რამაზ საყვარელიძე - “ოცნებას“ ვურჩევ, არ მისცეს ამ ყველაფერს ხისტი რეაქცია და არჩევნებს დაელოდოს”
იგორ კვესელავა - “ამერიკამ “ოცნებასთან” ლაპარაკი უკვე დაასრულა, რადგან ესენი ყურს არაფერს უგდებენ”
გამოუცხადებს თუ არა ნდობას “ოცნება” საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს
* * *
რამაზ საყვარელიძე - “ოცნებას“ ვურჩევ, არ მისცეს ამ ყველაფერს ხისტი რეაქცია და არჩევნებს დაელოდოს”
“სადამდე შეიძლება საქართველო ამერიკის ურთიერთობა დაიძაბოს და რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე ჯერ დაპატიჟეს, შემდეგ კი მიწვევა გაუუქმეს? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ოცნების” ხელისუფლება და პრემიერი კობახიძე საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩდნენ. ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესაბამისად, როცა საქართველოში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა, სათანადო პასუხი მიიღეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ის, რაც ამერიკაში მოხდა, სამწუხარო ფაქტია და სირცხვილი ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ამდენხნიანი მეგობრობის ფონზე. მათი თქმით, სჯობდა ბაიდენის ადმინისტრაციას სტუმარ-მასპინძლობა ქართველებისგან ესწავლა. თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა იქნება საპასუხო ნაბიჯები. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ხელისუფლებას ურჩევს არ გადადგას რადიკალური ნაბიჯები, არჩევნებს და ქართველი ხალხის პასუხს დაელოდონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადამდე შეიძლება გართულდეს ამერიკასთან ურთიერთობა - “ოცნებას“ ვურჩევ, არ მისცეს ამ ყველაფერს ხისტი რეაქცია და არჩევნებს დაელოდოს”.
“საქართველოს ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, სტრატეგიულ პარტნიორთან ჰქონდეს ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის”, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მისი თქმით, დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არა აქვს. “ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგის და დღესაც იგივე პოზიციას ვინარჩუნებთ მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ, რომ გვქონდეს ღია დისკუსია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა... დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის”... - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ის მოვლენები რაც ამერიკაში პრემიერის გარშემო განვითარდა, ძალიან მძიმე სურათს ქმნის და ფაქტია, რომ არჩევნებამდე ეს სიტუაცია არ განიმუხტება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვფქრობ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ ამ სიტუაციაზე რეაგირება არ უნდა მოახდინოს და გარკვეულწილად სიმშვიდე შეინარჩუნოს. სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ რაიმე ქმედება ან გადწყვეტილება ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაართულებს. ელჩის გაწვევა და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ საჭიროა, რადგან ეს პორცესებს კიდევ უფრო დაამძიმებს. სამწუხარო ისაა, რომ ამ საქციელით ამერიკა, გამოდის, საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს. დღეს საქართველო საკვანძო სიტუაციაშია და დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკული იმით არის, რომ ხელისუფლებამ არც პასუხი უნდა გასცეს ამერიკას და ამასთანავე არც უნდა დაუთმოს. მმართველმა გუნდმა ახლა რომ დათმოს, მაშინ კანონი უნდა შეცვალოს და ყველა ის პოლიტკა, რაც აქამდე გაატარა, თავადვე უარყოს. ეს დეკორატიული პრეტენზიებია, რადგან საქართველოს იმ ხისტ და დამოუკიდებელ პოლიტიკას არ პატიობენ, რაც აქამდე ჰქონდა... ახლა “ოცნებისთვის” ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია. მმართველი გუნდი საკუთარ ხალხს და მათ პასუხს არჩევნებზე უნდა დაელოდოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“დღეს საქართველოს ხელისუფლების ბედ-იღბალი მისი ხალხის ხელშია. ქვეყნის თავმოყვარეობაც ხალხის ხელშია. ჩვენს მოსახლეობას თუ სურს ხელისუფლება, რომელიც დათმობს, მაშინ “ოცნებაზე” უარი უნდა თქვას და “ნაციონალური მოძრაობა” აირჩიოს. ის ხელისუფელბა ხომ თმობდა, აგერ 2008 წლის ომიც კი გვქონდა ამ თამაშის გამო. ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, “ნაციონალები” რომ ყოფილიყვნენ, საქართველო ომს დაიწყებდაო. ეს უკვე საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა ტიპის პოლიტიკა და ხელისუფლება უნდა. ვფიქრობ, “ოცნების” პოლიტიკაც ეს არის, რომ, აბა, ვნახოთ ხალხის რას იტყვის და სურს თუ არა მას ის ხელისუფლება, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში იქნება. ოღონდ ამერიკას აამოს და ომსაც კი გამოუცხადებს რუსეთს. ამიტომ მე ვფიქრობ და ვურჩევ კიდევაც “ოცნებას”, არ მისცეს ამ ყველაფერს უფრო ხისტი რეაქცია და არჩევნებს დაელოდოს. მე მაინც მგონია, რომ ამერიკაშიც არიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც აღმოჩნდა, რომ “მეგობრობის აქტის” განხილვა გაურკვეველი ვადით გადადეს. რაღაც მოხდა, ფაქტია, და ვიღაცამ ჩათვალა, მოდი, ბოლომდე კონფრონტაციაში არ შევიდეთო. ამიტომ მეც ამას ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ ღირს”, - დასძენს საყვარელიძე.
იგორ კვესელავა - “ამერიკამ “ოცნებასთან” ლაპარაკი უკვე დაასრულა, რადგან ესენი ყურს არაფერს უგდებენ”
“მე ადრეც ვსაუბრობდი ამერიკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე. არავინ მიჯერებდა, რომ ეს მოსალოდნელი იყო და, აი, ხომ ხედავთ რა სიტუაციაა - რასაკვირველია გამოიწვევენ კიდეც. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამერიკაშია, ის რომ ყოფილიყო გერმანიაში, საფრანგეთში ან სხვაგან, იქაც ხომ ჩვეულებრივად ჩავიდოდა პრემიერი? ამიტომ იმის თქმა, რომ კობახიძე ამერიკაში წავიდა და იქ რაღაცას დაალაგებს, თავიდანვე მცდარი იყო, რომელსაც “ოცნების” აქტივისტები აბუქებდნენ. მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ არავითარი შეხვედრები დაგეგმილი არ იყო. იქ 200-ზე მეტი სახელმწიფო ჩადის და ბუნებრივია, ყველას უნდა ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდეს, მაგრამ საქართველოს დელეგაციასთან არ იყო ამის შანსი, რადგან ამერიკას „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის არაფერი აქვს სათქმელი, მათ უკვე დაასრულეს ლაპარაკი, რადგან ესენი არაფერს არ ღებულობენ და ყურს არაფერს უგდებენ”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამერიკამ “ოცნებასთან” ლაპარაკი უკვე დაასრულა, რადგან ესენი ყურს არაფერს უგდებენ” - იგორ კვესელავა.
“აქედან გამომდინარე, ამერიკას საჭიროდ არ მიაჩნია იმ ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდეს, რომელიც არ უსმენს. მეორე, დავით ზალკანიანი როგორი მინისტრიც აქ იყო, ისეთი ელჩი არის იქ. ზალკანიანის საგარეო საქმეთა მინისტრობა ჩვენ ვერ გამოვცადეთ, ისევე როგორც ვერ გამოვცადეთ მისი ელჩობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ორივე შემთხვევაში მისი საქმიანობის შედეგი არ იყო ეფექტური. აქედან გამომდინარე, ზალკანიანს გამოიწვევენ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო ის, რაც საჭირო იყო, თუმცა ეს მისი კი არა, ქართული პოლიტიკის და მმართველი გუნდის ბრალია. იმ გუნდის, რომელიც მხოლოდ თავის თავს უსმენს და არა სხვას. ვინც მარტო საკუთარ თავს უსმენს, ის ყოველთვის მარცხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა და შეკითხვაზე: “რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, თუკი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არჩევნებამდე ან მის შემდეგ ამერიკამ ოფიციალურად გადაწყვიტა?” - პასუხობს:
“ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია, ამის შესახებ მან ერთ-ერთ გამოსვლაში თვითონვე თქვა, დაახლოებით 2-3 თვის წინ და ეს ასეც არის. ვიცით, რომ სანქციები სხვდასხვაგვარია: პოლიტიკური, ფინანსური და ა.შ. ამერიკის მიერ ივანიშვილი ოფიციალურად დასანქციერბულია პოლიტიკურადაც, ბიზნესის და ფინანსების თვალსაზრისითაც. ეტყობა “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაიგო რას ლაპარაკობს ამერიკა, თუმცა როგორც ჩანს, ვერც ამერიკამ ვერ გაარკვია ივანიშვილის მთავრობა რას საუბრობს. ვინ არის აქ დამნაშავე ეს სულ სხვა საკითხია. აქ მოსმენაზე, პოლიტიკურ კულტურაზე და იმ საკითხებზეა ლაპარაკი, როდესაც ამერიკა შენ გჭირდება და მასთან ხარ, მაგრამ როცა შენ გარკვეულწილად მასთან ყოფნა აღარ გინდა, მაშინ ამ უზარმაზარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ, რომელთან ბრძოლა საქართველოს კი არა, ნებისმერი ზესახელმწიფოს უჭირს. მით უმეტეს “ქართულ ოცნებას”, რომელსაც პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით არაფერი შეუძლია ისეთი, რომ ტაში დაუკრან”...
გამოუცხადებს თუ არა ნდობას “ოცნება” საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს
“ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად დააკვირდებიან. ამის პარალელურად, “ქართულ ოცნებას” დაეძაბა ურთიერთობა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ მმართველი პარტიისთვის საარჩევნო პროცესზე ამ ორგანიზაციათა მონიტორინგის დასკვნები მიუღებელი აღმოჩნდა, მათ უნდობლობას გამოუცხადებს. ეუთო/ოდირი 12 სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად შეუდგა სადამკვირვებლო მუშაობას, მისიის სათავეში იდგას ოუენ მერფი, ჯგუფში შედის 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ისინი 19 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდნენ. ზაფხულში კი ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დაიწყეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მესამე დღეა, შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის სრული შემადგენლობა არჩევნებს სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამოუცხადებს თუ არა ნდობას “ოცნება” საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს.
“არჩევნებს დააკვირდებიან ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ მეტი დამკვირვებელია საჭირო, რათა არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. ამასთან, პრემიერი ირაკლი კობახიძეც ამბობს, “რაც მეტი დამკვირვებელი - მით უკეთესიო”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ახლა “ოცნებისა” და დასავლეთის ურთიერთობაში უნდობლობაა და არაა გამორიცხული, თუ დასავლურმა ორგანიზაციებმა დადეს მმართველი პარტიისთვის არასასურველი დასკვნა, “ოცნებამ” არ აღიაროს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი არ გამორიცხავს, რომ “ოცნება” დასავლეთთან ურთიერთობას შეგნებულად ძაბავდეს და გარკვეულ საფუძველს ქმნიდეს, რომ გაყალბების შემთხვევაში, როცა დასავლური ორგანიზაციებიდან კრიტიკა წამოვა, ეს არ მიიღოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთთან ურთიერთობა შგნებულადაც დაძაბა. ახლა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციას აბრალებს, რომ კობახიძის მიღება გააუქმეს და სტუმარ-მასპინძლობის არაფერი არ ესმითო, სინამდვილეში, “რუსული კანონი” რომ მიიღეს, მისი მიზანი ის იყო, რომ ნელ-ნელა შეეცვალა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი. “ოცნებაში” ამზადებენ ნიადაგს, რომ თუ გაყალბება დააპირეს, დასავლური ორგანიზაციების მხრიდან მათ შორის ეუთო/ოდირიდან, ევროპის საბჭოს დამკვირვებლებისგან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - ენ-დი-აი, აი-არ-აი, რომ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდეთ, “ოცნება” იტყვის, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის თამაშს თამაშობენ და ამიტომაც გვაკრიტიკებენო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“თუ “ოცნება” წააგებს, არაა გამორიცხული, “გლობალური ომის პარტიას” და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დააბრალოს, რომ თითქოს ისინი ახდენდნენ ზემოქმედებას. თავის მხრივ თადარიგს იჭერს, ხედავს, რომ არჩევნებს აგებს თუ არ გააყალბა. თან ისიც იცის, რომ თუ გააყალბა, დასავლეთიდან კრიტიკა იქნება. რუსეთი და ჩინეთი თვალს დახუჭავენ და დასავლეთის გარდა სხვა არავინ გააკრიტიკებს. ამიტომაც, დასავლეთთან ურთიერთობა თავიდანვე დაძაბეს, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, რითაც შეიძლება ქვეყანა იზოლაციაში მოაქციონ. გათვლა ეგეთი ჰქონდათ, ამიტომაც გამოიგონეს გლობალური ომის პარტია”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.