რატი ბრეგაძე - რადიკალურ ოპოზიციას მორალი არ გააჩნია, შეუძლიათ გმირები აქციონ ანტიგმირებად, თუმცა ეს ნომერი არ გაუვათ - დარწმუნებული ვარ, ტალახაძე და პეტრიაშვილი მოწინააღმდეგეებს პოლიტიკაშიც ღირსეულად დაამარცხებენ

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი არიან მებრძოლები, მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას სხვადასხვა სპორტულ მოედნებზე ახერხებდნენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიაში პირველ ნომრად ყოფნა, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაში.

„ქართული ოცნების“ პირველი ოცეული დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი წარმატებისთვის აქვთ მიღწეული. მათ შორის, პოლიტიკაშიც. განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე არის სიის პირველი ნომერი. ვფიქრობ, ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს ადამიანი არის ის პიროვნება, რომელიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაში. სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ გააჩნია. მათ შეუძლიათ ერთ დღეს გმირები საკუთარი წარმოდგენით აქციონ ანტიგმირებად. თუმცა მათ ეს ნომერი არ გაუვათ. თავდასხმა იმ ადამიანებზე, რომლებმაც, საკუთარი წარმატებით, ამდენი ქართველი გაახარეს, რომლებიც მთელი ცხოვრება იღვწიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ააჟღერონ საქართველოს ჰიმნი და საკუთარ საქმეში, საკუთარი შრომით მიაღწიეს უდიდეს წარმატებას, ამ ადამიანებზე განახორციელო ასეთი ზეწოლა, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუმცა ეს ყველაფერი მეტყველებს მათ მოლარულ სახეზე. ამ ბიჭებზე არაერთი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, მაგრამ ესენი არიან მებრძოლები, მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას სხვადასხვა სპორტულ მოედნებზე ახერხებდნენ.

რაც შეეხება პოლიტიკაში სპორტსმენების მონაწილეობას, ეს საქართველოს კანონმდებლობით სრულად დასაშვებია. ისინი არიან, ამ შემთხვევაში, ხალხის რჩეულები. ვისაც ხალხი გადაწყვეტს, იმას აირჩევს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად აირჩევს ისეთ საამაყო ადამიანებს, როგორებიც ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები არიან. ლაშა ტალახაძეს, ასევე გენო პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ამ ადამიანების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც ჰქვია სამართლიანობისა და უსამართლობის ბრძოლა.

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს რაც შეეხება, ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ძალიან დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მისი მეშვეობით და უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი 2012 წელს იმ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება, რომელიც ტოტალიტარულისკენ იძვრებოდა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ერქვა. ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. მას აქვს მაღალი ნდობა და საზოგადოება მის პიროვნებას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი თაოსნობით დაფუძნდა, მოხარულია, რომ სწორედ ივანიშვილი არის სიის სათავეში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში