რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის ინფორმაციით, შეზღუდვების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდათ, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობათ. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

გეგმავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების დაწესებას საქართველოსთვის, კონკრეტულად რას გულისხმობს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებული ურთიერთობების სრული გადახედვა და როგორ აფასებს ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინულ-სინგაპურული კომპანიის შემოყვანას, ამ და სხვა საკითხებზე რობინ დანიგანმა ინტერვიუში ისაუბრა.

- პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს გვსტუმრობთ.

ბოლო პერიოდის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი საკითხია სავიზო შეზღუდვის პირველი ტრანში, რომელიც ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დაუწესა. როგორც ვიცით, სანქცია 24-დან 36 პირზე გავრცელდა. რა პრინციპით შეირჩნენ ეს პირები და მოსალოდნელია თუ არა შეზღუდვების გაფართოება? და კითხვა, რომელიც ყველას ძალიან აღელვებს - მოსალოდნელია თუ არა, რომ აშშ- უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს დაუწესოს სანქციები?

- მსურს გიპასუხოთ თქვენს კონკრეტულ კითხვაზე სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა საუბარი უფრო ფართო სურათით დავიწყო, რადგან, ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ამერიკის ერთგულების სრული ისტორიის მოყოლა. ჩვენ გვაქვს გასაოცრად ძლიერი პარტნიორობა. ნებისმიერმა ამერიკელმა, რომელსაც შეხვდებით, იცის საქართველო, იცის საქართველოს შესახებ, უყვარს ეს ქვეყანა და აფასებს და პატივს სცემს მას. თითქმის 32 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ეს პარტნიორობა, რომელიც ცდილობს საქართველოს გაძლიერებას და ასევე, დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჩვენ გვსურს კეთილდღეობის, სტაბილურობის მქონე საქართველო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ გვსურს საქართველოს ხილვა, რომელსაც ჰყავს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარი, კარგად აღჭურვილი სანაპირო დაცვა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში იყოს ძლიერი განათლების სისტემა და გვსურს ვიხილოთ საქართველო, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს თავისი მოსახლეობისთვის, რათა მათ შეძლონ ქვეყანაში დარჩენა და არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ. ჩვენს გვსურს საქართველოს ხილვა, რომელსაც შეუძლია თავისი კულტურული მემკვიდრეობისა და ენის დაცვა. მთელი ჩვენი დახმარება და თანამშრომლობა 32 წლის განმავლობაში მიმართული იყო ამ ყველაფრის მიღწევისკენ და ვფიქრობ, ეს იყო გასაოცარი წარმატების ისტორია. ჩვენ ერთგულები ვართ ამ პარტნიორობის. როდესაც საქართველოში ჩამოვედი ოქტომბერში, ჩამოვედი იმის გაცნობიერებით, რომ იყო გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩამოვედი სრული პასუხისმგებლობით, რომ მემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან, რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს. და იცით, ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც ერთად, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, მივაღწიეთ რეალურ პროგრესს. პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი ბრიუსელში და რეკომენდაცია გავუწიე საქართველოს, რომ მას მიეღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ვაშინგტონი ასევე უჭერდა მხარს. ევროკავშირმა, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩემი გადმოსახედიდან, მიიღო დიდებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა. როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს.

- სანქციებთან დაკავშირებით, კიდევ მექნება დაზუსტებები თუმცა იქამდე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში ჩამოსვლისას საკმაოდ კარგი თანამშრომლობა შედგა თქვენსა და ხელისუფლებას შორის და მოულოდნელად უკანასკნელი თვეების განმავლობაში რაღაც შეიცვალა. პირადად თქვენ ან ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში თუ გაქვთ რაიმე წარმოდგენა იმაზე, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო კანონის მიღება, რომელიც დასავლურმა საზოგადოებამ შეაფასა როგორც არადემოკრატიული, რა იქნება თქვენი ვერსია?

- რა შეიძლება იყოს მოტივაცია?! როდესაც ხელისუფლებების ქმედებებს ვაკვირდები, უპირატესობას ვანიჭებ განვიხილო ისინი იმ ჭრილში, თუ როგორ ემსახურება ეს ქმედებები ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ ვუახლოვდებით ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს და ვამბობთ იმას, რაც აბრაამ ლინკოლნმა პირველად თქვა, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, ხალხის მიერ და ხალხისთვის. ასე რომ, როდესაც ახალი პოლიტიკა აქტიურდება, აქ, ამერიკაში, ან ნებისმიერ დემოკრატიაში, უნდა დასვა კითხვა, როგორ ემსახურება ეს ქვეყნის მოსახლეობას. რასაც ვიტყოდი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტია ემსახურება თუ არა ეს ქმედებები ხალხს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირმა ძალიან ცხადად აღნიშნა, რომ ეს ქმედებები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ ტრაექტორიასთან და უფრო მეტიც, ის შეაჩერებს, შეანელებს და შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე ცხადად აღნიშნა, რომ ამ ქმედებებს აქვს უარყოფითი გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეკონომიკური და კერძო სექტორის წევრებმა საქართველოში თქვეს, რომ ეს ქმედებები ნეგატიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ლარის სტაბილურობისთვის, ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საჯაროდ ვაჭრობენ, ეს არ არის კარგი საქართველოს ეკონომიკისთვის. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია არის თუ არა ეს ქმედებები მოტივირებული ხალხის სამსახურით, თუ ისინი მოტივირებულია ვიღაცის პერსონალური ინტერესების სამსახურით.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა იგეგმება. უფრო კონკრეტულად როგორ უნდა გავიგოთ ის? სამხედრო თანამშრომლობა შეწყდება? ამერიკული ორგანიზაციები შეწყვეტენ მუშაობას საქართველოში? ფინანსური დახმარება ნულზე დავა?

- ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ იმედი მაქვს, რომ ამ წერტილამდე არ მივალთ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად, კონკრეტული თანამშრომლობიდან დაწყებული, მათ შორის მხარდაჭერას ყველა სააგენტოს გავლით. ევროკავშირმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო სტატისტიკა ინფოგრაფიკაში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტოპ ათი მიმღები ხელისუფლების სამინისტროები ან სააგენტოებია, იმავენაირად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში. ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს.

- საქართველოს მმართველი გუნდის პოზიციით, უცხოელი პარტნიორები, მათ შორის ვაშინგტონი, ვერ ასაბუთებენ, საკამათო კანონის კონკრეტულად რომელი მუხლია არადემოკრატიული. შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენთვის კანონის რომელი ასპექტებია ყველაზე პრობლემური?

- მე შემიძლია ამის დაკონკრეტება, მაგრამ, საბედნიეროდ, არ მჭირდება, რადგან ვენეციის კომისიამ და ოდირმა ძალიან მკაფიო, წერილობითი განმარტება წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, როგორ არის ეს კანონი შეუსაბამო ევროკავშირის კანონებთან და ნორმებთან და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კოდექსთან. ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება საკმაოდ ვრცელია, თუმცა შეჯამებულია 96-ე პარაგრაფში, რომელიც ძალიან ცხადად ასახელებს კონკრეტულ სამართლებრივ პუნქტებს ევროკავშირში, რომლებთანაც ეს კანონი შეუთავსებელია. ასევე, ევროკავშირის ლიდერშიფმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონი სამართლებრივად შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან. არ არის ზუსტი იმის თქმა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იყო ცხადი იმის გაჟღერებისას, კანონის რომელი კონკრეტული ასპექტები არის შეუთავსებელი. ეს ძალიან ცხადად წერია ორივე ამ ანალიზში. მაგრამ საკითხი კვლავ იმას უბრუნდება, რა პრობლემის გამოსწორება ხდება ამით, რადგან ჩვენი დახმარების უდიდესი ნაწილი მიემართება ხელისუფლების პოლიტიკის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომელიც საქართველოში არსებულ მთელს სპექტრზე მუშაობენ. ზოგიერთ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლება ძალიან მკაფიო იყო, რომ იმედოვნებენ მათ სტიგმატიზებას, განსაკუთრებით ზოგიერთი მათგანის, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ეს მნიშვნელოვანი ხმაა დემოკრატიაში, ყველა ხმა დემოკრატიაში არ დაეთანხმება ყველაფერს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, სწორედ ეს არის იმის ნაწილი, რასაც გულისხმობს იყო არჩეული ხელისუფლება დემოკრატიაში.

- ვთქვათ, თეორიულად ხვალუცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ კანონი გაუქმდა. მხოლოდ ეს საკმარისი იქნება ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და სანქციების გაუქმებისთვის? კიდევ სხვა ნაბიჯებიც ხომ არ უნდა გადადგას თბილისმა?

- შეერთებული შტატების პერსპექტივიდან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და დაგვეხმარება მივაღწიოთ იმ ადგილს, სადაც შეგვეძლება ნებისმიერი უარყოფითი შედეგების შეჩერება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციის, ნეგატიური რიტორიკის დასრულება, მომიტინგეებისა და მშვიდობიანი შეკრების წინააღმდეგ ძალადობის დასრულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება. თუმცა ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. არ მინდა ევროკავშირის სახელით ვისაუბრო, მაგრამ ევროკავშირმაც საჯაროდ მიუთითა იგივე სფეროებზე: დეზინფორმაცია, რიტორიკა, კანონი და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

- და დამოკიდებული იქნება ურთიერთობის ნორმალიზება იმაზე თუ როგორ ჩაივლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

- გვსურს ვიხილოთ და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. მაგრამ ამ კურსის ცვლილება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას და არ არის საჭირო არჩევნებამდე ლოდინი. საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას ნაბიჯები ახლა, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას. ძალიან მინდა, რომ ეს მოხდეს. იმედი მაქვს, ხელისუფლება ამას გააკეთებს. არჩევნები ცალკე საკითხია. ის, რაც არჩევნებთან დაკავშირებით გვსურს, არის, რომ ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი. მთავრობა მიესალმა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ ხმის მისაცემად და ხმის მიცემის უფლებას გამოიყენებენ.

- სანამ ინტერვიუს დავასრულებთ, მსურს კიდევ ერთ საკითხს შევეხო, ვგულისხმობ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებას. მსურს გკითხოთ, როგორია ანაკლიის პორტში ჩინურ-სინგაპურული კომპანიის შემოსვლაზე ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია? აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ამერიკულ კომპანიებს შემოსვლაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მათ შესაბამისი ინტერესი არ გამოუხატავთ.

- შუა დერეფნის და საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება გადამწყვეტია და მინდა ვთქვა, რომ მომავალ კვირას ან ამ შაბათ-კვირას ვაპირებ ჩავიდე შეერთებულ შტატებში, 40 ქართველი ბიზნესმენის, 20-ზე მეტი კომპანიის, ქართული კომპანიებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, რათა ისაუბრონ შეერთებულ შტატებში ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე. შეხვედრა შედგება შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანთან, შეხვედრა იქნება თეთრ სახლში, მე ამას ვაკეთებ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები აბსოლუტურად აუცილებელია. გუშინ საღამოს შევხვდი ამ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ემზადებიან წასასვლელად და შეერთებულ შტატებში თანამოსაუბრეებთან ამ მართლაც შესანიშნავი შეხვედრების გამოსაყენებლად. ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს მეტი ინვესტიცია აქ შეერთებული შტატების კომპანიების მიერ და მეტი ინვესტიცია შეერთებულ შტატებში.

რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა. შემდეგი კითხვაა მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ.

- ბოლოს, თქვენ იცით რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული დღეა საქართველოსთვის. შესაძლოა, იცოდეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად შეძლო ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. იქნებ თქვენი სურვილები გაგვიზიაროთ..

- ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ. ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ ქართველთან. გამაერთიანებელი მომენტი იყო საქართველოსთვის და სწორედ ამიტომ მსურს პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო ჩვენი ინტერვიუ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას. და ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი. საბოლოოდ მსურს აღვნიშნო, მოდით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ საქართველო კვლავ დავაბრუნოთ ამ გზაზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ განაგრძოს ამ გზაზე სვლა იმავე ტემპით, როგორც ამას უკრაინა და მოლდოვა აკეთებენ და რამდენიმე წელიწადში შევძლოთ იმის თქმა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია. არაფერი არ გამაბედნიერებს უფრო მეტად!

„ინტერპრესნიუსი“

სალომე აბულაშვილი

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო