შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს.
„შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილებას მოჰყვა. მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და ნაკლებად სასიკვდილო იარაღის გამოყენება შეწყვიტოს. საქართველოს ყურადღებით ვაკვირდებით“, - წერს გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი.
ჯინა რომერო აღნიშნავს, რომ პროტესტის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სახელმწიფოები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ზედმეტი შეზღუდვები არ დააწესონ და მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას ხელი არ შეუშალონ. ასევე, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, იმის უზრუნველყოფით, რომ აქციის მონაწილეებმა თავიანთი საქმიანობა დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის გარეშე განახორციელონ.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელსაც ვიღებ მომიტინგეების სახეებში წიწაკის სპრეის მიზანმიმართული, ასევე წყლის ჭავლისა და ქიმიური გამაღიზიანებლების კომბინაციის გამოყენების შესახებ. მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ 37-ე კომენტარი მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ „ნაკლებად სასიკვდილო იარაღი, მოქმედების ფართო არეალით, როგორიც ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლია, როგორც წესი განურჩეველი ეფექტით ხასიათდება. ასეთი იარაღის გამოყენებისას ყველა გონივრული ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული რისკების შესამცირებლად და ასეთი იარაღი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ და როდესაც შეკრების მონაწილეებს დაშლის ადეკვატური შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნავს ჯინა რომერო.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნაკლებად სასიკვდილო იარაღის გამოყენების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო მითითებებში ნათქვამია, რომ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯგუფების და არა ცალკეული პირების წინააღმდეგ.
„გამაღიზიანებელი სახის ჭურვების (ცრემლსადენი გაზი) ინდივიდების წინააღმდეგ გასროლა ზოგადად არ უნდა მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭურვების თავისა და სახის მიმართულებით გასროლა არ უნდა მოხდეს, სიკვდილის ან სერიოზული დაზიანების რისკის გამო. გარდა ამისა, სახელმძღვანელო მითითებებში ნათქვამია, რომ ცივ ამინდში (განსაკუთრებით თუ წყალი გამთბარი არ არის), წყლის ჭავლმა შეიძლება ჰიპოთერმია და ცივი წყლის შოკი გამოიწვიოს. აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წყლის ჭავლის გამოყენება ყურადღებით უნდა იყოს დაგეგმილი და უმაღლეს დონეზე მკაცრი მეთაურობითა და კონტროლით განხორციელდეს“, - აცხადებს ჯინა რომერო.