საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2024“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2024“, გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან ერთად არიან დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2024“, გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა. პროფესორმა თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თალიკო ჟვანიას, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, კონფერენციის ორგანიზებისთვის. როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, რომლის მეცნიერებსა და სტუდენტებს თავისი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მოღვაწეობენ მსოფლიოს წამყვან კვლევით უნივერსიტეტებში, სტუდენტები კი მონაწილეობენ არაერთ კვლევაში და თითოეული მათგანის წარმატება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უნივერსიტეტთან, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ძალისხმევასთან, მეცნიერებმა და სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნა, საერთაშორისო სივრცეში საქართველოსა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებისთვის. მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიდიოდეს სტუდენტებთან ერთად, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის, ასევე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში ჩართულია 100-ზე მონაწილე და წარმოდგენილია 75 მოხსენება, საინტერესო თემებით, მნიშვნელოვანი კვლევებით. კონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ გერმანელი, უნგრელი, უკრაინელი, პოლონელი, აზერბაიჯანელი და სომეხი მეცნიერები. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საერთაშორისო კონფერენციას ორი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მასპინძლობს მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“, რომელშიც მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„კონფერენციის მუშაობა ოთხ სექციად წარიმართება, ესენია: თანამედროვე ტენდენციები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში; ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაცია, ქსელური და აპარატურული უზრუნველყოფა; ინფორმაციული საზოგადოება, ხელოვნური ინტელექტი, გამოწვევები და შესაძლებლობები, ICT როლი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი. თითოეულ სექციას და მონაწილეს ნაყოფიერი მუშაობას ვუსურვებ. ვსარგებლობ შემთხვევით და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ვიცე-რექტორებს, პროფესორებს თამარ წერეთელს, თამარ ლომინაძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს. მადლობა ჩვენს გერმანელ კოლეგას, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორ მარიო ნიუგებაუერს, იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მიუძღვის ორი ინსტიტუციის თანამშრომლობის გაღრმავებაში. მივესალმები ჩვენს უდიდეს მეგობარს, თანამემამულეს, დრეზედნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორ გენადი წიქორიძეს. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან კოლეგები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მადლობა პროფესორ იბრაიმ დიდმანიძეს კონფერენციის ორგანიზებაში აქტიური ჩართულობისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ გერმანელი სტუდენტები სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რა დროსაც საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ტრადიციას - ჩატარდა სტუდენტთა პირველი საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოწვევები “, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი იდეები და კვლევის შედეგები“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2024“, ორ დღეს გასტანს და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით