პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანების შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ხედვას იზიარებს

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანების შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ხედვას იზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის ხედვა ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანების შესახებ, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მკაფიო გეგმას წარმოადგენს.

„ქვეყანაში მომწიფდა დაკვეთა ახალი ტიპისა და სულისკვეთების პოლიტიკის შექმნაზე - ჩვენ სრულად ვიზიარებთ ბატონი ვიქტორ ყიფიანის ხედვას ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის და ქართული პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ვიქტორ ყიფიანის ხედვას ავრცელებს, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

„ახალი ხელწერა ქართულ საგარეო პოლიტიკაზე: მეტი პრაქტიკულობისათვის, მეტი შედეგიანობისათვის:

ვიდრე დავკონკრეტდებით და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური (და არა მხოლოდ) ხაზის განახლების პრინციპებს ჩამოვაყალიბებთ, დასაწყისშივე რამდენიმე კონტექსტურ საკითხს წამოვწევდით..

გეოგრაფია.. მოგვწონს ეს თუ არა (ამ მოსაზრებას „იდეალისტები“ და „ინტერნაციონალისტები“ ფიცხად შეეწინააღმდეგებიან), გეოპოლიტიკური გეოგრაფიების ე.წ. „გავლენათა სფეროებად“ თუ „ინტერესთა ზონებად“ დაყოფა განჭვრეტად მომავალში კვლავ აქტუალური იქნება. ამ მხრივ, სავარაუდოდ, „ზონებსა“ და „სფეროებს“ შორის მოქცეული ქვეყნების უმთავრესი საზრუნავი მათზე მავნე ზემოქმედების შემცირება; ისევე როგორც, ურთიერთსაპირისპირო გავლენების პირობებში საკუთარი ინტერესების შეძლებისდაგვარად შეჯერება (გადაზღვევა) და საკუთარი უსაფრთხოებისათვის არსებული შესაძლებლობების ოპტიმიზაცია იქნება.

დამატებით რაც უნდა გვახსოვდეს, ეს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში რეგიონალიზმი და რეგიონული გეოპოლიტიკური ჰაბების კიდევ უფრო მეტად წარმოჩენაა. შესაბამისად, აუცილებელია, ჩვენც უფრო ინსტრუმენტულად და გადამლაშებული ემოციურობის გარეშე შევძლოთ ქართული საგარეო პოლიტიკის ორსიხშირიანი ინსტიტუციონალიზაცია, კერძოდ: ქვეყნის საკონსტიტუციო დანაწესით განსაზღვრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის განუხრელობა და რეგიონულ პროცესებზე უწყვეტი დაკვირვება, მათი გაზომვა და მათზე სათანადო რეაგირება, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის დიდი რეგიონის კომპლექსური პროცესების ფონზე.

მაშინ, როდესაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება საქართველოს უსაფრთხოების სისტემური საწყისების გადაზღვევაა, რეგიონული ქართული პოლიტიკა „ჩვენს მახლობლად და ირგვლივ“ სიტუაციური რისკების მინიმიზაციასა და პრევენციას პროაქტიულად უნდა ემსახურებოდეს.

ასევე, იმ გეოპოლიტიკური „აღებ-მიცემობის“, ე.წ. ტრანზაქციული პოლიტიკის პირობებში, ქართული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა, კვლავ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ჩვენსავე ზურგს უკან „დახურდავების“ რამენაირად თავიდან აცილებაა.

ქართულმა საგარეო-პოლიტიკურმა ხელწერამ რამდენიმე ფორმაციის ეტაპი გაიარა. ყოველი ეტაპის თავისებურებაზე, ჩვენი აზრით, შემდეგი ფაქტორები მოქმედებდა:

კონკრეტულ ეტაპზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არსებული მოცემულობა;

ქვეყნის კონკრეტული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის თვისებები და მისი პირადი მსოფლმხედველობა;

საგარეო უწყების ამა თუ იმ ხელმძღვანელის (ხელმძღვანელობის) პირადი და პროფესიული თვისებები, და საგარეო უწყების რეალური როლი და მარგი ქმედების კოეფიციენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქმნაში.

ეს ბოლო ფაქტორი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართული სახელმწიფოს სუსტი ინსტიტუციური განვითარების პირობებში, აღნიშნული პროფილური უწყების ფუნქციონალი ყოველთვის როდი იყო ისე და იმგვარად მოწესრიგებული, როგორც ეს გამართული მმართველობითი სისტემისათვისაა დამახასიათებელი.

სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტა სათანადოდ ვერ აფასებს თვითკმარი და მერიტოკრატიული საგარეო-დიპლომატიური ინსტიტუტის მნიშვნელობას, ხოლო ამ ინსტიტუტს კი არ შესწევს ძალა, გამბედაობა და რესურსი, რომ სათანადოდ დაიმკვიდროს საკუთარი თავი მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე საპასუხოდ, ეს პრობლემა დღესაც დგას..

ამჯერად მხოლოდ იმ ნიშან-თვისებებზე გვინდა ვიმსჯელოთ, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია. აქვე დავთქვამთ, რომ ასეთი მიზანშეწონილობა არ არის მხოლოდ „მინდა თუ არ მინდა“ ჭრილში მოქცეული. საქმე იმაშია, რომ მას სწორედ ის თანამედროვე რეალიები გვიკარნახებს:

  1. ქართული საგარეო პოლიტიკისათვის საჭირო მოქნილობა და ადაპტირებადუნარიანობა რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებთან მისასადაგებლად - საერთაშორისო ურთიერთობების ჭარბად ტრანზაქციული ბუნების შესახებ უკვე აღვნიშნეთ. ამ მიდგომის უმთავრესი მახასიათებელი, ისე როგორც ბიზნესში, კონკრეტულ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილების ე.წ. „დანახარჯისა და სარგებლის“ (costs and benefits) გათვალისწინებით მიღებაა..
  2. რეალური შესაძლებლობების პოლიტიკა - ის, რაც პოლიტიკურ სწავლებაში რეალიზმის სახელით არის ცნობილი, ჩვენთვის იგივე რეალური შესაძლებლობების მიგნებისა და გამოყენების პოლიტიკაა.

ასეთი პოლიტიკა ჩვენ ირგვლივ რეგიონული თუ გლობალური წინააღმდეგობების რაციონალურ აღქმას მოითხოვს და ასეთი წინააღმდეგობების სწორად მართვის შედეგად ჩვენთვის სასარგებლო პრაქტიკული შედეგების მიღებით გამოიხატება..

  1. საგარეო პოლიტიკის ქმნის უშუალო პროცესის, ფარული იქნება ის თუ საჯარო, „დესენტიმენტალიზება“ – პრაქტიკული შედეგი მოითხოვს საამისოდ ასევე პრაქტიკულ, ზოგჯერ კი არაპოპულარულ ხერხებსა და ნაბიჯებს. მათი ერთადერთი გამართლება და საზომი კი ხელშესახები შედეგია, ხოლო ასეთი შედეგისაკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებად ჩვენივე სტერეოტიპები თუ არქეტიპები გვესახება. აქვე, სავალდებულოდ მიგვაჩნია მეორე მხარის (განურჩევლად იმისა, მოკეთეა თუ მოწინააღმდეგე) სტერეოტიპებისა თუ არქეტიპების წაკითხვა და გააზრება..
  2. მიმდინარე ეტაპის საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკური კონიუნქტურის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცა - საგარეო მიმართულების პრინციპულ გადაწყვეტილებათა პროცესი, პრაქტიკულად, ამა თუ იმ ქვეყნის ელექტორატის განწყობებითა და შესაბამისად, ძალაუფლების მოთხოვნილებით იმართება. მეტიც, არაერთ ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაში პროცესის შინაარსობრივმა მხარემ პოპულიზმიდან რადიკალიზმში, ხოლო ეთნონაციონალიზმიდან ლამის ექსტრემიზმში გადაინაცვლა. ამ მანკიერებისგან არც ჩვენ ვართ დაცულნი..
  3. ძალთა ბალანსთან შეწყობა და მისი ცვლილებისას დროული გადაწყობა - გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის გლობალურ ძალთა ბალანსი პროფესიულად განუწყვეტელ დაკვირვებასა და მიუკერძოებელ, არაანგაჟირებულ შეფასებას მოითხოვს. აქაც, საკუთარი ამომრჩევლისა თუ გარე აუდიტორიისათვის გამიზნული პროპაგანდისტული კლიშეებით და ვადაგასული სტერეოტიპებით მანიპულირება წარსულს უნდა ჩაბარდეს..

მიგვაჩნია, რომ, როგორც ქართული საგარეო პოლიტიკის კონსტანტა, ახლო და საშუალო მომავალში კვლავ გამოკვეთილი პრიორიტეტები იქნება:

აშშ-თან, როგორც სტრატეგიულ მოკავშირესთან, ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტი განვითარება ახალი შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის ახლებური ფორმატების დასანერგად;

ევროპული პოლიტიკური კულტურისა და ფასეულობების „ექსპორტი“ ქართულ სინამდვილეში და პოლიტიკურ ევროპაში რეალური საქმით ინტეგრირება;

ჩინეთთან გამართული სამუშაო კავშირები, მათი შედეგების აუცილებელი პროგნოზირებადობის პირობით;

რუსეთთან ურთიერთობის მართვა, იქნება ეს ანტიკრიზისული, კრიზისული თუ პოსტკრიზისული ვითარება.

გლობალურ სამხრეთად წოდებულ ქვეყნებთან სისტემური კომუნიკაციისა და გეოპოლიტიკურად „ნეიტრალურ“ საკითხებზე (ვაჭრობა, ტექნოლოგიები, ფინანსები) თანამშრომლობის ინტენსიფიცირება.

  1. რეგიონის ფაქტორი დიდ საგარეო-პოლიტიკურ სურათში - ქართული საგარეო პოლიტიკის დიდ ფორმატში რეგიონული პროცესების როლი და მნიშვნელობა უკვე ვახსენეთ. ამ ასპექტის ხელმეორედ აღნიშვნა ალბათ ზედმეტიც იქნებოდა, რომ არა სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური ინტერესების რთული კვანძი. ამასთანავე, სწორედ, რომ ასეთი კომპლექსური რეგიონული ფონი გვაძლევს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სამხრეთ კავკასიაში, როგორც შავი ზღვის დიდი რეგიონის მდგენელში, დავიმკვიდროთ ისეთი როლი, რომელიც ქართული სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობასა და ქმედუნარიანობას, ანუ მის ფუნქციურობასა და სარგებლიანობას შეუწყობს ხელს..

აღნიშნულის გადმოსახედიდან, ქვეყანა არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტების ერთ-ერთ კვანძად, არამედ დანარჩენი მსოფლიოსათვის რეგიონზე ცოდნის ჰაბად, მოწინავე პრაქტიკისა და სტანდარტების გავრცელების კუთხით რეგიონშივე „რბილ ძალად“, დაპირისპირებულ ინტერესთა მოსარიგებლად დიპლომატიურ არბიტრად თუ შუამავლად უნდა იქცეს..

ფაქტია, რომ ქვეყანაში მომწიფდა დაკვეთა ახალი ტიპისა და სულისკვეთების პოლიტიკის შექმნაზე, რაც, სხვა საკითხთა შორის, ქვეყნის საგარეო უწყების ძირეულად საკადრო, სტრუქტურულ და ფუნქციონალურ გადაწყობას საჭიროებს“,- ნათქვამია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ