გავაკეთეთ სპეციალური ვიდეოები, განვათავსეთ, სადაც კი ხელი მიგვიწვდებოდა, მათ შორის, საკონსულოებში და ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ იყო ახსნილი, რა იყო კანონისმიერი ქმედება განსახორციელებელი იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გახსნილიყო საარჩევნო უბანი - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
შარაბიძემ განმარტა, რა პროცედურებთან არის დაკავშირებული საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მინიმუმ რამდენი ამომრჩევლის რეგისტრაცია არის საჭირო ამისთვის.
“ცოტა თუ ბევრი (საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ) - მე ასე არ დავსვამდი საკითხს. საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. აბსოლუტურად ყველას ემოცია მესმის, ზოგადად, არჩევნები ემოციური საკითხია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ წყდება და ძალიან ბევრი ჩართული მხარე ჰყავს არჩევნებს. მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ საკანონმდებლო მოცემულობას. კანონის 23-ე მუხლი გვეუბნება ჩვენ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქმნის სხვა სახელმწიფოებში უბნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ყველგან კი არა, სადაც მინიმუმ 50 ამომრჩეველი იქნება საკონსულო რეგისტრაციისას. ზუსტად 8-9 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ამის კამპანია, გავაკეთეთ სპეციალური ვიდეოები, განვათავსეთ, სადაც კი ხელი მიგვიწვდებოდა, მათ შორის, საკონსულოებში და ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ იყო ახსნილი, რა იყო კანონისმიერი ქმედება განსახორციელებელი იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გახსნილიყო საარჩევნო უბანი. ერთადერთი პირობა გახლავთ ის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იყოს 50 ამომრჩეველი კონკრეტულ ქვეყანაში.
როდესაც საუბარია მონაცემზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს ინფორმაციას იმ ქვეყნებზე, სადაც 50 ან მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა საკონსულო აღრიცხვაზე. სხვა ქვეყნებში, სადაც 49 ან ნაკლები ამომრჩეველია, ეს ინფორმაცია ჩვენთან არ მოდის.
ის კამპანია, რომელიც, მათ შორის, მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეაგროვეთ ხელმოწერები, გადაგზავნეთ და ყველაფერი კარგად იქნება, ეს იყო ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა იმიტომ, რომ კანონი არ ცნობს ასეთ პროცედურას, ანუ ხელმოწერების გაგზავნას ცესკოში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში იმისთვის, რომ მე, როგორც საარჩევნო ადმინისტრატორმა ხმა მივცე საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნას საზღვარგარეთ. ერთადერთი პირობა არსებობს კანონში - ეს არის საკონსულო აღრიცხვა.
თუ რომელიმე ქვეყანაში 50 და მეტი ამომრჩეველი არის საკონსულო აღრიცხვაზე, იქ ყველგან საარჩევნო უბანი შეიქმნა. რატომ არ შევქმნიდით სხვაგან, თუ იქნებოდა 50 და მეტი ამომრჩეველი?
მონაცემები ოფიციალურად არის შემოსული. როგორ შეიძლება ერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ეჭვქვეშ დააყენოს მეორე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოგზავნილი ოფიციალური წერილის მონაცემები?” , - აღნიშნა შარაბიძემ.
მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში ქართველი ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად, კიდევ ერთი უბნის გახსნა გახდა საჭირო.
როგორც შარაბიძემ განმარტა, მხოლოდ იმ ქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები, სადაც საქართველოს საკონსულო ან საელჩო შენობა არის განთავსებული.
“ნიუ-იორკში ჩვენ ერთი საარჩევნო უბანი დავამატეთ, რადგან საკონსულო აღრიცხვაზე იყო 3 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რაც ნიშნავს იმას, როგორც კანონმდებლობაში წერია, რომ 3 ათასზე მეტი ამომრჩეველი თუ არის საკონსულო აღრიცხვაზე, უბანი უნდა გაიყოს. ნიუ-იორკში იმდენია დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე, რომ დაგვჭირდა მესამე უბნის დამატება და დაუბრკოლებლად, ყოველგვარი კამათის გარეშე, ის უკვე გახსნილია.
ჩიკაგოში ვერ გავხსენით, რადგან არ არის საკონსულო და შესაბამისი დაწესებულება. აუცილებლად უნდა იყოს საკონსულო ან საელჩო - ასეთია საარჩევნო კანონმდებლობა. გასაკვირია, როდესაც პარლამენტარები ცესკოს, რომელსაც საერთოდ საკანონმდებლო წინადადების უფლებაც კი არ აქვს, ეუბნებიან, კანონში ასეთი ჩანაწერი რატომ არისო, როცა ამდენეტაპიანი რეფორმების შედეგად ამ საკითხის რეგულაცია ოდნავადაც არ შეცვლილა. ერთადერთი რამ შეიცვალა - ის, რომ ახლა, ხვალიდან 7 ოქტომბრამდე (და ეს ვადა გაიზარდა), ამომრჩევლებს აქვთ უფლება, უკვე დარეგისტრირებულ უბნებში მივიდნენ და დარეგისტრირდნენ, ვისაც საკონსულო აღრიცხვა არ აქვს.
აშშ-ში, მაგალითად, ჩვენ გვაქვს საკონსულო ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში. გერმანიაში დაგვემატა შტუტგარტი. თუ გერმანიაში დავამატეთ შტუტგარტი, რატომ არ დავამატებდით სტრასბურგში, თუ კი იქ საკონსულო შენობა იქნებოდა?
ჩვენი საარჩევნო სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის, არის მოწყობილი და დაფუძნებული ამომრჩევლის რეგისტრაციაზე”, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.