ეკა ბესელია "ქართული ოცნების" შეკრებაზე - მიტინგის ორგანიზება და მხარდამჭერების მობილიზება შიშის სხვა ფაზაა - ეს არის ბოლო სერია

ამ აქციის დაანონსება პირველად ხუმრობა მეგონა - არ მეგონა, რომ ხელისუფლება ასეთ არასერიოზულ და მცდარ ნაბიჯს გადადგამდა. ასე მაშინ იქცევიან, როდესაც ეშინიათ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, კანონპროექტის დამტკიცება „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა არ სჭირდება“ და დაანონსებული შეკრება მიგვანიშნებს, რომ მმართველი ძალა „შიშის სხვა ფაზაშია“.

მისივე თქმით, 29 აპრილს ყველამ თავი უნდა შეიკავოს, რათა მთავრობა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.

„ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ორდინალური პროცესი არ არის. ყველა გრძნობს, რომ ქვეყნისთვის სრულიად განსაკუთრებული ეტაპია დაწყებული. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად დგანან, ყველაზე სუფთა და გულწრფელი ენერგიის ადამიანები არიან. „ქართული ოცნებისთვის“ მათ წინ დგომა და ამ ფორმით მათთან დაპირისპირება უკიდურესად სახიფათოა. არავინ დარჩა ევროპელი ლიდერებიდან, ვინც არ ცდილობს ჩვენს მოვლენებს გამოეხმაუროს და შეაჯანჯღაროს ჩვენი ხელისუფლება, რომ ახლა უნდა გაჩერდნენ და ეს უგუნური კანონი უკან წაიღონ.

ამ აქციის დაანონსება პირველად ხუმრობა მეგონა. მეგონა, ვიღაცამ მოიგონა და ვირუსულად გაავრცელა. არ მეგონა, რომ ხელისუფლება ასეთ არასერიოზულ და მცდარ ნაბიჯს გადადგამდა. ასე მაშინ იქცევიან, როდესაც ეშინიათ.

თუ ასე ჯიუტად უნდათ, რომ კანონპროექტი კანონად აქციონ და წინააღმდეგობას გადააბიჯონ, ეს დიდი მარცხია, მაგრამ ამას მანიფესტაციები არ სჭირდება. კანონპროექტის გატანას ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა არ სჭირდება, ამის გარეშეც შეუძლიათ გააკეთონ. მიტინგის ორგანიზება და მხარდამჭერების მობილიზება შიშის სხვა ფაზაა. ეს არის ბოლო სერია, როდესაც ხელისუფლებას უჭირს. მე ბიძინა ივანიშვილს, როგორც პრაქტიკული სვლების მქონე ადამიანს, ისე ვიცნობდი და ამ მიტინგში რა არის პრაქტიკული და საღი აზრი?

აქციები ძალიან მშვიდობიანი უნდა იყოს, დაპირისპირებების გარეშე. 29-ში თუ ყველა თავს შევიკავებთ, რომ არანაირი კონფლიქტი არ მოხდეს, ძალიან სწორი იქნება. ხელისუფლებას ჭკუა არა მოეკითხება, მაგრამ ჭკუა მოეკითხებათ ამ ახალგაზრდებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს