წინანდლის მეექვსე საფესტივალო წელს პანკავკასიური ორკესტრი გაზრდილი შემადგენლობით და რეპერტუარით წარსდგა მსმენელის წინაშე.
რეგიონის ყველაზე ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად საქართველოს და მეზობელი ქვეყნების დამწყებ მუსიკოსებს უყრის თავს, რაც საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოში ნორვეგიის, შვეიცარიის და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.
ორკესტრს ერთგვარი სამშვიდობო მისია აკისრია, მუსიკის გარშემო გააერთიანოს კავკასიისა და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდები. წელს ორკესტრი 8 ქვეყნის 80 ახალგაზრდა შემსრულებლისგან შედგებოდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და საქართველო.
მუსიკოსების უმეტესობა მეორედ, მესამედ შეუერთდა ორკესტრს. მათ სემინარებს და მასტერკლასებს ცნობილი მაესტროები და მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები უტარებდნენ. მათი ეს გამოცდილება შესაძლებლობას აძლევდა მუსიკალურ დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელს, სხვა მენტორებს შესრულების მასშტაბურობა და რეპერტუარი გაეზარდათ. ორკესტრმა ოთხი დასამახსოვრებელი კონცერტი გამართა წინანდლის ფესტივალზე.
ავი შოშანი - წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:
“საუკეთესო სეზონი იყო. ბევრმა იცის, რომ წინანდლის ფესტივალი შევქმენით პანკავკასიური ორკესტრის გამო. მიხარია, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ერთ სცენაზე დგას. ეს შთაგვაგონებს. წელს პანკავკასიური ორკესტრი სენსაციური იყო. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ტალანტები გვყავს. ამ ფესტივალის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ერთ სივრცეშია საკონცერტო დარბაზები, მუზეუმი, უნიკალური ბაღი. წლებთან ერთად ერთგული მაყურებელი გვემატება.”
წინანდლის ფესტივალი ვერდის რექვიემით გახსნა პანკავკასიურმა ორკესტრმა. კონცერტს დიდი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობდა. შთამბეჭდავი იყო ჯოშუა ბელის, ვასილი პეტრენკოს და ალექსანდრ კანტაროვის ერთობლივი კონცერტი ახალგაზრდებთან ერთად - შესრულდა ჩაიკოვსკი და რახმანინოვი. პირველად საქართველოში შესრულდა გუსტავ მალერის მეოთხე სიმფონია - ამ ნაწარმოების პრემიერა პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად შედგა. 8 სექტემბერს კი დასკვნითი საღამო მენდელსონის მეოთხე სიმფონიით კვლავ ორკესტრმა დააგვირგვინა.
პანკავკასიური ორკესტრის წევრები:
სოფია მარჩაკი (უკრაინა): “მადლიერი ვარ, ორკესტრში უკვე მეორედ ვუკრავ. აქ შესანიშნავი გარემოა. მყავს ახალი მეგობრებიც. ჩვენი მთავარი მიზანი მუსიკის შექმნაა. მუსიკას შეუძლია ადამიანების დაახლოება. პანკავკასიური ორკესტრის მისიაც ესაა, რომ დააკავშიროს და დააახლოვოს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები ერთმანეთს. ეს უნიკალური გამოცდილებაა ორკესტრის თითოეული წევრისთვის”.
ნინო ოჩიგავა (საქართველო): “საკონცერტო პროგრამა ძალიან საინტერესო და რთული იყო. შევასრულეთ ვერდის, მალერის, მენდელსონის ნაწარმოებები. ფესტივალი პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი მუსიკოსებისთვის. ”
წინანდლის ფესტივალს კომპანია სილქნეტი 2019 წლიდან წარადგენს. მეექვსე სეზონის დატვირთულმა, მრავალფეროვანმა საფესტივალო დღეებმა წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრად კიდევ ერთხელ აქცია. 9 დღის განმავლობაში ჭავჭავაძეების მამულმა 20 000 სტუმარს უმასპინძლა.
მეშვიდე სეზონი კი 2025 წელს, 4-14 სექტემბერს, გაიმართება.
(R)