ზვიად ქორიძე - ვინც რეალურად მტერია, კობახიძის ლექსიკიდან გამქრალია - კანონი მთავრობამ „ნაფტალინიდან“ იმიტომ ამოიღო, რომ ევროინტეგრაციისთვის ზურგში ჩაერტყა, ფაქტია, მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად რუსეთს სიამოვნებს

დღევანდელი განცხადებით პრემიერ-მინისტრი უპასუხისმგებლობის უფრო მაღალ რეგისტრში ავიდა - მან ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების, ფაქტობრივად, ფოკუსი აურია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

ზვიად ქორიძის თქმით, ირაკლი კობახიძე ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემა დასავლეთშია.

„რა თქმა უნდა, ვინც ასეთ კონსპირაციულ თეორიებს იცნობს და აკვირდება, მათთვის ეს ღიმილის მომგვრელია. მიუხედავად ამისა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთი კონსპიროლოგიური კომენტარებითაა დაკავებული, ის ერთი მხრივ, დიდ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მეორე მხრივ, ქვეყნის დასავლური განვითარების ვექტორს. ეს დამაზიანებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ მან ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების, ფაქტობრივად, ფოკუსი აურია. ის გვესაუბრება მტრებზე, რომლებიც არა მტრები, არამედ, სერიოზული მოკეთენი არიან საქართველოს განვითარების. ის, ვინც რეალურად მტერია, მისი ლექსიკიდან, ფაქტობრივად, გამქრალია. გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელს მან საათ-ნახევრიანი ინტერვიუ მისცა და არათუ როგორც მტერი, როგორც რისკი ისეც არ უხსენებია რუსეთი. ის ცდილობს ყველა ამით დაარწმუნოს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა დასავლეთშია.

დღევანდელი განცხადებით პრემიერ-მინისტრი უპასუხისმგებლობის უფრო მაღალ რეგისტრში ავიდა იმიტომ, რომ ასეთი ტიპის განცხადება, ასე უაპელაციოდ არ უნდა გააკეთო“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ბოლო თვე-ნახევარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად რუსეთს სიამოვნებს.

მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ საუბარი „ძალიან მდარე ხარისხის დეტექტიური რომანია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უბრალოდ თვითონ შევიდნენ პერსონაჟებად“.

„ბოლო თვე-ნახევარს, 3 აპრილიდან დღემდე ვუყურებთ და ვხვდებით, რომ ამ კანონს მხოლოდ საბაბის ფუნქცია აქვს. ის მთავრობამ „ნაფტალინიდან“ იმიტომ ამოიღო, რომ ზუსტად ეს პოლიტიკური პროცესი მიეღო, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ზურგში ჩაერტყა. ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო თვე-ნახევარი საქართველოში მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად რუსეთს სიამოვნებს. ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც პოზიტიური რეაქციები ისმის, რუსეთია. ამ კანონის ინიციირება და მიღება აჩვენებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ისახავს მიზნად.

ეს ძალიან მდარე ხარისხის დეტექტიური რომანია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უბრალოდ თვითონ შევიდნენ პერსონაჟებად. 29 აპრილს პირველად ახსენეს გლობალური ომის პარტია და მერე, ამის შემდეგ ესტაფეტად აქციეს. გუშინ კობახიძის ერთ ინტერვიუს ვუსმენდი და 27-ჯერ გაიმეორა „გლობალური ომის პარტია“. სახელმწიფოს მართვა გართობა და ასეთი ახირებების სივრცე არ არის. აქ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო საკუთარი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო