შალვა პაპუაშვილი - უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია -  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია.

მისივე განმარტებით, ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება, მით უმეტეს მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

„დღევანდელი დღე განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის დაუოკებელ სწრაფვას საკუთარი მომავლის თავად განკარგვის უფლების მოსაპოვებლად, სხვა ერთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და განვითარების უსაფრთხო გარემოს საბოლოოდ განსამტკიცებლად. ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. თუმცა ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

მტერ-მოყვარე ხშირად ცდილობდა ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხე ემუქრებოდა, ქართველში იღვიძებდა ათასწლეულების ისტორიულ ქარტეხილებში გამობრძმედილი უძველესი გენი და სიბრძნით განათებული გონი, რომელსაც ჩვენი ერი სამშვიდობოზე გაჰყავდა. ასე იყო წინათ, ასეა დღეს და ასე იქნება ხვალაც.

საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ბრძოლით და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც თავის გადასარჩენად არასდროს მოუსურვებია სხვა ერის ხალხთა სისხლისღვრა, არასდროს უცდია სხვის ხარჯზე საკუთარი ინტერესების წინ დაყენება და არასდროს უკადრებია სხვათა დაჩაგვრის გზით კეთილდღეობის მოპოვება. პირიქით, მეგობარ ერთა თავისუფლებისთვის ყოველთვის პირველი იმაღლებდა ხმას უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, ისეთივე კეთილშობილურია, როგორც თავად მიზანი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა წვევამდელებს და აღნიშნა, რომ მათ უკან არის საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი.

„ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს. ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ. ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი; გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით, აქ ცოტანი - იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული. ქართველი ჯარისკაცის თავდადებასა და გაუტეხლობას ლეგენდებისა და მითების შექმნა არ სჭირდება, რადგან ამ უწყვეტი ისტორიის ფესვები ათასწლეულებს ითვლის - ღირსეულ მეფეთა ლაშქრებიდან მოყოლებული ჩვენ თვალწინ ჩადენილი საარაკო გმირობებით. ქედს ვიხრი ყველა ამ ქართველი გმირის წინაშე, რომელთა საგმირო საქმეები საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენშია ჩაჭედილი.

ძვირფასო მეგობრებო, ეს დღე ჩვენია, საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათი, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა განურჩევლად განსხვავებებისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თითოეული გულისცემა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძგერს, ერთ დიდ ქართულ ერთობად არ ვაქციოთ. ამიტომაც მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს. დიდება საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი