ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრის შედეგად რამდენიმე ცნობილი მსახიობის სახლი განადგურდა

ბილი კრისტალი და პარიზ ჰილტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩემმა მეუღლემ და მე აქ გავზარდეთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ჩვენი სახლის ყოველი ინჩი სიყვარულით იყო სავსე - ლამაზი მოგონებებით, რომლების წაშლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გული გვტკივა, მაგრამ ჩვენი შვილების და მეგობრების სიყვარულით ამას გადავლახავთ“, - აღნიშნა ბილი კრისტალმა.

ხანძრის შედეგად განადგურდა მსახიობ ჯეიმს ვუდსის უძრავი ქონება პასიფიკ-პალისეიდსში.

„ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი გაქრა", - განუცხადა მან CNN-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა მსახიობ მაილზ ტელერის სახლიც.

ნანგრევებად გადაქცეული სახლის ვიდეო გაავრცელა მსახიობმა კამერონ მატისონმა.

„ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მაგრამ ეს არის ის, რაც დარჩა ჩვენი ლამაზი სახლიდან", - წერს მსახიობი.

BBC-ის ინფორმაციით, პასიფიკ-პალისეიდსში სახლები ასევე აქვთ ჯენიფერ ენისტონს, ბრედლი კუპერს, ტომ ჰენკსს, რიზ უიზერსპუნს, ადამ სენდლერს და მაიკლ კიტონს.

ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა. ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა