ქართული პრესის მიმოხილვა

ქართულ-ოსური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდარუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას იწყებსზურაბ ნოღაიდელი - "ევრაზჰოლდინგთან" კონტრაქტის ჩაშლაში საქართველოს ხელისუფლებას წვლილი არ მიუძღვის  

ოპოზიცია საკრებულოსა და მერის არჩევის ახალ წესს აპროტესტებს

"დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად, თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების წესის შეცვლას ითვალისწინებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირების მიზეზი ხდება. ხმაურიანი განხილვა გუშინ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. ოპოზიციის განცხადებით, კანონპროექტი მათ ეროვნული დაუმორჩილებლობის გარდა სხვა გზას არ უტოვებს.

მერისა და საკრებულოს არჩევნების წესთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება დღევანდელი ქართული პრესის ერთ-ერთი მთავარი თემაა. "დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ქართული გაზეთების შეფასება ერთმანეთის იდენტურია. "ოპოზიცია სახალხო დაუმორჩილებლობით იმუქრება", - "რეზონანსი", "ოპოზიცია ახალ რევოლუციაზე ალაპარაკდა" - "24 საათი", "ქართული პოლიტიკური ბომონდი დიდი ბრძოლისთვის ემზადება", - "ხვალინდელი დღე", "ოპოზიცია სამოქალაქო ომის შესაძლებლობასა და ხელისუფლების უზურპაციაზე ალაპარაკდა", - "ახალი თაობა", "ხელისუფლებამ ოპოზიცია "გადააგდო", - "ალია".

"თბილისის საკრებულოს არჩევნების ახალი სქემა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა შეიმუშავა, ოპოზიციას უკიდურესად აღიზიანებს. "დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას ახალი რევოლუციისკენ მიაქანებს", - აცხადებს "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი, რომელიც იქვე მუქარით დასძენს, რომ რევოლუციური გადატრიალებების დიდი გამოცდილება აქვს და ამ საქმეში არასდროს დამარცხებულა", - წერს გაზეთი "24 საათი".

გამოცემა დღევანდელ სტატიაში საკრებულოს არჩევნების სავარაუდო სქემასაც მიმოიხილავს. ამ პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს წევრთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რიცხვი 25-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. როგორც "24 საათი" წერს, ამოსავალ წერტილად მიჩნეულია თბილისის ელექტორატის რაოდენობა - 533 ათასი ამომრჩეველი (ცსკ-ს მონაცემებით), საიდანაც დგინდება ერთი მანდატის "წონა" - ის 22 ათასი ამომრჩევლის ხმის ტოლფასია. გაზეთ "ახალი თაობის" სტატიის მიხედვით, ამ წესის თანახმად, თბილისი უბნებად იყოფა, ზიგიერთი უბანი ერთ დეპუტატს აირჩევს, ზოგი კი სამს. თითოეული პარტია დეპუტატობის კანდიდატთა სიებს თბილისის 10-საარჩევნო ოლქში ცალ-ცალკე წარადგენს. კონკრეტულ უბანში გამარჯვებული პარტია უბნის ყველა მანდატეს იღებს. თუმცა, გარკვეულ მანდატებს 4-პროცენტგადალახული პარტიებიც მიიღებენ. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ახალი კანონპროექტის თანახმად, მას საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს.

"საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მობილიზაცია გამოცხადებულია. ქართული პოლიტიკური ბომონდი დიდი ბრძოლებისთვის ემზადება და შესაძლებელია, რევოლუციამდელი პოლიტიკური აქტივობის რეკორდიც მოხსნას. მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც ერთი წლის შემდეგ უნდა გაიმართოს, დაიწყო", - აღნიშნავს გაზეთი "ხვალინდელი დღე" დღევანდელ სტატიაში.

საპარლამენტო ოპოზიციამ გუშინ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად, დემონსტრატიულად დატოვა. უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ კანონპროექტი საკმაოდ დემოკრატიულია და ოპოზიციას "არაფრისგან სკანდალის აგორება სურს".

"ოპოზიცია ერთიანდება. "რევოლუციას მოგიწყობთ", - ეს სიტყვები მათ ეკუთვნით, ვინც საკრებულოს არჩევნების ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში ან პოლიტიკიდან წასვლით ან სახალხო დაუმორჩილებლობის დაწყებით იმუქრება. "კონსერვატორებს, "რესპუბლიკელებს" და "მემარჯვენე ოპოზიციას" "ლეიბორისტებიც" უერთდებიან. ისინი უმრავლესობის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც საკრებულოების ნახევრადამერიკული პრინციპით დაკომპლექტებას ითვალისწინებს", - აღნიშნავს "რეზონანსი". როგორც გაზეთის ჟურნალისტი წერს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა მყარდება, უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ამ წესით, თბილისის მოსახლეობას საკრებულოში მათთვის სასურველი პიროვნებების არჩევის საშუალება მიეცემა და ეცოდინება, ვინ იქნება მათთან ანგარიშვალდებული.

გაზეთ "ალიას" შეფასებით, "დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ოპოზიცია გავლენისა და პოლიტიკური მომავლის გარეშე რჩება. "რას იზამს ოპოზიცია? გაერთიანდება? საეჭვოა. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ეს ძველი, მყვირალა და სკანდალური ოპოზიცია თავიდან მოიშორონ და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ჩაუყენებენ სათავეში. ასე რომ, მოემზადეთ, პოლიტიკაში დიდი აზარტი იწყება", - წერს გამოცემა.

თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევის წესთან დაკავშირებით გუშინვე, კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა და მერის პირდაპირი წესით არჩევის წინააღმდეგ გამოვიდა. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები დღეს განიხილავენ.

სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ტონი გაამკაცრა

გუშინ მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართა. გაზეთ "24 საათის" სტატიის თანახმად, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი რაიმე მნიშვნელოვანი, პოზიტიური შედეგით არ დასრულებულა. გამოცემის ჟურნალისტი განსაკუთრებულად გამოყოფს ოსური მხარის მიერ ოთხმხრივი შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არ სურს.

გუშინვე, მოსკოვში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამოძიების მიზნით, შერეული ჯგუფის შექმნას ეხება. ამ ჯგუფის მუშაობაში რუსული მხარისა და ეუთო-ს მისიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

21 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა ოსური მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ ჟურნალისტებთან საუბრისას საკმაოდ სკანდალური განცხადებები გააკეთა. რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა ოფიციალური თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის კრიმინალიზაციაში დაადანაშაულა. მანვე აღნიშნა, რომ "თბილისს ომი სურს და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადასაჭრელად".

"წინასწარი ინფორმაციით, გუშინ საუბარი ცხინვალის რეგიონში ექვს ივნისს ოთხი ქართველის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გართულებულ მდგომარეობას შეეხებოდა", - აღნიშნულია "24 საათის" სტატიაში.

გუშინ მოსკოვში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შესახებ სტატიას გაზეთი "ხვალინდელი დღეც" აქვეყნებს. "რუსეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაციებმა და შს სამინისტროების წარმომადგენლებმა, რეგიონის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თუმცა, იმის გარანტი, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დარეგულირდება, კვლავ არავინ არის", - ასე აფასებს მოლაპარაკებების შედეგებს გამოცემის ჟურნალისტი.

სტატიის თანახმად, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, რომელმაც ეჭვი შეიტანა შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის ეფექტურიბაში, სხდომაზე განაცხადა, რომ თუ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ამ შეხვედრის შემდეგაც არ იქნება მიღებული გადამჭრელი ზომები, ქართული მხარე დაიწყებს ფიქრს, თუ "როგორ უნდა იქცეოდეს სუვერენული სახელმწიფო საკუთარი საზღვრის შიგნით და როგორც აგვარებდეს კანონის ფარგლებში საკუთარ პრობლემებს". შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე ხაინდრავამ კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის საკითხიც დასვა. მისი განცხადებით, რუსული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში კვლავ მადესტაბილიზირებელ ფაქტორად რჩება.

ამის საპასუხოდ, შერეული ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარემ, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაკინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების შენარჩუნებას კატეგორიულად მოითხოვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დესტაბილიზაციის მოსურნეები პროვოკაციებს ერთმანეთის მიყოლებით გეგმავენ, ქართული მხარე მაინც მოთმენის პოლიტიკას" ამჯობინებს და სახელმწიფო მინისტრის მკაცრი განცხადებების მიუხედავად, კონკრეტული "სადამსჯელო ზომების" მიღებას არ აპირებს", - წერს "ხვალინდელი დღე".

ნიშნავს თუ არა ხაინდრავას მიერ მოსკოვში წარმოთქმული ხმამაღალი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში სამოქმედო სტრატეგიას ან გეგმას შეცვლის? ამ კითხვით გამოცემის ჟურნალისტმა ქართველ ექსპერტებს მიმართა.

ექსპერტისა და პოლიტოლოგის ალექსანდრე რონდელის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა აშკარად მიანიშნებს, რომ ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში კონტროლის მექანიზმები უნდა გაამკაცროს. "ხაინდრავას განცხადება გამართლებულად მიმაჩნია. არა მგონია მისი მკაცრი ტონი საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე მიუთითებდეს", - აღნიშნავს რონდელი.

სახელმწიფო მინისტრის მკაცრ ინტონაციაში საფრთხეს ვერც კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ხედავს და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებაში ამიერიდან არაფრით გაივლებენ თავში ცხინვალის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას".

ორი ფრონტით "უმცროსი ძმების" წინააღმდეგ

"მოსკოვი ყოფილი "უმცროსი ძმების" წინააღმდეგ მორიგ აგრესიულ კამპანიას იწყებს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტირუსული განწყობის "ამოსაძირკვად", რუსეთი "ყველანაირ ძალას გამოიყენებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში "ორი დოკუმენტი მეზობლების დასასჯელად". როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ კუთხით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები ჩამოთვლილია რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკურ წერილში, რომელიც ამ დღეებში სახელმწიფო დუმაში გადაიგზავნა.

რუსული მსამედიისთვის დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია. "რეზონანსის" სტატიის თანახმად, მასში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი ეკონომიკური სანქციების გატარებას გეგმავს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც, თითქოს, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ "ქართველები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ანტირუსულ ქმედებებს ახორციელებენ, რასაც თან საჯარო მუქარებიც სდევს".

როგორც "რეზონანსის" ჟურნალისტი აღნიშნავს, პოლიტიკური ინფორმაციის მოსკოვის ცენტრის ხელმძღვანელს ალექსეი მუხინს ეჭვი არ ეპარება, რომ "ეს ჩანაწერი რუსეთის ხელმძღვანელობის საერთო განწყობას პასუხობს. მისი აზრით, მოსკოვმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება ზეგავლენის ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს იქ, სადაც პოლიტიკური ბერკეტები არ მუშაობს.

ამავე დროს, მოსკოვი ზეწოლას კიდევ ერთი მიმართულებით ახორციელებს და გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ევროსაბჭოშიც იწყებს. რუსი დეპუტატების ჯგუფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარადგინა რეზოლუციის პროექტი, სადაც უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ოპოზიციის პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი.

სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯების უკან "ფერადი რევოლუციების" მიმართ კრემლის შიში იმალება. "მაშინაც კი, როდესაც საქართველოში რევოლუციის ნიშნები გაჩნდა, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ თბილისში რევოლუცია არ მომხდარიყო. ამას აკეთებდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ან შევარდნაძის ბედი აინტერესებდა, არამედ, მათ მკაფიოდ ჰქონდათ გაანალიზებული, რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი მეზობელ ქვეყნებსაც მოედებოდა. საბოლოო ჯამში კი შეუძლებელია, რომ ამ რევოლუციურმა ტალღამ რუსეთის კარზე არ დააკაკუნოს", - აცხადებს სესიაშვილი.

რისი სიმპტომი შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთის საგარეო უწყება ასეთ არადიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს უფრო სალდაფონური ნაბიჯია ვიდრე დიპლომატიური. "რეალური შედეგები ალბათ არც ერთ ამ დოკუმენტს არ ექნება", - მიჩნევს პოლიტოლოგი. "თუ ეს არის ორმაგი თამაში საგარეო უწყების საშუალებით, მაშინ ლავროვის უწყება პუტინის პოლიტიკის მსხვერპლია. თუ ეს არის რუსული პოლიტიკის არაკოორდინირებულობა, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტს საგარეო უწყებაც კი არ ექვემდებარება, ეს უკვე რუსეთის პოლიტიკური სტრუქტურების ქაოსზე მიუთითებს, რაც კიდევ უფრო სახიფათოა", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

საპრივატიზაციო პროცესი არ შეფერხდება - აცხადებს საქართველოს პრემიერი

"საქართველოს ხელისუფლება საპრივატიზაციო პროცესების გაგრძელებას გეგმავს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში "მთავრობა ევრაზჰოლდინგის წასვლით შექმნილ პრობლემებს არ იმჩნევს".

"საქართველოს მთელი რიგი საწარმოების პრივატიზაცია კვლავაც გაგრძელდება და შემოსული თანხები საქართველოს ბიუჯეტს საკმაოდ დიდ შემოსავალს მოუტანს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. რაც შეეხება რუსული კომპანია "ევრაზჰოლდინგის" მიერ "ჭიათურმანგანუმის" შესყიდვაზე უარის თქმას, ნოღაიდელს მიაჩნია, რომ აღნიშნული კონტრაქტის ჩაშლა საქართველოს ბიუჯეტზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

როგორც სტატიაში აღნიშნული, გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ჩაშლაში საქართველოს ხელისუფლებას წვლილი არ მიუძღვის და პრობლემები თავად რუსულ კომპანიას შეექმნა.

"მთავრობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესების მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს მომავალში ეკონომიკის მინისტრი ალექსი ალექსიშვილი სპეციალურ ბრიფინგს ჩაატარებს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს პრი ვატიზაციასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს გააცნობს", - აღნიშნავს გამოცემა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე