გერმანელი ექსპერტის შეფასებით, ჩანაწერი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი ავრცელებს, „მანიპულირებული არ არის“

[ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის] ჩანაწერი მომზადებული იყო მობილური ტელეფონით. ეს მონაცემი არ იყო მანიპულირებული. ეს არ არის ვარაუდი, ეს არის დადგენილი! - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ პროცესზე დაკითხვისას გერმანელმა ექსპერტმა, ფრენკ მიულერიმ განაცხადა.

დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდა, მათ შორის გამოიკითხა გერმანელი ექსპერტი ფრენკ მიულერი. მისი თქმით, ჩანაწერი, რომელზეც მან ექსპერტიზა ჩაატარა, „არ იყო მანიპულირებული“. მისივე განმარტებით, ჩანაწერი ე.წ. სმარტფონით არის გაკეთებული.

გერმანელი ექსპერტის თქმით, დალუქულ მდგომარეობაში მიიღო საკვლევი ორი საგანი, ერთი იყო CD და მეორე - მეხსიერების ბარათი. ექსპერტის განმარტებით, მასალაზე ფონოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საკვლევი ნივთები ინახებოდა დაცულ ადგილას.

ამის შემდგომ ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ უპასუხა ადვოკატის, ლევან მახარაშვილის შეკითხვას - აღენიშნება, თუ არა მონტაჟის კვალი ჩანაწერს?

„ჩანაწერი მომზადებული იყო მობილური ტელეფონით. ეს მონაცემი არ იყო მანიპულირებული. ეს არ არის ვარაუდი, ეს არის დადგენილი. იმის გამოკვლევისთვის, რომ ჩანაწერი მონტაჟი არ არის, მრავალი ღონისძიება ჩატარდა. ანალიზისთვის ვიყენებთ იმ პროგრამებს, რაც არის აღიარებული. ერთ-ერთი მათგანი არის სპექტრული ანალიზი. ამისთვის იყენებენ სპექტრ პროგრამას“, - განაცხადა ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ.

რაც შეეხება თავად ჩანაწერს, როგორც ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა წინა სასამართლო პროცესზე მედიასთან განმარტა, არსებობდა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის ჩანაწერი, სადაც ის და ივანიშვილი სასესხო ურთიერთობებზე საუბრობენ.

ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განმარტა, რომ ის მონტაჟია, „სინამდვილეში კი მონტაჟზე საუბარია ზედმეტია“. როგორც მან აღნიშნა, ამის შემდგომ გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი ექსპერტიზისთვის გერმანიაში გაეგზავნა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა „ფეისბუქ პოსტი“ გაავრცელა, სადაც წერს, რომ ქვეყანა იძულებით დატოვა.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში