დუბრავკა შუიცა - საქართველოში სიტუაცია უარესდება - ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან

საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში, - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, რომელმაც განცხადება ევროკომისიის სახელით გააკეთა.

„თითქმის სამი კვირაა ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს აწყობს ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიცვან მათი დემოკრატიული და ევროპული მომავალი. უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის განცხადებას მათი გადაწყვეტილების შესახებ, არ დაიწყონ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2030 წლამდე. ეს ნაბიჯი არის საქართველოს წინა მთავრობების პოლიტიკიდან და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებიდან აშკარა გადახვევა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა ვხედავთ, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან. საქართველოში სიტუაცია უარესდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაახლოებით, 300-მა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა განიცადა, ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პოლიციამ 400 ადამიანი ადმინისტრაციულ, 30-ზე მეტი კი სისხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულა, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, ან არაოფიციალური მოძალადე ჯგუფებიდან არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“, - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.

მისი თქმით, ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ნიმუშის ნაწილია.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც სერიოზული დარღვევებით აღინიშნა, ხელისუფლებამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ასევე ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ საკანონმდებლო პაკეტი, ორივე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება, ივნისში, ჩვენ ვუპასუხეთ გარკვეული ზომებით, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით და დახმარების შეწყვეტით - 30 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობის პირდაპირი დახმარების სახით - შეჩერდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. საქართველოს მთავრობამ მოქმედების კურსი არ შეცვალა. დრო იყო ევროკავშირს გადამწყვეტი და ერთიანი რეაგირება მოეხდინა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენგან ქართველი ხალხი ელის.

ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად