„ევროპელი  დემოკრატები“ - „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფცია „ეკონომიკური უსაფრთხოება თუ ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა“ კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას - ეკონომიკური უსაფრთხოება თუ ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

„ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია საზოგადოებამ დაიწყოს დისკუსია ისეთ კონცეფციებზე, რომლებიც კრიზისულ ვითარებებში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვიქტორ ყიფიანის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეკონომიკური უსაფრთხოება თუ ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა? - ცივი ომის შემდგომ, თითქოსდა, განუსაზღვრელი ვადით ნაწინასწარმეტყველებმა იდილიამ და ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსალიზაციამ ვერ გაუძლო გამოწვევათა ტესტს. ხოლო, ბოლო ორიოდე ათწლეულის განმავლობაში გლობალურმა ეკონომიკამ არაერთი დარტყმა იწვნია. ყოველი მათგანი უნიკალური იყო თავისი ინდივიდუალური არსითა და განსხვავებული მასშტაბით. შექმნილ ვითარებაში და ხსენებული შოკების საპასუხოდ, ეკონომიკური კავშირების მეტი დივერსიფიკაცია, ალბათ, ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა, თუნდაც ამას დამატებითი ხარჯის გაწევის თუ კომპლექსური ლოგისტიკური გადაწყვეტების აუცილებლობა გამოეწვია. თუმცა სინამდვილეში კი, ქვეყნების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ სხვა გზა აირჩია..

შედეგად ჩავარდა „გეგმის მიხედვით პროცესის მართვაც“, რაც, არაერთ სხვა საგანგაშო სიმპტომთან ერთად, შემდეგში გამოიხატა: ეკონომიკური უთანასწორობის გაღვივება ქვეყნებს შიგნით; ასევე უთანაბრობის გაღრმავება სხვადასხვა ქვეყნებისა თუ რეგიონების ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის; და აგრეთვე ეკონომიკური საშუალებების ზეწოლის იარაღად ქცევა, რაც თანამედროვე ლიტერატურაში weaponisation-ს ფენომენით არის ცნობილი.

გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე მოთამაშეთა პოლიტიკაში სულ უფრო მეტად იკვეთება სხვათა ინტერესების ხარჯზე საკუთარ თავზე ჭარბი ზრუნვის ტენდენცია. არაერთმა დიდმა ქვეყანამ ღიად დაადეკლარირა ეროვნული უსაფრთხოებით ნაკარნახევი ეკონომიკური გადაწყობა. ასეთ გადაწყობას სამი უმთავრესი მიზანი აქვს, რომლებიც თანაბრად პრიორიტეტულია და, ამდენად, ახალი ინდუსტრიული პოლიტიკაც მხოლოდ სამივეს ერთობლიობაში აღსრულებით განიზომება, კერძოდ: კრიზისების დროს საკმარისი ეკონომიკური რესურსუნარიანობა და სამრეწველო ბაზის ავტონომიურ ან სულაც საგრძნობი დროით იზოლირებულ რეჟიმში რეზისტენტულობა; თანამედროვე ეკონომიკური ომის საშუალებების გამოყენებით; გლობალური შოკების დროს მეტოქე ეკონომიკების პოტენციალის, მინიმუმ, მნიშვნელოვნად დაქვეითება, თუ არა საერთოდაც პარალიზება, ხოლო, ზემოაღნიშნული ორივე მიზნის რეალიზების შედეგად კი: საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში გეოეკონომიკურ სიბრტყეში ისეთი უპირატესობის მოპოვება, რომელიც უკვე სასურველი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების მყარ წინაპირობას შექმნის.

უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას რომც შევეშვათ, „ვიწრო“ ეკონომიკური გაგებითაც კი, ასეთი ნეოიზოლაციონიზმის, იგივე ეკონომიკური ავტარკიის, უშუალო ნეგატიურ შედეგებად ისეთი ტენდენციები მოიაზრება, როგორიცაა: საერთაშორისო ეკონომიკური კავშირებისაგან მაქსიმალური ჩახსნა, რაც მაღალი ალბათობით იწვევს ეროვნულ ეკონომიკასთან ერთად ადგილობრივი მოწინავე კომპანიების, ე.წ. „ეროვნული ჩემპიონების“ კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას; რესურსების განაწილებასა და მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის შექმნაში პოლიტიკის შეჭრას, რის შედეგადაც ჯანსაღ ეკონომიკურ კანონებს აწ უკვე პოლიტიკისა და უსაფრთხოების მოთხოვნები იქვემდებარებენ; ეკონომიკაში გამოწვევებზე დროული და ტექნოკრატიული რეაგირების პოლიტიკური ინსინუაციების მსხვერპლად გადაქცევა; ქვეყნებსა და სავაჭრო ბლოკებსა თუ რეგიონალურ ალიანსებს შორის სადავო კოლიზიების მატება (ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია გახმაურებული დავა „ეარბასსა“ და „ბოინგს“ შორის, რომელმაც აშშ-სა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობაზე არასახარბიელო გავლენა მოახდინა).

ამავე პროცესის თანმდევ შედეგად იქცა ისიც, რომ ჯეროვნად და დროულად გადაწყობილმა განვითარებადმა ეკონომიკურმა სისტემებმა ახლა უკვე პირდაპირი ინვესტიციების (და არა მხოლოდ სასესხო კაპიტალის) ხარჯზე დასავლურ ფონდებსა თუ ფასიან ქაღალდებში საინვესტიციოდ საკუთარი რესურსი გაიჩინეს.

მეტიც, ასეთმა სისტემებმა დამატებით სარგებლად მიიღეს: ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული რისკების ჰეჯირების (ანუ მართვის) ინსტრუმენტები; საკუთარი „ეროვნული ჩემპიონების“ - ფლაგმანი კომპანიების აღმოცენება; ეროვნული პროდუქციის რეალიზებისათვის ბაზრის გაფართოება; ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ მედეგი ადგილობრივი საფონდო ბაზრის ჩამოყალიბება; მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომა, და საკუთარი საშუალო ფენის დამკვიდრებაც კი, რომელიც ესოდენ კრიტიკულია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური მდგრადობისათვის.

არსებული ტენდენციებით და მაღალი რანგის საჯარო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, როგორიცაა ახალი ტიპის ეკონომიკურად უსაფრთხო სახელმწიფო.

შედეგად, მივიღეთ „უსაფრთხოების“ ტრადიციული გაგების (რომელიც ომის, ტერორიზმისა და სხვათა პრევენციას გულისხმობდა) მნიშვნელოვანი განვრცობა, რის შედეგადაც უსაფრთხოება ახლა უკვე მოიცავს სურსათით მომარაგებას, ენერგეტიკულ თვითკმარობას, ინფლაციის მართვას, კლიმატურ ცვლილებებს და ა.შ.

მეტიც, არაერთ ფორუმსა თუ ეკონომიკური ალიანსის შეკრებაზე გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდგომ რაღაც ხნით მოქმედი „ვაშინგტონის კონსენსუსი“ ე.წ. „ახალი ვაშინგტონის კონსენსუსით“ ჩანაცვლდა. სხვადასხვა წყაროში გავრცელებული შეხედულებებით, ხსენებული „კონსენსუსის“ განახლებული ვერსია გულისხმობს ბაზრის უპირობო პრიორიტეტულობაზე უარის თქმას, - ერთგვარ „ეტატიზმს (სახელმწიფოს მოზომილად დაწინაურებულ როლს) საჭირო ბალანსის დასაჭერად.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რაც ეკონომიკური სანქციების გამოყენებას უკავშირდება და რამაც, ასევე, თავისებური გამოწვევა შექმნა. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში სანქციები, თითქოსდა, უნივერსალურ საშუალებად გადაიქცა, რაც მათი, პრაქტიკულად, ხელაღებით გამოყენებაში გამოიხატება. მეტიც, სანქციების გამოყენებისადმი დაუოკებელმა ლტოლვამ „სასანქციო სამრეწველო ბაზაც“ კი დაამკვიდრა. ეკონომიკური იძულების პოლიტიკის დაწინაურებით, სანქციის, როგორც მყისიერი პასუხის, პოპულარიზაციამ და არაშერჩევითმა გამოყენებამ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად შეარყია გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საფუძვლები; სადამსჯელო ზომების განუსაზღვრელმა პრაქტიკამ გლობალური ეკონომიკური ქცევის წესებში დისონანსი შეიტანა, მზარდი გამოწვევების მოსათოკად ეკონომიკურ პოტენციალის სრულად ამოქმედება საგრძნობლად დააქვეითა.

ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტას, მათ, ვისაც ესმით, რომ ელიტარიზმი, უპირველესად, პასუხისმგებლობასთან, ღიაობასა და თვითკრიტიკასთან არის გაიგივებული, საშინაო და საგარეო ხაზის მერიტოკრატიით, ცოდნითა და ინფორმირებული გადაწყვეტილებებით გაჯერება მოეთხოვება.

დღეს ქვეყნის წინაშე პრაქტიკულად უალტერნატივო ამოცანაა და ეს არის საკუთარ ფუნქციონალურ კონკურენტუნარიანობასა და საქმით უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც ინკლუზიურ განვითარებაზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რესურსის მიმართვა. სწორედ ამ პირობითა და მიდგომით ალბათობა იმისა, რომ არსებულ „უწესრიგო წესრიგში“ საკუთარი ადგილი ვიპოვოთ, იმედია, ერთიორად გაიზრდება”, - ნათქვამია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში, რომელსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის