ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024

რატომ მოეხსნათ არასამთავრობოებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი

ახლო აღმოსავლეთი დიდი ომისა და კატასტროფის ზღვარზე - რა რისკებია საქართველოსთვის

რა მოლოდინი და მთავარი მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს პარტიების მიმართ საარჩევნოდ

* * *

რატომ მოეხსნათ არასამთავრობოებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი

“ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, ორ ოქტომბერს მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო. ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. მთავრობის მეთაური ანტიკორუფციულს მოუწოდებს, გადახედოს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას. კობახიძე ბიუროს ასევე მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ მოეხსნათ არასამთავრობოებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი.

ირაკლი კობახიძე მოგვიანებით კი კამერებთან ამტკიცებდა, რომ ანტიკორუფციულმა “აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა.. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივანიშნოთ ანტიკორუფციულ ბიუროს ასეთი ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რაც გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში, ანტიკორუფციულმა ბიურომ გვერდზე გადადო წმინდა სამართლებრივი მიდგომა და გაითვალისწინა მიზანშეწონილობის მხარეც”, - ამბობს კობახიძე. ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას” თანადამფუძნებელი, ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებად მიიჩნევს. მისი თქმით, მიუხედავად სახელმწიფო რეპრესიებისა, მესამე სექტორმა და ქართველმა ხალხმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. “რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, რადგან თუ მას მიაჩნდა, რომ კანონს სწორად აღასრულებდა, მაშინ რას ნიშნავს ასე, მოლაპარაკებებით, კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რა თქმა უნდა, პრემიერის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ატარებს. მამრაძის თქმით, გამოდინარე იქიდან, რომ სიტუაცია დასავლეთთან საკმაოდ რთულია, მმართველმა გუნდმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რათა დამატებით საბაბი არ მიეცა მათთვის, რომ არჩევნების არალეგიტიმურობაზე ვინმეს კითხვები დაესვა”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, სწორია ასეთი გადაწყვეტილება, როცა სიტუაცია ისედაც დაძაბულია და ნებისმიერ საბაბს პოლიტიკურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები იყენებენ. ისინი ნებისმიერ მსგავს რამეს დასავლეთს სრულიად სხვა სახით აწვდიან. ხოლო იმ ფონზე როცა სიტუაცია დასავლეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ დაძაბულია, მსგავსი უკან დახევა პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, საქართველოს არჩევნების წინ და არჩევნების დღესაც ძალიან დიდი ინტერესით აკვირდებიან. ამიტომ მმართველმა გუნდმა არც ერთი შანსი და საბაბი არ უნად მისცეს ოპოზიციას, რომ მათ წინააღმდეგ რამე გამოიყენონ. როგორც ჩანს “ოცნებაში” მიხვდნენ, რომ მას არჩევნებისთვის დევნას და შევიწროვებად შერაცხავდნენ, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“რაც შეეხება ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველამ კარგად იცის თვითოეული მათგანი რას წარმოადგენს. ეკა გიგაური სენატში იჯდა და პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ვიხუმრე კიდევაც, ბარემ ვანო მერაბიშვილი მოეყვანათ და იმას ელაპარაკა - თქო. იქ სადაც ზურაბ ადეიშვილი ჰყავთ მრჩევლად და უსმენენ, უკვე აღარავის უკვირს გიგაურის მსგავსი გამოსვლები. ქართველმა ხალხმა ხომ ყველზე კარაგდ იცის ვინ სად იყო მანამდე და რას წარმოადგენენ. ესენი არიან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც არასამთავრობო სექტორში გადანაწილდნენ. “ოცნებამ” ბევრჯერ თქვა და გაშიფრა კიდევაც ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან არის კავშირში. ეს ადამიანები პირდაპირ პარტიების საარჩევნო კამპანიებში არიან ჩართულები. თუმცა მმართველი გუნდის ეს ნაბიჯს მაინც სწორია, რადგან დამატებით სპეკულაციების საშუალება ოპოზიციას და მათთან აფილირებულ ენჯეო სექტორს აღარ ექნება”, - დასძენს პეტრე მამრაძე.

ახლო აღმოსავლეთი დიდი ომისა და კატასტროფის ზღვარზე - რა რისკებია საქართველოსთვის

“ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზეა - ისრაელი ირანის მასშტაბურ თავდასხმაზე მწვავე საპასუხო ზომებით იმუქრება, თეირანი კი აცხადებს, რომ ამ ეტაზე სარაკეტო იერიში დასრულებულია, თუმცა, თუკი მოწინააღმდეგე უპასუხებს, სამიზნე უკვე მთელი ისრაელის ინფრასტრუქტურა გახდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ისრაელი მასშტაბურ დარტყმას დიდი ალბათობით უპასუხებს და თუ ირანიდანაც მძლავრი პასუხი მოჰყვა, ეს უკვე სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებაა, რისი მასშტაბების გათვლის პროგნოზირება ამ ეტაპისთვის ჭირს. მათი შეფასებით, სიტუაციის დაძაბვა საქართველოზე იმოქმედებს, როგორც პოლიტიკურად ისე რეგიონში არსებული სიტუაციის გაუარესების თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, ირანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა დასრულებულია და არ განახლდება, თუკი ირანი კვლავ იძულებული არ გახდება, იმოქმედოს. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე თეირანმა თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილა, მაგრამ ახლა მნიშვნელობა ისრაელის პასუხის მასშტაბებს ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ომისა და კატასტროფის ზღვარზე - რა რისკებია საქართველოსთვის.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ირანმა ისრაელს სამი მიზეზის გამო დაარტყა და ისრაელის პასუხიც დიდი ალბათობით იქნება. ამის მერე ნათელი გახდება გადაიზრდება თუ არა მასშტაბურ ომში დაპირისპირება. “ირანის დარტყმა „ჰეზბოლას" ლიდერშიფის განადგურებაზე პასუხი იყო, ამასთან, ლიბანში მოკლულ იქნა ირანის გენერალი. ირანის დარტყმა პრევენციული იყო იმისათვის, რომ ისრაელი ლიბანში არ შეჭრილიყო - ამ სამი მიზეზით განახორციელა თეირანმა მასიური დარტყმა, რაშიც შურისძიების ელემენტიც იყო და პრევენციული ღონისძიებაც, რათა არ დაეშვა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დაკავება, იქ პლაცდარმის შექმნა და “ჰეზბოლას”პოზიციების შესუსტება. ირანელები ამბობენ, რომ მათ “რკინის გუმბათის” 90% გაარღვიეს, გუმბათმა გარკვეულწილად ფუნქციები ვერ შეასრულა და ისრაელი სამხედრო ინფრასტრუქტურას საკმაო ზიანი მიადგა”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “რამდენიმე სამხედრო ბაზა განადგურდა და ვიდეოებში ფიქსირდება, რომ ქალაქებში რაკეტები ინტენსიურად ვარდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა,

“პირდაპირ ჩანდა, რომ ირანულმა რაკეტამ გამვლელი შეიწირა. ამ ეტაპზე “რკინის გუმბათმა” ვერ იმოქმედა. ეს გასაგებია, რადგან განკუთვნილი იყო უფრო კუსტარული და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად, მაგრამ ოპერატიულ-ტაქტიკური და ოპერატიულ-სტრატეგიული რაკეტების მოგერიებაში აჩვენა, რომ უძლურია. ირანმა საკმაოდ გააძლიერა თავისი ბალისტიკური რაკეტების მონაცემები, მათ უკრაინის ომის გამოცდილება გამოიყენეს. ჩემი ინფორმაციით, 200-დან 400 რაკეტამდე იქნა გაშვებული, პლიუს უპილოტო საფრენ აპარატებზეც იყო საუბარი. ამავე დროს, “ჰეზბოლამ” გაუხსნა ცეცხლი საარტილერიო-ზალპური სისტემებიდან სამხრეთ ლიბანიდანაც. ეს იყო კარგად კოორდინირებული საჰაერო-ხმელეთის მასშტაბური ოპერაცია. იმ დონეზე იყო დარტყმა, რომ ისრალის მთავრობას პრემიერის ჩათვლით, მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ. ეს უკვე აღნიშნავს დარტყმის სერიოზულობას”, - განაგრძობს სამხედრო ანალიტიკოსი,

“ისრაელი უპასუხებს და საჰაერო-კოსმოსური ძალები დაარტყამენ ირანს, შეტევას ველოდები, რომ იქნება ირანი სამხედრო ობიექტებზე. ეს იქნება პასუხი და არ გამოვრიცხავ იერიშს დიდ ქალაქებზეც. ამას თუ შემდეგ ისევ ირანი უპასუხებს, ეს ფაქტიურად ომის გამოცხადებაა სახელმწიფო დონეზე, სადაც მერე მასშტაბების გათვლა ძალიან რთულია - მერე ისრაელი ვალში არ დარჩება ირანს და პასუხების პასუხები უკვე ფართომასშტაბიანი ომია. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება, ჩვენს რეგიონზე იმოქმედებს, პირველ რიგში მანძილის გამო. ამასთან, ირანსა და ისრაელს ჩვენს რეგიონში გარკვეული ინტერესები აქვს და ამის გამოძახილი ის შეიძლება იყოს, რომ შესაძლოა კავკასიის რეგიონშიც დაიძაბოს სიტუაცია. საქართველოში ამ ომს პოლიტიკური გავლენა ექნება”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არც ერთ მხარეს არ აწყობს სიტუაციის დაძაბვა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ გაუთვლელი მიზეზების გამო, ესკლაცია თავიდან ვერ აირიდონ. “ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე შეტევა ამ ეტაპზე დასრულებულია, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს, რომ გადაიზარდოს რეგიონალურ კონფლიქტში. თუმცაღა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია ისრაელს უკვე ისედაც აქვს პალესტინაში, ლიბანში, მას ნამდვილად არ აწყობს ირანთან პირდაპირი კონფლიქტი. პირდაპირი კონფლიქტი ისრაელთან ირანსაც არ აწყობს სხვადასხვა მიზეზების გამო”, - ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, `ამიტომ სავარაუდოდ სიტუაციის დაძაბვას ნაკლებად უნდა ველოდოთ~, - წერს სტატიის ავტორი.

“თუმცა, ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ არც ერთ მხარეს ომი საერთოდ არ სჭირდებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო თუ ესკალაცია თავიდან ვერ იქნა არიდებული, უკვე შესაძლოა უკვე სხვა აქტორები ჩაერთოს - მათ შორის აშშ და სხვები. ამ ეტაპზე ირანმა თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილა და შესაძლოა ამ დაბომბით შემოიფარგლოს, თუ შემდგომში რამეში არ გადაიზარდა. თუ ვითარება დაიძაბა, სიტუაცია საქართველოსთვისაც ძალიან გართულდება და განსაკუთრებით უკრაინისთვის - მის დასავლურ მხარდაჭერას გაართულებს, ეს კი საქართველოზეც იმოქმედებს. უკრაინის მომავალზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მომავალში სიტუაცია საქართველოსა და ჩვენს რეგიონში”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

რა მოლოდინი და მთავარი მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს პარტიების მიმართ საარჩევნოდ

“პოლიტიკური პარტიები ცდილობენ არჩევნებამდე დარჩენილი დრო წინასაარჩევნო კამპანიების ფარგლებში აქტიურად გამოიყენონ. თუმცაღა, საკითხავია რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ ამომრჩევლებს პარტიების მიმართ. ანალიტიკოსები სამ ძირითად მოთხოვნებს ასახელებენ, რომლის უმეტესობასაც პარტიები ნაკლებად აკმაყოფილებენ. “ოცნება” იძახის, რომ მათი მმართველობის განმავლობაში ომი არ მოხდა, არადა ომი უკვე იყო და მეტჯერ ვეღარ მოხდებოდა, რადგან ქვეყნის პრორუსულად ქცევა ერთხელ ხდება და არა ასჯერ. ამიტომ ზღაპარია, რომ ქვეყანა ომისგან გადაარჩინეს. მნიშვნელოვანია ეკომომიკურ საკითხებზეც ყურადღების გამახვილება”, - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს კი მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ხალხის დაკვეთას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოლოდინი და მთავარი მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს პარტიების მიმართ საარჩევნოდ.

“ამომრჩევლების პირველი თხოვნა არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. მეორე, ეკონომიკური კეთილდღეობა აუცილებელი პირობაა და მასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელი ამომრჩევლისთვის ეს სამი საკითხია ყველაზე აქტუალური, რომელსაც მმართველი პარტია აკმაყოფილებს”, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე. პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმაზე, რაც ამომრჩეველს ძირითადად აწუხებს, ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩევლებს პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ: უმუშევრობა, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხოება და ა.შ. გარდა ამისა, აქტიურ ამომრჩეველს, ვინც პოლიტიკით დაინტერესებულია, მას განსაკუთრებით აინტერესებს რა ვექტორს აირჩევს საქართველოს მომავალი ხელისუფლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანუ, უფრო ევროპისკენ წავა, უნიკალურ შანსს გამოიყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ მომავალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ამ გაურკვეველ ვითარებაში დარჩება, სადაც რუსული გავლენები რეგიონში ძალიან ძლიერია. ფაქტობრივად, ეკონომიკურ საკითხებზე პოლიტიკური პარტიებიდან ცოტა ვინმე თუ ლაპარაკობს. “ქართული ოცნება” კი იძახის, რომ ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ ეს არ ჩანს, რადგან ამავე დროს, სიღარიბემ მოიმატა. ვინაიდან, “ოცნება” აშკარად ვერ აკმაყოფილებს სიღარიბის წინააღდეგ ბრძოლას და უმუშევრობის შემცირებას, ამას სხვა რომელიმე პარტია უნდა სთავაზობდეს ამომრჩეველს, მაგრამ არავინ ლაპარაკობს. ყველა რუსეთზე და ევროპაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ამომრჩევლებს ეკონომიკური საკითხებიც აინტერესებს. კი, ამბობენ რაღაც-რაღაცებს, თუმცა კონკრეტულად არ საუბრობენ, როგორ შემცირდება უმუშევრობა და როგორ გამოსწორდება სიტუაცია. არავინ არ სთავაზობს ხალხს მექანიზმებს, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. თუნდაც პენსიების ზრდა: ბევრი ამბობს, რომ გაიზრდება, მაგრამ როგორ? ესაა საკითხავი, ან რის ხარჯზე, სად მოხდება ეკონომია და როგორ გამოყოფენ თანხებს, ეს არ ჩანს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში