დავით დარჩიაშვილი - არასწორია გზა, როცა შენი მოსახლეობის თუნდაც ნახევარზე მეტი არ იყოს და ნაკლები იყოს, ადამიანებად არ თვლი, ძაღლადაც არ თვლი - „ქართულ ოცნებას“ ასეთი დამოკიდებულება აქვს

„ქართულ ოცნებას“ ასეთი დამოკიდებულება აქვს: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… ეს არასწორი გზაა, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქმნის სისტემას, რომ მოსახლეობა ამყოფოს უუფლებო და დაუცველი და ასე ემზადება შესაძლო უმართავი პროცესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის“.

„ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ქვეყნის ტრაექტორია, საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის, თავდაღმართშია. უშუალოდ პროტესტმა კი ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ადამიანები, ვისაც პოლიტიკა, ერის რაობა, მისი ხვალინდელი დღე აინტერესებს, ცალსახად საპროტესტოდაა განწყობილი. ამის იგნორირება რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს... ხელისუფლების მხრიდან უტიფარი იგნორირების გარდა არაფერს ვხედავთ. საერთოდ არ უნდათ საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგი. ჰყავთ თავისი მომხრეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში მზად იყვნენ სრული ლოიალობა გამოეჩინათ ხელისუფლების მიმართ და მხოლოდ მათ ესაუბრებიან.

„ქართული ოცნება“ მთლიანობაში, სტრატეგიულად ძალიან დასუსტებულია. ტაქტიკურად, მოკლე ვადიან მომენტებს და ნაბიჯებს თუ ავიღებთ, შეიძლება ძლიერი ჩანდეს, რადგან რეპრესიების გზას ადგას. ფული აქვს, ძალოვან სტრუქტურებში სრული გავლენა აქვს და ეს ადამიანებს შეიძლება აფიქრებინებდეს - „შეაყარე კედელს ცერცვი“, „არაფერი იცვლება“, მაგრამ სტრატეგიულად, ასეთი ტიპის პოლიტიკური სისტემები ძალიან მოწყვლადია. პატარა შემთხვევამაც კი, შეიძლება უცებ ყველაფერი ამოაბრუნოს. ამიტომ სჯობია დემოკრატია და პლურალისტურ შეკავება- გაწონასწორებაზე დამყარებული სისტემები ასეთ დიქტატორულ მოდელებს. არავინაა გარანტირებული, მათ შორის უმაღლესი ხელისუფალი თავის უსაფრთხოებაში, როდესაც სისტემა დიქტატორულია და საზოგადოების გახლეჩის მეტს არაფერს აღწევს, სიძულვილს თესავს. ვერ ვიტყვით, რომ იგი რამენაირად გაძლიერდა. შეუძლებელია, კრიზისი და სიძლიერე ერთმანეთს დაემთხვეს, თუნდაც მოცემულ მომენტში მას საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდეს, იმისთვის, რომ ჩაფრენილ ძალაუფლებაში დარჩეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცვალებად რეალობას და კრიზისს არ ცნობს და ჰგონია, რომ „ეს შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს“.

„უტიფრად არ ცნობს [„ქართული ოცნება“] ცვალებად რეალობას, არ ცნობს კრიზისს, შესაბამისად, არ ესმის დიალოგის მნიშვნელობა ასეთი კრიზისიდან გამოსავლის გზად. ფიქრობს, ასე გაუვა დაუსრულებლად. სად არის ამ დაუსრულებლობის ზღვარი... გასაგებია, რომ სამყაროში არსებობენ დიქტატორული სახელმწიფოები, რომლებიც ოპონენტებს არ ცნობენ. ჰგონიათ, რომ ეს შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. მე ასე არ მგონია. ვიცი, რომ ყველას ყოველთვის ფეხი გადაჰბრუნებია, როდესაც არასწორ გზას ადგას. არასწორია გზა, როდესაც შენი მოსახლეობის თუნდაც ნახევარზე მეტი არ იყოს და ნაკლები იყოს, ადამიანებად არ თვლი, ძაღლადაც არ თვლი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ. „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - ამ ქვეყნის რეალურმა საჭეთმპყრობელმა ანდაზები რომ იცოდეს, ალბათ, ასეთ ანდაზას გაივლებდა გონებაში, მაგრამ ეს არასწორი გზაა. აუცილებლად მთავრდება უარესი კრიზისებით. კრიზისები რომ გვაქვს, ეს იქიდან ჩანს, რომ ერთი მხრივ პროტესტები არ სრულდება, მეორე მხრივ კი საერთაშორისო არენაზე დარტყმა დარტყმაზეა მიყენებული როგორც ხელისუფლების, ისე საქართველოს იმიჯის მიმართ. როდესაც დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროსაბჭოს წევრობა. მსგავსი რამ, რომ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის ხმის უფლების შეჩერება იხილებოდეს, ისტორიას არ ახსოვს“, - განაცხად დავით დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, „ვითარების შეცვლას სჭირდება ის, რომ საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს, სადისტურად არ ექცეოდნენ“.

„აპრილის შემდეგ თუ ქართული პოლიტიკური კრიზისი და დიქტატორული რეჟიმის ფუნქციონირება არ დასრულდა, იმავეს უნდა ველოდოთ - ისევ უხეშ, უტიფარ პასუხს ამ მნიშვნელოვანი ევროპული სტრუქტურისადმი, კვლავ ადამიანის უფლების იგნორირება. თუ რაღაც შეიცვალა, ფუნდამენტური ცვლილების მოწმე აპრილამდე გავხდებით. ვერ გეტყვით, სადამდე ეყოფა ამ ხელისუფლებას გამძლეობა“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე და უპასუხა კითხვას, რას ნიშნავს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სისტემა დუმს. დარჩიაშვილის შეფასებით, შესაძლოა ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდა, „ეშინია, შემგუებლობა აქვს ან, შეიძლება მასშიცაა ზიზღი და შურისძიების განცდა ყველასადმი, ვინც კრიტიკულია“.

„ეს ყველაფერი კონკრეტულ ადამიანს თავისი ძალაუფლებისთვის სჭირდება. იმისთვის სჭირდება, რომ მას ყველა უყურებდეს როგორც ყოჩს, ხროვის ბელადს და როგორ შეიძლება, მას ხელი შეახო. ეს არის მაფიური ლოგიკა. შუა საუკუნეებში ასე ფეოდალები იქცეოდნენ, 21-ე საუკუნეში, მაფია. მეორე საკითხია ის, რომ ქართულ მთელ სამართალდამცველ სისტემას არ ესმის კანონის გონი, სამართლის ეთიკა. ამას ეტყობა, არ ასწავლიან. ან ეს ხალხი, რომელთა ნაწილმა უცნაური სასწავლებელი დაამთავრა და დიპლომიც უცნაური აქვს, ალბათ, ამას არ სწავლობდნენ. ჩაფრენილი არიან ფორმალურ ლოგიკას, რომ ფორმიან კაცს რომ ვიღაცამ ხელი შეახო, ის ცალსახად დასასჯელია. კონტექსტი არ ესმით, რომ სამართალი სწორედ ფორმიანმა კაცმა დაარღვია. ეთიკა და მორალი დაარღვია, კონკრეტული ადამიანის მიმართ სახელმწიფო გამოჩნდა როგორც სრული ბოროტება. აბსოლუტური ბოროტებაა, როდესაც პროტესტზე გამოსულ ქალბატონს, შენი დედის ხელას, მიაყენო ისეთი შეურაცხყოფები, რაც ვიცით და მის აბსოლუტურად ლოგიკურ, ემოციურ, გულწრფელ და სამართლიან პასუხს, მოარგო შენი სამართლებრივი სისტემის რაღაც მუხლები, კონტექსტი წაშალო და გაგრძელო რეპრესიები მის მიმართ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის