ვასო ურუშაძე - დიდი პროექტის იდეა „ლაზიკა“ კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია, დიდი პროექტის იდეა „ლაზიკა“ კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მას აუცილებლად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რასაც „საზოგადოების ნდობისგან გაკოტრებული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის“.

„ჩვენ 2012 წლიდან დღემდე „ლაზიკას“ პროექტის არგანხორციელებით ხელიდან გავუშვით უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების და დავკარგეთ შანსი ათიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნის. პროექტი „ლაზიკა“, ეს არ იყო მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ეს იყო დიდი იდეა, რომელიც აერთიანებდა ახალი ქალაქის მშენებლობას, თავისუფალ სავაჭრო და ინდუსტრიულ ზონის მოწყობას, სადაც იქნებოდა ბრიტანული სამართალი, ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი, აშენდებოდა ღრმაწყლოვანი პორტი და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს კი შექმნიდა ათიათასობით მაღალანაზღაურებად და ღირსეულ სამუშაო ადგილს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში.

დღეს რასაც გვთავაზობს საზოგადოების ნდობისგან გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის, ეს არ მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობას, დასაქმებას, არ შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, არამედ მოემსახურება მხოლოდ რუსულ ინტერესებს რეგიონში, მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს.

დიდი პროექტის იდეა „ლაზიკა“ კვლავ სიცოცხლისუნარიანია და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენაში, გავხდეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური, ეკონომიკური ცენტრი რეგიონში“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, დღეს, „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში საჯარო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით - „ლაზიკა-ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, ღონისძიების ფარგლებში პარტიის მიერ მომზადებული ანალიტიკური კვლევის „ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციის ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეები“ პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის