მეუფე შიო - ნათლისღების მადლს მოაქვს ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა - შეგვაძლებინოს უფალმა, ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში, -ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

„განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, - ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება.

უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29).

რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე.

როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, - როგორც მოგვითხრობს სახარება, - და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17).

აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება.

„სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, - ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, - როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან.

ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა