ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება.

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა შს სამინისტროს ეკუთვნის, რომლის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

ინიციატივა დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.

უწყების განმარტებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები განისაზღვრება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო იქნება ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ასევე აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.

კანონპროექტი გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებსაც განსაზღვრავს. პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის: − 75 წლით; მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით; ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით; არასრულწლოვანი მსჯავრდებულის: - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 10 წლით; დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის − 75 წლით. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.

“დნმ-ის მონაცემთა ბაზა ძირითადად მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისგან შეივსება, რომელთათვისაც ამ მონაცემების ჩაბარება სავალდებულო იქნება. ასევე, ნებისმიერ პირს, თუკი ექნება სურვილი, რომ საკუთარი ბიოლოგიური ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბაროს, ესეც ბაზაში შეინახება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე