ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025

გამკაცრებული კანონმდებლობის გავლენა პროტესტის დინამიკაზე - ოპოზიციისა და ხელისუფლების საგაზაფხულო მანევრები

9 წელი “9 მილიონის საქმეზე” - როდემდე დარჩება ციხეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი

“პროპაგანდისტული ნაღმი” პუტინისთვის - კიევისა და ვაშინგტონის შეთანხმებამ კრემლი დილემის წინაშე დააყენა

* * *

გამკაცრებული კანონმდებლობის გავლენა პროტესტის დინამიკაზე - ოპოზიციისა და ხელისუფლების საგაზაფხულო მანევრები

“პროტესტის პარალელურად “ქართული ოცნება” კანონმდებლობას ამკაცრებს, ცვლილებები შევიდა “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში, რომლითაც გამკაცრდა როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კითხვაზე, ახდენს თუ არა ეს გავლენას მიმდინარე პროტესტზე, ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. “მართალია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ ის, რომ ამან რაღაც საოცარი ძვრები გამოიწვიოს ქვეყანაში და კატასტროფული აქციები ჩატარდეს, ამის პირობები დღეს არ არის. კანონებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ. “გავლენას ახდენს იმ მხრივ, რომ ადამიანები კიდევ უფრო მკაცრდებიან და კიდევ უფრო შეუპოვარნი ხდებიან. ხვდებიან, რომ ეს რეჟიმი ძალიან სუსტია, მხოლოდ კანონების შეცვლა შეუძლია და სხვა არაფერი...”, - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამკაცრებული კანონმდებლობის გავლენა პროტესტის დინამიკაზე - ოპოზიციისა და ხელისუფლების საგაზაფხულო მანევრები.

“რომაელები ასეთ რამეს ლაპარაკობდნენ - “ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი კანონია”. ამიტომ “ქართული ოცნების” მიერ ახლა მიღებული კანონები წარმოადგენს იმ აუცილებელ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველა კანონი მოსწონდეს, ეს ყოვლად გამორიცხულია. მართალია აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ ამან რაღაც საოცარი ძვრები გამოიწვიოს ქვეყანაში და კატასტროფული აქციები ჩატარდეს, ამის პირობები დღეს არ არის. კანონებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს, საქართველოში მოქმედებს “მეხუთე კოლონა”, ეს ის ხალხია, რომელიც რაც არ უნდა კარგი კანონი მიიღო საქართველოში და ააყვავო, მაინც უკმაყოფილონი იქნებიან. ასეთები თითო-ოროლაღა არიან და ესენი საქართველოს განვითარებაზე ზეგავლენას ვერ მოახდნენენ”, - აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე, რომელი გაზაფხულიდან მუხტის გააქტიურებას არ ელის. პაატა ზაქარეიშვილი კი ამტკიცებს, რომ “ოცნებამ” უკუეფექტი მიიღო კანონების გამკაცრებით, მისი თქმით, ახლა საპროტესტო ტალღის უფრო გააქტიურებაა მოსალოდნელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რაც “ქართულ ოცნებას” უნდა. პირიქითაა, გავლენას ახდენს იმ მხრივ, რომ ადამიანები კიდევ უფრო მკაცრდებიან და კიდევ უფრო შეუპოვარნი ხდებიან. ხვდებიან, რომ ეს რეჟიმი ძალიან სუსტია, მხოლოდ კანონების შეცვლა შეუძლია და სხვა არაფერი, დაშინებაზე გადადის, მას არ ჰყავს პოლიციელების საკმარისი რაოდენობა, რომ სიტუაცია მართოს. მათ ახლა იმედი აქვთ, რომ ამ გამკაცრებით ხალხს შეაშინებენ, მაგრამ არა. არსებობს სოლიდარობის რაღაც ფონდი, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, ისინი ფულს დებენ. აშკარად ჩანს, რომ არ დაიღალნენ, როგორც ივანიშვილი თვლიდა, საზოგადოებას დაღლა არ ეტყობა და კრიტიკულ სიტუაციებში, მნიშვნელოვანი თარიღების დროს ბევრი ხალხი გამოდის. ალბათ “ოცნება” დააკვირდება ვინ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, რა ფორმით მოხდება ძალაუფლების მითვისება. არჩევნების შემდეგ ალბათ სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომ ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კანონების გამკაცრება ხელისუფლების სისუსტის ნიშანია, ის თავის ხალხს არ იცნობს, მას რომ სცოდნოდა ვინ არიან ის ხალხი, ვინც აქციებზე გამოდიან და საერთოდ საქართველოს მოქალაქეები სცოდნოდა, უფრო ადრე გაამკაცრებდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მათ იმედი ჰქონდათ, რომ ახალი წლის დღეებში საცივში ჩავიხჩობოდით. ახალი წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ხალხი არ აპირებს დაღლას, სახლში წასვლას და ამიტომ ამ მიმართულებით გამკაცრება დაიწყეს და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ისინი საქართველოს საერთოდ არ იცნობენ. საქართველო ლიდერია პოსტ საბჭოთა სივრცეში და არა მარტო, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მშვიდობიანი ფორმებით, ამიტომ აშკარაა, რომ მათ ვერ გათვალეს ქართველი ხალხის ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე პრინციპულობა და ახლა იძულებულები არიან რაღაც ცვლილებები მიიღონ. ამ კანონებმა უკუშედეგიც კი მიიღო “ოცნებისთვის”, ხალხს არ ეშინია, გამოდიან, საჩივრები შეაქვთ სასამართლოში. ახლა სასამართლოებში საქმეები გაიჭედება, წავა და წავა უფრო ზემოთ და არაა გამორიცხული, რომ სტრასბურგში კოლექტიური სარჩელი წავიდეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწიოს გადაუხადოს ამ ხალხს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები, ან უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება. არაა გამორიცხული ეს ჯარიმები არჩევნების მერეც ჩამოწეროს, გასაჩივრება აუცილებელია, ამ კანონების გამკაცრებით ნურავინ ნუ შეშინდება, პრინციპულად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“ქართულმა ოცნებამ” 3 თებერვალს დაანონსებული შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით 6 თებერვალს დაჩქარებული წესით მიიღო. წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში; სხვადასხვა ადმინისტაციული დანაშაულისთვის, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ვანდალიზმისთვის, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, სასამართლოების შესასვლელების ბლოკირებისთვის, ჯარიმა და დაკავების პერიოდი იზრდება. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა; თანამდებობის პირის შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა; ძალადობისკენ საჯარო მოწოდება ჯარიმის ნაცვლად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება; პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა და ძალადობის გამოყენება ახლა მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

“პოლიციაზე, სახელმწიფო ხელისუფლებაზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმას ახალი დამამძიმებელი გარემოებები განესაზღვრა: ამ დანაშაულების ჯგუფურად, სხვადასხვა პირობებში და სახიფათო საშუალებებით ჩადენა; პოლიციელების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების დანაშაულზე სასჯელი გაიზარდა. ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა. კერძოდ, ასეთი სამართალდარღვევა, რომელიც მანამდე 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, უკვე 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება პოლიციელის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით. განმეორებითი დანაშაული ისჯება ჯარიმით 3 500-6 000 ლარამდე (მანამდე ეს ოდენობა 3 500-4 500 ლარით და 7-15 დღით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრებოდა). განმეორებითი ვანდალიზმისთვის თავისუფლების აღკვეთა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება. პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით (ადრე ისჯებოდა ჯარიმით 2 000-დან 3 000 ლარამდე ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთით) ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატს და ამ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 307-ე პირველი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ესენია საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება - ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონმდებლობა 1991 წლიდან ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ნორმა 2007 წელს კოდექსიდან „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ამოიღეს. ამასთან, “ოცნება” აანონსებს “მედიის კანონს” და “ფარას” ქართულ ანალოგს, რომელიც “ოცნების” თქმით, ამერიკულიდან სიტყვა-სიტყვით თარგმნეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

9 წელი “9 მილიონის საქმეზე” - როდემდე დარჩება ციხეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა. ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მანამდე, კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, საქმიდან “ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოირიცხოს”, რადგან მისივე განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 9 წელი “9 მილიონის საქმეზე” - როდემდე დარჩება ციხეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი.

“თეიმურაზ ჯანაშია გახლდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით. მისმა ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მილიონზე მეტი ლარით, მხოლოდ მატერიალურ ზიანშიც არ არის საქმე, არამედ - მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიადგათ რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის... ასე რომ, თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ისეთი დანაშაულის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მან სწორედ ამ დანაშაულისათვის უნდა აგოს პასუხი. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, შეწყალების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს”, - განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

მიხეილ სააკაშვილი შს სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა და ამავე დღეს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა საბიჯიუტო თანხების გაფლაგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა, სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია “იმედის” 2007 წლის დარბევის საქმეზე. მოსამართლის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სააკაშვილს დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, კიდევ ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. შესაბამისად, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა, სააკაშვილის 2031 წლამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. “დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება...”, - დაადგინა სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მედიას წერილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააცნო”, - განაგრძობს გამოცემა.

“რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, „ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ, მოიძიონ, რომ ის საქმე, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ, როგორც “პიჯაკების საქმეს”, რეალურად არის “ცხრა მილიონის საქმე”, რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე”, - დასძენს გამოცემა.

“სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციაში არ გაკვირვებიათ და ამბობენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან “სასამართლო არის კორუმპირებული”. გიგი უგულავას განცხადებით, “ეს მოსამართლე არის ამ “კლანის” ნაწილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, პირველი დღიდან ასეა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაპატიმრებულია. “ამ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავი არის ერთი რამ, ამ სისტემამ ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. თემურ ჯანაშია იყო შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი. ეს სისტემა ბრუტალურია, ნებისმიერს დაიჭერს, ხელი არ აუკანკალდებათ, მაგრამ მათ მოერიდათ და შეეშინდათ საკუთარი დაცვების. ის ხალხი, ვინც მათ იცავს, ძალიან კარგად იცნობს თემურ ჯანაშიას, მათ მოერიდათ და საკუთარი დაცვის შეეშინდათ”, - განმარტა უგულავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

“პროპაგანდისტული ნაღმი” პუტინისთვის - კიევისა და ვაშინგტონის შეთანხმებამ კრემლი დილემის წინაშე დააყენა

“11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ჩატარებულ შეხვედრას კიევი პოზიტიურად აფასებს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ კომპრომისი მხოლოდ მისი პირობების დაკმაყოფილებით მოხდება. ევროპელი ლიდერები აღნინშავენ, რომ “ბურთი რუსეთის მოედანზეა” და ახლა მხოლოდ კრემლზეა დამოკიდებული დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში. საუდის არაბეთში, კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო აშშ-ს მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომელიც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს რუსეთთან. ინიციატივა მოიაზრებს ცეცხლის შეწყვეტას როგორც ჰაერში და წყალში, ასევე ხმელეთზეც. “უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ჩვენ ამ ნაბიჯს პოზიტიურად ვაფასებთ და მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი ამის გაკეთებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იმ მომენტში დაიწყება, როდესაც მოსკოვი ამას დათანხმდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პროპაგანდისტული ნაღმი” პუტინისთვის - კიევისა და ვაშინგტონის შეთანხმებამ კრემლი დილემის წინაშე დააყენა.

“აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი კი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების განახლებას ადასტურებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯიდაში გაჟღერებულ პირობებს მიესალმება და ამ კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან ამ გეგმას განიხილავს. აშშ-ს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკა მოუწოდებს რუსეთს ორმხრივი თანამშრომლობისკენ. “აშშ აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისთვის არის მშვიდობის მიღწევის გასაღები”, - წერია განცხადებაში. საინტერესოა ისიც, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ხელახლა უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, ხოლო ტრამპმა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით “დიქტატორიც” უწოდა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “რეალური შეთანხმებები ფრონტზე იწერება” და უკრაინასთან შეთანხმება მოხდება არა ვაშინგტონის, არამედ მოსკოვის პირობებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნებისმიერი შეთანხმება (კომპრომისის აუცილებლობის სრული გაგებით) ჩვენი პირობებით უნდა შედგეს და არა ამერიკის. ეს არ არის ტრაბახი, არამედ იმის გააზრება, რომ რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იქ, ფრონტზე იწერება. ეს არის ის, რაც ვაშინგტონშიც უნდა გაიგონ”, - წერს კოსაჩოვი “ტელეგრამ”-არხზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ს ინტერესები არასდროს იქნება იდენტური - ისინი 50%-ითაც კი ვერ დაემთხვევა ერთმანეთს. “რატომ უნდა დავეთანხმოთ სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას, როცა ისინი გვეუბნებიან, რომ ეს სამხედრო ძალა იმ ქვეყნებიდან იქნება, რომლებმაც ჩვენ მტრად გამოგვაცხადეს? ისინი მოვლენ უკრაინაში, როგორც მშვიდობისმყოფელები? ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მის ინტერვიუში საყურადღებო იყო ის მომენტიც, როცა მან თქვა: “ტრამპს არ სურს უკრაინისთვის გარანტიების მიცემა, თუ მას ზელენსკი უხელმძღვანელებს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი აშშ-სთან უახლოეს დღეებში კომუნიკაციას შეძლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. “ახლა დროა, თავისი მზადყოფნა რუსეთმა გვაჩვენოს - შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი. სრული სიმართლის დროა”, - თქვა მან. ევროპელი ლიდერები უკრაინისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის შედეგებს პოზიტიურად აფასებენ. მათი თქმით, ეს პროცესების დადებითი განვითარებაა, ხოლო ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. სოციალურ ქსელში იდენტური განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ. “ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა”, - აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებებს ევროკავშირიც მიესალმება. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ კი თქვა, რომ კრემლისგან კომპრომისებს არ მოელის და აღნიშნა, რომ რუსეთი დროის გაყვანას ცდილობს”, - დასძენს გამოცემა.

“იმის მოლოდინი, რომ კრემლი სამშვიდობო ინიციატივებს დასთანხმდებოდა, მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა იყო. კოსაჩოვის ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. კრემლი, ვფიქრობ, არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა. აქ ერთი ნიუანსია - უკრაინელები წყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს ჰაერში და ზღვაზე, თუმცა, მათ უწევთ თავდაცვითი ბრძოლების გაგრძელება, რაც სავსებით ლოგიკურია. უკრაინელებმა, ფაქტობრივად, მოსკოვის დაბომბვით დემონსტრაცია გააკეთეს, თუ რა პოტენციალი აქვთ. ამიტომ, ამ ეტაპზე, რომ ვთქვათ, რაიმე კუთხით მოხდება ცეცხლის შეწყვეტა - ამას სკეპტიკურად ვუყურებ, ისევ რუსების პოზიციებიდან გამომდინარე. ამ ნაბიჯებით რუსები, ბუნებრივია, ტრამპის ადმინისტრაციას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ პუტინისთვის ტრამპის ადმინისტრაცია და ბაიდენის ადმინისტრაცია ერთნაირი მნიშვნელობისაა. ორივე ერთი და იგივეა, დიდად არ აინტერესებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაიმ.

“რაც შეეხება სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ შემდგარა. გარდა ამისა, მხარეები ჯერჯერობით არ არიან მზად, რომ კონკრეტული პირობები იქნას გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ შეიცვალოს. შესაძლოა, მან გაამკაცროს რიტორიკა და დაუწესოს სანქციები - ამაზე ტრამპმაც ისაუბრა. ასე რომ, ჯერჯერობით ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, არის პროცესების განვითარებას დაველოდოთ. რაც შეეხება ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინები არ მაქვს. არ მგონია, რომ რუსეთმა ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიღოს. რუსებისთვის მთავარია კურსკის ტერიტორიის დაკავება - საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესები. დროის ფაქტორია - თუ პუტინი ახლა დათანხმდება, რომ კურსკის ტერიტორიაზე სიტუაცია ისე დარჩეს, როგორც არის, ეს იქნება მისი იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა - “პროპაგანდისტული ნაღმი”. სანამ კურსკის ტერიტორია ოკუპირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, კრემლი არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“