მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებზე, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინული მხარის გარეშე ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლების მონაწილეობით საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებზე, იმაზე, ამ პროცესების ფონზე რატომ ხარობს საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე აღშფოთებას არ მალავს, ასევე იმაზე - თუ პროცესები აშშ-რუსეთს შორის, აშშ-ევროპას შორის იმ ტრაექტორიით განვითარდა, რომლის კონტურები მეტ-ნაკლებად ჩანს, როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, უკრაინა-რუსეთის ომის თითქმის სამი 3 წლის თავზე გამართული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და უკრაინა-რუსეთის საკითხებში აშშ სპეც წარმომადგენლის კელინის განცხადებებმა არა მარტო შეაზანზარა ის სამყარო, რომელსაც პირობითად „დასავლეთის სამყარო“ ერქვა, არამედ ამ სამყაროში არსებულ წინააღმდეგობები ნათლად წარმოაჩინა.
მიუნხენის კონფერენციის „შედეგის“ ყველაზე მკაფიოდ გამოხატულება გახლდათ მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვები იმის შესახებ, რომ „აშშ-სა და ევროპას ერთი ღირებულებები აღარ აქვთ“.
გამოითქმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებული ეპოქა დასრულებულია, რაც „ლიბერალიზმის“ იდეის კრახმა აშშ-ში განაპირობა, თქვენ როგორ დაინახეთ და აღიქვით ის, რაც 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხდა?
- თქვენ შესანიშნავად მოუყარეთ თავი იმ თემებს, რამაც, ჩემი აზრით, შექმნა „მიუნხენ-2025-ის ფენომენი“. მიუნხენი ხომ ბევრი პოლიტიკური ვულკანის ამოფრქვევის ადგილი იყო და ახლაც „ამოიფრქვა“. ამჟამად პოლიტიკურმა ვულკანმა ტექტონიკური ძვრები გამოიწვია და დააშორა ერთმანეთს ევროპა და აშშ.
ამერიკა-ევროპის დაშორების მიზეზები ადრიდან იწყება. სსრკ-ს დროს მსოფლიო ორპოლუსიანი იყო. ევროპას და ამერიკას სჭირდებოდათ ერთობაც და სჭირდებოდათ ნატოც, რათა ვარშავის ბლოკის მაგვარი პროცესებისგან და ნაციზმის განახლებისგან დაეცვათ თავი. დასავლეთის უსაფრთხოების დაცვის ლომის წილი მოდიოდა ამერიკაზე.
მერე სსრკ გაქრა, მსოფლიო გახდა მონოპოლარული და ევრო-ატლანტიკური ერთობის აუცილებლობამაც დაიკლო. თავად ევროპელები თვლიდნენ, რომ ნატო ზედმეტია. ამერიკა გახდა მსოფლიო ლიდერი. მის ამ როლს მოერგო დემოკრატიული პარტიის, ლიბერალების გლობალისტური კონცეფცია და ევროპაში, რომელმაც გადაიტანა ნაციზმიც და კომუნიზმიც, გავრცელდა მათთან დაპირისპირებული ლიბერალური იდეოლოგია. ამ ცვლილებების ფონზე უსაფრთხოების მოდელი დარჩა ძველი, ამერიკაზე ჩამოკიდებული.
მიუნხენი ხომ ბევრი პოლიტიკური ვულკანის ამოფრქვევის ადგილი იყო და ახლაც „ამოიფრქვა“. ამჟამად პოლიტიკურმა ვულკანმა ტექტონიკური ძვრები გამოიწვია და დააშორა ერთმანეთს ევროპა და აშშ
ამერიკით ევროპის დაცვის მოდელს დაუპირისპირდა ტრამპი პირველი გაპრეზიდენტების დროს, მიაჩნდა, რომ ევროპა ამერიკის ხარჯზე ნებივრობდა. ამერიკელ ლიბერალებს ეს დისბალანსი აწყობდათ, იგი უზრუნველყოფდა ლიბერალური იდეოლოგიის ბატონობას.
ევროპას კომფორტის ზონიდან გამოსვლა დაეზარა და კიდევ მეტად გალიბერალდა, ულტრალიბერალი გახდა. მაშინ ტრამპი დასავლეთის ულტრალიბერალებმა შემთხვევით მოვლენად მიიჩნიეს და თავდაცვის დისბალანსის მოშორების მაგივრად ტრამპის მოშორება მოისურვეს და მოახერხეს კიდეც.
ძალაუფლება რყვნისო და მსოფლიო ჰეგემონად დარჩენილმა ულტრალიბერალიზმმა თავისი კომფორტის უზრუნველყოფისთვის ხშირად დაურღვია კომფორტი ადამიანებს ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. ულტრალიბერალიზმმა ოჯახის, რელიგიის, ეთნოსის და კულტურის წესები დაანგრია, რისი მსგავსი პოლიტიკა გვინახავს - ასეთი იყვნენ საბჭოთა მემარცხენეები, ბოლშევიკები და ტროცკისტები, მათაც გლობალისტური იდეები ჰქონდათ და ახალი ადამიანის გამოყვანას ცდილობდნენ.
ამერიკით ევროპის დაცვის მოდელს დაუპირისპირდა ტრამპი პირველი გაპრეზიდენტების დროს, მიაჩნდა, რომ ევროპა ამერიკის ხარჯზე ნებივრობდა. ამერიკელ ლიბერალებს ეს დისბალანსი აწყობდათ, იგი უზრუნველყოფდა ლიბერალური იდეოლოგიის ბატონობას
ადამიანის ბუნებაზე წნეხი აჩენს ადამიანებში უკურეაქციას, რამაც ამერიკასა და მსოფლიოში გაზარდა კრიტიკული დამოკიდებულება ლიბერალიზმის რადიკალიზაციის მიმართ და ამერიკელებმა ხელმეორედ აირჩიეს ტრამპი. ამას ხელი შეუწყო უკრაინის ომმაც, სადაც ამერიკის ხარჯები კიდევ უფრო გაიზარდა და ამერიკელებში უთანასწორობის გრძნობა მოამწიფა - ამერიკელები იხდიდნენ საკუთარ ფულს იმ ომში, რომელიც მათ საერთოდ არ ემუქრებოდა. ამიტომ ტრამპის ძირითადი სლოგანი გახდა უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტა.
მიუხედავად ამ პროცესებისა, ლიბერალიზმის იდეის კრახზე ლაპარაკი ნაადრევი მეჩვენება, ჯერ კიდევ გრძელდება ბრძოლა უკვე ევროპაში. მომავალშიც, როცა კონსერვატიზმი გამეფდება და დაუშვებს შეცდომებს, ლიბერალიზმის იდეა განახლდება. გავიხსენოთ, ხავერდოვანი რევოლუციები „რესპუბლიკელებმა“ მოაწყვეს იმ ტექნოლოგიით, რაც მერე ლიბერალებმა გამოიყენეს.
თუმცა, გეთანხმებით, ვერც თანამედროვე ევროპული ლიბერალიზმი გამოიყურება ბაიდენზე უფრო მხნედ. ამასთანავე, ადრინდელისგან განსხვავებით ტრამპმა ახალგაზრდა მკაფიოდ გამოხატული კონსერვატორების ძალიან ძლიერი გუნდი შემოიკრიბა, რომელთაგან უკვე იკვეთება მომავალი პრეზიდენტის 4-5 კანდიდატურა. ეს ფონი ამცირებს ლიბერალების დაბრუნების შანსს უახლოეს მომავალში ტრამპის წასვლის შემდეგაც.
ამდენად, დაპირისპირებულ იდეოლოგიებად ამჟამად განიხილება კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი. ახლა უკვე გამოცხადებულია ლიბერალიზმთან ომი, რომლის პირველი ზალპი იყო ვენსის გამოსვლა მიუნხენში. ოღონდ ომი ტრამპის გუნდის დაწყებული არაა.
დაპირისპირებულ იდეოლოგიებად ამჟამად განიხილება კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი. ახლა უკვე გამოცხადებულია ლიბერალიზმთან ომი, რომლის პირველი ზალპი იყო ვენსის გამოსვლა მიუნხენში. ოღონდ ომი ტრამპის გუნდის დაწყებული არაა
პირველი ვადის დასრულების შემდეგ ტრამპმა მეორე ვადით რომ გადაწყვიტა პრეზიდენტობა, დემოკრატებმა არჩევნებზე ბევრი კვანტი დაუდეს და მარცხის მერე სასამართლოს სასამართლოზე უწყობდნენ, რომ მოეშორებინათ იგი პოლიტიკიდან. ტრამპი მიხვდა, რომ არ დაინდობდნენ, და თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყო საპასუხო სრულმასშტაბიანი ომი ლიბერალებთან.
ულტრალიბერალებთან ბრძოლის ნაწილია, რომ ტრამპი ცდილობს ლიბერალებს გადაუკეტოს მრავალმილიარდიანი შემოსავლების მიღების მექანიზმები, მაგალითად - ფონდები არასამთავრობოებისთვის, ან ომის დაფინანსების უკუგება. ამასთანავე ტრამპი ცდილობს შეასუსტოს დიფ სთეითი, როგორც ლიბერალთა კონცენტრაციის სივრცე.
იმისთვის, რომ ლიბერალებთან ბრძოლაში ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდეს, ტრამპმა ომის შეწყვეტის ერთ ერთ მიზეზად ღიად დაასახელა ამერიკელებისთვის გაუმართლებელი ხარჯები ომში - ვისაც რუსეთი ემუქრება, იმან გაწიოს ხარჯებიო, ამერიკა „ლამაზი ოკეანის“ იქით არისო. ამ პოზიციით ის ევროკავშირსაც დაუპირდაპირდა.
რეიგანის ფორმულის კალაპოტში მიმდინარეობს დღეს ტრამპის შეტევა ლიბერალებზე
დაპირისპირების მეტი გამწვავებისთვის ვენსმა ევროკავშირს დემოკრატიულ ღირებულებათა ღალატში დასდო ბრალი რუმინეთის არჩევნების და გერმანიის არჩევნებზე მუქარის მაგალითებით. ეს მაგალითები აჩვენებდა, რომ ულტრალიბერალიზმის დაცვა ლიბერალებისთვის დემოკრატიაზე მაღლა იდგა.
ანალოგიურმა მოვლენებმა ადრე რონალდ რეიგანს მისცა საბაბი, რომ ეთქვა - მომავალში ფაშიზმი ლიბერალიზმის სახით მოვაო. რეიგანის ფორმულის კალაპოტში მიმდინარეობს დღეს ტრამპის შეტევა ლიბერალებზე.
- მიუნხენის კონფერენციაზე მომხდარზე უამრავი აზრი გამოითქმის, ზოგი ცდილობს გაგებით მოეკიდოს აშშ-ს პოზიციას, ზოგი ფრთხილი ოპტიმიზმით იტოვებს აშშ-თან მიმართებაში გარკვეული ოპტიმიზმის იმედს.
ფაქტია, რომ ჯერ საუდის არაბეთის ქალაქ ალ-რეიდში გამართულმა აშშ-რუსეთის შეხვედრის შედეგებმა და ამ შეხვედრებზე მინისტრ ლავროვისა და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურებებმა, შემდეგ ფლორიდაში უკრაინის თემაზე ტრამპის განცხადებებმა „დასავლურ სამყაროს“ ოპტიმიზმის საფუძველი არ დაუტოვა.
დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი ცდილობს „რეალპოლიტიკის“ მამად აღიარებული კისინჯერის რჩევების შესრულებას და რუსეთთან დაახლოებით ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორებას. ეს იდეა აშკარად არარეალისტურად გამოიყურება ბევრი მიზეზის გამო.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ ელ-რაიდის შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, რაც სავარაუდოდ, იმასაც ნიშნავს, რომ აშშ მზადაა რუსეთის წიაღისეულზე წვდომის სანაცვლოდ „თვალი დახუჭოს“ რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიკავა.
ვიდრე უკრაინაში ტრამპის ფლორიდაში გაკეთებულ განცხადებებს შევეხებით, მანამდე კითხვა ალბათ ასე უნდა დაისვას - აშშ რუსეთისა და უკრაინის ნედლეულსა და წიაღისეულებისთვის ბრძოლაში და აშშ ჩინეთთან კონკურენციაში ჩაება?
თუ კი, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების გათვალისწინებით რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ომი უკრაინისა და რუსული წიაღისეულისთვის?
- ვინაიდან ტრამპის „ვულკანის“ ძირითად დეტონატორად მიმაჩნია მისი ომი ლიბერალებთან, მგონია, რომ ნედლეულის და წიაღისეულის საკითხებიც ტრამპმა ასე ადრე და საჯაროდ განაცხადა ამ პოლიტიკურ ომში გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ ზელენსკი და ევროკავშირი დაემცირებინა და შეევიწროებინა. ამ მიზნით კიდევ ბევრი რამ გააკეთა.
ეს ვარაუდი მაქვს იმიტომ, რომ თუ მხოლოდ ნედლეული უნდოდა, ომის პრობლემის მოგვარების შემდეგ ჩუმად გადადგმული ნაბიჯები უფრო იქნებოდა შედეგიანი ტრამპისთვის.
სწორედ პოლიტიკური მოტივის გამო მგონია, რომ რუსეთთან ნაკლებად იჭიდავებს ტრამპი. რაც შეეხება წიაღისეულს, რა თქმა უნდა, მათ მიღებაზე ტრამპი უარს არ იტყვის, პოლიტიკა და ეკონომიკა ხელს არ უშლიან ერთმანეთს, პირიქით
ამიტომ მეჩვენება, რომ ამ მოთხოვნების გამოცხადებას, ძირითადად, პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. სწორედ პოლიტიკური მოტივის გამო მგონია, რომ რუსეთთან ნაკლებად იჭიდავებს ტრამპი. რაც შეეხება წიაღისეულს, რა თქმა უნდა, მათ მიღებაზე ტრამპი უარს არ იტყვის, პოლიტიკა და ეკონომიკა ხელს არ უშლიან ერთმანეთს, პირიქით.
- უკრაინის თემაზე პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები დიდი განხილვის თემაა უკვე მესამე დღეა.
დამკვირვებელთა ნაწილი, მათ შორის ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები შენიშნავენ, რომ ფლორიდაში ტრამპის განცხადებები არსებითად ანტიუკრაინული იყო, რადგან გახლდათ აგრესორი რუსეთისა და პუტინისთვის „კოჭის გაგორება,“ მის მიმართ მაამებლობა და ლოიალობის დემონსტრირება.
ტრამპის განცხადებები სრულად იმეორებს რუსულ ნარატივს. განცხადებები იმაზე, რომ უკრაინაში არჩევნებია ჩასატარებელი, ზელენსკის რეიტინგი 4%, გახლავთ ის, რასაც კრემლი დიდი ხანია ითხოვს ომში ჩართული ქვეყნისაგან. არადა, ბოლო კვლევებით, ზელენსკის რეიტინგი 57%-ია. ზელენსკის მტკიცებით კი, ტრამპი „დეზინფორმაციის სივრცეში“ ცხოვრობს.
ტრამპის ნათქვამი რომ უკრაინა რუსეთს ომამდე უნდა გარიგებოდა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა ევროპა და ევროპული უსაფრთხოება. გარდა ამისა, ტრამპი ისე საუბრობს უკრაინაზე, თითქოს უკრაინა დაესხა თავს რუსეთს და არა რუსეთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიები დაიპყრო.
ტრამპი ამბობს - „უახლოეს თვეებში გამოჩნდება რომ პუტინს ომის დასრულება უნდა.“ ტრამპის მხრიდან უკრაინაში ამერიკული ფულის ხარჯვაზე საუბარიც აშკარად გადაჭარბებული აღმოჩნდა, რადგან მის მიერ ნათქვამი, რომ აშშ-მ 350 მილიარდი დოლარით დაეხმარა, აღმოჩნდა, რომ ეს დახმარება პირდაპირი დახმარება 31 მილიარდი, ხოლო სამხედრო დახმარება 57 მილიარდი ყოფილა.
სავარაუდოდ, ტრამპის რიტორიკა რატომ ემთხვევა რუსულ ნარატივებს? გაქვთ განცდა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის და ევროპელების გარეშე წარმატებული აღმოჩნდება?
- თქვენის ნებართვით, მე ჩემს ხაზს გავაგრძელებ, კერძოდ - მოვლენების ახსნას ტრამპის დაპირისპირებით ლიბერალებთან. ლიბერალიზმის მიზიდულობის ცენტრმა ბაიდენის მარცხის შემდეგ ევროპაში გადმოინაცვლა, ამიტომ ტრამპიც ევროკავშირს უტევს.
ევროკავშირიც ცდილობს ტოლი არ დაუდოს ამერიკას, თუმცა უფერულად და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ზელენსკის და ევროპის ჩართვას მოითხოვს. სავარაუდოა, რომ ლიბერალური ევროკავშირის და ზელენსკის ჩართვა მშვიდობის დამყარებაში, პროცესს გაწელავს, რადგან მრავალთავიან ევროპას უჭირს გადაწყვეტილების მიღება რაც აჩვენა პარიზის შეხვედრებმა.
ამასთანავე, ევროპას ეშინია, რომ თუ რუსეთი მეტ-ნაკლებად გამარჯვებული გამოვიდა ომიდან, მერე ევროპას გაუხსენებს ცოდვებს. თუნდაც ამიტომ ევროპას არ უნდა აწყობდეს ომის დასრულება. ზელენსკისაც არ აწყობს მშვიდობა, რადგან მაშინ უნდა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, რასაც ითხოვს ტრამპი. აქ კი ზელენსკის კონკურენტი იქნება ზალუჟნი, რომელიც ინგლისში „გადაასახლა“ ზელენსკიმ მისი პოპულარობის შიშით.
ევროპას ეშინია, რომ თუ რუსეთი მეტ-ნაკლებად გამარჯვებული გამოვიდა ომიდან, მერე ევროპას გაუხსენებს ცოდვებს. თუნდაც ამიტომ ევროპას არ უნდა აწყობდეს ომის დასრულება. ზელენსკისაც არ აწყობს მშვიდობა, რადგან მაშინ უნდა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, რასაც ითხოვს ტრამპი. აქ კი ზელენსკის კონკურენტი იქნება ზალუჟნი, რომელიც ინგლისში „გადაასახლა“ ზელენსკიმ მისი პოპულარობის შიშით
სავარაუდოა, რომ ევროპაც და ზელენსკიც გაწელავენ სამშვიდობო პროცესს, რაც მოამძლავრებს ლიბერალურ წრეებს ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამიტომ, ზელენსკისთან ტრამპის მწვავე დაპირისპირება მხოლოდ რუსეთისთვის „კოჭის გაგორება“ კი არ არის, არამედ ლიბერალებთან ბრძოლის ლოგიკიდანაც გამომდინარეობს.
თუმცა, რუსეთისთვის „კოჭის გაგორებაც“ არაა გასაკვირი, რადგან ეს პოლიტიკაა და ტრამპს შეიძლება ბევრნაირი გეგმა ჰქონდეს. რაც შეეხება იმ თვალსაზრისს, რომ ამერიკამ აგრესორი უნდა დასაჯოს, ეს პოზიცია ნაკლებად უწევს ანგარიშს „რეალპოლიტიკას“.
რუსეთთან მებრძოლი ბაიდენიც არ იყო წმინდა გიორგი, მასაც ინტერესები ჰქონდა. მეორე მხრივ, ამერიკამაც, ასევე ინგლისმაც, საფრანგეთმაც თუ გერმანიამაც იციან რას ნიშნავს აგრესიულობა, თავადაც ყოფილან აგრესორები, თან ძალიან დიდი მასშტაბის.
ამიტომ მათ აგრესიაზე გული არ უჩუყდებათ და პრაგმატული რეაქცია აქვთ. ჩვენც, ალბათ, მათი აზროვნების გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ მათი საქციელი.
- მიუნხენის კონფერენციამ გვანახა, რომ უკრაინის საკითხზე, ევროპულ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე ევროპასა და აშშ-ს რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.
2025 წლის მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ ევროპაში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა რომ ევროპა ან შედგება სუვერენულ ძლიერ აქტორად, ან დაიყოფა დიდ ავტორიტარულ, ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოთა გავლენის ზონებად.
დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ თუ ევროპა აშშ-ს დახმარებით, ან ამ დახმარების გარეშე ვერ გადარჩა, საქართველოს სათუო მომავალი ექნება.
ევროპის ლიდერებმა უკვე გააკეთეს განცხადებები რომ მზად არიან 200 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიონ უკრაინას. ევროპის წამყვანი ქვეყნების საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან უახლოეს ხანებში გააძლიერონ სამხედრო მრეწველობა. მანამდე ბრიტანეთი ამბობს, რომ მზადაა დაიცვას უკრაინის საჰაერო სივრცე.
ბრიტანეთი არ გამორიცხავს მის მიერ სამართლებრივად კონტროლირებად ოფშორულ ზონებში, სადაც რუსი ოლიგარქების ფინანსებია განთავსებული და ახლა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო მათთან რუს ოლიგარქებს წვდომა არ აქვთ, ეს თანხები იქნება გამოყენებული უკრაინის დასახმარებლად.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპამ შეძლოს აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინისთვის სერიოზული დახმარების აღმოჩენა?
- გვახსოვს ომი რომ დაიწყო, მაკრონი და შოლცი პუტინს ეახლნენ მოლაპარაკებისთვის, მაშინ ეს ჯერ კიდევ დასაშვები იყო. ვვარაუდობ, რომ მერე ჯონსონის და ბაიდენის სამზარეულოში მომწიფდა პოლიტიკური სქემა, რაც შემდეგ გაიზიარა ევროკავშირმა და რომელიც გულისხმობდა უკომპრომისო ომს.
გერმანია - საფრანგეთის ქცევის ცვლილებები მაფიქრებინებს, რომ ომის გამწვავებაში სწორედ ბაიდენის ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ამიტომ მეეჭვება, რომ ამერიკის გარეშე ისევ მოისურვონ და შეძლონ უკრაინის სრულფასოვანი დახმარება ევროპელებმა.
გერმანია - საფრანგეთის ქცევის ცვლილებები მაფიქრებინებს, რომ ომის გამწვავებაში სწორედ ბაიდენის ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ამიტომ მეეჭვება, რომ ამერიკის გარეშე ისევ მოისურვონ და შეძლონ უკრაინის სრულფასოვანი დახმარება ევროპელებმა
ამასთანავე, ეკონომიკური და სოციალური პროცესების დამძიმება ომისგან ევროპაში უფრო საგრძნობია. ამ სიმძიმეს ევროპელი მოქალაქეები იტანენ რუსეთის შიშის გამო. თუ რუსეთი ევროპისთვის სახიფათო არ იქნა, რაზეც შეთანხმება სურს ტრამპს, მაშინ მოსახლეობისთვის მშვიდობა უფრო მისაღები იქნება და ეს დააბრკოლებს უკრაინისთვის ომში დახმარებას ევროპის მხრიდან.
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მომხდარზე, ელ-რაიდში აშშ-რუსულ მოლაპარაკებებზე და უკრაინაზე ფლორიდაში ტრამპის განცხადებებზე ქართულ საზოგადოება, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად რეაგირებენ.
როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებზე საზოგადოების ერთი ნაწილისა და ოპოზიციური სპექტრის რეაქციასა და დამოკიდებულებას?
- ხელისუფლების მხარდამჭერები, ბუნებრივია, მიესალმებიან ტრამპისგან ევროკავშირის კრიტიკას, რადგან იქამდე ევროპელები დღეში სამჯერ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. ჩვენი ხელისუფლების გამკრიტიკებელი ევროპა რომ არ მოსწონს ტრამპს, ამიტომ ტრამპი ოპოზიციისთვის გახდა მიუღებელი და შეასრულეს კიდეც ამერიკის დროშის დაწვის რიტუალი.
ლოგიკურია ოპოზიციის ეს მეტამორფოზი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მომგებიანია. საერთოდ, შეფასებებს თუ ყველა დაანებებს თავს და დაელოდება ფინალს, ალბათ აჯობებს ყველასთვის და ქვეყნისთვისაც.
ხელისუფლების მხარდამჭერები, ბუნებრივია, მიესალმებიან ტრამპისგან ევროკავშირის კრიტიკას, რადგან იქამდე ევროპელები დღეში სამჯერ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. ჩვენი ხელისუფლების გამკრიტიკებელი ევროპა რომ არ მოსწონს ტრამპს, ამიტომ ტრამპი ოპოზიციისთვის გახდა მიუღებელი და შეასრულეს კიდეც ამერიკის დროშის დაწვის რიტუალი
აგერ, ჩინეთი ამხელა ქვეყანაა და ჩუმად არის. ალბათ, ამიტომ არ ვართ ჩინეთი, რომ სული კბილებში გვაქვს მობჯენილი და მშვიდად მოლოდინი არ შეგვიძლია. ნათქვამი ოპოზიციას უფრო ეხება.
- ვხედავთ, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების კრიტიკული დამოკიდებულებისაგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიესალმება აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებულ დიალოგსა და მოლაპარაკებებს.
უკრაინის თემაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსულ, ახლა უკვე ტრამპის, ანუ ოფიციალური აშშ-ს რიტორიკასა და ნარატივებს.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს აშშ-სა და რუსეთს შორის „რეალპოლიტიკის“ საფუძველზე გარიგებას. და ეს მაშინ, როცა კრემლი ახლა ვაშინგტონისგან მოითხოვს არა მარტო ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე უარის თქმა, არამედ ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას.
არადა, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა 2017 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და 78-ე მუხლის ჩაწერა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ უკრაინაზე აშშ-სა და რუსეთს შორის გარიგება შედგა, ძნელი წარმოსადგენი არაა აშშ-მ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში „არაღიარების პოლიტიკა“ გააგრძელოს.
როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებზე ხელისუფლების რეაქციასა და დამოკიდებულებას?
- რუსეთმა არაღიარების პოლიტიკა ვერ დაათმობინა გაცილებით სუსტ ქვეყნებს, ვიდრე აშშ არის და... არც ძალიან მოუკალავს თავი. მე მგონია, რომ რუსეთის პოლიტიკას არ აფასებენ ადეკვატურად არც ჩვენთან, არც უცხოეთში. რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ბევრ რამეს, მათ შორის, არაღიარებას. მას სჭირდებოდა თავად ეღიარებინა სეპარატისტული რეგიონები, რათა დაებრუნებინა სამხედრო ბაზები საქართველოში, ესაა და ეს. შენობებიც კი არ გაურემონტებია აფხაზეთში.
არის კიდევ მოარული ვერსია, რომ რუსეთს სსრკ-ს აღდგენა უნდაო. ეს ვერსიაც არ მეჩვენება დამაჯერებლად, მას უფრო მეტი უნდა. სსრკ რუსეთმა დაშალა, რომ სხვები არ ყოფილიყვნენ მის კმაყოფაზე. გავავლოთ პარალელი ამერიკის დღევანდელ ურთიერთობასთან ევროკავშირთან.
საერთოდ, პოსტკოლონიურ ეპოქაში გავლენაა მთავარი და არა ტერიტორია, რადგან ტერიტორიაზე მყოფ ხალხს რჩენა სჭირდება. აშშ-ს მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა, მაგრამ მთელ მსოფლიოს არ არჩენს. მგონი, რუსეთიც მაგ ჭკუაზეა, თანაც ფული უჭირს.
ამიტომ, რუსეთი არ უნდა ცდილობდეს სსრკ-ს აღდგენას, მაგრამ უნდა ცდილობდეს გავლენას პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მთელ დანარჩენ მსოფლიოზე... მაგრამ მე გადავუხვიე თემას, ეს ყველაფერი სხვა ჯერზე სათქმელია. მოკლედ, დღევანდელ კონტექსტში არაღიარების პრობლემა მგონი, რომ არა დგეს.
- ამ მოვლენების ფონზე, როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას.
იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების ცემა-ტყეპა, დევნა, დაკავებები, აშკარად არაპროპორციული 5 ათასიანი ჯარიმების დაწესება და აქტიური ხალხის დაჯარიმება. სხვადასხვა მიზეზით მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებზეც მოწმეებად პოლიციელები გვევლინებიან.
ასევე ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მხრიდან იმგვარი პროპაგანდის წარმოება, თითქოს საარჩევნო პროცესი არც დასრულებულა.
- ეგ პროცესები არავისთვის არაა სასიამოვნო. ასევე არაა სასიამოვნო საყურებელი პოლიციისკენ მიმართული აგრესია, რაც საპასუხო რეაქციას გააჩენს.
ჩვენ საზოგადოებაში დიდია აგრესიულობის მუხტი და მთელი საზოგადოების ძალისხმევის გარეშე ეს მუხტი არ შემცირდება, ამგვარი აგრესიულობის ფონზე არავინ არაა გამარჯვებული, ყველა დამარცხებულია
ისე, გავიხსენოთ როგორ იქცეოდა პოლიცია გერმანიაში მაშხალებით შეტევის შემდეგ. ეტყობა აგრესია აჩენს აგრესიას. ვაღიაროთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში დიდია აგრესიულობის მუხტი და მთელი საზოგადოების ძალისხმევის გარეშე ეს მუხტი არ შემცირდება. ხოლო, ამგვარი აგრესიულობის ფონზე არავინ არაა გამარჯვებული, ყველა დამარცხებულია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი