ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2024

“ეს თქვენ საქართველოსთვის...” - ბოლო ცნობები კურსკიდან და რატომ აირჩია პუტინმა “წაყრუების პოლიტიკა”

საცობებმა ქალაქის ქუჩებიდან ავტომაგისტრალზე გადაინაცვლა! - ჩქაროსნული გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გახსნამ სეზონური პრობლემა ვერ გადაჭრა

ვინ გადადგამს „პირველ ნაბიჯს“ ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ - ვაშინგტონი და თბილისი ერთმანეთისგან კონკრეტულ ქმედებებს ელიან

* * *

“ეს თქვენ საქართველოსთვის...” - ბოლო ცნობები კურსკიდან და რატომ აირჩია პუტინმა “წაყრუების პოლიტიკა”

“უკრაინელები კურსკის ოლქში წინსვლას განაგრძობენ და პარალელურად, უკვე დაკავებული ტერიტორიების გამაგრებაზე არიან გადასული. აქტიურად დაიწყო შეტევა ბელგოროდის მიმართულებაზეც. ამის გამო ბელგოროდში 14 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. რუსები კი უკვე იძულებული არიან უშუალოდ უკრაინის ფრონტიდან გადაისროლოს სამხედრო ნაწილები თავისი ტერიტორიების დასაცავად. 14 აგვისტოს უკრაინის სარდლობამ ოფიციალურად განაცხადა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას აღების შესახებ. ინტერნეტში კი გავრცელდა ფოტო, რომელიც, ავტორთა ცნობით, სუჯას ცენტრშია გადაღებული. მასზე ჩანს კედელზე გაკეთებული წარწერა: “ეს თქვენ საქართველოსთვის”. შეგახსნებეთ, რომ ოთხშაბათს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წლი შესრულდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, კურსკის მოვლენები სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა კრემლისთვის და ამის ფონზე კრემლის რეაქცია საკმაოდ უცნაურად გამოიყურება...”, წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს თქვენ საქართველოსთვის...” - ბოლო ცნობები კურსკიდან / რატომ აირჩია პუტინმა “წაყრუების პოლიტიკა” და როგორ ეცდება იგი რუსეთში შეჭრილი უკრაინული ნაწილების შეკავებას.

“სხვა მსგავსი ან ნაკლებად მასშტაბური მოვლენების დროს, მაგალითად, როგორიც იყო აფეთქება ყირიმის ხიდზე. ოფიციალური მოსკოვის რეაქცია უფრო მკვეთრი იყო - კეთდებოდა განცხადებები “წითელ ხაზებზე”, ხორციელდებოდა საპასუხო მასშტაბური საჰაერო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, პროპაგანდისტულ მედიაში იწყებოდა საუბარი ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყნებაზე და ა.შ.. ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება. “პუტინი ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამს და არ ეშინია... ვითომ ეს უკრაინელების უკანასკნელი გაბრძოლებაა და მან კატა-თაგვობანას თამაში ამჯობინა”, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის აზრით, შესაძლოა რუსეთმა, კურსკის მოვლენების საპასუხოდ, კიევის ცენტრზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელოს. ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე კი წერს, რომ რუსეთს უჭირს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის სწრაფი მობილიზება, წვევამდელებსა და ადგილობრივ რეზერვებში ყოველდღიურად ეზრდება დანაკარგები. ასევე მატულობს რუსი ტყვეების რიცხვიც. კურსკის ოლქის სასაზღვრო პერიმეტრი ინტენსიური საბრძოლო მოქმედების ნაწილი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საუბარია დაახლოებით 100 კილომეტრის სიგანის მონაკვეთზე, რომლის გასწვრივაც რუსეთის საზღვრის კონტროლი მორღვეულია. თუმცა კრემლის ბრძანების შემდეგ რუსები მათ დაბრუნებას აქტიურად ცდილობენ. საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს ბელგოროდის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშიც. გარდა იმისა, რომ მოიერიშე უკრაინელები შესაძლოა მთელი ამ პერიმეტრის აქტიურ კონტროლს ცდილობდნენ, მათი მიზანი ისიცაა, რომ რუსებს რამდენიმე წერტილის ერთდროული დაცვა-დაბრუნება აიძულონ, რათა მათ ძალების კონცენტრაცია ადვილად ვერ მოახდინონ. რუსებმა ევაკუაცია დაიწყეს კურსკის ოლქის კიდევ ერთი, ბალშოე სოლდატსკოეს რაიონიდან. სულ რუს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ამ მომენტისათვის 180 ათასია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ სუჯა მთლიანად გაწმენდილია რუსებისგან. ინტენეტში კი გავრცელდა ამ ქალაქში გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს კედელზე გაკეთებული წარწერა “ეს თქვენ საქართველოსთვის”. სირსკის თქმით, “სუჯას დასახლებაში მტრის ძებნა და განადგურება დასრულდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსები ცდილობენ უკრაინელებს არ მისცენ თავისი წარმატების გაღრმავების საშუალება და ფაქტობრივად, ფრონტის ხაზი სუჯას მიდამოებში ივლება. როგორც ჩანს, პუტინმა შექმნა ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული შენაერთი, ეს არის ჩრდილოეთით, რომელიც სათავეშია რუსეთის ეროვნული გმირი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დიუმინი, რომელიც გამოცდილი მხედარმთავარია. სწორედ ის არის ყირიმის ანექსიის სამხედრო ოპერაციის სულის ჩამდგმელი. ის ამჟამად კურსკშია ჩასული, აყალიბებს შტაბს და რეზერვების მობილიზაციას ახორციელებს. მანამდე კი რუსების ის შენაერთები, რომლებიც წინა ხაზზე არიან, თავდაცვით სისტემაზე გადასვლას ცდილობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“უკრაინელები ძირითადად გადასული არიან დაკავებული პოზიციების გამაგრებაზე. თუმცა გარკვეულ მიმართულებით ბრძოლით დაზვერვასა და რეიდებს ახორციელებენ. რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან დიდ სიღრმეში შესვლა მათ ალბათ არც უნდათ, რადგან ეს დიდ რესურსებს და დამატებით ძალებს მოითხოვს, რაც მათ ამჟამად უჭირთ. შესაბამისად, ახლა უკრაინელების ყურადღება გადატანილი იქნება გარკვეული ტერიტორიების გამაგრებაზე, თავდაცვისთვის მომზადებაზე. საბოლოო ჯამში, ამ შეტევას ორი მიზანი აქვს: ერთი არის მოლაპარაკებამდე ძლიერი პოზიციით მისვლა და მეორე - ბუფერული ზონის შექმნა რუსების საზღვარზე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ “ტელეგრამზე” წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში სწორედ ბუფერული ზონა შექმნეს. “უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს... ამიტომ ჩვენმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე “ბუფერული (სანიტარული) ზონა” შექმნეს... ბუფერულ ზონაში" სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, - წერს ლუბინეცი. მისივე ინფორმაციით, ასევე განიხილებოდა “საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის”, გაეროს და სხვა მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წვდომის საკითხები ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებისთვის”, - დასძენს გამოცემა.

“გამოცემა `პოლიტიკოს” მიხედვით, რუსებმა თავისი ტერიტორიების დაცვის გასაძლიერებლად და უკრაინელთა შესაკავებლად სამხედრო შენაერთების იძულებითი გადაჯგუფება დაიწყეს. რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნა. გარდა ამისა, კალინინგრადში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის პრაქტიკულად მთელი პირადი შემადგენლობა კურსკის დასაცავად გადაისროლეს. ლიეტუვის თვადაცვის მინისტრმა ლაურინას კასჩიუნასმა ამასთან დაკავშირებით ხუმრობით თქვა, რომ რუსებმა “კალინინგრადის ოლქის დემილიტარიზაცია” მოახდინეს. ამის პარალელურად რუსეთში ახალ მოხალისეებს ეძებენ. გამოცემა “ვიორსტკას” ინფორმაციით, მოსკოვის მერიამ უკრაინაში წამსვლელი მოხალისეებისათვის ერთჯერადი გადასახადი 1.9 მილიონ რუბლამდე გაზარდა და იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში 23 ათას მოხალისეს მაინც შეკრებს უკრაინაში საომრად”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსები ამ გადაჯგუფების პარალელურად ცდილობენ დონბასში უკრაინელების რეზერვების გამოფიტვა მოახდინონ და თავდაცვითი ზონიდან შეტევაზე გადავიდნენ. „ყველა ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფებიდან ხდება განსაკუთრებული შენაერთის შექმნა და შესაძლოა, კალინინგრადში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის პრაქტიკულად მთელი პირადი შემადგენლობა კურსკში გადაისროლეს. ჯერჯერობით ბრძოლები პოზიციურია. რუსები ცდილობენ დონბასისა და ლუგანსკის მიმართულებით განახორციელონ შეტევები, რათა მოახდინონ უკრაინელების რეზერვების გამოფიტვა და თავდაცვითი ზონებიდან შეტევაზე გადავიდნენ”, - აღნიშნავს მაისაია. მისივე თქმით, “თუ პუტინი დაიმუქრება და იტყვის, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს უკვე ნიშნავს რუსების დამარცხებას - მოსკოვში ასე ფიქრობენ. მან სამხედრო მდგომარეობის ნაცვლად კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა, რაც გაურკვეველია, რადგან აშკარაა, რომ რუსეთის ტერიტორია უკრაინელების მიერაა ოკუპირებული და მათზე განხორციელდა სამხედრო თავდასხმა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“კონსტიტუციის მიხედვით, პუტინს უნდა გამოეცხადებინა სამხედრო მდგომარეობა და მობილაზაცია უნდა მოეხდინა, მაგრამ “წაყრუების პოლიტიკა” არჩია. ის ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამს და არ ეშინია. ვითომ ეს უკრაინელების უკანასკნელი გაბრძოლებაა. როგორც ჩანს, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მისი ნდობის რეიტინგი 79%-ია და არ აწყობს, რომ რაღაც ისეთი რამე გააკეთოს. თან თვითონ კრემლის შიგნით კლანების დაპირისპირებაა. გარდა ამისა, მან ახლა სამხედრო ელიტაში რეპრესიებში დაიწყო - გადააყენა სერგეი შოიგუ, დაიწყო დაპატიმრებები, 15 გენერალი და 30-მდე მაღალი სამხედრო პირი და ეს კიდევ გრძელდება. უკრაინელებმა კი ძალიან სწორად გათვალეს ეს მდგომარეობა”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“პუტინის გამოსვლაში გაიჟღერა, რომ ეცდებიან რაღაც გარკვეული რევანშისტული დარტყმა განახორციელონ უკრაინაზე. ეს ალბათ უფრო საჰერო-სარაკეტო დარტყმა იქნება, არ გამოვრიცხავ უშუალოდ კიევის და მისი ცენტრის მიმართულებაზე მოხდეს. ეს რუსების საუბარში იკვეთება. რა თქმა უნდა, კრემლი ეცდება რუსეთის მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ ეს უკვე ძალიან რთულია, რადგან ხალხი პანიკაშია, ერთ შეშინებულს ათის შეშინება შეუძლია. უკრაინელები საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებენ, ეს ყველაფერი კი რუსეთის მოსახლეობაში იწვევს პანიკას, ხოლო ხელისუფლებაში დაბნეულობას და მართვაში ქაოსს”, - განმარტავს ვახტანგ კაპანაძე.

ვინ გადადგამს „პირველ ნაბიჯს“ ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ - ვაშინგტონი და თბილისი ერთმანეთისგან კონკრეტულ ქმედებებს ელიან

“საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ორივე მხარე, ორივე მხარე ამ მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს ხელისუფლებას გამოსავლად “ურთიერთობების გადატვირთვა” მიაჩნია. აშშ-ში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან “ნაბიჯები გადადგმულია” და ოფიციალური თბილისი “მოლოდინის რეჟიმშია”. რას ნიშნავს ყოველივე ეს და არსებობს თუ არა ამ ეტაპზე ურთიერთობების გაუმჯობესების რესურსი? ეს თემა კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა გასულ კვირაში საქართველოში ამერიკული დელეგაციის ვიზიტისას. ამერიკელი კანონმდებლები ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში პარასკევს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ და ორი დღის განმავლობაში შეხვდნენ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ გადადგამს „პირველ ნაბიჯს“ ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ - ვაშინგტონი და თბილისი ერთმანეთისგან კონკრეტულ ქმედებებს ელიან.

“ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ „დეტალურად უთხრა, რას ელის მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“. კობახიძის თქმით, მან ასევე აშშ-ის დელეგაციას გაუზიარა “იმედგაცრუება და შეშფოთება” ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის შეფასებით, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, “ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს” და “პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა”. კონგრესმენმა ტერნერმა კი აღნიშნა, რომ ვერ შეატყო კობახიძეს და საქართველოს მთავრობას, რომ ურთიერობისს გადასატვირთად რაიმე გეგმა ან ხედვა ჰქონოდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ კი შაჰინმა და ტერნერმა ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“13 აგვისტოს ასევე გავრცელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება ამავე ვიზიტთან დაკავშრებით, სადაც საუბარია, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლების წინადადებას ელის. “განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 11 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ამ თემაზე და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “პირველი ნაბიჯები” უკვე გადადგმულია და ახლა ჯერი აშშ-ზეა. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, საქართველოს ხელისუფლების აზრით, გადატვირთვა ნიშნავს იმას, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება და დემოკრატიიდან გადახვევა აშშ-მა კრიტიკის გარეშე უნდა მიიღოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამერიკელები ჩვენგან იმას მოითხოვენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს და სახელმწიფო დასავლურ ყაიდაზე მოექცეს, რაც “ოცნებას” არა თუ ხელს არ აძლევს, არამედ არ აინტერესებს. ეს ამათ გეგმებში არ შედის. ამიტომ ახლა მოიგონეს, რაღაცა პოლიტიკის გადატვირთვა. პირდაპირ იმის თქმა, რომ ისინი დასავლეთს ემიჯნებიან და ა.შ., არ შეუძლიათ, რადგან იციან ქვეყანაში მოსახლეობის განწყობა. ამიტომ თან ამერიკას ერთი ხელით ლანძღავენ, მეორეთ კი მასთან პოლიტიკის გადატვირთვას ითხოვენ. თუმცა როგორ, ამას არ ამბობენ. სათქმელი პარტნიორებთან “ოცნებას” არაფერი აქვს. ვნახეთ სენატორი და კონგრესმენი ჩამოვიდნენ და ორპალატიანი ვზიტი იყო. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მჯეროდა, რომ მათი ვიზიტის მიზანი კობახიძესთან შეხვედრა სულაც არ იყო. აქ მათ ივანიშვილთან საუბრის იმედი ჰქონდათ, მან კი უარი უთხრა, რადგან სულაც არ უნდა საყვედურების მოსმენა და არც სენატორ შაჰინისგან იმის გაგება, თუ ვინ იყო და როგორ მოხდა მისი შუამავლობით 2012 წელს ხელისუფლების უმტკივნეულოდ გაშვება”, - აცხადრბს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“აშშ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ფრთხილია. ამიტომაც არის, რომ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ასე ღიად და საჩქაროდ დასანქცირებას არ ახდენს. ისინი მაინც ცდილობენ ბოლომდე ხიდები არ დაწვან. “ოცნება” რომ არანაირი ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, ეს უკვე ვთქვი. ფაქტია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას ამერიკელები ჯერ კიდევ ცდილობენ და კონგრესმენის და სენატორის ჩამოსვლა ამის ნათელი მაგალითია. მე სულაც არ მგონია, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში რამე რეალურად შეიცვლება -კონსერვატორებიც და რესპუბლიკელებიც საქართველოსთან დაკავშირებით ერთ აზრზე არიან. ამიტომ მთავარი არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც უნდა შეცვალოს მიდგომა, დაანებოს ამერიკის ლანძღვას თავი და გააუქმოს გამჭვირვალობის კანონი. ეს არის ამერიკელების მოთხოვნა. ტყუილია იმაზე საუბარი, რომ თითქოს აქ ვინმე მეორე ფრონტის გახსნა უნდა და ა.შ.”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ანალიტიკოსი რამაზ სავარელიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-საგან ელის, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიონ და გადატვირთვაშიც პირველ რიგში ეს იგულისხმება. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ადრე აღმოაჩინა, რომ ქვეყანა გადატრიალების საფრთხის წინაშე იდგა, ხოლო ამ გადატრიალების იმპულსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დემოკრატების ფრთის მხრიდან მოდიოდა. მისი აზრით, “იმ სამხედრო სამრეწველო-კომპლექსის მქონე ძალას, რომელიც დემოკრატების მხარეს ამერიკაში მოქმედებს და უკრაინის ომს იარაღით ამარაგებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ჰქონდა. როგორც მმართველმა გუნდმა ეს არა ერთხელ თქვა, ამაზე უკრაინის ომის დაწყების დღიდან “ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ არნახული ზეწოლა მიდიოდა”, ამბობს საყვარელიძე და დასძენს, რომ “მათ აქვთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ იგეგმებოდა ქვეყანაში რევოლუციური სცენარი და ჩვენ ვნახეთ კიდეც ეს არაერთხელ აქციების დროს ამ ორი წლის განმავლობაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“ოცნებას” არ სურს ქვეყანაში არც ომი და არც შიდა დაპირისპირება. ის მოქმედებს ისე, როგორი დაკვეთაც ქართველ ხალხშია. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციას პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდეს და სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდეს. მათი ინტერესი ღია და დაუფარავია. არაერთხელ თქვეს, რომ ვნახოთ რა იქნება 26 ოქტომბერს და ა.შ. ისინი უკევ დაუფარავად ოპოზიციას გულშემატკივრობენ. ეს ხდება სახელისუფლებო დახმარების გაყინვით და მესამე სექტორისთვის თანხის გადარიცხვით. იმ ონლაინ მედიებისთვის, რომლებიც ოპოზიციასთან არიან აფილირებულები. მაშ, რა გამოდის - ემზადება ამერიკა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ამისთვის რესურს, ფულს და პოლიტიკურ აქტიურობასაც აღარ მალავს. ”ოცნება” პირველ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ის მოთხოვნები, რაც ამერიკელებს აქვთ, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირი და ღია ჩარევაა და მეორეს მხრივ, ხელისუფლების საკუთარი ნებით დათმობა გამოდის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

საცობებმა ქალაქის ქუჩებიდან ავტომაგისტრალზე გადაინაცვლა! - ჩქაროსნული გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გახსნამ სეზონური პრობლემა ვერ გადაჭრა

“დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თბილისის შემდეგ საცობები ავტომაგისტრალებზეც შეიქმნა და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად 2-3 საათით მეტი დრო სჭირდებათ. განსაკუთრებული პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებში და ეს ყველაფერი ერთი მხრივ გზების მშენებლობასაც უკავშირდება. ტურისტულმა სეზონმა საცობები “გაამრავალფეროვნა” და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა. გადაადგილების პრობლემაზე სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება და მოქალაქეები იმას კი ამბობენ, რომ ბათუმში ჩასასვლელად 8-9 საათია საჭირო. მგზავრობას აფერხებს ავტომაგისტრალზე არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც და როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, მსგავსი პროექტები ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ უნდა განხორციელდეს ანდა მანამდე დასრულდეს. სწორედ ამ მხრივ ამახვილებს ყურადღებას ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ექსპერტი ლაშა დარბაისელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საცობებმა ქალაქის ქუჩებიდან ავტომაგისტრალზე გადაინაცვლა! /ჩქაროსნული გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გახსნამ სეზონური პრობლემა ვერ გადაჭრა.

“ამ პერიოდისთვის ალბათ მაინც არ უნდა მიმდინარეობდეს ავტომაგისტრალზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ან ტურისტულად აქტიური პერიოდის შემდეგ უნდა დაიწყოს, ანდა მანამდე დასრულდეს, მაგრამ თუ ასე ვერ ხდება, რას ვიზამთ, სხვა რა გზა გვაქვს. საერთოდ, როდესაც გადაადგილების პრობლემა და საცობი იქმნება, უნდა არსებობდეს საავტომობილო გენენალური გეგმა, რაც საცობებს გაფილტრავს. როდესაც ტურისტული სეზონი იწყება და მოსახლეობა დასასვენებლად მიდის, გადაადგილებაც აქტიურდება და ფერხდება, საცობი მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა არ არის. ავტომობილი საცობში ყოფნის დრო გასამმაგებულ და გაოთხმაგებულ გამონაბოლქვს გამოყოფს, ვიდრე მოძრაობისას. შესაბამისად, გარემოს დაბიძნურება ამ დროს უფრო ხდება. ეს ყველაფერი კი, ვიცით, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. მხოლოდ ეს არ არის, შემდგომში ხდება ის, რომ კონკრეტული წლოვანების ავტომობილების აკრძალვა გვიხდება. ანუ საცობი არ არის მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა და მას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. რეალურად, პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ საცობში დგომაა”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა დარბაისელი.

“გადაადგილების განსაკუთრებული პრობლემა აჭარის მიმართულებითაა და საცობების კუთხით ბათუმმა დედაქალაქი უკან ჩამოიტოვა. ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა აუცილებელია. როგორც “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ განცხადა, ბათუმში არსებული საცობები, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ქუჩებსა და ქალაქის შესასვლელში, განპირობებულია ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნით და აქტიურობით, ამიტომ უნდა არსებობდეს სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტის მოძრაობა დარეგულირდება. „ბათუმს თავისი მობილობის გეგმა ჰქონდა და არ ვიცი თუ დაამტკიცა. ზოგადად, ვიცით, რომ ზაფხულში მეტი გადაადგილება და მოთხოვნაა და ასეთ დროს შესაბამისი გეგმა უნდა არსებობდეს. ბევრი საკითხია, რაც ზაფხულში ასეთ ადგილებში, დამატებით უნდა ამოქმედდეს”, - თქვა გელა კვაშილავამ, რომლის აზრით, “ამისთვის უნდა არსებობდეს ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა, რომელიც მომატებული ნაკადის რეგულირებას მოახდენს ისეთი პრინციპით, რომ აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და იქნება ალტერნატიული გადაადგილების საშუალებები”, აღნიშნავს გამოცემა.

“ცნობისთვის, ბათუმის მერია საავტომობილო გზის გაფართოებას გეგმავს. მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო ღირებულება 210 ათას ლარს შეადგენს და ხიდის რეკონსტრუქციის შედეგად, გაიზრდება საავტომობილო მოძრაობის გამტარუნარიანობა. საყურადღებოა, რომ ხიდს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 2-3 წლის წინაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ საცობები ქალაქის შესასვლელში უფრო შესამჩნევი გახდა”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა