აიღეთ პასუხისმგებლობა და მიიღეთ ის გადაწყვეტილებები, როგორიც ამ ქვეყანას სჭირდება - თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები, თქვენ ჩაგთვალეს ყველაზე უკეთესად ამ პერსპექტივით და იმიტომ დაგსვეს პრემიერ-მინისტრად. იმისათვის, რომ 3 თვეში გაგენადგურებინათ ეს ქვეყანა, მისი მომავალი და პერსპექტივა, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრმა „სულ რაღაც 3 თვეში და 6 დღეში მოახერხა ის, რომ ქვეყანა ჩაეფლო უზარმაზარ დაპირისპირებაში“.
„ბატონო პრემიერო, სულ რაღაც 3 თვე და 6 დღეა, რაც გახდით ამ ქვეყანაში პირველი პირი და მოახერხეთ ის, რომ ქვეყანა ჩაეფლო უზარმაზარ დაპირისპირებაში. მოახერხეთ ის, რომ საქართველოს რუსიფიკაცია თქვენი დავალებით, პარლამენტის 84-მა წევრმა მოახერხა. 84-ვე გაიქცა ამ შენობიდან სპეცრაზმის თანმხლებით. ვუყურებდით ეზოში, რამდენი სპეცრაზმელი იყო, რამდენი - ცხრა აპრილის ქუჩაზე. იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს თვალი გაუსწორონ. ამ ფონზე, თქვენი პოლიცია, თქვენი შს მინისტრი აკავებს ჟურნალისტებს, მომიტინგეებს და მერე მათ სასტიკად უსწორდებიან. აიღეთ პასუხისმგებლობა და მიიღეთ ისე გადაწყვეტილებები, როგორიც ამ ქვეყანას სჭირდება. მართალია, ამას მოგიწოდებთ, მაგრამ არ მაქვს რწმენა, რომ ოდნავ მაინც გეყოფათ სინდისი, მოუსმინოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქ თქვენი დავალების შემსრულებლები, ვითომ ამუნათებდნენ. სინამდვილეში, თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები, თქვენ ჩაგთვალეს ყველაზე უკეთესად ამ პერსპექტივით და იმიტომ დაგსვეს პრემიერ-მინისტრად. იმისათვის, რომ 3 თვეში გაგენადგურებინათ ეს ქვეყანა, მისი მომავალი და პერსპექტივა. იმისთვის, რომ მიგეცათ დავალებები უნივერსიტეტებისთვის, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი წერილისთვის მოეწერათ ხელი. მაგრამ თქვენი შანტაჟი, პრემიერ-მინისტრო, რომელიც ასრულებთ რუსეთის და ივანიშვილის დავალებებს, დიდხანს არ გაგრძელდება. იმიტომ, რომ სიმართლე არის იმ ახალგაზრდების მხარეს, რომლებიც გარეთ არიან და რომლებსაც ურტყამთ, რომლებზეც არ იღებთ პასუხისმგებლობას, როგორც სახელმწიფოს მეთაური. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყანას დაიცავს და აუცილებლად გაიმარჯვებ ს“,- განაცხადა კორძაიამ.