თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა  დაიწყო - დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა სრულიად უფასო იქნება

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა უფასოდ ჩაიტარონ.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაავადების დროული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და უმძიმესი გართულებების პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი.

უფრო კონკრეტულად, როგორია B ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში და რამდენმა პაციენტმა მიმართა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა და ვისი დაფინანსებით ხორციელდება ის?

- დიახ, მართალი ბრძანდებით. საქართველოში დაიწყო B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. ეს პროგრამა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს (ჯანდაცვის სამინისტროს) მიერ. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მანამდე არადიაგნოსტირებული პირების სკრინინგულ კვლევას B ჰეპატიტზე (სისხლში HBsAg-ის განსაზღვრა) და დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტით (დადებითი HBsAgდა/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პაციენტების (როგორც არანამკურნალევი, ისე უკვე მკურნალობაზე მყოფი) დიაგნოსტიკას და ანტივირუსულ მკურნალობას. უარყოფითი HbsAg-ის მქონე პირებს ჩაუტარდებათ კვლევა anti-HBc (total) ანტისხეულებზე და ამ კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში (რაც ნიშნავს, რომ პაციენტს არ აქვს ადრე გადატანილი B ჰეპატიტი), შეეთავაზებათ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ. ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტებს (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პროგრამის პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

  • ექიმის კონსულტაცია
  • ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანით ან ულტრაბგერაზე დამყარებული ელასტოგრაფიით) ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხის განსაზღვრისთვის
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა პროგრამაში პაციენტების ჩართვა მოხდება ეტაპობრივად.

პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ ღვიძლის საშუალო ან მაღალი დაზიანების (ფიბროზის) ხარისხი ≥F2 და/ან მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევით გამოუვლინდებათ B ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანიპათოლოგიური ცვლილებები, განიხილებიან პროგრამის პირველი ფაზისთვის ანტივირუსული მკურნალობის პოტენციურ ბენეფიციარებად და მათთან გაგრძელდება შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური კვლევები, HBV დნმ-ის კონცენტრაციის განსაზღვრა და სხვ.) მკურნალობის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად (ანტივირუსული მკურნალობის ჩვენებების გათვალისწინებით).

პაციენტებს ანტივირუსული მკურნალობა ჩაუტარდებათ ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგების: ტენოფოვირ დისოპროქსილ ფუმარატის (TDF) ან ენტეკავირის (ETV)გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტები ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის სექტემბერში. მანამდე კი, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაიტარონ ზემოთაღნიშნული დიაგნოსტიკური კვლევები და მოემზადონ მკურნალობისთვის.

პროგრამის ფარგლებში, დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის სრულიად უფასო იქნება. პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ, ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ნულოვანი ან დაბალი ხარისხი <F2 და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევით არ გამოუვლინდებათ B ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები, არ განიხილებიან პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში ანტივირუსული მკურნალობის პოტენციურ ბენეფიციარებად და მათთან შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები მოცემულ ეტაპზე აღარ გაგრძელდება.

აღნიშნულ პაციენტებს პროგრამის ფარგლებში საკონტროლო გამოკვლევები (ღვიძლის ელასტოგრაფია და მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია) განმეორებით ჩაუტარდებათ 12 თვის შემდეგ.

საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ქრონიკული B ჰეპატიტის მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება B ჰეპატიტით პაციენტების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის და მოვლის სერვისებში ჩართვის და შესაბამისად, დაავადების არასახარბიელო გამოსავლების (ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა და სხვ.) თავიდან აცილების კუთხით.

- თუ არსებობს სტატისტიკა, ამჟამად, ქვეყანაში, რამდენი ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტია?

- საქართველო მიეკუთვნება ქრონიკული B ჰეპატიტის საშუალო/მაღალი გავრცელების ქვეყნებს. კერძოდ, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო (2021 წ.) სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება 2.7%-ია, რაც აბსოლუტურ რიცხვებში დაახლოებით 70 000 ადამიანია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით, ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტების დაახლოებით 50%-ს(ადრინდელი მონაცემებით მკურნალობა ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ს), რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 35 000 პაციენტს შეადგენს. დანარჩენები კი უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რათა არ გამოგვრჩეს მომენტი, როცა მათაც დასჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა.

- რა სერიოზული გართულებები ახასიათებს ქრონიკულ B ჰეპატიტს?

- ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებიდან ყველაზე სერიოზულია: ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და ღვიძლის უკმარისობა. ეს გართულებები, როგორც წესი, ვითარდება არანამკურნალებ ავადმყოფებში დაავადების დაწყებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ. თუმცა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა იშვიათად შეიძლება განვითარდეს მწვავე B ჰეპატიტის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ B ჰეპატიტის ვირუსის ონკოგენურობა (კიბოს გამოწვევის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე C ჰეპატიტის ვირუსის. მაგალითად, ქრონიკული C ჰეპატიტის დროს ღვიძლის კიბო, როგორც წესი, ვითარდება ღვიძლის ციროზით გართულებულ პაციენტებში. მაშინ, როდესაც ქრონიკული B ჰეპატიტის დროს ღვიძლის კიბო შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ სტადიაზე, ღვიძლის ციროზის გარეშეც.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის და უმძიმესი გართულებების პრევენციის (თავიდან აცილების) მიზნით, კიდევ უფრო დიდია.

- რომელი სამედიცინო დაწესებულებები მონაწილეობენ B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში?

- დაავადების მართვის სირთულის და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელებაში პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სპეციალიზებული კლინიკები (სულ 10 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით). მომავალში კი, პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობისა და მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

პროგრამის განხორციელებაში, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ შემდეგ კლინიკები: 1. სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი (ქ. თბილისი) 2. შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“(ქ. თბილისი) 3. შპს „ნეოლაბი“ (ქ. თბილისი) 4. შპს „ავერსის კლინიკა“ (ქ. თბილისი) 5. შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (ქ. თბილისი) 6. ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა (ქ. თბილისი) 7. ააიპ იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი (ქ. ქუთაისი) 8. შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი (ქ. ქუთაისი) 9. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი (ქ. ქუთაისი) 10. შპს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო (ქ. ზუგდიდი) 11. შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი (ქ. ბათუმი) 12. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (ქ. გორი) 13. ააიპ „კახეთი იონი“ (ქ. გურჯაანი) 14. რუსთავის მედიცინის სახლი - N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი (ქ. რუსთავი)

- რამდენმა მიმართა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს პროგრამის დაანონსების შემდეგ? როგორია ჩართულობა?

- პროგრამის დაწყებიდან (ა.წ. 20 ივნისი) მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში პროგრამაში ჩაერთო 100-ზე მეტი ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტი.

- რაც შეეხება კიდევ ერთ პროგრამას, C ჰეპატიტის ელიმინაციას. პროგრამით რამდენმა პაციენტმა ისარგებლა და რამდენი განიკურნა? რამდენად რეალურია, რომ საქართველომ 2030 წლისთვის ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი. რა მიღწევები გვაქვს სამივე მიმართულებით?

- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა ჩაუტარდა დაახლოებით 87 000 პაციენტს, მათი 99% (დაახლოებით 86 000 პაციენტი) სრულად განიკურნა. პაციენტების იმ ერთ პროცენტში, რომელთა განკურნება მკურნალობის პირველი კურსით ვერ მოხდა, მათ უტარდებათ მკურნალობის განმეორებითი კურსი გაძლიერებული/გახანგრძლივებული რეჟიმით, რომლის შემდეგაც განკურნება პრაქტიკულად 100%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიღწეულ იქნა ქრონიკული C ჰეპატიტისგან განკურნების ასეთი მაღალი მაჩვენებელი. იმის ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის (უფრო ადრეც) ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი, ძალიან მაღალია. კერძოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების წინ, C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში იყო 5.4%, ხოლო 2021 წელს ამერიკის მხარესთან ერთად ჩატარებული განმეორებითი სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული C ჰეპატიტისპრევალენტობა შემცირდა 1.8%-მდე (67%-იანი შემცირება), რაც გარანტიას იძლევა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციამიღწეულ იქნება. აივ/შიდსში ჯანმოს და შიდსის გაერთიანებული პროგრამის (UNAIDS) ეპიდემიის დაძლევის სამიზნეებია 95-95-95, რაც ნიშნავს, რომ აივ ინფიცირებული პირების 95% უნდა იყოს გამოვლენილი, გამოვლენილთა 95% უნდა იყოს ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზე და მკურნალობაზე მყოფთა 95%-ში უნდა იქნეს მიღწეული ვირუსის სუპრესია (სისხლში ვირუსის კონცენტრაციის განულება). დღეისთვის საქართველოში გვაქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოვლენილია ყველა აივ ინფიცირებული პირების 85%, ანტივირუსულ მკურნალობაზე იმყოფება მათი 84% და მკურნალობაზე მყოფთა 94%-ში მიღწეულია ვირუსის სუპრესია (სისხლში ვირუსის განულება).

ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე სისტემატურად ვმუშაობთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ კიდევ 6 წელია, სამიზნეების მიღწევის ალბათობა ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება B ჰეპატიტს. ჯანმო-ს სამიზნე არის 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილობის 65%-ით შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ახლახანს დაიწყო. იმედს გამოვთქვამთ, რომ C ჰეპატიტისა და აივ/შიდსის დარგში მუშაობის ძალიან წარმატებული გამოცდილება, ქვეყანაში არსებული მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალი და ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ძლიერი ნება იმის გარანტიაა, რომ საქართველო ასევე შეძლებს 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ეპიდემიის დაძლევას.

- ზოგადად, როგორია ინფექციური დაავადებების გავრცელების სტატისტიკა? ყველაზე მეტად რომელი ინფექციები ჭარბობს ქვეყანაში? როგორია მათი გადანაწილება?

- ზოგადად, ყველაზე ხშირად სამედიცინო მომსახურების მიღების მიზეზი - მწვავე რესპირაციული ინფექციებია და ეს ტენდენცია ნარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში, თუმცა უპირატესად წელიწადის ცივ სეზონზე დაავადებულები ბევრად მეტია, ვიდრე ზაფხულში. კერძოდ, ზამთარში მწვავე რესპირაციული ინფექციებით (გრიპისმაგვარი დაავადება) მიმართვიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად 30-45 ათასის ფარგლებშია, ზოგ წლებში უფრო მეტიც. ზაფხულში, ამავე მიზეზით მიმართვიანობა იკლებს და საშუალოდ 10-20 ათასის ფარგლებშია. მეორე და მესამე ადგილს საერთო წლიურ რაოდენობაში სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები (2023-ში - 28 000 შემთხვევა) და სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეები (2023-ში - 11 000 შემთხვევა) იკავებს. დიარეის ცნობილ გამომწვევთა შორის სალმონელოზი ლიდერობს. სხვა ინფექციებიდან გასულ წელს ფართოდ იყო გავრცელებული ჩუტყვავილა (8378 შემთხვევა) და ქუნთრუშა (2891 შემთხვევა). წელს გააქტიურდა ყივანახველა და უკვე 917 შემთხვევაა რეგისტრირებული.

„ინტერპრესნიუსი“

თეონა ციხიშვილი

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია