კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა - წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეწონილი არ იქნებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება, ეს უბრალოდ არაფერს იძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით მოქმედებენ, თუმცა „უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი“.
როგორც კობახიძე აცხადებს, ანტიკორუფციული ბიურო არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით მოქმედებს.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციულ ბიუროს იმისათვის, რომ გაიზიარა პირადად ჩემი და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველასათვის ცხადია, ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედებენ დღეს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით. მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი. ისინი პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს. ამას ისინი არც მალავენ, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი შეუფარდა თავის დროზე. თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორე არის სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა.
რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომიდინარე, ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით, თავიდან ბოლომდე წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომიდინარე, ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსი შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს უბრალოდ არაფერს იძლევა. ერთადერთ, რასაც ეს იძლევა არის ის, რომ ვიღაცებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით, ვერც 2020 წელს გააკვირვა და მით უმეტეს, ვერც 2024 წელს გააკვირვებს ისეთი შელახული აქვს რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი. კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა. ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი მოწოდება რომელიც გავრცელდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა.