საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგ „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს, ერთი მხრივ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, მერე მხრივ კი, ჰოლდინგის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ლევან ბეგლარიშვილმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტთა კორპორაციაში სტაჟირებას, მათ დახელოვნებასა და მედიაპროდუქტების კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის განცხადებით, უნივერსიტეტს ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე „ბიზნეს მედია კორპორაციაში“ სტაჟირება დამატებით მოტივაციას შეუქმნის. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, პროგრამაში ჩართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, კორპორაცია იღებს.

„კორპორაცია დაინტერესებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და ბიზნესტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჩართვით თავის საქმიანობაში. ეს გულისხმობს კორპორაციის გრიფით გასულ სატელევიზიო გადაცემებისა და ონლაინ კონტენტების მომზადების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას, სამუშაო გამოცდილების მიღებას, მათ დახელოვნებას როგორც ბეჭდური მედიის, ასევე, სატელევიზიო მედიის მიმართულებით და რაც უმთავრესია, ჩვენი სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, ეს მრავალმხრივ საინტერესო და საჭიროა როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, „ბიზნეს მედია კორპორაციისთვის“. სემესტრულად სტაჟირების პროგრამას არაუმეტეს 10 სტუდენტი გაივლის და ისინი, უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ, ამავდროულად, კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების კარიერული ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქმედით ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

„ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელის, ლევან ბეგლარიშვილის თქმით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ბიზნესმედიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ დროსა და სივრცეში მიიღებენ, მედიაინდუსტრიის სტანდარტებს დაეუფლებიან და ეკონომიკისა თუ ბიზნესის მიმართულების ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს განივითარებენ.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა სამომავლო კოოპერაციის დეტალები კიდევ ერთხელ შეათანხმეს. ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორმხრივ სარგებლიანი აღმოჩნდება, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადება მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მზაობას გამოვთქვამს, ამ პროცესში აკადემიურმა პერსონალმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, სტუდენტების ჩართულობით, „ბიზნეს მედია კორპორაციასთან“ პარტნიორობა განავითაროს და ახალი პროექტები განახორციელოს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე