი მთავარი თემა. მეორე - გეოპოლიტიკური საკითხები. “ქართული ოცნება” ისევ იტყვის, რომ ანტიიმპერიალისტური, თავისუფლებისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის ინტერესების დამცველი ძალაა, ოპოზიცია გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი დამქაშიაო. აი, ასე ამარტივებენ წინასაარჩევნო პროცესს, მარტივ თემებამდე სურთ მისი დაყვანა. მესამე მახასიათებელიც, რაც ამ არჩევნებს ექნება, მარტივად ჩანს - ხელისუფლება უარს არ იტყვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. მთელი ბიზნესსექტორი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, “ქართული ოცნების” ყულაბას შეავსებს”, - დაასკვნის ლევან ლორთქიფანიძე.

“ასე რომ, გაყალბების აუცილებლობაც აღარ დგება, როცა ადმინისტრაციული რესურსი შენს ხელშია, პოლიცია, სუს-ი და პლუს თემურ ჭყონიას გარდა, ყველა ბიზნესმენი შენ გაფინანსებს, გამარჯვების მოპოვება იოლია. ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია მხოლოდ იმას, თუ მესამე და მეოთხე პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან მიკედლებული არც “ნაციონალებთან” და არც “ოცნებასთან”, გადალახავენ 5%-იან ბარიერს. ეს ნამდვილად ამოაყირავებს “ქართული ოცნების” გეგმას. ერთადერთი, რაც დღეს იკვეთება, მკვეთრად დისტანცირებული “ოცნებისგანაც” და “ნაციონალებისგანაც”, ბატონი გახარიას პარტიაა, მაგრამ ბატონი გახარია ძალიან პასიურობს, გვიან გააქტიურდა, რეგიონებში თავის პარტიულ სტრუქტურებს არ იყენებს. ასე რომ, მისი ბარიერის გადალახვის საკითხი ჯერ სათუოა. ასე რომ, ძალთა ბალანსი რამდენად შეიცვლება, ეს თემა ღიად რჩება და ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხიფათს ქმნის პოლარიზებულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, განმეორდება ის, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ - პროტესტი, პოლიტიკური სისტემის ჯანჯღარი, არასტაბილურობა და ა.შ., რაც, ბუნებრივია, ძალიან აფრთხობს ინვესტორებს, დასავლეთს და ძალიან არასერიოზული ქვეყნის შთაბეჭდილებას ვტოვებთ, ისეთი ქვეყნის, სადაც საქმეს არავინ აკეთებს და მუდმივი აურზაურია. გარდა იმისა, რომ ეს, ჩვენს იმიჯს აზარალებს, სახიფათოცაა. ვიცით, როგორი "კეთილი" მეზობლები გვყავს ჩრდილოეთით თუ სამხრეთით...” - დასძენს ლორთქიფანიძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ