ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე "ქართულ ქარტიაზე", რადგან რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა.
"რატომ ქარტია? - რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ და ახლა მინდა, გითხრათ, რომ ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე ქარტიაზე იმიტომ, რომ, რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი. სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს ამ პარტიებს შორის. ქარტია არის ევროპაში დაბრუნების სამოქმედო გეგმა, იმ გზაზე, სადაც ჩვენ გაგვაჩერეს და ახლა უნდათ, რომ იქიდან საერთოდ გადაგვიყვანონ. ქარტია არის ის, რაც გვაძლევს ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას:
ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღიდან, როცა ამ ოთხი პარტიის მიერ შექმნილი უმრავლესობა შევა პარლამენტში, ეს ნიშნავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებებს, არამედ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირებულებებს და რომელიც არის სასწრაფოდ გასაუქმებელი.
გათავისუფლება ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობდა მარტის აქციებში და არის დაკავებული ან დაჯარიმებული. ამ კუთხით სამართლიანობა სწრაფად უნდა დაბრუნდეს. სამართლიანობა არის ასევე სასამართლოს აღდგენა, კლანისგან გათავისუფლება იმისთვის, რომ სასამართლომ წინასაარჩევნოდ ერთ დღეში არ გადაწყვიტოს, რომ 64 მილიონს გაუუქმებს ბიუჯეტის მიმართ ვალს ერთ-ერთი დეპუტატის მამას ან სხვას. ეს არის სასამართლო და სამართლიანობა. და ეს არის ის ვალდებულება, რაც აქვს აღებული ოთხ პარტიას. სასამართლოს გარეშე, ანტიკორუფციული რეალური ზომების გარეშე და ახალი საარჩევნო გარემოს შექმნის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წავა.
ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საერთო პროგრამა, საერთო მიზანი და ერთმანეთთან, ალბათ, უკვე დაწყებული ურთიერთობების მოდელი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. თუ სადმე რამე პრობლემა იქნება, მეც იქ ვიქნები.
ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი, მაგრამ არჩევანის დაცვა ხდება წინსწრებით, ხდება მობილიზაციით, არჩევნებზე მისვლით, აქ იქნება თუ საზღვარგარეთ და ვიცი, რომ იქ ძალიან ძნელი იქნება და ეს არის მაჩვენებელი, ხელისუფლებას თუ რამდენად ეშინია თავისი დიასპორის, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანას გარედან ეხმარებიან და ამ ადამიანებს არ აძლევენ იმ ელემენტარულ უფლებას, რასაც ხმის უფლება ჰქვია. როცა არ ხსნი უბნებს, როცა ეჭიდავები საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ცესკო - ორივე დამნაშავეა და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გამოირკვეს. ეს არის ტოტალური დისკრიმინაცია და მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ის, რაც გამოსასწორებელია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.