„ბიბლუსმა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ქართული ბიბლიოთეკა სტამბოლში გახსნა.
კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა ამავე სამრევლოს ტაძრის კომპლექსში მოეწყო. ის ქართველი ავტორების თურქულ თარგმანებს, თურქი ავტორების ქართულ თარგმანებს, ასევე, ქართველი და უცხოელი მწერლების ნაშრომებს აერთიანებს.
სტამბოლში ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ორდღიანი ვიზიტით „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე და „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, მამა ილია ჯინჯოლავას ორგანიზებით, ისინი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შეხვდნენ, სადაც წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მსოფლიო პატრიარქმა ქართულ ბიბლიოთეკას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„ბიბლუსის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის განცხადებით, ქვეყნის გარეთ ქართული ბიბლიოთეკების არსებობა, ემიგრანტების სურვილი იყო. მისივე თქმით, წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უცხოეთში ქართული სათვისტომოების წიგნებით მომარაგება გაგრძელდება.
„ბიბლუსი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, ცდილობს, სხვადასხვა მიმართულებით სოციალურ აქტივობაში ჩაერთოს და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი და ხაზი, ქვეყნის მასშტაბით წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ამ ყველაფერს წელს უფრო ორგანიზებული სახე მივეცით. გიორგი კეკელიძესთან ერთად შევქმენით „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ბიბლიოთეკები გავაკეთოთ, რათა უფასო წიგნზე წვდომის უფრო მეტი საშუალება იყოს.
ამ პროექტის დაწყებასთან ერთად აქტიურად წამოვიდა ემიგრანტების სურვილი, რომ ბიბლიოთეკები და ქართული წიგნები მათაც ჰქონოდათ. სწორედ ასე გადავწყვიტეთ, ქვეყნის გარეთ ქართული სათვისტომოები მაქსიმალურად მოგვემარაგებინა“,- განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.
„ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
„დღეს „ბიბლუსი“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო, კერძოდ, ბართოლომეოს პირველმა. რეალურად მის დაქვემდებარებაშია სივრცე, სადაც ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. თბილი შეხვედრა იყო, სამომავლო თანამშრომლობაზე ორიენტირებული. ერთად აღვნიშნეთ, რომ წიგნი, განათლება კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის საუკეთესო ხიდია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან აქტიური იქნება. ბიბლიოთეკა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
სტამბოლში, ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ელჩები, ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ. გაიმართა შეხვედრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველებთან, სადაც წიგნის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სტამბოლში გახსნილი ქართული ბიბლიოთეკა ქალაქების - ემპოლისა და ვროცლავის შემდეგ მესამეა. უკვე იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა ერევანში (სომხეთი), ამსტერდამსა (ნიდერლანდები) და კარლსრუეში (გერმანია). ასევე, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკება ლონდონსა და ტოკიოში ქართული ბიბლიოთეკების მოწყობის თაობაზე.