საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ერთი მხრივ ოპოზიციის ტაქტიკაზე, მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ ტაქტიკაზე როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 29 დეკემბრამდე, ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და მას შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არც ოპოზიცია აღიარებს და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, და ამ ფონზე იწურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, შესაძლოა, საშინაო პოლიტიკაში ყველაზე კრიტიკული მომენტი დადგეს, ვგულისხმობ 29 დეკემბრისთვის პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია, ბევრი თვალსაზრისთ გაუგებარი მსჯელობები გვესმის იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს სალომე ზურაბიშვილი.
ამ თემაზე ვნახეთ, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციურ პარტიებში კონსენსუსი რეალურად არ არსებობს. მათგან გვესმის, საუბრები იმაზე, რომ ბარიერგადალახული პარტიები პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქოლგის ქვეშ“ შექმნიან საბჭოს, და იმაზე იმუშავებენ თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს ის საპარლამენტო არჩევნები, რომლის ჩატარებას მათთან ერთად ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, თითქმის ერთი თვეა რუსთაველზე ითხოვს.
ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე იმაზე გვინდა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა 29 დეკემბერს იმის გამო ამოეწურება, რომ როგორც მინიმუმ არასრულყოფილმა პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად არჩია. ამ თემაზე თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ - „ოპოზიციამ კვლავ მოახერხა ჩემი გაოცება“. ამავე სტატუსს თქვენ ასე ასრულებთ - „ბატონო ოპოზიციავ, შემოგვთავაზეთ მხოლოდ ის, რისი ორგანიზებაც და უზრუნველყოფაც თქვენ შეგიძლიათ“. გვინდა გთხოვოთ ჩვენს მკითხველსაც გააგებინოთ - რით მოახერხა ოპოზიციამ თქვენი გაოცება? და რას ნიშნავს ოპოზიციისადმი თქვენი მოწოდება - შემოგვთავაზეთ მხოლოდ ის, რისი ორგანიზებაც და უზრუნველყოფაც თქვენ შეგიძლიათ“?
- როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციას არ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, რასაც ის უკვე აკეთებს. ამიტომაც, აზრი არ აქვს მისთვის არაადექვატურად მაღალი მოთხოვნების წაყენებას. მითუმეტეს, როცა ეს პროტესტი განსხვავდება ყველა იმ მასობრივი წინააღმდეგობების მოძრაობებისგან, რაც ჩვენ გვინახავს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ადრე აქციების ორგანიზატორები იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ჰქონდათ დიდი ავტორიტეტი და გავლენა მასებზე, ხოლო საზოგადოება უჯერებდა და მიყვებოდა ამ ლიდერებს. ასეთ პოლიტიკურ პროცესს ჰქონდა როგორც დადებით, ასევ უარყოფითი მხარეები.
დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა. პროტესტი მოდის ქვევიდან, მისი ინიციატორი არის ახალგაზრდობა, საზოგადოება, ხოლო პოლიტიკოსები მხოლოდ ამ პროცესის ნაწილი არიან, ოღონდ არა მოთავეები და წამყვანი ძალა.
როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციას არ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, რასაც ის უკვე აკეთებს... დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა. პროტესტი მოდის ქვევიდან, მისი ინიციატორი არის ახალგაზრდობა, საზოგადოება, ხოლო პოლიტიკოსები მხოლოდ ამ პროცესის ნაწილი არიან, ოღონდ არა მოთავეები და წამყვანი ძალა
ჩემი აზრით, დღეს მიმდინარე პროცესის ბედს გადაწყვეტს ვისკენ გადაიხრება საზოგადოების ყველაზე ფრთხილი და პასიური ნაწილი ე.წ. ჭაობი, რომელიც ახლა შეშინებული უყურებს ფაქტობრივად არაადეკვატურ მთავრობას, ვერ ხვდება ვინ რა სისულელეს ჩაიდენს, იქნება თუ არა რეპრესიები, ამავე დროს, არ იცის რა იქნება ახალი წლის შემდეგ, მეტი დესტაბილიზაცია? ეკონომიკური კრიზისი? რა დაემართება ლარს? როგორ გაიზრდება ფასები? და ა.შ.
ისტორიულად, ყველა გამოცდილება, ქართულიც (2003, 2012)და საერთაშორისოც აჩვენებს, ნებისმიერი მსგავს პროცესში გადამწყვეტი ფაქტორია, თუ ვის მხარეს დაიკავებენ ეს ადამიანებია, დარჩებიან ხელისუფლების მხარეს, თუ მხარს დაუჭერენ მის შეცვლას. ამიტომ, ჩემი აზრით, შეცდომა იქნება ბრძოლის ტაქტიკის შემუშავების დროს აქცენტი გაკეთდეს მხოლოდ ქუჩაში გამოსული ადამიანების განწყობებზე. ის ვინც აქტიურია, ის უკვე პროტესტშია ჩართული. მას დამატებითი დარწმუნება და მოტივირება ნაკლებად ჭირდება.
ხელისუფლებასთან ამ დაპირისპირების ბედს გადაწყვეტს, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საზოგადოების ფრთხილი და შედარებით პასიური ნაწილის საკუთარ მხარეს გადმოყვანას
ჩემი აზრით ხელისუფლებასთან ამ დაპირისპირების ბედს გადაწყვეტს, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საზოგადოების ფრთხილი და შედარებით პასიური ნაწილის საკუთარ მხარეს გადმოყვანას.
ჩემი აზრით, ამისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დაანახოს და დაარწმუნოს საზოგადოება , რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო არის არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება, რომელმაც ჯერ არჩევნების გაყალბებით და შემდეგ პრემიერის განცხადებით ევროინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ გამოიწვია ქვეყნის იზოლაცია, საგარეო დახმარებების შეწყვეტა, მოსახლეობის პროტესტი, ქუჩაში ხალხის გამოსვლა, ეკონომიკური კრიზისი და ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია.
ამიტომ ქვეყანაში მდგომარეობის ესკალაციაზე და ამის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შედეგებზე სრულად არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“. ოპოზიციამ კი უნდა აჩვენოს, რომ მის მოთხოვნების შესრულება არის კრიზისის დასრულების ერთადერთი რეალური გზა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ქვეყნის დაპირისპირების უფსკრულში გადაჩეხვას და ეკონომიკურ ქაოსში ჩავარდნას.
ქვეყანაში მდგომარეობის ესკალაციაზე და ამის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შედეგებზე სრულად არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“. ოპოზიციამ კი უნდა აჩვენოს, რომ მის მოთხოვნების შესრულება არის კრიზისის დასრულების ერთადერთი რეალური გზა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ქვეყნის დაპირისპირების უფსკრულში გადაჩეხვას და ეკონომიკურ ქაოსში ჩავარდნას
- თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პირების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, მხედველობაში მაქვს ეკა ბესელიას განცხადება - „არ აქვს მნიშვნელობა ადგილს, სად იქნება პრეზიდენტი, ლეგიტიმაციას შენობას არ ვუკავშირებ - ორბელიანების სასახლეში მიხეილ ყაველაშვილი რომ დასვან, პრეზიდენტი გახდება?
- როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ყოველგვარი გართულების გარეშე დატოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას. მაგრამ, სად და როგორ გააგრძელებს შემდეგ იგი პოლიტიკურ საქმიანობას, ამაზეც მსჯელობენ ოპოზიციურ წრეებში.
იმ ვითარებაში, რომელიც ახლა ვიმყოფებით, მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროპელი პარტნიორების წამყვანი ქვეყნები ჩვენს პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობენ, ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი მიაჩნიათ, რადგან თვლიან, რომ იგი რუსთაველზე ერთ თვიან პროტესტში მონაწილე ხალხის ლიდერია, განგრძობადი პროტესტების ფონზე სად და როგორ ფორმატში იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი გაეგრძელებინა პოლიტიკური საქმიანობა მალე ექს-პრეზიდენტის სტატუსის მქონე სალომე ზურაბიშვილს?
ეკა ბესელიას განცხადება არის აბსოლუტურად სწორი. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია გამომდინარეობს სახალხო მხარდაჭერიდან, რომელიც მას გააჩნია საზოგადოების მხრიდან იმ პოზიციის გამო, რომელიც პრეზიდენტს უკავია ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნებისა და მოქალაქეებისათვის წართმეული არჩევანის დაბრუნებისათვის ბრძოლაში.
ამას ემატება მისი საერთაშორისო ლეგიტიმაცია, სალომე ზურაბიშვილს გააჩნია ევროპელი ლიდერების აღიარება და მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტის საშინაო და საგარეო მხარდაჭერის მიზეზი არის ის, რომ ქალბატონი სალომე არ აღმოჩნდა სათამაშო მმართველი პარტიის ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების ხელში, გამოიჩინა პრინციპულობა, დადგა ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე.
ეკა ბესელიას განცხადება არის აბსოლუტურად სწორი. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია გამომდინარეობს სახალხო მხარდაჭერიდან, რომელიც მას გააჩნია საზოგადოების მხრიდან იმ პოზიციის გამო, რომელიც პრეზიდენტს უკავია ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნებისა და მოქალაქეებისათვის წართმეული არჩევანის დაბრუნებისათვის ბრძოლაში
ამით მან დაიმსახურა სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიულად და პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერა. სწორედ ამაზე დგას დღეს სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა და არა იმაზე, თუ რომელ შენობაში იჯდება ის. რაც შეეხება ბრძოლის გაგრძელების მეთოდებს, ქალბატონი სალომე პოლიტიკოსად ყოფნისათვის არ ჭირდებოდა თანამდებობა არც ადრე და მგონია რომ, თუკი ის სწორ კურსს შეინარჩუნებს, ეს მაინცდამაინც არც მომავალში დაჭირდება.
ჩემი აზრით, ამ ვითარებაში პრეზიდენტისთვის მთავარია არ დაკარგოს საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის მან პოლიტიკური კონსულტაციები არ უნდა ჩაკეტოს მხოლოდ ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობების ფორმატში.
ის უნდა გახდეს ერთგვარი გამაერთიანებელი, უფრო აქტიურად შემოიყვანოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, ვინც იზიარებენ ახალი არჩევნების და საქართველოს ევროინტეგრაციის გაგრძელების აუცილებლობის იდეას და ის ახალგაზრდული ჯგუფები, რომელთა ინიციატივითა და აქტიურობით დაიწყო და მიმდინარეობს აქციები თბილისსა თუ რეგიონებში.
ამ ვითარებაში პრეზიდენტისთვის მთავარია არ დაკარგოს საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის მან პოლიტიკური კონსულტაციები არ უნდა ჩაკეტოს მხოლოდ ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობების ფორმატში
ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები დგანან ჩვენი ქვეყნისთვის იმ უპრეცედენტო პოლიტიკური მოძრაობის სათავეში, რომელმაც უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოაქცია ხელისუფლება და გაყალბებული არჩევნების შემდეგ გააჩინა დემოკრატიული ცვლილებების ახალი შანსი. ამიტომ, ეს ახალგაზრდები იმსახურებენ რომ მათი ხმა ისმოდეს არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც. ეს იქნება სამართლიანიც და მგონი, უფრო ეფექტურიც, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის წვლილის და მათი საქმიანობის ეფექტურობის შემხედველი.
ახალგაზრდების კიდევ უფრო აქტიური შემოყვანით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პრეზიდენტს შეუძლია ხელი შეუწყოს ძალიან აუცილებელ პროცესს, ქართული პოლიტიკური კლასის თვისობრივი ტრანსფორმაციის დაწყებას.
ახალგაზრდების კიდევ უფრო აქტიური შემოყვანით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პრეზიდენტს შეუძლია ხელი შეუწყოს ძალიან აუცილებელ პროცესს, ქართული პოლიტიკური კლასის თვისობრივი ტრანსფორმაციის დაწყებას
ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რომ იგივე ქუთაისში, ბათუმში თუ სხვა ქალაქებში იქაურმა აქტივისტებმა არ იგრძნონ მიტოვებულად თავი, არ ჩათვალონ, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება, თითქოს მათი პროტესტი და აქტიურობა ამ პროცესში მეორეხარისხოვანია. ეს ასე არ არის, თან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიციულად, რეგიონებში, ხელისუფლების წნეხი ბევრად უფრო ძლიერია და იქ ხალხს ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო რთულ პირობებში უწევს ბრძოლა, ვიდრე მათ თბილისელ თანამოაზრეებს. ამიტომ, ვფიქრობ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც, პოლიტიკურ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში გარკვეული ფორმით რეგიონების წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხიც გასათვალისწინებელია.
ვფიქრობ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც, პოლიტიკურ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში გარკვეული ფორმით რეგიონების წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხიც გასათვალისწინებელია
იქ მცხოვრები საზოგადოების, აქტივისტების როლის უგულებელყოფა ოპოზიციას მძიმედ დაუჯდა ამ არჩევნებზე და იმედია პრეზიდენტი იგივე შეცდომას არ გაიმეორებს.
- ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები საუბრობენ ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭოს შექმნაზე.
ასევე იმაზე, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დათანხმდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნები ახალი ცესკო-ს ადმინისტრაციის პირობებში, სუსი-სა და ძალოვნების აქტიური მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს.
ამ თემაზე მათი მსჯელობა საინტერესოდაც და კვალიფიციურადაც გამოიყურება, მაგრამ, ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ საჯარო რიტორიკაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, პოზიციების შეცვლაზე არ მითუმეტეს , ამ თემებზე მსჯელობა, უფრო აბსტრაქტულობის სფეროს ემსგავსება.
ამის დასტურია თუნდაც ის, რომ როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე დაგვპირდა, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ და „მაგნისტკის სიაში“ შეყვანილ შს მინისტრ გომელაურს და მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დადანაშაულებულ ძალოვნებს პრეზიდენტი მ. ყაველაშვილი დააჯილდოებს. მეტიც, როგორც კობახიძემ თქვა, სანქციების შედეგად მათ ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი ოპტიმისტურადაა განწყობილი იმ მოთხოვნის მიმართ, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას?
- ოპოზიციას რა ფორმატში უნდა ჰქონდეთ ურთერთობა ერთმანეთთან, არ მგონია ამ საკითხს საზოგადოებისთვის ახლა პირველი რიგის მნიშვნელობა ჰქონდეს. შექმნილ ვითარებაში ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ძირითად საკითხებზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბება შეძლონ.
ისინი ამას საბჭოს მეშვეობით, თუ ორპარტიული ან მრავალპარტიული მოლაპარაკებების ფორმატში მოახერხებენ, ეს თავად უნდა განსაზღვრონ იმის მიხედვით, თუ შედეგის თვალსაზრისით რა გზა იქნება უფრო ეფექტური.
ჩემი აზრით, ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა არა იმაზე ფიქრია, თუ ერთმანეთს რა ფორმატებში უნდა უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, ან რა კვოტებით იყვნენ პარტიები წარმოდგენილი ამა თუ იმ საბჭოში, არამედ ოპოზიცია უნდა ფიქრობდეს, როგორ გაზარდოს საკუთარი ავტორიტეტი და მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, ვინც უკვე თითქმის თვეა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვან და კარგად ორგანიზებულ აქციებს აწყობს ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივისა და თავისუფალი არჩევნების შესანარჩუნებლად.
ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა არა იმაზე ფიქრია, თუ ერთმანეთს რა ფორმატებში უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა ან რა კვოტებით იყვნენ პარტიები წარმოდგენილი ამა თუ იმ საბჭოში, არამედ ოპოზიცია უნდა ფიქრობდეს, როგორ გაზარდოს საკუთარი ავტორიტეტი და მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, ვინც უკვე თითქმის თვეა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვან და კარგად ორგანიზებულ აქციებს აწყობს ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივისა და თავისუფალი არჩევნების შესანარჩუნებლად
რაც შეეხება ხელისუფლების უკანდახევას და ახალი არჩევნების ჩატარების მიღწევას, ეს დამოკიდებულია მრავალი შიდა და გარე ფაქტორის ერთობლიობაზე. ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ ქართული საზოგადოების სიმტკიცე და პროტესტის გაგრძელება, აშშ-ს და ევროკავშირის პოზიცია „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარების, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების დასანქცირების კუთხით, ამას უნდა დავუმატოთ სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები.
ცალ ცალკე არც ერთი ფაქტორი არ მოიტანს წარმატებას.
- გასაგებია, რომ ოპოზიციურ სპექტრს აქვს მოლოდინი, რომ ინდივიდუალური სანქციების გაგრძელდება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციას მოჰყვება ეკონომიკური პრობლემები.
ამ ყველაფრის ფონზე ბიზნესის გააქტიურებაც ტოვებს იმის განცდას, რომ ბიზნესის დიდ ნაწილს ჰორიზონტზე ხედავს ეკონომიური პრობლემების აჩრდილს. მაგრამ, თუ მოვლენათა განვითარების დინამიკასა და რეტროსპექტივას თვალს გადავავლებთ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევისთვისაც ემზადებოდა „ქართული ოცნება“ და დღეს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ანუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ამის მაგალითების მოხმობაც შეიძლება.
მართალია, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის რიტორიკა ამერიკისა და ევროპის მიმართ, თითქოს იცვლება, მაგრამ, რაც ჩანს, ის უფროა, რომ მმართველი გუნდის პროპაგანდას კი უჭირს, მაგრამ, არა იმდენად, რომ ქცევა შეცვალოს, ვერც საფრანგეთის მაკრონის ზარმა ივანიშვილთან, ვერც ევროპის საბჭოს გენმდივნის ვიზიტმა, ვერც ეუთო/ოდერის საბოლოო დასკვნამ არჩევნებზე ვერ შეიტანა კორექტივები ივანიშვილის გეგმებში.
რა უნდა ვიფიქროთ - რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ინდივიდუალური სანქციების ეშინია და არც პოლიტიკური იზოლაციის, არც ეკონომიკური პრობლემების, რომელიც ქვეყანას შესაძლოა, გაზაფხულისთვის დაუდგეს?
- რა ფინანსური სანქციებიც არ უნდა შემოიღონ დასავლეთის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრების, ძალოვნების და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, ივანიშვილს მათი ბედი დიდად მაინც არ ადარდებს. ის არაფრად თვლის ამ ადამიანებს და ფიქრობს, რომ უპრობლემოდ შეცვლის ერთ არარაობას მეორით.
გარდა ამისა, სანქციები უფრო მეტად აბამს „ოცნების“ ჩინოვნიკებს ივანიშვილზე, რადგანაც მხოლოდ ის შეიძლება გახდეს იმ ზარალის ანაზღაურების ერთადერთი შესაძლო წყარო და გარანტი, რაც თანამდებობის პირებს სანქციებით მიადგება. ივანიშვილი ყოველთვის შეძლებს თავად, ან თუნდაც ბიუჯეტის ხარჯზე აუნაზღაუროს თანამდებობის პირებს და ძალოვნებს სანქციების შედეგად წარმოქმნილი დანაკარგები.
სანქციები უფრო მეტად აბამს „ოცნების“ ჩინოვნიკებს ივანიშვილზე, რადგანაც მხოლოდ ის შეიძლება გახდეს იმ ზარალის ანაზღაურების ერთადერთი შესაძლო წყარო და გარანტი, რაც თანამდებობის პირებს სანქციებით მიადგება. ივანიშვილი ყოველთვის შეძლებს თავად, ან თუნდაც ბიუჯეტის ხარჯზე აუნაზღაუროს თანამდებობის პირებს და ძალოვნებს სანქციების შედეგად წარმოქმნილი დანაკარგები
როგორც ჩანს, დასავლეთი ეტაპობრივად მოუჭერს ხელს საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას. პირველი გამაფრთხილებელი ნაბიჯი ჯერ კიდევ მოსამართლეების დასანქცირება იყო, მაგრამ ამან არ გაჭრა. რუსული კანონის მიღებას ჩვენს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის გამკაცრება მოყვა. „ქართულ ოცნებაში“ ვერც ეს გაიგეს.
ცუდად ჩატარებულ არჩევნების შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, ხოლო ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ კობახიძის განცხადებამ ჩვენსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვრამდე დაძაბა. „ოცნებამ“ ეს არ იმყოფინა და ამ ყველაფერს ზედ დაურთო დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების სასტიკი დარბევები. დასავლეთი ყულფს ნელ-ნელა უჭერს და როგორც ჩანს, სანქციების პოლიტიკა კულმინაციას უახლოვდება.
26 დეკემბერს რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს სენატორების მიერ ერთი მეორის მიყოლებით ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ გაკეთებული უმწვავესი განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს უმძიმესი სანქციების შემოღების ძალიან დიდ ალბათობაზე. მე მგონი, ეს ბოლო გაფრთხილებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ 2025 წლის დასაწყისი შეიძლება მისთვის ძალიან მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს.
ისე, ვინც იცის, რამდენად წმინდათა-წმინდა არდადეგებია ამერიკელებისთვის საშობაო დღესასწაულები, რომელსაც ამერიკელები ტრადიციულად ოჯახურ წრეში აღნიშნავენ და სრულად ისვენებენ სამსახურისგან, ის მიხვდება რამდენად ექსტრაორდინარულია შობის მეორე დღეს ამერიკელი სენატორების მხრიდან ასეთი საქმიანი აქტიურობა.
თუ რესპუბლიკელმა სენატორებმა თავიანთი საყვარელ დღესასწაულზე დასვენება გვერდზე გადადეს და მათთვის დედამიწის დასალიერში მდებარე ერთი ბეწო ქვეყნისთვის მოიცალეს, ე.ი. ვითარება ძალიან სერიოზულია. თან, რამდენიმე სენატორის მიერ ამ საკითხზე ერთ დღეს გაკეთებული განცხადება, ჩემი აზრით, მიუთითებს, რომ ეს განცხადებები არა რაღაც სპონტანური აქტივობა, არამედ ტრამპის გუნდის წევრების მიერ გარკვეული განხილვის შემდეგ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შედეგია.
თუ რესპუბლიკელმა სენატორებმა თავიანთი საყვარელ დღესასწაულზე დასვენება გვერდზე გადადეს და მათთვის დედამიწის დასალიერში მდებარე ერთი ბეწო ქვეყნისთვის მოიცალეს, ე.ი. ვითარება ძალიან სერიოზულია... მიუთითებს, რომ ეს განცხადებები არა რაღაც სპონტანური აქტივობა, არამედ ტრამპის გუნდის წევრების მიერ გარკვეული განხილვის შემდეგ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შედეგია
თუ "ქართული ოცნება“ გაჯიუტდა და დროის გაწელვის ტაქტიკას დაადგა, ეჭვი მაქვს, ყველა ზემოთჩამოთვლილ ფაქტორს დაემატება ინფლაცია, ფასების ზრდა, სოციალური ფონის მკვეთრი გაუარესება. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დიდ ალბათობით ზურგს შეაქცევს არა მხოლოდ ქალაქების, არამედ სოფლის მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი ფენების და საჯარო მოხელეების დიდი ნაწილიც, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ეყრდნობოდა მმართველი პარტია.
მაშინ, ივანიშვილის გუნდს მისთვის ბევრად უფრო უარეს ვითარებაში მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. მაგრამ, მე ვერ ვხედავ დღეს ხელისუფლებაში ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არა პირადი ახირებების, არამედ შექმნილი რეალობის ადეკვატური ანალიზის შედეგად იღებდნენ. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და თავგადასავალი გველის, რაც დრო გავა „ოცნებას“ ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნების მით უფრო ნაკლები შანსი ექნება.
ვერ ვხედავ დღეს ხელისუფლებაში ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არა პირადი ახირებების, არამედ შექმნილი რეალობის ადექვატური ანალიზის შედეგად იღებდნენ. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და თავგადასავალი გველის, რაც დრო გავა „ოცნებას“ ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნების მით უფრო ნაკლები შანსი ექნება
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა ახალი წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება იმ მიზნით, რომ ის ქართულ საზოგადოებასთან კომპრომისებზე წავიდეს და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისკენ გადადგას სერიოზული ნაბიჯი, რაც წარმოუდგენელია პოლიტპატიმრების გამოშვების, მათზე საქმეების შეწყვეტის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე.
ჩემი აზრით, მომავალი წლის დასაწყისში ხელისუფლებას კომპრომისების გადადგმისაკენ უნდა უბიძგოს კიდევ ერთმა ფაქტორმა, ეკონომიკური კრიზისის სულ უფრო მზარდმა ნიშნებმა.
როგორც ჩანს, ეკონომიკური კუთხით მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, რამაც პოლიტიკურ საკითხებსა და ხელისუფლებასთან ოპონირებაში ტრადიციულად პასიურ ქართულ ბიზნეს ელიტასაც კი ამოაღებინა ხმა.
ამაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს ფაქტობრივად დაიხურა ოფიციალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის, ბიუჯეტის შემოსავლების და გასავლების შესახებ. წინა წლებში, დეკემბრის ბოლოს, როგორც წესი, ხელისუფლება დიდი სიამოვნებით აცნობდა ხოლმე საზოგადოებას მათი წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს და ამ ფაქტს კარგად იყენებდა საკუთარი პიარისთვის.
წლის ბოლოს ფაქტობრივად დაიხურა ოფიციალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის, ბიუჯეტის შემოსავლების და გასავლების შესახებ. წინა წლებში, დეკემბრის ბოლოს, როგორც წესი, ხელისუფლება დიდი სიამოვნებით აცნობდა ხოლმე საზოგადოებას მათი წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს და ამ ფაქტს კარგად იყენებდა საკუთარი პიარისთვის
ახლა კი ვითარება სრულიად საპირისპიროა. აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლება უბრალოდ დუმს.
- თქვენთან შეხმიანებამდე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს ბოლო ინტერვიუს გადავხედე, სადაც თქვენ ამბობთ - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკური წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს“.
მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან გვესმოდა - „20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება“, „როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება“, ახლა ამბობენ, რომ ამ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „კარგი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“. ეგ კი არა, ახლა ამბობენ, „თუ ტრამპმა დიფსტეიტი“, არ დაამარცხა, საქართველოს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა გაუჭირდება."
ახლა იმედები იმაზე კეთდება, იმაზე, რომ გერმანიასაც და საფრანგეთსაც არჩევნების შედეგად სხვა უხელმძღვანელებს. თუ ამ ქვეყნებშიც არჩევნების შედეგები „ქართული ოცნების“ მოსაწონი არ აღმოჩნდა, მერე რა გზას დაადგება მმართველი გუნდის პროპაგანდა, ძნელი სათქმელია.
იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვართ, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ? ვისზეა გათვლილი „ქართული ოცნების“ ამგვარი პოზა თუ პროპაგანდა? და გააჩნია თუ არა რესურსი მმართველ გუნდს დაალაგოს ურთიერთობები ვაშინგტონთან და ბრიუსელთან?
- იმ საერთაშორისო რეაქციის შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში მოჰყვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მე არ ვიცი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით მიჰყავს. მე არ ვგულისხმობ ხალხს, რომლებიც თანამდებობის, შემოსავლის, დახმარებების თუ სხვა ნებისმიერი სიკეთის დაკარგვით შიშით იძულებულები არიან იმეორონ სახელისუფლო ნარატივები.
აუცილებელია, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არსებობს მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა, რომელსაც ჰყოფნის ძალა და ჭკუაც, უკეთ მართოს ქვეყანა, გააერთიანოს საზოგადოება, კრიტიკულად გაიაზროს წინა ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომები და თავს აგვაცილოს შესაძლო გართულებები
აქციების მასშტაბები, პროტესტის სოციალური ბაზის თანდათანობითი გაფართოება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდის სულ უფრო ნაკლებად სჯერათ.
ჩემი აზრით, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, საზოგადოებას დავუმტკიცოთ რა ცუდია ხელისუფლება და რა ანტიდასავლურ კურსს ატარებს „ქართული ოცნება“, არამედ აუცილებელია, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არსებობს მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა, რომელსაც ჰყოფნის ძალა და ჭკუაც, უკეთ მართოს ქვეყანა, გააერთიანოს საზოგადოება, კრიტიკულად გაიაზროს წინა ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომები და თავს აგვაცილოს შესაძლო გართულებები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი