„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გუშინდელმა ინტერვიუმ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი. კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რაც გახარიას უშუალო კავშირებს და მის მოღალატეობრივ ქმედებას ადასტურებს, როცა ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის ემზადება.
„რაც შეეხება არეულობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია 26 ოქტომბრისთვის არ ემზადება, ისინი არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის ემზადებიან იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს თუნდაც, 20 ოქტომბერს, რომ ძალზე შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. რეალურად, საკითხი ასე დგას, თუ ვინ შეძლებს მათი მხრიდან 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ამიტომ იციან ეს მოცემულობა და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ 20 ოქტომბერს მისული მათი მხარდამჭერების კონტექსტიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ისინი დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის ემზადებიან. ხელისუფლებას მათი ყველა სცენარი მაქსიმალურად შესწავლილი გვაქვს, ეს ყველაფერი გავლილია, თუკი, რამე დესტაბილიზაცია და კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს - ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და არალეგიტიმური პროცესების განხორციელებას კანონის ფარგლებში გასცემენ პასუხს“, - განაცხადა მიქანაძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ისევ ომის საფრთხეები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, მიქანაძე დადებით პასუხს სცემს.
„ეს საფრთხეები არსად წასულა, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, საქართველოზე წნეხი გაიზარდა, აბსოლუტურად ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგებია, თუ რა საფრთხეებზეა საუბარი. გუშინ, საპატიო თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციაც ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია იქიდან გამომდინარე, რომ შეთავაზება იყო, დაიწყეთ საომარი მოქმედებებიო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან გაცხადებული იყო, ჩვენ 3-4 დღეზე მეტი ვერ გავძლებთ ამ წინააღმდეგობის კონტექსტში და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპებაო. არა უშავს, შემდეგში პარტიზანულ ბრძოლაზე გადადით და ჩვენ დაგეხმარებითო, ეს იყო პასუხი. ეს საფრთხეები არსად წასულა და სწორედ, 26 ოქტომბრის არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს ქვეყანა შეინარჩუნებს თუ არა მშვიდობას და გააგრძელებს თუ არა, მშვიდობით, ღირსებით სვლას იმ მიზნისკენ, რომელიც ჩვენი უმთავრესი, ისტორიული მიზანია, რომ ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ“, - განაცხადა მიქანაძემ.