ქართული პრესის მიმოხილვა 03.02.2025

“სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...” - ვახტანგ ძაბირაძე

სერბული სცენარის ქართული ვარიაციები - ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები “თბილისი მოლთან”

ირაკლი მელაშვილი - “ოცნება” ცდილობს ჩაჭრას ყველა ბერკეტი, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს საქართველოზე ზემოქმედებისთვის”

რას უპირებს “ოცნება” ოპოზიციის მანდატებს - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მთავარი თემები

“უბნიდან გამიტაცეს, ან უნდა მოვეკალი, ან დავესახიჩრებინე” - გორელი აქტივისტი ვახო ფიცხელაური

* * *

“სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...” - ვახტანგ ძაბირაძე

“თუ დავაკვირდებით პროტესტის დინამიკას და ხელისუფლების ქცევას, ცხადია, “ქართულ ოცნებას” დღეს საკუთარი ძალაუფლების ბურჯად ძალოვანები მიაჩნია და მოსალოდნელი იყო, რომ აქციაზე სწორედ ამ სტრუქტურების უამრავ წარმომადგენელს გაიყვანდნენ. სწორედ მათი ხელით სცადეს პროტესტანტების დაშინება თავიდანვე, თუმცა არ გამოუვიდათ. ამის მერე დაიწყეს კანონების ჭრა-კერვა და საკუთარ ინტერესებზე მორგება, გაზარდეს ჯარიმები, ახლა გზების სტრატეგიულ ობიექტებად გამოცხადება გადაწყვიტეს, ოღონდ კი პროტესტი როგორმე შეაჩერონ. ხალხის ციხეში გაშვებას აპირებენ გზის გადაკეტვის გამო და მერე იტყვიან, კანონიერად ვმოქმედებდითო, მაგრამ არის კი ეს კანონები სამართლიანი? 1937 წლის რეპრესიებიც საბჭოთა კანონების შესაბამისი იყო, მაგრამ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ იმდენი ადამიანი კანონიერად გაანადგურეს? ამგვარი კანონები რეპრესიულია, არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის გასაძლიერებლად იღებენ. “ქართული ოცნება” უფრო უარესზეა წამსვლელი”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...”

“არ არის გამორიცხული, უფრო ძალადობრივად იმოქმედონ პროტესტანტების წინააღმდეგ, რაც ამ აქციაზე მათი დაკავების დროსაც ვნახეთ. ის, რაც პაპუაშვილმა იკადრა, როდესაც ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომლის ვალდებულებაა ინფორმაციის გავრცელება, ლამის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში დაადანაშაულა, არის ნიშანი, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაშიც მტერს ხედავს და მის შევიწროებასაც დაიწყებს, როგორც რუსეთში მოხდა. სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის... ყველა ის ნაბიჯი, რაც “ქართულმა ოცნებამ” განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გადადგა, არის იმ რიტორიკის სრული რეალიზება, რასაც ეს პარტია ბოლო ხანს, უფრო სწორად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამბობდა ჩვენს პარტნიორებზე. კობახიძის 28 დეკემბრის განცხადების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ვითომ 2028 წლამდე, თუმცა ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ეს მხოლოდ მორიგი ტყუილია. ის, რაც მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ პოლიტიკას, უკეთეს შემთხვევაში, ჰქვია იზოლაციონისტური - ჩვენ იმ ქვეყნებს და სივრცეს ვემიჯნებით, რომლისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდით; უარეს შემთხვევაში კი, უფრო მკაფიოდ თუ ვიტყვით, ეს არის რუსულ სივრცეში დაბრუნება. სხვაგვარად ამის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. რას ითხოვდა ეს რეზოლუცია ასეთს, რამაც “ქართული ოცნება” ასე აღაშფოთა? იმასვე, რასაც ჩვენი პარტნიორები - გნებავთ, ევროპა და გნებავთ, ამერიკა, ჩვენგან ამ წლების განმავლობაში ითხოვდნენ: თანამედროვე, სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენებას. ამას ითხოვდნენ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ისინი ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამებით თუ სხვა ტიპის დახმარებით ცდილობდნენ შეგვექმნა თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ძალაუფლების მარადიულად შენარჩუნებისა და ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი ხელისუფლებები. დღეს ეს უფრო მძიმე ფორმით ხდება. ავტორიტარიზმისთვის უცხოა ის, რასაც დემოკრატიული გარემო ჰქვია, სამაგიეროდ, მისაღებია რუსული, ჩინური თუ ირანული ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ სისტემის შექმნას ცდილობს “ქართული ოცნება”. ამიტომაც პირდაპირ თქვეს უარი, რათა ვიღაცებს ილუზიები არ შეჰქმნოდათ, რომ 2 თვის თავზე მაინც რაღაცას შეიგნებდნენ და შეწყვიტეს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა. არ ვიცი, ნუთუ მაგათ მომხრეებში კიდევ ვინმეს სჯერა, რომ ესენი ევროპისკენ მიდიან?... ვინაიდან არჩევნების შემდეგ არ იყო მასშტაბური პროტესტი, გადაწყვიტეს, ბარემ ბოლომდე მიეყვანათ საქმე და მოვისმინეთ კიდეც 28 ნოემბერს კობახიძის განცხადება. ის მასშტაბური პროტესტი, რაც ამას მოჰყვა, “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელი იყო, თუმცა გადაწყვიტეს უფრო ხისტად ემოქმედათ და უკვე აშკარად დასდგომოდნენ ანტიდასავლურ კურსს. სცადეს პროტესტის ჩახშობა იმ მეთოდებით, რომელთაც აქამდე იყენებდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაინც იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში პროტესტი შესუსტდება, ხალხი დაიღლება. ამასობაში კანონებს. პირდაპირ საკუთარ თავს არგებენ... შეიძლება ითქვას, დღეს მათი პოლიტიკა უკვე გამჭვირვალეა, აღარ თამაშობენ, რომ "ევროპისკენ ღირსებით მიდიან", როგორც არჩევნებამდე გაიძახოდნენ”, - განმარტავს ექსპერტი.

“ქართული ოცნება” ვა-ბანკზე მიდის, აცხადებს, რომ არ დაუშვებს ვადამდელ არჩევნებს. სასაცილოა, რომ საპარლამენტო მოწყობის მმართველობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მთავრობას გადატრიალების ტოლფასად მიაჩნია, მაშინ როდესაც საპარლამენტო მმართველობა უფრო მოქნილია ასეთი კრიზისების დროს, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა. დღეს უკვე ეჭვგარეშეა, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის ევროპისგან, საზოგადოდ, დასავლეთისგან დისტანცირებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის კიდევ უფრო ხისტ და ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდეს პროტესტანტებთან, თუ მოასწრო და შეძლო... უახლოესი 2 თვე ძალიან რთული და მძიმე იქნება, თუმცა ბევრ რამეს გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, მმართველ ძალაზე დასავლეთის ზეწოლა გაძლიერდება. ფაქტია, ჯერ “ქართული ოცნება” ნამდვილად არ არის მზად კონსტრუქციული ურთიერთობისთვის. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თაობაზე. ორივე ქვეყნისადმი დამოკიდებულება განიხილება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ჭრილში. ჩვენზე ჯერ ლაპარაკი არ არის, მაგრამ უკრაინის თემა უკვე დღის წესრიგში დგას”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“ტრამპის პასუხი რუსეთისთვის უკრაინის საკითხზე ბევრ რამეს გადაწყვეტს. როდესაც ვამბობ, ორი თვე კრიტიკული იქნება-მეთქი, ამასაც ვგულისხმობ. ეს ის პერიოდია, როდესაც ტრამპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უნდა გამოიკვეთოს - წავა კომპრომისების გზით თუ იმოქმედებს ხისტად იმ მუქარების შესაბამისად, რაც უკვე მოვისმინეთ მისგან - ვგულისხმობ, ნავთობზე ფასების დაწევას. თავის დროზე, როდესაც რეიგანი მოვიდა პრეზიდენტად, მას ჰქონოდა სამი პრინციპი, მათ შორის ის, რომ საბჭოთა კავშირს დასვამდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ოპეკის ქვეყნებს აიძულებდა დაეწიათ ნავთობზე ფასები - მან ეს შეასრულა... რაც შეეხება მზია ამაღლობელს, შესაძლოა ეძებენ კიდეც რაღაც კომპრომისს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვთ. გასაჭირში არიან, რადგან ავტორიტარულ მმართველობას არა აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი. ამაღლობელის გამოშვების კი არა, დათმობის ეშინიათ, იმის, რომ თუ ამას დაუშვებენ, მათ მომხრეებში დაიწყება რყევა. ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში არიან”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ალბათ, შეცდებიან საპროტესტო აქციების დასაწყისში როგორც ძალადობრივად იქცეოდნენ, ასევე გააგრძელონ, დარბევები განაახლონ, დაიწყონ “ნაციონალური მოძრაობის” ვითომ გასამართლება და ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელიწადს ამით გადაფარონ ეს პროტესტი. ბარემ აქვე ვიტყვი - არ ვიცი, ამ იზოლაციონისტურ პოლიტიკას როგორ გაუძლებს ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. უცებ, უახლოეს 2-3 თვეში, არ ჩამოიშლება, ეკონომიკას ინერციულობა ახასიათებს, ჯერ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ტემპს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, თანდათან შენელდება და ერთ დღეს შესაძლოა მართლაც კუპონად იქცეს ლარი. ის არაბული 6 მილიარდი ძალზე არარეალურად მეჩვენება, რომც იყოს ამხელა ინვესტიცია, ეს უცებ ვერ მოხდება და თანაც ჩვენს პარტნიორებს დიდი გავლენა აქვს საამიროებზე. მოკლედ, პოლიტიკურ იზოლაციაზე მიზანმიმართულად წამსვლელ ხელისუფლებას დიდად არ უნდა ჰქონდეს ამ ინვესტიციების იმედი, მით უფრო, თუ დასავლეთის ქვეყნებმა პოლიტიკურს ეკონომიკური სანქციებიც მოაყოლეს. აი, მაშინ კი ხელისუფლება სრულად დაკარგავს გავლენას საჯარო სივრცეზე და, ფაქტობრივად, ვეღარ შეძლებს მართვას, მოიშლება მთელი სისტემა”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ეს მძიმე იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. არადა, სწორედ იქით მიჰყავს პროცესი “ქართულ ოცნებას”. არის კიდევ ერთი მძიმე საკითხი - ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, რომელიც დასავლეთშია სამუშაოდ წასული და იქიდან გამოგზავნილი ფულით ოჯახებს ინახავს, უმრავლესობა არალეგალია, მათი გამოსახლება თუ დაიწყო, მაშინ რა იქნება? აღარაფერს ვიტყვი ვიზალიბერალიზაციაზე, მისი ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია - თუ ამათ ასე გააგრძელეს, აუცილებლად შეგვიჩერებენ და ასე, ნელ-ნელა აღმოვჩნდებით კედლის მეორე მხარეს - პუტინის რეჟიმის გავლენაში. ეს დამღუპველი იქნება “ქართული ოცნების” ელიტისა და მათი მსახური ბიზნესისთვისაც. ამას როგორ ვერ ხვდებიან?! ჩემი აზრით, მშვენივრად ხვდებიან, მაგრამ ძალაუფლების დათმობა იმდენად არ სურთ, მზად არიან ქვეყნის და საკუთარი მომავალიც სასწორზე შეაგდონ. ამჟამად გარკვეულწილად პატური სიტუაციაა, ხელისუფლება ვერ ახერხებს პროტესტის აღკვეთას და ვერც პროტესტი ახერხებს, რომ აიძულოს ხელისუფლება დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, 2-3 თვეში უკვე გაირკვევა რაღაც და დაიწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

სერბული სცენარის ქართული ვარიაციები - ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები “თბილისი მოლთან”

“როგორც მოსალოდნელი იყო, კვირას “თბილისი მოლთან” მთავარი ავტომაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა, სიტყვიერ დაპირისპირება და დაკავებების სერია მოჰყვა. დემონსტრანტებმა პირველ ეტაპზე გზის ერთი მხარე ჩაკეტეს და მაგისტრალის სრულად დაკავებას აპირებდნენ, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ უწყვეტის საპროტესტო გამოსვლებისას, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და დაპატიმრებები. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია და თენგო თევზაძე. შსს-მ 1-ლ თებერვალს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა მოწოდებით, რომ პროტესტის მონაწილეებს არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამის წინა დღეს, 31 იანვარს კი ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, სადაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში შევიდა და შესაბამისად, მათი ბლოკირება და გადაკეტვა უკვე კანონით ისჯება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სერბული სცენარის ქართული ვარიაციები - ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები “თბილისი მოლთან”.

“ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 2 თებერვლის აქციაზე გზის სრულად გადაკეტვისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა პოლიცია ცდილობდა ხალხი ჯგუფებად დაეყო. “მსვლელობაზე პასუხი არ აქვთ და ახლა სხვადასხვა ადგილებში ცდილობენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან გაყონ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ხალხს და ვეუბნებით, რომ ხელოვნურად ნუ ძაბავენ სიტუაციას. უნდათ, რომ დაყონ ხალხი ცალ-ცალკე ჯგუფებად. ეს არ გამოვა - პროტესტია, ერთად ვართ, მსვლელობა ერთიანია და გვინდა, რომ ერთად ვიყოთ”, - აცხადებდა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ დაძაბულობა “თბილისი მოლთან” სერბულ სცენარს ჰგავს, როდესაც ბელგრადის მთავარი მაგისტრალის 24 საათიანი გადაკეტვის შემდეგ მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, იმის გამო, რომ სერბეთსა და საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, შესაძლოა ჩვენთან მოვლენები განსხვავებული სცენარით წავიდეს. აქციის ორგანიზატორებმა ავტობანის გადაკეტვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღეს, რაც ანალოგიური საპროტესტო აქციის შედეგად სერბეთის ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ მილოში ვუჩევიჩის გადადგომას მიაღწია...” - აღნიშნავს გამოცემა.

“ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთშიც რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. 28 იანვარს კი, რაც ოპოზიციამ ბელგრადის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის 24 საათით გადაკეტა, პრემიერმა ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისათვის, სერბეთში ორთვიანი საპროტესტო გამოსვლები რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროტესტანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ... 31 იანვარს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს და რომელიც 1-ლი თებერვლიდან შევიდა ძალაში. დადგენილების მიხედვით “სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას” “საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები” დაემატა”, - განაგრძობს გამოცემა.

“განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად და/ან არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შსს-მ 1-ლ თებერვალს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდა, რომ “თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან - წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს”. ამის საპასუხოდ, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები აცხადებენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ანუ დადგენილების გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე. საიამ აქციის წინ საგანგებო განცხადებაც გაავრცელად, მოუწოდებდა შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს, “დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა”, - დასძენს გამოცემა.

“გარდა ამისა, აქციის წინა დღეს პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, ესეც პირდაპირ კავშირში იყო 2 თებერვლის აქციასთან. “1-ლ თებერვალს აქტივისტების, მათ შორის, ილო ღლონტის, ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის, საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება... საგამოძიებო მოქმედებებს რიგ შემთხვევაში (ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად) თან ახლდა სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან. მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების (მსუსხავ) ეფექტს, რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება”, - ნათქვა საია-ს მიერ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. კვირას 4 საათიდან საათიდან მოქალაქეებმა “თბილისი მოლთან” შეკრება დაიწყეს, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებული იყვნენ საპოლიციო ძალები”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს. შსს-ს განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა იყო დაგეგმილი. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია სერბული სცენარის გამოყენებით საპროტესტო მუხტის იმ დონეზე აწევას, რომ ხელისუფლება დათმობაზე წაიყვანოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე. „ეს გარკვეულწილად ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რადგან რაოდენობრივი პარამეტრები გამოიწვევენ ახალ თვისობრივობაში გადასვლას. თუ დიდი რაოდენობის ხალხის მობილიზება მოხდება, ხელისუფლება უკვე იძულებული იქნება რაღაცა დათმოს. გზის გადაკეტვა მუდმივად არ მოხდება, მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება მსგავსი აქციებიც ვიხილოთ სხვადასხვა ლოკაციებზე”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, ”ხელისუფლება ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ რეპრესიები განახორციელოს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ამ რეჟიმისგან ყუველაფერი მოსალოდნელია - თითქოს მომიტინგეების მხრიდან სტრატეგიული ობიექტების დაკავება ხდება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მოსალოდნელი აქციებით შეშინებულია. მით უმეტეს ამას ემატება ისიც, რომ სანქციები უფრო და უფრო მკაცრდება”, - თვლის ჩიტაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. “თითქოს იგივე ხელწერაა, რაც სერბეთში მოხდა, მაგრამ მარტო სერბეთის შემთხვევა არ მახსენდება, ანალოგიიური ხელწერა იყო რუსეთისგან მოწყობილ აფხაზეთის კონფლიქტში, როცა გარკვეულმა ჯგუფებმა ანალოგიური საერთაშორისო მნიშვნელობის რკინიგზა გადაკეტეს, საქართველოს ტვირთების შეუფერხებლად მიწოდება მოსთხოვეს და ამიტომ საქართველოს ჯარი აფხაზეთში შევიდა. ამას ის მოჰყვა, რომ რუსეთი აფხაზების მხარეს დადგა. ჩვენ ამ სტილში ერთი ტრაგედია უკვე გადავიარეთ”, - ამბობს საყვარელიძე. მისი აზრით, “ამან თუკი შედეგი გამოიღო, ეს ტრაგედია აღმოჩნდება ისევ ქართველებისთვის”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ოპოზიციას ჩანაფიქრი აქვს, რომ როგორმე ხელისუფლება ძალადობაზე გამოიწვიოს. საზღვარგარეთიდან ვნახეთ რჩევები ოპოზიციის მისამართით, რომ ნაკელი უნდა დაუყარო პროტესტის ნიშნადო და ა.შ. ესეც ხომ საზღვარგარეთის რეკომენდაციითაა გაკეთებული?” - ამბობს რამაზ საყვარელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს რომ სერბეთს უფრო პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს, ვიდრე საქართველოს, თუმცა ეს სცენარიც “ნაწილობრივ გამოადგება” ოპოზიციას, საყვარელიძე კი ამტკიცებს, რომ რომ ქართულ ოპოზიციას სერბეთის სცენარი არ გამოადგება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს სერბული სცენარი ნაწილობრივ გამოადგება. სერბეთშიც გაყალბდა არჩევნები, სადაც რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლებაა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, უფრო მეტად პასუხისმგებელი ხელისუფლება ჰყავთ, ვიდრე აქ. თუნდაც ახლა პრემიერ-მინისტრმა იგრძნო პასუხისმგებლობა, რომ გადადგა. თან სერბეთში უამრავი ადამიანი გამოვიდა. საქართველოს რაც შეეხება, რთულია ხელისუფლება უწოდო და საჭიროა, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს. ადამიანები, რომლებიც ორჭოფობენ, “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“სერბეთის ისტორიაში ისე არ ვარ ჩახედული, რომ გავიგო შინაგანი მექანიზმები რა იყო. მეეჭვება, რომ მარტო საპროტესტო აქცია ყოფილიყო, რადგან აქცია არავის არ აიძულებს, რომ გადადგეს, იქ სხვადასხვა სირთულეები გროვდება და გადადგომას გადაწყვეტს ხელისუფალი, თუკი ის ამ სირთულეებს ზოგადად ვერ უვლის და არა კონკრეტულად საპროტესტო აქციის გამო. ჩვენთან ჯერჯერობით სხვა კრიზისი, გარდა ამ მოძრავი საპროტესტო აქციისა, არ არის. არც პრემიერის გადადგომაა მოსალოდნელი და არც რაიმე სხვა გართულება. მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია ჩაერევა და დაიცავენ მაგისტრალს. ამ ჭიდაობაში ტელეფონი ყველას აქვს, გადაიღებენ მომხდარ შეჯახებას, გაუგზავნიან დასავლეთს და დასავლეთიც აყვირდება, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელს ნუ ჰკიდებთო და აღარ დააკვირდება ეს პროტესტანტი უბრალოდ აპროტესტებს, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზას კეტავს. ოპოზიციისთვის დანარჩენი არცაა მე მგონი მნიშვნელოვანი, თუმცა სერბული სცენარი საქართველოს არ გამოადგება, რადგან საქართველოში არ ჩანს ის სირთულეები, რამაც ხელისუფლებას გადადგომისკენ უნდა უბიძგოს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ირაკლი მელაშვილი - “ოცნება” ცდილობს ჩაჭრას ყველა ბერკეტი, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს საქართველოზე ზემოქმედებისთვის”

“ვფიქრობ, ხელისუფლებას გაცნობიერებული არც აქვს, რა შეიძლება მოხდეს, თუ მზია ამაღლობელის მდგომარეობა გაუარესდება. ორი პარალელური პროცესია - მთავრობა თავისას აკეთებს, ბოდიში და, უბერავს, ხოლო ქუჩაში დგას ხალხი, რომელიც აპროტესტებს, მაგრამ პოლიტიკური პროცესიდან გამოსავალი არ ჩანს, მეტიც, პოლიტიკური პროცესი არც მიმდინარეობს. ქვეყანა დაასანქცირეს, ხელისუფლება გამოვიდა ევროპული სტრუქტურებიდან. ძალიან საინტერესოა, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს - ცდილობს ჩაჭრას ყველა მოქმედების ბერკეტი, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს საქართველოზე ზემოქმედებისთვის. გავიდნენ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებიდან, იმიტომ, რომ მოთხოვნები უნდა შეესრულებინათ პროცესის გასაგრძელებლად. გავიდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდანაც, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებასა და მსგავს საკითხებზე მუშაობს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას “ევროპის სინდისს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული ოცნება” ცდილობს ჩაჭრას ყველა ბერკეტი, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს საქართველოზე ზემოქმედებისთვის”.

“ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დასავლეთთან ურთიერთობის ყველა იმ ფორმატის მოშთობა დაიწყო, სადაც შეიძლება დასავლეთმა მათ ადამიანის უფლებების დაცვისთვის მოთხოვნები წაუყენოს, მოსთხოვოს ახალი არჩევნების დანიშვნა და ა.შ. ჰგონიათ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტებს წაართმევენ საერთაშორისო ორგანიზაციებს - აი, ასეთია “ქართული ოცნების” პოლიტიკა. რამდენად გვაწყობს ეს, ოპოზიციური სპექტრისა და ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, რადგან მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი გავლენა ექნება დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაზე, მით მეტად შევძლებთ მოქმედებას. ფაქტია, ჯერჯერობით ქუჩიდან არანაირი ბერკეტი არ იქმნება. კი, არის გამოსვლები და ხელისუფლება ამას შეეგუა, მით უმეტეს, არანაირი პოლიტიკური მოთხოვნები არ დგება, ხელისუფლებასთან არ არის არანაირი კონტაქტი, არ არსებობს ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ და პოლიტიკურ პროცესებს დაიწყებენ. ხელისუფლება ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს მასზე ზემოქმედების ბერკეტები. მე სულ ეს კითხვა მაქვს - ხომ არ იქნება უპრიანი ხელისუფლებასთან შეხვედრა, ყველაფრის დოკუმენტებით დამტკიცება და მასზე ზეწოლა? ამბობენ, აზრი არა აქვსო, მაგრამ აზრი თუ არა აქვს, მაშინ სადამდე მივალთ? ასე ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, აქციებს აზრი არა აქვსო, და უნდა შეწყდეს?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“გასაგებია, ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერი გზით, შეამციროს ზეწოლა საკუთარ თავზე და ზემოქმედების ბერკეტები მოუსპოს დასავლეთს. ამიტომაც გადის ყველა იმ ორგანიზაციიდან, სადაც შეიძლება მოთხოვნები წაუყენონ. ქვეყანაში უზარმაზარი საპროტესტო მოძრაობაა, მაგრამ მას ხელისუფლებასთან შეხება არა აქვს. კი დგანან ქუჩაში და გაიძახიან, პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო, მაგრამ ეს არ კმარა. ვფიქრობ, ტაქტიკის შეცვლა, რაღაცებზე დაფიქრებაა საჭირო, რომ გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე. ცუდი ის არის, ერთი ნაწილის ნებისმიერ ცდას, რომ რაღაცა გადავიაზროთ, რაღაც საკითხები დაისვას, ნებისმიერ კრიტიკულად დასმულ კითხვას ვიღაცების დიდი აგრესია ხვდება (სხვათა შორის, ამას უკვე ახალგაზრდებიც ამბობენ), არანაირი კონტაქტი, არანაირი დიალოგი, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩვენ ქუჩაში უნდა ვიდგეთ, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა გამარჯვებაო. ჩემი აზრით, ფიქრი ყოველთვის საჭიროა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ტაქტიკა, რა გზა უფრო მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის ამ ვითარებაში - ის, რომ არანაირი კონტაქტი არ არის, თუ ის, რომ შეიძლება შეხვედრა, მოთხოვნების წაყენება, არგუმენტებით მსჯელობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თორემ ყოველდღე გამოვდივართ, პატიმრები შიმშილობენ და პროცესებს ძვრა არ ეტყობა. ცვლილებებია საჭირო, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის არსისა და მეთოდების გამოკვეთა და დახვეწა. ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც. მოგვწონს თუ არა, ასეთი ოპოზიცია გვყავს. უბრალოდ, ოპოზიციამაც უნდა გაიგოს, რომ პოზა, რომელიც უკავიათ, რომ არსებობს 4 პოლიტიკური პარტია და დანარჩენები არაფერს წარმოადგენენ, შესაცვლელია. ყველა წარმატება, რომელიც იყო საქართველოში, 2003 წელს იქნებოდა, 2012-ში თუ მანამდე, იყო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანდებოდა და არ ითვლიდნენ პროცენტებს, ვის რამდენი აქვსო. თუ ერთიანობაზე, კოორდინირებაზეა საუბარი, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც მიზანი აქვს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, მით უმეტეს, ამ 4 პოლიტიკური პარტიიდან არც ერთს არ აქვს ახლა ისეთი რეიტინგი, რომ ვიღაცებს ზევიდან უყუროს. არ გვყავს დღეს ისეთი პოლიტიკური ლიდერები პარტიების სათავეში, როგორიც თავის დროზე იყვნენ, ვთქვათ, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ჟვანია”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ზოგს ავტორიტეტი ჰქონდა, ზოგს დიდი რეიტინგი, ზოგსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ასეთი გამოკვეთილი ლიდერები ჩვენ არ გვყავს ახლა ოპოზიციაში, რომ ვიღაცამ ვიღაცასთან დაჯდომა იუკადრისოს. ამიტომ ვფიქრობ, ოპოზიციამაც ცოტა განახლებისა და გაძლიერებისკენ, გამსხვილებისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი. უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია, არ უნდა ჩაიკეტოს ეს 4 პოლიტიკური პარტია საკუთარ თავში, მით უმეტეს, რომ არა აქვთ დიდი მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სცენარი უფრო გაზაფხულისკენ არის მოსალოდნელი, როდესაც არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური პერიპეტიების მთავარი ხაზი არის საქართველოს დაშორება ევროკავშირიდან და ამის ეკონომიკური შედეგები დაიწყებს დადგომას. მთავრობამ გამოაცხადა, რომ წინა წელს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. რამდენადაც ვიცი, ამ ციფრებს არ ეთანხმება მათ შორის სამთავრობო უწყებების ნაწილი. მე მაქვს ხშირი კონტაქტი ბიზნესმენებთან, ტელეეთერებშიც ვისმენთ სპეციალურ ეკონომიკურ გადაცემებში, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიზნესის აქტივობა, შემცირებულია ინვესტიციები, მძიმე მდგომარეობაშია ტურიზმი, სამშენებლო ბიზნესი, გაყიდვები გაჩერდა, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ფულსაც ვეღარ უხდის მომწოდებლებს - ანუ ჩვენ ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ. ჯერ ეს თითქოს ხელშესახები არ არის, მაგრამ გაზაფხულისთვის, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი გახდება”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“ბოლო დღეებში დაწყებული რეპრესიების ახალი ტალღა, როდესაც სახლში მაშხალის ქონისთვის აკავებენ აქტივისტებს, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს უფრო გაამკაცროს რეჟიმი, კიდევ აქვს იმედი, რომ შიშით გადატეხენ სიტუაციას. როგორც კი ხალხის მასა შემცირდება რუსთაველზე, ფიქრობენ, კარგი დროაო, და მაშინვე იწყებენ რეპრესიების ახალ ტალღას. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ხალხი მუდმივი დაპირისპირების რეჟიმს ვერ გაუძლებს და ცდილობენ, ამას “ხელი შეუწყონ” რეპრესიებით. თუმცა ხელისუფლების მდგომარეობა მაინც სულ უფრო და უფრი მძიმდება. ევროსაბჭოდან დელეგაციის გამოწვევას შესაძლოა პირდაპირი ეკონომიკური შედეგები არა აქვს, მაგრამ სახელმწიფოს იმიჯზე უმძიმესი დარტყმაა. რუსეთიც იყო ერთი ასეთი ქვეყანა, რომელსაც გარიცხვას უპირებდნენ და თვითონ გავიდა. 60-იანი წლების ბოლოს, როცა საბერძნეთში ე.წ. შავი გენერლების დიქტატურა დამყარდა, მასაც გარიცხვას უპირებდნენ ევროსაბჭოდან და თავად გავიდა საბერძნეთის დელეგაცია. მსგავსი რამ ახლა ჩვენ ჩავიდინეთ. ეს კიდევ უფრო შეამცირებს იმის შესაძლებლობებს, რომ ჩვენი ეკონომიკა კარგად განვითარდეს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ხელისუფლება ეძებს ჩანაცვლების ვარიანტს და იმიტომ წავიდნენ არაბეთში. “ოცნება” ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ცდილობს, რომელთაც თავად არა აქვთ დემოკრატია და არც სხვას სთხოვენ დემოკრატიული პრინციპების დაცვას. თუმცა ამ გზის ეფექტურობაში ეჭვი მეპარება, რადგან არაბული სამყაროსთვის დასავლეთთან ურთიერთობა ფინანსურად მილიონჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველოსთან და, თუ საქართველო და მისი ეკონომიკა სანქცირებული იქნება, არაბი ინვესტორები მოერიდებიან ასეთ ქვეყანაში ფულის ჩადებას. აგერ, ჩინეთისთვის რუსეთი ბევრად მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიდრე არაბული სამყაროსთვის საქართველო, მაგრამ ერთი თვეც არ გასულა და, როგორც კი რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესეს ამერიკელებმა, ფაქტობრივად, მთელი რუსული ხომალდები, რომლებიც ჩინეთის პორტში უნდა შესულიყვნენ, გაჩერდნენ ზღვაში, რადგან პორტებმა უარი თქვეს მათ მიღებაზე”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“სანქცირებულ საქართველოსთან არავის არ უღირს ურთიერთობა, არც ერთ ეკონომიკურ აგენტს არ მოუნდება, თუ ამას შეიძლება საფრთხე მოჰყვეს ამერიკულ და ევროპულ საბანკო სისტემასთან ურთიერთობებში. რაც შეეხება 6-მილიარდიან ინვესტიციას, ჯერ მხოლოდ მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმი მხარეების სურვილების დეკლარაციაა, ის არ აჩენს ვალდებულებებს. არაბულ კომპანიებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვან მის შესრულებაზე. მემორანდუმიდან ხელშეკრულებამდე დიდი მანძილია, მანამდე უამრავი რამაა გასაკეთებელი, პროექტები შესათანხმებელი... არ ვიცი, ხელისუფლების ინიციატივით თუ არა, მაგრამ მედიაში გაჩნდა რაღაც პროექტების რენდერები, მაგრამ არაბულმა კომპანიამ თქვა, რომ მათ პროექტი ჯერ არ შეუთანხმებიათ ქართულ მხარესთან. ეს მიანიშნებს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არ გამოვრიცხავ, ეს იყო შიდა პოლიტიკისთვის გამიზნული სვლა, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, თქვას, კი ამბობენ, თითქოს იზოლაციაში ვართ, მაგრამ როგორ ვართ იზოლაციაში, როდესაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია მოვიზიდეო”, - დასძენს მელაშვილი.

რას უპირებს “ოცნება” ოპოზიციის მანდატებს - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მთავარი თემები

“პარლამენტში 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგმილი. სავარაუდოდ, პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, შემდეგ მოისმენენ სახალხო დამცველის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებს. ამ დრომდე ღიადაა დარჩენილი ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნების დაკმაყოფილება მანდატების გაუქმების თაობაზე და პოლიტიკური მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ამ საკითხის განხილვაც არანაკლებ აქტუალური და ცხელი თემა იყოს. 150 კაციან პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით 89 დეპუტატი შევიდა, თუმცა დღეს მმართველ პარტიას 81 მანდატი აქვს, რადგან მას ოპოზიციის სტატუსით გამოეყო “ხალხის ძალა”, რომელსაც 8 მანდატი აქვს. ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პლატფორმა კი ბოიკოტის რეჟიმშია და არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, რომლითაც მათ ჯამში 61 მანდატი ერგოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უპირებს “ოცნება” ოპოზიციის მანდატებს - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მთავარი თემები.

“ოცნების” შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” 19 მანდატით. მათ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიმართეს პარლამენტს მანდატების დატოვების თხოვნით და ცესკოში სიაც ჩახსნეს. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას” აქვს 16 მანდატი, “ძლიერ საქართველოს” - 14, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის” - 13. ენმ-ის წევრები აცხადებენ, რომ მათ მანდატების დატოვების საკითხზე განცხადებები დაწერილი აქვთ. როგორც გია ჯაფარიძე ამბობს, “არ ერიცხება სახელფასო ანაზღაურება, არ აქვს დადებული საქართველოს პარლამენტის წევრის ფიცი” და დეკლარაციის შევსებაზეც უარს ამბობს. მანდატებზე უარს ამბობს და როგორც თავად აცხადებენ განცხადებები დაწერა “ძლიერმა საქართველომ”. “გახარიას საქართველოსთვის” წევრები კი ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ, თუმცა მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ “ქართულ ოცნებას” ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება აწყობს, თუმცა, მმართველი პარტია მაინც “ბოლო მომენტამდე შეეცდება” გაწელოს პროცესი. ხოლო “ხალხის ძალის” გასვლა ოპოზიციურ ფრაქციად, მისი შეფასებით, “წმინდა ფორმალისტური გადაწყვეტილებაა”. რაც შეეხება ოპოზიციას, ანჯაფარიძის თქმით, აქაც სიტუაცია 50/50-ზეა - შესაძლოა ჯერ არც აწყობდეთ მანდატების გაუქმება, რადგან, ჯერჯერობით, დასავლეთშიც არაა საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არჩევნების აღიარება-არაღიარებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ნაწილობრივ არც ოპოზიციას აწყობს მანდატების გაუქმება და არც ხელისუფლებას. თუმცა არც ისაა გამორიცხული “ოცნებამ” ხისტი გადაწყვეტილებაც მიიღოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეიძლება ერთი შეხედვით ხელისუფლებას ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება აწყობდეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბოლო მომენტამდე შეეცდება ეს არ გააკეთოს და ბოლომდე დატოვებს კარს ღიად იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა რომელიღაც ოპოზიციურმა პარტიამ, ვითარების ცვლილებების კვალდაკვალ, თავისი თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალოს და პარლამენტში შივიდეს. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ პარტია “ახალმა” და მის ირგვლივ შექმნილმა კოალიციამ გადაწყვიტა საბოლოოდ პარლამენტის დატოვება და შესაბამისი პროცედურებიც გაიარეს. სხვა დანარჩენ პარტიებთან დაკავშირებით ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. მაგალითად, იგივე გახარიას პარტიას ჯერ განცხადებები არ დაუწერიათ, ანუ ისინიც ღიად ტოვებენ საკითხს და შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან, ხელისუფლებისთვისაც უფრო მისაღებია პოლიტტექნოლოგიურად თუ ტაქტიკურად, რომ დაელოდოს და მხოლოდ ბოლო მომენტში გააუქმოს მანდატები. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შექმნილი სიტუაციის ფონზე, ხისტი გადაწყვეტილებაც მიიღოს და მანდატები პირდაპირ გააუქმოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ყველა ოპოზიციური პარტია უყურებს სიტუაციას - პოლიტიკური პროცესების დინამიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვვეტილებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ვინც ცოცხალი თავით არ შედიოდა პარლამენტში, შემდეგ ევროპიდან მათ უთხრეს, რომ უნდა შეხვიდეთო და რადგანაც ევროპამ ის არჩევნები აღიარა, მათ სხვა გზა არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. რადგან, რომ არ შესულიყვნენ, ალტერნატივა იყო მარგინალიზაცია. კი, ახლა ამბობენ, რომ არ შევალთ პარლამენტში და ის ლეგიტიმური არააო, მაგრამ შემდეგ, თუ სიტუაცია შეიცვალა რაღაც გარემოებებით, მაგალითად აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდა, მათ ეს ხელისუფლება სცნეს და ამის კვალობაზე ევროპამაც გადახედა თავის პოზიციებს, მაშინ მათ სხვა გზა არ დარჩებათ - ერთი გამოსავალია ქუჩაში დგომა და, ჩემი აზრით, ეს უარესი არჩევანია. უკეთესი არჩევანი პარლამენტშო შესვლაა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება ენმ-ის ხელისუფლების დანაშაულების შემსწავლელ კომისიას, რთულია საუბარი რა საკითხები წამოიწევა წინ. ვფიქრობ, ამ კომისიის მუშაობაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომში “ნაცმოძრაობის” როლი და ამას პრინციპში “ოცნება” არც მალავს. თუ იქ გამოიკვეთა ისეთი დეტალები, რომელიც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებას ამხელს იმაში, რომ მათ ამ ომის ინიცირება მოახდინეს რაღაც გარე ჩარევით, ან საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ამ პარტიისთვის ფაქტიურად სასიკვდილო პოლიტიკური დარტყმა იქნება. საგარეო თვალსაზრისით არ ვიცი “ქართული ოცნება” რამდენად შორს წავა. აქ შეიძლება ისეთი სახელები ამოტივტივდეს, - ვგულისხმობ გარე აქტორებს, - რომელთა საჯაროდ გამოფენა, შესაძლოა, “ოცნებას” არ აწყობდეს. მაგრამ ეს არის ჰიპოთეტური მსჯელობა. უნდა ვნახოთ კომისია როგორ იმუშავებს და პერიოდულად გავიგებთ რა საქმეები წამოიწევს წინ. მაგრამ, „ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით, ასე მგონია, რომ აგვისტოს ომის თემა ერთ-ერთი წამყვანი იქნება”, - დასძენს ანჯაფარიძე.

“უბნიდან გამიტაცეს, ან უნდა მოვეკალი, ან დავესახიჩრებინე” - გორელი აქტივისტი ვახო ფიცხელაური

“რუსთაველზე გორიდან ჩემი მანქანით დავდივარ და სხვებიც დამყავს. აქამდე 2-ჯერ დამაჯარიმეს (1000-1000-ლარიანი ჯარიმები გამომიწერეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, რაც ფონდებმა გადამიხადეს). დარბევაში არასდროს მოვყოლილვარ, მაგრამ რაღაცნაირად ველოდი ამ ამბავს, რომელიც ჩემს ეზოშივე მოხდა. სამსახურიდან სახლში გადავედი, ახლოს მაქვს მაღაზია, ნახევარი საათი გავჩერდი, ჩემს 2 და 4 წლის პატარებს ვეთამაშე. იმ დღეს აქციაზე ვერ ვახერხებდი წასვლას. ამ დროს სტუმრები მოვიდნენ და მეუღლემ მთხოვა, მარკეტიდან პროდუქტი ამომეტანა. სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი მანქანის უკან სამარშრუტო მანქანა “ფორდ ტრანზიტს” გასასვლელი ჰქონდა ჩახერგილი. მძღოლმა მთხოვა, მოდი, ძმურად, ვერ ვქოქავთ და მიწოლაში დაგვეხმარეო. მეც დავიწყე მიწოლა და უცებ მანქანიდან მეორე გადმოხტა, საბარგულს ახადა, ხელი მკრა და შიგნით შემაგდო. სამნი იყვნენ და როცა მანქანაში ჩამაგდეს, სამივემ ნიღაბი აიფარა. ვეკითხებოდი, ამიხსენით, ვინ ხართ, რა გინდათ-მეთქი. არაფერი გვინდა, ვიცით, ვინც ხარ და უნდა მოგკლათო”, - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე დაუმორჩილებელი ადამიანი ვარ”.

“გამეტებით მირტყამდნენ, კასტეტით მცემდნენ, მე სახეს ვიფარავდი. ამასობაში ჯიბიდან ტელეფონი ამომივარდა, აიღეს და თავში რამდენჯერმე ჩამარტყეს. ყველაფერი წამართვეს - საფულე, გასაღები, ტელეფონი, ყურსასმენები, ანუ თან გამძარცვეს. მერე მოშორებულ ადგილზე წამიყვანეს, სადაც მინდორი და ბარაკებია, გზადაგზა კი ცემას განაგრძობდნენ. სახეზე ხელს ვიფარებდი, ისინი კი მეუბნებოდნენ, სახეს ტყუილად მალავ, მაინც უნდა დაგამახინჯოთო. ისე ვიყავი ნაცემი, რომ არ ეგონათ წინააღმდეგობას თუ გავუწევდი. მანქანა როცა გააჩერეს და საბარგულს ახადეს, ფორთხვით მარცხენა ფეხი ჩამოვყავი და ყვირილი დავიწყე. ცოტა დაიბნენ, მეორე ფეხსაც ძალა დავატანე და ვისაც შიგნით ვეჭირე, ხელი გავაშვებინე, გადმოვხტი, მაგრამ გაქცევის თავი არ მქონდა, დავიხარე, ვითომ ქვას ვიღებდი და ამ დროს ყვირილს მოვუმატე. ჩემს ბედზე ვიღაცამ კოტეჯში შუქი აანთო და ეგრევე გაიქცნენ. არ ვიცი, ვინ იყვნენ, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახო ფიცხელაური.

“არც გამოძიების იმედი მაქვს და არც ჩანაწერებს გვაძლევენ - საიდანაც გამიტაცეს მინიმუმ 5 კამერა მაინც არის, სადაც უეჭველად უნდა ჩანდეს მანქანაც და ის პირებიც. შესაბამისად, ეს ზონდერები უკვე დაჭერილი უნდა იყვნენ. ერთ კაცს ვთხოვე ჩანაწერის ამოღება, რომლის სახლთანაცაა ვიდეოთვალი დამონტაჟებული, დამთანხმდა და წამოსვლიდან ერთ საათში მწერს, იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ვერ მოგცემო. დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები რომც იპოვონ, გაუშვებენ. მე დაუმორჩილებელი, თავისუფალი ადამიანი ვარ. აქციებზე სულ დავდივარ, ვაპროტესტებ როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა. შვილებს რუსეთში არ ვაცხოვრებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. როდესაც სააკაშვილის პოლიციური რეჟიმი არ მომწონდა, ოპოზიციაში ჩავდექი და არჩევნებზე “ოცნებას” დავუჭირე მხარი. როცა შევატყვე, რომ არაფრის გამკეთებლები და არასწორები იყვნენ, მას მერე ოპოზიციაში ვარ”, - განაგრძობს აქტივისტი.

“მობილურების შემკეთებელი ვარ, მაქვს ჩემი სერვისცენტრი, ჩემით ვისწავლე მობილურების პროგრამირება. ყველას მინიმალურ ფასად და კეთილსინდისიერად ვემსახურები. ქალაქში პატივს მცემენ. სამსახურში ევროკავშირის და საქართველოს დროშები მაქვს გამოკრული, იქ ხშირად გვიწევს პოლიტიკაზე საუბარი და ზუსტად ვიცი ხალხის განწყობა. უმრავლესობა პროევროპელია, ზოგი დაშინებულია, ზოგზე პროპაგანდა მუშაობს...” - დასძენს ვახო ფიცხელაური და შეკითხვაზე - “თქვენი გატაცება, სავარაუდოდ, შიშის დათესვას ემსახურება”, - პასუხობს:

“წუთითაც არ დავიხევ უკან. გორში ბევრი მიცნობს და ახლა უფრო გამიცნეს, რასაც იმაში გამოვიყენებ, კიდევ უფრო მეტი ხალხი რომ შემოვიკრიბო. მიუხედავად იმისა, რომ ნეკნი მაქვს ჩატეხილი და გამოკითხვებზე რომ არ ვყოფილიყავი სასიარულო, დღესაც რუსთაველზე ვიდგებოდი. ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც დაშინდა, მე ეგეთი არავინ მინახავს. ბევრი საქმე და ვალდებულება მაქვს, მათ შორის ბანკის, ჩემი შრომით ყველაფერს ავუდივარ, აქციებზეც ჩემი ხარჯით დავდივარ, დამოუკიდებელი ვარ და ვინ უნდა დამაშინოს? ადრე ოჯახის წევრები გააფრთხილეს, გაჩერდესო. ამან რომ ვერ იმუშავა, დარჩა ეს ვარიანტი, რომ ვეცემე. იმდენად სუფთად ვცხოვრობ, ჩირქს ვერ მომცხებდნენ, ვერაფერს ჩამიდებდნენ, რაც მომიხერხეს ესაა - უბნიდან გამიტაცეს, ან უნდა მოვეკალი, ან დავესახიჩრებინე. მე ხომ ერთი არა ვარ, სხვებსაც უსწორდებიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეჟიმი სწრაფი ტემპით ცდილობს მოიშოროს ყველა ის, ვინც ხმაურობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამაოა მათი ცდები”.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს