ვინაიდან სასამართლომ არ გააბათილა ცესკოს მიერ მიღებული განკარგულება, აღარ დაგვრჩა სამართლებრივი გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად - ვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ოპოზიციონერმა წევრმა ანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკოს განკარგულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, ემიგრანტების 90%-ს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკარგავს.
„ვინაიდან სასამართლომ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გააბათილა ცესკოს განკარგულება, რომლითაც ემიგრანტების 90%-ს უკარგავს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებით აღარ დაგვრჩა სამართლებრივი გზა ამ პრობლემის მოგვარების, ამიტომ ვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას.
პირველ რიგში, მათგან გვჭირდება პასუხი ამ შეუსაბამობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემით 131 091 პირი არის საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო ცესკოს, 25 სექტემბერს სამინისტრომ 65 000 პირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც არის დიდი შეუსაბამობა. სწორედ ამ შეუსაბამობაზე ვითხოვთ პასუხს. ასევე შეხვედრაზე უნდა მოგვეწოდოს ყველა იმ ქალაქის შესახებ ინფორმაცია, სადაც ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები, ამის შესახებ იცის სამინისტრომ და გვინდა მოვისმინეთ სამინისტროსგან, თუ რატომ არ უზრუნველყო მათთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა.
ბოლოს გვინდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, იქ სადაც უბნები გაიხსნება, არის თუ არა შენობები შესაბამისად მოწყობილი, რათა იმ ამომრჩეველს, რომლებსაც კილომეტრების გავლა მოუწევთ, რადგან სამინისტროს დამსახურებით საარჩევნო უბანი ახლოს არ მდებარეობს, მისცემს თუ არა ხმას რიგების და სხვა დისკომფორტების გარეშე",-განაცხადა ანა კობახიძემ.