შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე - ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო

ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.

მეორე: პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - სხვას. და მესამე - ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია.

ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს