თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთის ქალაქ კარპაჩში გამართულ 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ძალისხმევაზე, ქვეყანაში ინოვაციური სისტემების დანერგვის საქმეში.

მან ისაუბრა ციფრული ლარისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტებზე, რომელთა მიზანია არა მხოლოდ მოქნილი საგადახდო ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური რესურსების პროგრამირებადი მართვა და ბიზნესს ოპერაციების განხორციელება ჭკვიანი კონტრაქტებით.

ინფორმაციის თანახმად, პანელურ დისკუსიაში „ევროპა ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე“ გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. მისივე თქმით, უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„ციფრული გადახდის სისტემები უკიდურესად პერსპექტიულია, მათი დანერგვა ხელს შეუწყობს ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავებას საზოგადოების საკეთილდღეოდ, გაზრდის ფინანსური შუამავლობის ეფექტურობას, დაეხმარება ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვას და უზრუნველყოფს მოსახლეობის ფინანსური ჩართულობას“, - განაცხადა თეიმურაზ ხომერიკმა.

ეროვნული ბანკის ცნობით, კარპაჩის ეკონომიკური ფორუმი არის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. უკვე 33 წელია, ფორუმი წარმოადგენს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი აზრის გაცვლის პლატფორმას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეებისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე