ნიკოლოზ  ვაშაკიძე - აგრესიის მსხვერპლის დაჩაგვრის ხარჯზე მიღწეული „მშვიდობა“ ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც უკრაინას და ვერც ევროპას, მეტიც, მომავალში უარესი გამწვავების და მსხვერპლის საფრთხეს შეიცავს

აშშ-ს მოწვევით ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის „შედეგებზე“, რა ბედი ეწვევა ამ ვიზიტამდე დაანონსებულ შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც აშშ-მ უარი თქვა უკრაინის დახმარებაზე სავარაუდოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელი ლიდერები უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთს გულშემატკივრობს და ზელენსკის გადადგომისკენაც კი მოუწოდებს, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, თეთრ სახლში 28 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიაში აუცილებლად მოხვდება. თუ როგორ? ამას უახლესი მომავალი აჩვენებს.

ახლა რასაც ვხედავთ, შეფასებებში დომინირებს „დიდმა ბიჭებმა“ ზელენსკი ვაშინგტონში დაიბარეს და „საქმე საჯაროდ გაურჩიეს“. არადა, ამ შეხვედრის წინ თავად ტრამპი ამბობდა, რომ „ზელენსკის პატივს სცემს“, მასზე „არ უთქვამს რომ დიქტატორი და კლოუნია“.

მეტიც, მან მადლობა გადაუხადა თავის თანაგუნდელებს, რომლებმაც ზელენსკისთან ერთად იმუშავეს აშშ-უკრაინას შორის „მინერალების შესახებ“ შეთანხმების მომზადებაში. ეს ყველაფერი თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკის ჩასვლამდე იყო.

შემდეგ რაც ვიხილეთ, ამ თემაზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა. მთავარი კი ისაა, რომ ზელენსკიმ უარი თქვა ტრამპის შეთავაზებაზე უკრაინას მიეღო „მოსკოვის სცენარით მშვიდობა კაპიტულაციის სანაცვლოდ“, არადა, მშვიდობა, მხოლოდ სამართლიანი შეიძლება იყოს და მას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ახლდეს, რაზეც, ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ უარი თქვეს.

ფაქტია, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-გან ვერ სამართლიანი მშვიდობა მიიღო და ვერც უსაფრთხოების გარანტიები. ამ შეხვედრიდან ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ ტრამპის მიერ რამდენიმეჯერ გამეორებული რეპლიკა ზელენსკისადმი - „თქვენ კოზირები არ გაქვთ.“

ამ შეხვედრაზე კალიფორნიელმა სენატორმა ადამ შიფმა თქვა - "ეს იყო გმირისა და მშიშრის შეხვედრა". ასეთი და ამის საპირისპირო შეფასებები კიდევ ბევრი გაკეთდება აშშ-ც, ევროპაშიც და ჩვენთანაც.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები 28 თებერვალს თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მასპინძლებსა და სტუმარს შორის კინკლაობის სცენები ვიხილეთ?

- შეხვედრამ, ცხადია, უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. ასეთი რაღაცები დაუშვებელია დიპლომატიაში, მითუმეტეს უმაღლესი დონის შეხვედრებზე. მოულოდნელი და გაუგებარი იყო შეხვედრის პირდაპირ პრესკონფერენციით დაწყება, მაშინ, როდესაც ჯერ ორ ლიდერს შორის არაფერი განხილული არ იყო. ეს უჩვეულო დასაწყისი უკვე შეიცავდა მომდევნო უსიამოვნო სიურპრიზების საფრთხეს და მოლოდინს.

ძალიან უმსგავსო და დაუშვებელი იყო აშკარად უხამსი და, სავარაუდოდ, წინასწარ შეთანხმებული და მომზადებული შეკითხვა პრეზიდენტ ზელენსკის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ამის წინასწარ მომზადებაზე გვაფიქრებინებს ამავე თემაზე პრეზიდენტ ტრამპის ერთგვარი ქილიკი, როცა ის ზელენსკის თეთრი სახლის შესასვლელთან დახვდა.

შეხვედრამ, ცხადია, უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. ასეთი რაღაცები დაუშვებელია დიპლომატიაში, მითუმეტეს უმაღლესი დონის შეხვედრებზე. მოულოდნელი და გაუგებარი იყო შეხვედრის პირდაპირ პრესკონფერენციით დაწყება, მაშინ, როდესაც ჯერ ორ ლიდერს შორის არაფერი განხილული არ იყო. ეს უჩვეულო დასაწყისი უკვე შეიცავდა მომდევნო უსიამოვნო სიურპრიზების საფრთხეს და მოლოდინს

უჩვეულო იყო შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის გამოჩენა. როგორც წესი, ამერიკული პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, იმ შეხვედრებში, რომლებსაც თავად პრეზიდენტი მართავს, ვიცეპრეზიდენტი არ მონაწილეობს.

ვენსის ჩართვამ საუბარში შეხვედრა აშკარად გაამწვავა. ბევრი ვარაუდობს, რომ ესეც წინასწარ დაგეგმილი იყო. ძნელია ამის დანამდვილებით მტკიცება, მაგრამ ის არასასიამოვნო შედეგი, რაც ვიხილეთ, უკვე შემდგარი ფაქტია.

ვფიქრობ, საერთოდ ეს სტილი, რომელიც ტრამპს და მის ადმინისტრაციას არჩეული აქვს, როცა მათთვის აროგანტობა და შეურაცხყოფა დასაშვები და მისაღებია, ხოლო სხვებს განსხვავებული აზრის გამოხატვაც არ ეპატიება, სიკეთეს ვერც ამ ადმინისტრაციას და ვერც შეერთებულ შტატებს მოუტანს. ეს ინტენსიურად აკარგვინებს მათ გულწრფელ მეგობრებს მსოფლიო მასშტაბით და სპობს იმ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს და ფაქტორს, რომელსაც ამერიკული „რბილი ძალა“ ჰქვია.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ვფიქრობ, კარგად გამოჩნდა მთავარი უთანხმოება. მინერალების ხელშეკრულება მთლიანობაში ტექსტუალურად შეთანხმებული იყო ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტის გარდა, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ს მხრიდან მყარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას გულისხმობს. რადგან აშშ-ს მხარე ამის წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს, ზელენსკიმ გადაწყვიტა ამ საკითხის უშუალოდ ტრამპთან შეხვედრის დროს მოგვარება, ან არ მოგვარების შემთხვევაში დაბრკოლების მიზეზის მკაფიო დეკლარირება.

მინერალების ხელშეკრულება მთლიანობაში ტექსტუალურად შეთანხმებული იყო ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტის გარდა, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ს მხრიდან მყარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას გულისხმობს. რადგან აშშ-ს მხარე ამის წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს, ზელენსკიმ გადაწყვიტა ამ საკითხის უშუალოდ ტრამპთან შეხვედრის დროს მოგვარება, ან არ მოგვარების შემთხვევაში დაბრკოლების მიზეზის მკაფიო დეკლარირება

ვფიქრობ, ყველასათვის უკეთესი იქნებოდა, ამ და სხვა საკითხების დახურული სამუშაო შეხვედრის რეჟიმში განხილვა და შემდეგ ნებისმიერი შედეგის პირობებში ცივილიზებული პრესკონფერენციის გამართვა მომდევნო მუშაობისთვის მზადყოფნის გამოხატვით.

- ფოქს ნიუსის მტკიცებით, პრეზიდენტმა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის თეთრი სახლიდან გააძევა თუ გააგდოო.

სხვა წყაროებით, ამგვარი რამ არ დასტურდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფოქს ნიუსი „რესპუბლიკელების“ მედიასაშუალებაა, რჩება შთაბეჭდილება, ამ შეხვედრის დასრულების ასეთი ვარიანტიც ან წინასწარ იყო დაგეგმილი, ან ასე უნდა თქმულიყო ამერიკელი მოსახლეობისა და კრემლის გასაგონად.

ბევრი ამბობს, რომ - „თუ ვინმეს ჰქონდა იმის შიში, რომ ტრამპ- პუტინის შეთანხმება შედეგებით "მიუნხენი 2" სტატუსს შეიძენდა, დღეს ეს ილუზია დაინგრა.“

ვხედავთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის „შედეგების“ გამო ხარობს კრემლის პროპაგანდა და ქართული სახელისუფლებო პროპაგანდა. ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა და მასაც შეძლებისდაგვარად შევეხებით.

ბევრი თვლის, რომ არც მანამდე და არც ტრამპ- ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ "მიუნხენი -2"-ის მსგავსი შეთანხმება არ შედგება.

ბევრი ევროპელი და ამერიკელი ანალიტიკოსი თვლის, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობები არა მარტო გაციებულია, ტრამპის აშშ ახლა პუტინისა და რუსეთის მხარესაა.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რომელშიც ევროპა და ევროკავშირი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აშშ-მ უარი თქვა უკრაინის დახმარებაზე?

- რაც შეეხება გაძევებას, ფაქტი არის ის, რომ ტრამპმა პრესკონფერენციის შემდეგ საუბრის გაგრძელება არ ისურვა. უწოდოს ამას გაძევება თუ უბრალოდ შეხვედრის შეწყვეტა, ეს უკვე ამა თუ იმ მიმომხილველის გემოვნების და მიზნების საკითხია.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის რადიკალურ ცვლილებასთან. ცხადია, რომ ტრამპი პუტინთან ურთიერთობების დალაგებას და თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს, ეს ერ-რიადის შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა. უკრაინასთან მიმდინარე ომი ამ პროცესს ხელს უშლის. ამავე დროს, ტრამპი ამ ომის უსწრაფესად დამთავრებასთან დაკავშირებით მის მიერვე გაცემული უხვი დაპირებების მძევალია და ცდილობს რაც შეიძლება მალე რაღაც შედეგი წარუდგინოს მსოფლიოს და საკუთარ ხალხს.

საქმე გვაქვს აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის რადიკალურ ცვლილებასთან. ცხადია, რომ ტრამპი პუტინთან ურთიერთობების დალაგებას და თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს, ეს ერ-რიადის შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა. უკრაინასთან მიმდინარე ომი ამ პროცესს ხელს უშლის

საქმე ისაა, რომ ასე ფართხაფურთხით და აგრესიის მსხვერპლის დაჩაგვრის ხარჯზე მიღწეული “მშვიდობა” ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც უკრაინას და ვერც ევროპას და უფრო მეტიც, მომავალში უარესი გამწვავების და მსხვერპლის საფრთხეს შეიცავს.

ვფიქრობ, ევროპამ აქედან და არა მარტო აქედან ის გაკვეთილი გამოიტანა, რომ მას აქტიური ძალისხმევა მოუწევს უკრაინის და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომ ეს ორი დღეს პრაქტიკულად განუყოფელია.

საქმე ისაა, რომ ასე ფართხაფურთხით და აგრესიის მსხვერპლის დაჩაგვრის ხარჯზე მიღწეული “მშვიდობა” ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც უკრაინას და ვერც ევროპას და უფრო მეტიც, მომავალში უარესი გამწვავების და მსხვერპლის საფრთხეს შეიცავს

- უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ ტრამპის, ვენსისა და კელონის განცხადებებს რეტროსპექტიულად გავიხსენებთ, ის, რაც თეთრ სახლში 28 თებერვალს მოხდა, არც შემთხვევითი იყო და არც მოულოდნელი.

ჯერ ვენსმა თქვა, რომ „მშვიდობის მისაღწევად ორი მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა“. უკრაინულ დათმობებში რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები იგულისხმებოდა, ვაშინგტონი ღიად მიუთითებდა. ლავროვის პასუხმაც არ დააყოვნა - „რუსეთი უკრაინაში მაშინ შეწყვეტს მოქმედებებს, როცა მოლაპარაკებების შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება“.

ამის შემდეგ ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ აშშ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტრამპი აგრესორის დასჯას არ აპირებდა. ეგ კი არა, ლამის ყოველ დღე საყვედურობდა კიევსა და ზელენსკის, რომ ომის დაწყებამდე პუტინთან გარიგებაზე უნდა წასულიყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კრემთან „გარიგება“ ნიშნავდა არა მარტო რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას, არამედ ნატოზე უარის თქმასაც. სწორედ ამიტომ იყო რომ აშშ-უკრაინის შეთანხმებაში „მინერალების შესახებ“ აშშ უარს კატეგორიულად ამბობდა უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე.

მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის, რომ თეთრ სახლში მომხდარი ყველაზე მეტად პუტინს არ აწყობდა, რადგან კრემლი იმედოვნებდა, რომ ტრამპი დაითანხმებდა ზელენსკის რუსული სცენარით მშვიდობაზე.

არადა, თუ უკრაინა აშშ-ს ე.წ. თავის „მინერალებს“ სთავაზობდა და ვერ მიიღო, რადგან კიევი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, ახლა პუტინს შეუძლია შესთავაზოს აშშ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული მინერალები. ფაქტია, რომ რუსეთის ნიადაგში მენდელეევის პერიოდულობის მთელი ცხრილია...

ზელენსკის ვაშინგტონში ჩასვლამდე ტრამპმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. ტრამპი და მისი თანაგუნდელები ისე ექომაგებიან პუტინსა და რუსეთს, არ გამიკვირდება, თუ ამ თემებზე მოლაპარაკებები და კონსულტაციები მათ შორის დაწყებულიც კია.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ თეთრ სახლში 28 თებერვლის შეხვედრის შედეგები ყველაზე მეტად პუტინს არ აწყობდა?

- ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. დიდ ანგარიშით არაფერი არ არის გარკვეული და ყველას კარგად ესმის, რომ აშშ-უკრაინის დიალოგის შემობრუნება შესაძლებელიც და აუცილებელიცაა. ასე რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველის.

დიდ ანგარიშით არაფერი არ არის გარკვეული და ყველას კარგად ესმის, რომ აშშ-უკრაინის დიალოგის შემობრუნება შესაძლებელიც და აუცილებელიცაა. ასე რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველის

ყველაზე უფრო დაუშვებელი აქ პუტინის რეჟიმის გარეცხვის და რელეგიტიმაციის პერსპექტივაა, ყველა იმ დანაშაულისა და დარღვევის შემდეგ, რომელიც მან ჩაიდინა. ეს პრაქტიკულად ჯუნგლების კანონების დაწესებას გამოიწვევს საერთაშორისო ურთიერთობებში.

ცხადია, ისეთი რაღაცები ხდება ბოლო დროს, რომ უკვე ვეღარაფერს გამორიცხავ, მაგრამ აშშ-ს რუსეთთან უკრაინისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე ერთობლივად მინერალების მოპოვების თაობაზე შეთანხმების წარმოდგენაც არ მინდა.

ყველაზე უფრო დაუშვებელი აქ პუტინის რეჟიმის გარეცხვის და რელეგიტიმაციის პერსპექტივაა, ყველა იმ დანაშაულისა და დარღვევის შემდეგ, რომელიც მან ჩაიდინა. ეს პრაქტიკულად ჯუნგლების კანონების დაწესებას გამოიწვევს საერთაშორისო ურთიერთობებში

ეს იქნებოდა სრული კატასტროფა და, იმედი მაქვს, მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანი ასეთ სამარცხვინო დონემდე არ დაეცემა.

- რამდენად მძიმე აღმოჩნდება თეთრ სახლში მოლაპარაკებების ჩაშლა ზელენსკისა და უკრაინისთვის, ეს დამოკიდებული იქნება მის ხვალინდელ შეხვედრაზე ევროპის ლიდერებთან, რომელიც ლონდონში უნდა გაიმართოს.

თუ პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტს თეთრ სახლში და ტრამპთან „შელაპარაკებას“, ასევე ბრიტანეთის პრემიერის სტრამერის ვიზიტს, რომლის ფარგლებში რუბიომ გამოიჩინა თავი და სტუმარს ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლების ხარისხი დაუწუნა, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ უკრაინის თემაზე საფრანგეთისა და ბრიტანეთის პოზიციები ამერიკის ადმინისტრაციის შეხედულებებს არ ემთხვევა.

ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს იმისთვის, რომ უკრაინა უკრაინა-რუსეთის ომში არ დამარცხდეს. ფაქტია, რომ ამ საქმეში არც უკრაინას და არც დასავლეთს აშშ-ს იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის თქმით აშშ პოლონეთიდან გასვლას არ აპირებს, კომპლიმენტებს არც პოლონეთის მიმართ არ იშურებს, მაგრამ როგორც ირკვევა პოლონეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტისას ტრამპთან შესახვედრად კარგა ხანი ალოდინეს.

ახლა როცა ცხადად ჩანს, რომ გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებული აშშ-ს ხელმძღვანელობით კოლექტიური დასავლეთი პრაქტიკულად აღარც არსებობს, ან თუ არსებობს, მას აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის დაცვის სურვილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ასეა თუ არა ევროპელების სამიტი ლონდონში ანახებს.

ევროპელები მიიღებენ თუ არა ევროპის ქვეყნებში 200 მილიარდი აშშ დოლარისა თუ ფუნტის რუსული ფინანსების რუსეთისთვის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას, იარაღის შესყიდვას უკრაინისთვის.

თქვენი დაკვირვებით, უკრაინაზე გადაწყვეტილებებით ლონდონის სამიტმა აიღო პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოებაზე?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ შესაძლოა აშშ-მ არ მიჰყიდოს იარაღი ევროპელებს უკრაინისთვის?

- ლონდონის სამიტის დასაწყისი გარკვეულ იმედებს გვისახავს. მასპინძლების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ხაზგასმით თბილად მიღება და შეხვედრაში მონაწილე სხვა ლიდერების მხრიდან მკაფიოდ გამოხატული სითბო და მხარდაჭერა უდავოდ კარგი ნიშანია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჟესტია პრეზიდენტ ზელენსკის ბუკინგემის სასახლეშიი მიპატიჟება გაერთიანებული სამეფო მეფის მიერ. ეს ძალზედ სერიოზული მესიჯია.

ზოგადად, ლონდონის სამიტზე ორი უმნიშვნელოვანესი თემა იკვეთება - ევროპული ძალისხმევის მკვეთრი გაზრდა უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა პროცესში და აშშ-უკრაინის დიალოგის განახლების მიმართულებით.

ლონდონის სამიტზე ორი უმნიშვნელოვანესი თემა იკვეთება - ევროპული ძალისხმევის მკვეთრი გაზრდა უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა პროცესში და აშშ-უკრაინის დიალოგის განახლების მიმართულებით

ეს ყველაფერი იოლი არ იქნება, მაგრამ განწყობა სერიოზულია და კარგი შედეგების შანსებიც არსებობს.

- ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე აქტიურად განიხილებოდა აშშ-სა და უკრაინას შორის „მინერალების შესახებ“ შეთანხმებული ვარიანტი, რომლის ტექსტი პრესაში სრულად იყო გამოქვეყნებული.

რა ბედი ეწევა ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტამდე აშშ-სა და უკრაინას შორის მომზადებულ შეთანხმებას „მინერალების შესახებ?

- რთულია ამაზე საუბარი. ვფიქრობ, ამ ხელშეკრულებას მხარეები მაინც დაუბრუნდებიან.

- როცა ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტსა და თეთრ სახლში გამართულ უჩვეულო პრესკონფერენციაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით იმას, თუ რა გამოხმაურება მოჰყვა 28 თებერვალს მომხდარს საქართველოში.

დამკვირვებელთა ნაწილი ზელენსკის თავშეუკავებლობას საყვედურობს, უმეტესობა კი ისე ლანძღავს, გეგონება უკრაინა დაესხა თავს რუსეთს და არა პირიქით. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში მოუწოდებენ ზელენსკის გადადგეს და „თავი დაანებოს მშვიდობისმოყვარე უკრაინას“. მეტიც, მისი ბრალი ყოფილა რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით ადამიანი, დაინგრა უამრავი ქალაქი და სოფელი.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებები ზელენსკისადმი გადადგეს?

სავარაუდოდ, რატომ ემთხვევა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნები პუტინის მოთხოვნებს?

- მე ამას ჩვენში უკვე მრავალი წლის მანძილზე მიმდინარე მიზანმიმართულ პროპაგანდას ვუკავშირებ. ზოგადად კი, ეს მოვლენა სამარცხვინოდ და დაუშვებლად მიმაჩნია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“