"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი წყნეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარების სივრცე Developments Space-ში", ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინო ორდენიძეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
ანა ნაცვლიშვილმა დღის ცენტრებისა და შშმ პირების პრობლემებზე, საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება იმის გარანტი იქნება, რომ სახელმწიფო აღიარებს და დაიცავს შშმ პირთა უფლებებსა და მათი ოჯახების საჭიროებებს.
ნაცვლიშვილი გაეცნო ორგანიზაციის წინაშე არსებულ პრობლემებს და ბენეფიციართა საჭიროებებს.
"ოცნებამ შშმ პირთა დახმარების საერთაშორისო პროგრამები "რუსული კანონით" ფაქტობრივად გააჩერა და მსგავსი ორგანიზაციების არსებობასაც საფრთხე შეუქმნა, რითაც უამრავი ადამიანი და მათი ოჯახები მარტო დატოვა უმძიმესი პრობლემების წინაშე. "განვითარების ცენტრში" განვითარების გამოწვევების მქონე ათობით მოქალაქეს კერძო სახსრებითა და ინიციატივებით უდგას გვერდში ცენტრის ხელმძღვანელობა. იმის გამო, რომ არ დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ რეესტრში და არ მიიკერეს აგენტის იარლიყი, მათი საგრანტო პროცესები შეჩერებულია. ათობით ბენეფიციარს საკუთარი რესურსებით ეხმარებიან, რადგან ის სახელმწიფო ვაუჩერები, რომლებიც ინდივიდუალურადაა გამოყოფილი, არის მიზერული და ვერ ფარავს არათუ საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარ-ჩვევების ათვისების სწავლას, არამედ, ისეთ საბაზისო საჭიროებებს, როგორიცაა ფსიქოემოციური მხარდაჭერა, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა.
"განვითარების ცენტრის" მსგავს ინიციატივებს სახელმწიფო მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, ამის ნაცვლად კი ხელისუფლება მათ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად აცხადებს.
ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ჩვენ, "ძლიერი საქართველო" ხელს შევუწყობთ ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო ინიციატივებს, ამის გარეშე ათასობით მოქალაქე იქნება დაუცველი და პრობლემებთან მარტო დატოვებული, ეს მიუღებელია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.