საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - შესაბამისი მემორანდუმი სოფიაში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და ბულგარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვენცისლავ ივანოვმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების ურთიერთაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების საქმიანობის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც ზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მემორანდუმის ხელმოწერამდე ქართულმა დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების მიმართულებით, ასევე, შავი ზღვის რეგიონში პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების კუთხით. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს ბურგასი-ბათუმის საბორნე მიმოსვლის სიხშირეების გაზრდისა და ბურგასი-ფოთის საბორნე მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გურამ გურამიშვილისა და ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის, ანნა მიჰნევა ნატოვას პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში.

„შავ ზღვაზე დაკავშირებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის - ჩვენ ქვეყანას აქვს საზღვაო საზღვარი ბულგარეთთან და ინტენსიფიკაცია ტვირთების გადაზიდვისთვის და დაკავშირებადობის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი შუა დერეფნის განვითარებისთვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ ჩემს ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრაზე და დავსახეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე პროცედურულ კომპონენტებს“- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, კიდევ უფრო გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საბორნე (როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო) მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდას, არამედ ასევე ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის ამაღლებას. გურამ გურამიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლი, რაც საქართველოსა და ბულგარეთს თავიანთი სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას აძლევს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს