სანდრო თვალჭრელიძე - “როგორც არ უნდა სცადონ გაყალბება, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ეს შეუძლებელი იქნება”
ახალი გამოწვევა კრემლისთვის - რუსების თითქმის ნახევარი უკრაინიდან ჯარის გამოყვანისა და ომის დასრულების მომხრეა
თენგიზ ფხალაძე - “ბანკებს მაინც მოუწევთ დაექვემდებარონ სანქციებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების წარმოებაში”
დავით ზურაბიშვილი - “ამ ორ ლიდერს არა აქვს თავსებადობა. ერთიანობა ამომრჩევლის მოთხოვნა უფროა”
რატომ ააფეთქეს ნაადრევად ისრაელის სპეცსამსახურებმა დანაღმული პეიჯერები და პორტატიული რაციები?
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “როგორც არ უნდა სცადონ გაყალბება, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ეს შეუძლებელი იქნება”
“ეს არის დასავლეთის პირდაპირი ზეწოლა მთავრობაზე, რათა წესიერად მოიქცნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეფექტი საწინააღმდეგოა. სრულ მარაზმში ვართ... ჯერ ერთი, “ქართულმა ოცნებამ” მოგებული არჩევნები წააგო ე.წ. აგენტების კანონით, ვიდრე მას შემოაბრუნებდნენ ხელახლა და ხალხზე ძალადობის ფასად მიიღებდნენ, ქვეყანაში და მის საზღვრებგარეთაც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ არჩევნებში მმართველი ძალა გაიმარჯვებდა. დღემდე ვერ ვხსნი, რაში სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს ამ ახირების შესრულება. კი, თავს იწონებს მაგარი ანალიტიკოსი ვარო, მაგრამ ცხადზე ცხადია, ასე არ ყოფილა, ან ძალაუფლებით ტკბობამ მისი ანალიტიკური აზროვნება დააჩლუნგა. ყოველ შემთხვევაში, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამასთანავე, “ქართული ოცნების” ლიდერშიფი, ხელმძღვანელები, მონებივით იქცევიან, თითქოს თავიანთი აზრი არც გააჩნიათ”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა იქნება ...”
“ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირ სისულელეებს ამბობს. გაიძახიან, რომ თურმე მათზე ზეწოლაა. ეს არ იქნებოდა, ნორმალურად რომ მოქცეულიყვნენ, ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?! ცალმხრივი პარტნიორობა არ არსებობსო, რომ გაიძახიან, მართლაც არ არსებობს, მაგრამ ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში. ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” არჩევნებს ვერ მოიგებს და ვერც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას. ყოველივე ეს, რასაც ვხედავთ დასავლეთთან დამოკიდებულებაში, არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური სვლებია საარჩევნოდ, რაც მალე დასრულდება. თუ ასე არ მოხდა, ისევ კომუნისტური წყობის ყველაზე უვარგის წლებში დავბრუნდებით... უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პერმანენტულად პირდაპირ გამწვავებაზე მიდიოდა “ქართული ოცნება” დასავლეთთან. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურდა. ამგვარი განცხადებები ისმოდა უკრაინიდანაც. შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას მართლაც სურდა, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოდან, მაგრამ ეს არამც და არამც არ აწყობდა დასავლეთს და არც სურდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“არავითარი გლობალური ომის პარტია არ არსებობს - ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის აზროვნებაში, მენტალიტეტში, რაღაც ხარვეზია და შექმნილ ვითარებას ნორმალურად ვერ აანალიზებენ, ყველგან შეთქმულების თეორიები ელანდებათ. ისე, თუ დავუბრუნდებით უახლეს ისტორიას, საქართველოს ხელისუფლებებს საკუთარი ძალაუფლების ფინიშისკენ სულ უფუჭდებოდათ ურთიერთობა დასავლეთთან, თუმცა ყოველთვის ძალიან ხანმოკლედ. ასე იქნება ახლაც. ღმერთმა ნუ ქნას, ეს დაპირისპირება არ დაასრულოს ამ არჩევნებმა, რადგან როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს საბჭოთა დროში დაბრუნება ემუქრება... რაც შეეხება ჰერჩინსკის განცხადებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის დასჯა, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ამით შეიძლება ძალიან გვაწყენინონ, რაც შემდგომში ჩვენს ურთიერთობას შეუშლის ხელს. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ყველაფერს დაალაგებს, თუ დრამატული რამ არ მოხდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“როგორც არ უნდა სცადონ გაყალბება, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ეს შეუძლებელი იქნება, თანაც არჩევნების გაყალბების დიდოსტატი, პროფესიონალი, ხათუნა გოგორიშვილი იყო და ისიც კი ამბობდა, შედეგების 7%-ზე მეტად გაყალბება შეუძლებელიაო. ეს მაშინ, როცა ყუთებს მთლიანად იტაცებდნენ. დღეს კი, მოგეხსენებათ, დიდწილად ელექტრონულად, ავტომატიზებულად იქნება ხმის მიცემა. ამიტომაც მგონია, რომც სცადონ, ტოტალურად გაყალბება ვერ მოხერხდება. ცდები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ საერთო სურათს ვერ შეცვლის. რა, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა 2012 წელს არჩევნების გაყალბება? - რა თქმა უნდა, უნდოდა, მაგრამ ვერ გააყალბა. გაყალბებას რა მოჰყვება ხოლმე, კი ვიცით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ასეთი მკვეთრი განცხადებები დასავლეთიდანაც, თავისივე პოლიტიკას აზიანებენ. სიმართლე უნდა ითქვას, იქაც ბევრ შეცდომას უშვებენ. არც ამერიკულ თუ ევროპულ პოლიტიკაში ჩანს დიდი სიღრმისეული მოსაზრებები თუ ქმედებები”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“მე პირადად ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების პერსპექტივა არ მომწონდა. იმ ხალხში, რომელსაც არ მოსწონს არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა”, ცოტაა ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც ორივე - ხაზარაძე და გახარია მოსწონს. ვფიქრობ, ორივე ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ გაცილებით უკეთესი მაჩვენებლის მიღების პერსპექტივა გახარიას აქვს. ამიტომ ცოტა გაუგებარია, რაში სჭირდებოდა “ლელოსთან” გაერთიანება. გახარია გვინახავს პრემიერ-მინისტრად. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იყო, ვინც კი გვყოლია, თან ურთულეს დროს, პანდემიისას მოუწია ქვეყნის მართვამ, რასაც ძალიან კარგად გაართვა თავი. ბევრისთვის სწორედ ამიტომაც არის გახარია მისაღები. ბევრისთვის შესაძლოა ცუდია, რომ არ მოხდა ძალთა კონსოლიდაცია, ამას თავისი პლუსები ექნებოდა, მაგრამ ამ შეუთანხმებლობაში მე ვერ ვხედავ დიდ პრობლემას. როგორც მედალს, ამასაც აქვს ორი მხარე. ძალიან ეკლექტიკური ალიანსი ჩამოყალიბდებოდა და შეიძლება ხმები უფრო დაეკარგათ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის ძალიან კარგი ბიზნესმენია, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს გამოუცდელობის ბრალია”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ივანიშვილის განცხადება ძალიან არასწორია. დადგეს და პირადად მოიხადოს ბოდიში ვისთანაც უნდა - ოსებთან, აფხაზებთან თუ პუტინთან. მე ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი, ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლებას თავს ნურავინ აძლევს. ივანიშვილს, როგორც ჩანს, ჰგონია, ამგვარი განცხადებებით, ბოდიშებითა და მოფერებით, ან რუსეთს შეაგნებინებს რამეს, ან სეპარატისტებს. ხომ ნახეთ, მადა გაეხსნათ და ოსებმა უკვე მორალური და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ეს მიდგომაც, როგორც ბევრი სხვა, ყოვლად არასწორია. ბოდიშებით ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. ოკუპირებულ რეგიონებში ისეთი მაფიოზური ინსტრუმენტებია ჩართული, ისეთი გაუგონარი კავშირები და ამბები ხდება, ამასთან ბრძოლა ამგვარად სასაცილოც კია. ამის წინააღმდეგ სულ სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი” - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “დღევანდელი გადასახედიდან და იმ საარჩევნო სუბიექტების გათვალისწინებით, ვისაც აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, თუ შეიძლება რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება?” - პასუხობს:
“შემიძლია ერთი რამ ვთქვა - აუცილებლად დადგება დღის წესრიგში კოალიციის შექმნა. სულ ტყუილად ლაპარაკობს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. მეტიც, ჩემი აზრით, მომავალი კოალიციის დედაბოძი არც “ქართული ოცნება” იქნება და არც “ნაციონალური მოძრაობა”. ეს იქნება შუალედური ძალა - მეტს ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი... ყველაზე უარესი სცენარით, შეიძლება ვერ მოხერხდეს მთავრობის ჩამოყალიბება და დაიწყოს პოლიტიკური კრიზისი, რასაც რიგგარეშე არჩევნების რეჟიმში გადასვლა მოჰყვება”.
ახალი გამოწვევა კრემლისთვის - რუსების თითქმის ნახევარი უკრაინიდან ჯარის გამოყვანისა და ომის დასრულების მომხრეა
“რუსეთში საგრძნობად გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გამოყვანასა ომის დასრულებას და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნების მიღწევის გარეშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სერიოზული გამოწვევაა მოსკოვისათვის. ამის ფონზე კი რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა განწყობის ცვლილება დიდწილად განაპირობა კურსკის ოპერაციამ, სადაც მათ დაინახეს, რომ ეს რეალურად ომია და არა ის, რაზედაც პუტინის რეჟიმი საუბრობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი გამოწვევა კრემლისთვის - რუსების თითქმის ნახევარი უკრაინიდან ჯარის გამოყვანისა და ომის დასრულების მომხრეა.
“სოციოლოგიურმა პროექტმა “ქრონიკები” და კვლევითმა ჯგუფმა “იქსტრიმ სკანმა” (“ექსტრემალური სკანირება”) 18 წელზე უფროსი ასაკის 800 რუსი გამოკითხა, რომელთაგან 49% უკრაინიდან ჯარების გაყვანას და კიევთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის გარეშე უჭერს მხარს. გამოკითხულთა 32% მზად არის მონაწილეობა მიიღოს ომში თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 29% კი არ არის მზად საომარ მოქმედებებისთვის. 29% მხარს უჭერს მობილიზაციის ახალ ტალღას. აღნიშნული 48-49%-იანი მონაცემი მკვლევარებმა აგვისტო-სექტემბრის შუალედში მიიღეს, მაშინ, როცა, 2023 წლის თებერვლიდან ჩატარებული ექვსი კვლევის შედეგების თანახმად, მათგან პირველ ოთხში გამოკითხულთა 39% -40% მხარს უჭერდა უკრაინიდან ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სმაინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას “მეორე სამშვიდობო სამიტში”, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებში”, - ნათქვამია უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი დიდი გამოწვევის წინაშე დგება და სულ უფრო მზარდია იმ რუსების რიცხვი, რომლებიც უკრაინიდან ჯარების გაყვანას ემხრობა. “უკრაინიდან ჯარების გაყვანის მომხრეთა რიცხვის ზრდა სხვადასხვა მომენტებმა განაპირობა, პირველ რიგში იმან, რომ კურსკის ამბებზე რუსებმა დაინახეს, რომ უშუალოდ მათ დაემუქრათ საფრთხე. რუსეთის ტერიტორიეზე საომარი მოქმედებების გადატანა ბრძოლის სულ სხვა მასშტაბია”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით, “რუსი ხალხი მიხვდა, რომ საქმე ისე არაა, რაზედაც პუტინის რეჟიმი აცხადებდა - რომ თითქოს ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო”, - დასძენს გამოცემა.
“მეორე ვარიანტი გადაღლილობის სინდრომია, რუსები გაუთავებელი ომით დაიღალნენ. პუტინი ამბობდა, რომ კიევს მოკლე პერიოდში ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ უკვე მესამე წელი მიდის და ომის დასრულების პერსპექტივას ვერ ხედავენ. თან ახლა უკვე პუტინმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელისაც მობილიზაციის გამოცხადება დაევალა. მან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა 3 მილიონ 200 ათას ადამიანამდე, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში კი ჩართავს 1 მილიონ 500 ათას რუსს. როგორც ჩანს, უკრაინაც არ აპირებს გაჩერებას. სულ უფრო მსხვილ ობიექტებს უტევს რუსეთის ტერიტორიაზე და არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინიდან ჯარების გაყვანის მომხრეთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ბევრი ადამიანი პუტინის პროპაგანდას დაჰყვა და ეგონათ, რომ მართლაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო. ომის დაწყებისას გაქცეულმა რუსებმა პუტინს დაუჯერეს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, სახლებში დაბრუნდნენ და დღეს ხედავენ, რომ გასაქცევიც კი აღარ აქვთ, რადგან პუტინმა საზღვრები დაკეტა, რაც ტოტალიტარული რეჟიმისსთვის დამახასიათებელია. რუსები ახლა ცდილობენ, რომ წინააღმდეგობა გაწიონ თვითონ ქვეყნის შიგნით ფარული საბოტაჟის სახით. რაც უფრო იზრდება უკრაინიდან ჯარების გაყვანის მომხრეთა რიცხვი, მით უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგება პუტინის რეჟიმი, ომი არავის უნდა”, - მიიჩნევს მაისაია.
თენგიზ ფხალაძე - “ბანკებს მაინც მოუწევთ დაექვემდებარონ სანქციებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების წარმოებაში”
“ამერიკის ხმამ” ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორ პირსა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულ კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ამერიკის შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს”. სტატიაში ნათქვამია, რომ წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ. მანამდე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-მდე მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს. ისინი “პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში”. პარალელურად აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა სანქციები”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით დააზარალებს თუ არა ქვეყანას დაწესებული და დაანონსებული სანქციები?!
“მათ შორის არიან სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად “ხარება”, და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ორი კერძო პირი - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც “ალტ-ინფოსთან” არიან დაკავშირებული. მათ საქართველოში დემოკრატიისა და ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. ამის საპასუხოდ “ქართულმა ოცნებამ” განცხადებები გააკეთა, რომ გადაიხედება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუკი ამერიკა ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ბანკებს მოუწოდა, “დაემორჩილონ “კანონმდებლობასა და კონსტიტუციას”. ეროვნული ბანკი კი მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას ახსენებს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციები ვრცელდება მხოლოდ `სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით”, - განაგრძობს გამოცემა.
პარალელურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია “ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება”. თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და “გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის". ჰერჩინსკის ამ განცხადებიდან ასევე ხაზგასასმელია ის, რომ მთავარი პირობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა და თუკი ჩატარდება სტანდარტების დაცვით, დასავლეთის პირობად რეფორმების გატარება დარჩება. ელჩის თქმით, “დღეს არსებულ ვითარებაში, თუ შენარჩუნდა მიმდინარე ტრაექტორია, უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა, რომ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნაზე”. რას ნიშნავს ეს განცხადებები და გადაწყვეტილებები საქართველოსთვის, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, “ჯიპას” პროფესორ თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ”, - დასძენს გამოცემა.
“დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ახლოს ვართ იმ ნაბიჯთან, რომლის გადადგმა არც აშშ-ს და არც ერთ ჩვენს სხვა პარტნიორს არ სურდა და რაშიც იგულისხმება “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირებისთვის სანქციების დაწესება. სანქცირებული პირები ნამდვილად არ არიან პოლიტიკური ხელმძღვანელები, მაგრამ ეს იყო მინიშნება, რომ შემდეგ მათი ჯერიც დადგება. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც კიდევ და კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას, მხოლოდ და მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს ზღვარი გადაილახება და სანქციები კიდევ დაწესდება. ეს ერთი, და მეორე, კი, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სანქციები აღსრულდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - სანქციების აღსრულება, მიუხედავად იმისა, საქართველოს კანონმდებლობა რას ითვალისწინებს ან რას არა, მაინც მოხდება და ბანკებს მაინც მოუწევთ დაექვემდებარონ ამ სანქციებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების წარმოებაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“როდესაც აშშ აწესებს ფინანსურ სანქციას, ეს ნიშნავს, რომ სანქცირებული პირისთვის ნებისმიერი ცენტის გადაადგილება მკაცრად აღიკვეთება. ამას მკაცრად აკონტროლებს ამერიკის ფედერალური რეზერვისა და ფინანსური სისტემა. დოლარის გადაადგილების კონტროლის მექანიზმი კარგად არის დახვეწილი და მონიტორინგი მთელ მსოფლიოშია. ასე რომ, ვინმეს უნდა თუ არა, სანქციები იმოქმედებს, მით უმეტეს, თუ დავამატებთ იმას, რომ ქართული საბანკო სექტორის ფლაგმანების ავტორიტეტი, კერძოდ, ეს არის 2 ბანკი _ “საქართველოს ბანკი” და “თი-ბი-სი”, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომ სრულად არიან ინტეგრირებული საერთაშორისო ფინანსურ და საბანკო სისტემაში. შესაბამისად, ისინი ან სრულად ემორჩილებიან სანქციებს, ან თუ არ დაემორჩილებიან, შეექმნებათ ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც მძიმედ აისახება ქართულ ფინანსურ ბაზარზე”, - განაგრძობს “ჯიპას” პროფესორი.
“როდესაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და იმ პირებს, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს მომავალზე, უწესდებათ სანქციები, ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რათა გააძლიეროს პარტნიორობა თავისი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. ეს ძალიან პრობლემურია და ნიშნავს კონკრეტულ რაღაცას - ესე იგი, იმ პოლიტელიტასთან, რომელიც ხელისუფლებაშია, აქვთ არა მხოლოდ კითხვები, არამედ იმდენად სერიოზული არგუმენტები, რომ ასეთ მძიმე ზომას მიმართავენ. რა თქმა უნდა, სანქცირებულ პირებთან სერიოზულ მოლაპარაკებებს რაიმე საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, არავინ გამართავს. ამიტომ ეს უფრო მძიმე პოლიტიკური ტვირთია, ვიდრე ფინანსური”, - მიიჩნევს ფხალაძე და შეკთხვაზე - “ამერიკის ხმამ” დაწერა, რომ პირადად ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. ეს გაფრთხილებაა თუ ამერიკამ დაასრულა საქართველოს ხელისუფლებასთან ლაპარაკი?” - პასუხობს:
“ეს არის ბოლო გაფრთხილება. ამის მერე უკვე სანქციებს დააწესებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, - პოლიტიკურად ეს ნიშნავს, რომ თუ პირს დაუწესეს სანქციები, საუბარი პარტნიორობის გაღრმავებაზე, ახალი პროექტების განვითარებაზე, პოლიტიკურ დახმარებაზე, მხარდაჭერაზე და ა.შ., გამორიცხულია. ძალზე კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ. პარტნიორებთან შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება. თუ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ამ გზით საუბარი, მაშინ მივიღებთ იმ შედეგს, რაც უკვე გაცხადდა, რომ ახალი პაკეტის დამუშავება იწყება. ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ძალიან სერიოზული განცხადებაც უვიზო მიმოსვლის მოსალოდნელ შეჩერებაზე. ასე რომ, თუ ავირჩიეთ პარტნიორებთან ურთიერთობისას შანტაჟის ენა, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დააზარალებს და არა პარტნიორებს”.
დავით ზურაბიშვილი - “ამ ორ ლიდერს არა აქვს თავსებადობა. ერთიანობა ამომრჩევლის მოთხოვნა უფროა”
“ეს პირობები, რომელიც ორივე მხარის მიერ არის წამოყენებული, სულაც არ მეჩვენება გადაულახავ ბარიერად. თუკი გაერთიანების და კოალიციის სურვილი ორივე მხარის მხრიდან რეალური იყო, მოლაპარაკება უნდა გაგრძელებულიყო და პირობების მოდიფიცირებაც შესაძლებელი იყო. პირდაპირ ასე ხისტი უარი, ჩემთვის გაუგებარია. ეს არ იყო ხელის შემშლელი ბარიერები და ამის გადალახვა შესაძლებლად მიმაჩნია. მაგალითად, გუშინ მე თავიდან გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების განცხადებები არ მომეწონა, როცა თქვეს, რომ მოალაპარაკებას წერტილი დაუსვეს. გუშინ უფრო ხაზარაძის პოზიციები მომეწონა და სიმპათიურად გამოიყურებოდა. თქვა, რომ მოლპარაკების გაგრძელებისთვის მზად იყო. დღეს კი პირიქით, გახარიას მხრიდან იყო შეთავაზება დ ასეთი კატეგორიული უარი არ უნდა ყოფილიყო. გახარიას მხრიდან არც ისეთი კატასტროფა შეთავაზებები იყო. სამი პირობა იყო და რაღაცეების შეცვლა მოლაპარაკებით მგონია შესაძლებელი იქნებოდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ორ ლიდერს არა აქვს თავსებადობა. ერთიანობა ამომრჩევლის მოთხოვნა უფროა” - დავით ზურაბიშვილი “ლელო”-გახარიას ეპოპეაზე.
“მესმის, რომ ხაზარაძისთვის ეს მომენტი - 9 ნომრის დათმობა და ახალი ნეიტრალური პლატფორმის შექმნა - ყველაზე რთული გახდა და დათანხმება გაუჭირდა. თუმცა გახარიას პოზიციიდანაც რომ შევხედოთ, მაშინ გამოდის, რომ მას უნდა ეთქვა საკუთარ პარტიასა და ნომერზე უარი, და ხაზარაძის პარტიას შეერთებოდა. ეს კი “ლელოს” უპირატესობის ხაზგასმა იქნებოდა. მისი ამომრჩეველი გაიგებდა ასე, რომ გახარია “ლელოს” შეუერთდა. ამიტომ გახარიასაც თავისი არგუმენტები აქვს. გასაგებია, აქ არის უკვე სარეკლამო პლაკატების, ბანერების თემა, რომელიც ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ სერიოზული აწონ-დაწონვა იყო საჭირო. აქ მთავარი ისაა, რამდენად აქვთ მათ სურვილი, რომ შეთანხმდნენ. მე რასაც ვაკვირდები, ამ ორ ლიდერს არა აქვს თავსებადობა. ეს ერთიანობა ამომრჩევლის მოთხოვნა უფროა. თავად ამ პარტიებს ერთმანეთის მიმართ დიდად მზე და მთვარე არ ამოსდით”, - ააღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“მე ეს საკითხიც - გახარიას პირობა რომ “ლელოს” ნაციონლებთან კოალიცია არ შეექმნა - არ მგონია პრობლემა, რადგან კონკრეტული პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ჩაწერის გარეშე შესაძლებელი იყო ასე შეთანხმებულიყვნენ, რომ არ შეუწყობდნენ არავის ხელს, რომ ერთპიროვნული მმართველი ყოფილიყო. ანუ არ ყოფილიყო აქ ხსენება “ოცნების” და “ნაციონალების”, თუმცა ნაგულისხმევი იქნებოდა და ყველა ისედაც მიხვდებოდა, ვიზე იყო საუბარი. ასე ახლა “ოცნების” და “ნაციონალების” წარმომადგენლებთან შესაძლოა მოუწიოთ ურთიერთობა. კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. ეს არ იყო ის პირობა, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იყო. მთავარია გინდოდეს და მაგის მეტი ფორმულირების მოძებნას რა უნდოდა. რაც შეეხება ხაზარაძის მოთხოვნას, გახარია სიაში არ ყოფილიყო, სიაში ჩაეწერება თუ არა, არ მგონია ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ხომ არ გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან? კამპანიის დროს, მენეჯმენტის დროს, ის ხომ პროცესებში ჩართული იქნებოდა? ამიტომ ესეც პრობლემა მე არ მგონია და ამის გამო მოლაპარაკების ჩაშლა არ უნდა მომხდარიყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუკი “ოცნება” დამარცხდა, თვისობრივად სრულიად ახალ პოლიტიკურ მოცემულობას მივიღებთ. აქ ძალიან რთული იქნება იმის პორგნოზირება, ვინ სად გაიქცევა, როგორ გაიყდება და ვინ გადაიბირებს. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნებიდან” ბევრი “ნაციონალებისკენაც” კი გაიქცეს. რა უცხო იქნება ეს ბევრისთვის, იგივე არ გაუკეთებიათ თუ რა?! ხოლო განცხადებები, თითქოს გახარია რაღაცა თამაშს თამაშობს და მისი ნდობა ნაკლებად შეიძლება, არ მგონია, რომ თამაშობს და შეთქმულების თეორიებზე უნდა ვიმსჯელოთ. ის უბრალოდ ჩვენი სტანდარტული პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავდება. ნაცმოძრაობის ოპოზიციური დღის წესრიგიდან ცოტა განსხვავებულია. დანარჩენ პარტიების 80%, თუ არ ჩავთვლით იაგო ხვიჩიასა და მეგრელიშვილის “გირჩს”, რომელთაც ასევე საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, ძირითადად ნაცმოძრაობის დღის წესრიგს იმეორებს. მთავარი ხაზი ბიძინა ივანიშვილია, როგორც რუსეთის წარმომადგენელი და ინტერესების გამტარი. ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა. გახარია ამით არის განსხვავებული, რის გამოც საზოგადოების რაღაცა ნაწილისთვის ცოტა უცნაურია”, - დასძენს ზურაბიშვილი.
რატომ ააფეთქეს ნაადრევად ისრაელის სპეცსამსახურებმა დანაღმული პეიჯერები და პორტატიული რაციები?
“გადაიზრდება დღევანდელი შეიარაღებული დაპირისპირება მესამე ლიბანის ომში თუ არა, ჯერ ძნელი სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ავიაცია აგრძელებს სამხრეთ ლიბანში “ჰეზბოლას” სარაკეტო დანადგარების აფეთქებას, ხოლო გადარჩენილი სასტარტო პოზიციებიდან “ჰეზბოლა” ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ უშვებს სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს. თუმცა ის, რაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს, ცალკე განხილვის თემაა, რადგან სულ ახალი სიტყვაა როგორც დივერსიული, ისე საბრძოლო მოქმედებების მსოფლიო ისტორიაში. ქუჩაში, სადაც ასობით გამვლელი მიდი-მოდის, მოულოდნელად ათობით მათგანს ჯიბეებში ერთდროულად რაღაც უფეთქდება, გასისხლიანებული ადამიანები ძირს ეცემიან და შველას ითხოვენ. სწორედ ასეთი მრავალი ფაქტი დააფიქსირეს ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა 17 სექტემბერს ბეირუთსა და დამასკოში. მაინც ისეთი რა აუფეთქდათ ჯიბეებში და თანაც სამი ათასზე მეტ კაცს, რომ მათი ასეთი დაშავება და თვით დაღუპვაც კი გამოიწვია? - ჩვეულებრივი პეიჯერები... თუმცა საიდუმლო “დეტალებით”... - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით დანაღმული პეიჯერების აფეთქებით ისრაელი თავად ხსნის მეორე ფრონტს - გადაიზრდება თუ არა ეს მესამე ლიბანის ომში?
“თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით სავსეა ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ პეიჯერებს იყენებდნენ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული შეიარაღებული დაჯგუფების “ჰეზბოლას” წევრები მას შემდეგ, რაც 1996 წელს ისრაელის სპეცსამსახურებმა მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუმონტაჟეს და “თავი წააცალეს” “ჰამასის” მთავარ ინჟინერ-ამფეთქებელს, იაჰი აიაშას. მას შემდეგ “ჰეზბოლაში”, ისევე, როგორც “ჰამასში”, მიაჩნდათ, რომ მართალია, ისრაელის “მოსადმა” შეძლო შედარებით დიდი გაბარიტის მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟება, რომლის ინიცირება დისტანციურად ხდებოდა, მაგრამ იმავეს ვერ მოახერხებდნენ ბევრად კომპაქტურ პეიჯერებში და მწარედაც შეცდნენ... ბეირუთსა და დამასკოში აფეთქებული ყველა პეიჯერი ტაივანური ფირმა Gold Apollp-ს კონსტრუირებულია, თუმცა მათი სერიულად აწყობა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა და “ჰეზბოლამ” 5 ათასი პეიჯერი შეუკვეთა, რომლებიც ა.წ.-ის თებერვლიდან დაურიგდათ მის წევრებს ბრძანებების ოპერატიულად მისაღებად. სავარაუდოდ, “მოსადის” აგენტებმა ამ პეიჯერების ჯერ კიდევ სერიული წარმოებისას მოახერხეს მათ აკუმულატორებში მძლავრი ბრიზანტური ასაფეთქებელი ნივთიერება პენტაერიტრიტილის ტეტრანიტრატის - PETN-ის შემცველი ფირფიტების ჩამატება, რომელთა მასაც 20-30 გრამი თუ იქნებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის მიუხედავად, PETN-ის ასაფეთქებელი ნივთიერება ძალიან მგრძნობიარეა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად, იზრდება მისი დეტონაციის ალბათობაც. “ჰეზბოლას” შეძენილ პეიჯერებზე, რომელთა აკუმულატორებში თავიდანვე ფარულად იყო მოთავსებული 20-30 გრამი PETN-ი, ერთდროულად მივიდა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, მაგრამ დაშიფრული შეტყობინება, რომელმაც გამოიწვია პეიჯერების ლითიუმის აკუმულატორების ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, რამაც მათში ფარულად ჩამონტაჟებული ფირფიტების დეტონაცია განაპირობა. ისრაელის სპეცსამსახურები არ დაკმაყოფილდნენ “ჰეზბოლას” მხოლოდ პეიჯერების მასობრივად დისტანციურად აფეთქებით და 18 სექტემბერს ფართომასშტაბიანი კიბერდივერსია გააგრძელეს პორტატიული რაციების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპებისა და თვით... ელექტრომოპედებისა და ელექტრომობილების აფეთქებებით... საერთო ჯამში დისტანციურად აფეთქებულია “ჰეზბოლას” კუთვნილი 3-ათასზე მეტი პეიჯერი და 500-მდე პორტატიული რაცია, რამაც 4 ათასზე მეტი კაცი დააშავა. პეიჯერების აფეთქებებს - 16, ხოლო რაციებისას - 14 კაცი ემსხვერპლა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ისრაელის სპეცსამსახურებმა, გამოიყენეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგია პეიჯერების მინიაკუმულატორების დასანაღმავად და ჩაატარეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ერთდროული კიბერდივერსია - პერსონალური ელექტრონული მოწყობილობები გახდა მასობრივი შეტევის წყარო, ადამიანების ფიზიკური დაზიანებების გამოწვევით. მიუხედავად ყოველივე ამისა, ისრაელის სპეცსამსახურებმა იჩქარეს “ჰეზბოლას” დანაღმული პეიჯერებისა და რაციების დისტანციურად აფეთქება - მათი მოულოდნელი დეტონაცია სწორედ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც გახურებულ ომში “ჰეზბოლას” სამხედრო-პოლიტიკური მეთაურობა პეიჯერებისა და პორტატიული რაციების დიდ იმედზე იქნებოდა ბრძანებების გადაცემის თუ დანაყოფების მართვისას და ხელში ან ჯიბეში ათასობით “ჰეზბოლას” მებრძოლს მოულოდნელად ერთდროულად აუფეთქდებოდა დანაღმული პეიჯერები და რაციები, რაც გარდა იმისა, რომ მწყობრიდან გამოიყვანდა მათ დიდ ნაწილს, სრულიად მოშლიდა “ჰეზბოლას” დანაყოფების მართვას ბრძოლის კრიტიკულ მომენტში”, - დასძენს გამოცემა.
“მაგრამ ასე არ მოხდა, ისრაელის სპეცსამსახურებმა ნაადრევად აამოქმედეს თავიანთი ზესაიდუმლო იარაღი, რის გამოც ისეთი შედეგი ვერ მიიღეს, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ამ რთული და, ამასთანავე, ძვირად ღირებული ზესაიდუმლო ოპერაციის დაგეგმვისას. სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ “ჰეზბოლას” ორმა წევრმა რაღაც იეჭვა, თავის პეიჯერებში კირკიტი დაიწყო და სანამ მთელი “ჰეზბოლა” გაიგებდა დანაღმული პეიჯერების ამბავს და მათ თავიდან მოიშორებდა, “მოსადმა” დაშიფრული რადიოგზავნილი გაუგზავნა “ჰეზბოლას” ათასობით დანაღმულ პეიჯერსა და რაციას - “შალომ!” ისრაელის სპეცსამსახურებმა ამ მასშტაბური კიბერდივერსიით არა მარტო მწყობრიდან გამოიყვანეს “ჰეზბოლას” ასობით ან შეიძლება ათასობით წევრიც, არამედ “ჰეზბოლას” ოპერატიული მოქმედებების - ბრძანებების გაცემის საშუალებაც მოუსპეს. ამ სახის კიბერდივერსიით შესაძლებელი ხდება საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-ჩატარება მოწინააღმდეგის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუკი, რა თქმა უნდა, წინასწარ დაინაღმება ის ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ომეში, მაგალითად, დრონები, რომლებსაც კონკრეტული მებრძოლი მხარე მასობრივად ყიდულობს მესამე ქვეყანაში...” - წერს სტატიის ავტორი.