ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რას, დავუთმობთ? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება, ძალადობის მიუხედავად, რუსთაველზე დგას, რათა კიდევ ერთი 25 თებერვალი არ განმეორდეს.
“დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად უწყობენ. ყველაფერი სცადეს - წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა, მაგრამ დგანან… დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, ყველა ის დგას, ვინც დღეს პატიმარია. დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს.
ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? - არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს რუსთაველზე მოქალაქეები შეიკრიბნენ არა იმიტომ, რომ ტრაგიკული დღე გაიხსენონ, არამედ იმიტომ, რომ 1921 წლის, 25 თებერვალი აღარასდროს განმეორდეს.
ზურაბიშვილის თქმით, დღესაც „პროპაგანდა გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაც „ომის პარტიას“ უნდა ომი“.
„დღეს, 25 თებერვალს, ჩვენ უნდა ვიკრიბებოდეთ, ალბათ, სიონში და პანაშვიდს უნდა ვუხდიდეთ მათ სულებს, იმ გმირების სულებს, რომლებიც დაკრძალულნი არიან პარლამენტის ტერიტორიაზე, ამიტომ სწორი ადგილია დღეს აქ დგომა და არა იქ დგომა. იქ, სამწუხაროდ, დიდი ბრძოლის შემდეგ, იქ, სამწუხაროდ, მხოლოდ ძალიან პატარა დაფის დადგმის უფლება მოგვცეს, ჩიტაძის ქუჩაზე, გვერდით, რომ არავინ დაინახოს იმ იუნკერების სახელი და გვარები, ვინც აქ არიან დასაფლავებულები. პარლამენტში კი არ არის არცერთი დაფა, არც მათი სახელები და არც მათი გვარები. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ მათ, არ ვივიწყებთ იმ 25 თებერვალს, იმ ძალიან ცივ დღეს, დღესაც ძალიან ცივი დღეა და არ გვავიწყდება, რომ სწორედ აქ, რუსთაველზე შემოაბიჯებდა რუსეთის ჯარი. დღეს ალბათ ყველა სკოლაში უნდა ასწავლიდნენ, რა დღეა დღეს, რა მოხდა მაშინ, ვინ შემოაბიჯა ჩვენს დედაქალაქში, ვინ იყო ის ვითომც და მშვიდობის მტრედი, რომელთანაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, რომ მშვიდობას და სუვერენიტეტის აღიარებას მოუტანდა. მელანი გამშრალიც არ იყო, რომ შემოაბიჯა რუსულმა ჯარმა. ეს არის რუსეთი. დღესაც პროპაგანდა რომ გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაც „ომის პარტიას“ უნდა ომი. ის უნდა გავიხსენოთ და ამას უნდა ასწავლიდნენ სკოლებში, რომ მაშინაც ამას ეუბნებოდა რუსეთის პროპაგანდა, რომ თურმე ევროპელები იყვნენ იმპერიალისტები და მათ უნდოდათ ომი და რუსეთს უნდოდა მშვიდობა, მეზობლური ურთიერთობა. დაუჯერეს, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და შედეგიც იმ დღეს დადგა, როცა 25 თებერვალს შემოაბიჯა რუსეთმა რუსთაველზე.
ჩვენ აქ ვდგავართ არა იმიტომ, რომ ტრაგიკული დღე გავიხსენოთ და ტრაგიზმში ვიცხოვროთ, არამედ ვდგავართ იმიტომ, რომ ეს დღე აღარასდროს განმეორდეს. რუსული ოკუპაცია ერთხელ დამთავრდა და მეორედ არ უნდა განმეორდეს. ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები მზად არიან, ყველაფერი დადონ სასწორზე, თავიანთი სიცოცხლეც და დაიცვან სამშობლო. მათ არავინ დაივიწყებს, ხოლო მოღალატეებს ძალიან მალე დაივიწყებენ. მათ დაგვიტოვეს ძალიან დიდი განცდები, დიდი მაგალითი, დიდი იმედი და მართლაც, საქართველომ გაამართლა იმედი. შავბნელი და ძალიან გრძელი წლების შემდეგ დადგა 31 მარტი, 9 აპრილი, დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღე, 26 მაისი, იმ 26 მაისის გასახსენებლად და აღსადგენად. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, არ ეპუება და არასოდეს არ თმობს თავის მომავალს და დამოუკიდებლობას. ეს მაგალითი დღეს ცოცხალია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.