ლაშა ჟვანია - ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის, საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელობასთან” დაკავშირებით სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა

სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა,- ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას კი ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია.

როგორც ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, ის თბილისში იმყოფება და პირადად დაუკავშირდა სამადაშვილს, რათა გაერკვია, ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია და რა ფაქტებით არის განმტკიცებული ის.

“რადგან ჩემზე უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ინფორმაცია მასობრივი საშუალებებით გავრცელდა, იძულებული ვარ, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის; საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელობასთან” დაკავშირებით ქალბატონი სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა. ვარ თბილისში, დავუკავშირდი პირადად და ვთხოვე ეთქვა, ვინ უთხრა ეს ტყუილი და რა დამადასტურებელი ფაქტი მოუყვანა. ვთხოვე, თავადვე უარყოს მისივე არასწორი განცხადება.

ისრაელში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად ვაგრძელებ მეგობრულ და კარგ ურთიერთობას.

დღეს გავიგე, რომ კომისიის წევრების ნაწილი რატომღაც უარს აცხადებს კომისიაში მუშაობაზე.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არჩევნების პროცესის უზრუნველყოფა, ხოლო ჩვენი - როგორც უფლება, ასევე, მოქალაქეობრივი ვალდებულებაც - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.

ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის, დედაჩემი, რომელიც ისრაელში მკურნალობის მიზეზით იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულია საკონსულო აღრიცხვაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხმის მისაცემად ემზადება.

რაც შეეხება, ქ-ნი სამადაშვილის მხრიდან ჩემი სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში სახელმწიფო მაღალ თანამდებობებზე მუშაობის არც თუ ისე მწირი გამოცდილების გახსენებას - ნებისმიერ ხელისუფლებას და სახელმწიფოს სჭირდება ჩემნაირი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი დიპლომატები და საჯარო მოხელეები, თუმცა, დღეს მაქვს, გადაუჭარბებლად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ყველაზე საპატიო თანამდებობა და სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება არც ერთი ხელისუფლების პირობებში ჩემს პირად გეგმებში არ შედის!

მომავალში?!.. კიდევ ბევრი იქნება”, - წერს ლაშა ჟვანია სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან. სამადაშვილის თქმით, ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია