კახა კალაძის განცხადებით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. პროგრამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„დედაქალაქისთვის ავარიული სახლების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე კორპუსებით. როდესაც გავაკეთეთ მოკვლევა რაიონების მიხედვით, 10 ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა. ცხადია, ყველას მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია, თუმცა პრობლემა სერიოზულია. შედეგად, ჩვენ ვიმუშავეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ არა მხოლოდ ხედვა, არამედ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე მოხდეს მათი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება. მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი თანხის გადახდა. პირველივე დღიდან, როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, მოქალაქეები გაგვყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მეშვიდე კვარტალში, N12 კორპუსი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ახალ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცა.

„რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამ მისამართზე. კერძოდ, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა N18-ში, სადაც არსებული სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა; მეორე პროექტია საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ოთხსართულიანი ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად, რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინა 19 ოჯახს გადაეცემა; სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში. დემონტაჟი ჩაუტარდება მეოთხე კვარტალში მდებარე N6 კორპუსს და ოთხსართულიანი შენობის ადგილზე, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს