„ბიბლუსის“ პროექტის „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ბიბლიოთეკები მოეწყობა

„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ბიბლიოთეკები მოეწყობა. შესაბამის მემორანდუმს „ბიბლუსსა“ და საქართველოს ბანკს“ შორის ხელი 2025 წლის 24 მარტს მოეწერა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ბიბლიოთეკების მოწყობას, ქართული კულტურისა და ლიტერატურის გავრცელების მიზნით. მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა ერთგულებას განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ქართული წიგნის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის საერთო მისიის მიმართ.

2024 წლის იანვარში „ბიბლუსმა“ და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას ემსახურება. „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების მთავარი ინიციატორი „ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე იყო.

„საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკებისა და წიგნის კუთხეების მოწყობა, არის უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც „ბიბლუსის“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, ასევე ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლების და სამრევლოების სივრცეებში ქართული წიგნი დაიდებს ბინას. ეს პროცესი, ერთი მხრივ, ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ – ქართველი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, აუცილებელი ღონისძიებაა, საკუთარ ენასთან და ქვეყანასთან კავშირის განსამტკიცებლად.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ამ პროექტის გენერალური მხარდამჭერი, განაპირობებს პროექტის სტაბილურობას და უფრო მეტად განვითარების პერსპექტივას. კერძო ბიზნესების მხრიდან თანამშრომლობის ეს ნაბიჯი არის ამოცანების და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სწორად გააზრების კარგი მაგალითი. ძალიან მალე ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება – მადრიდში, ალექსანდრიაში, ბორდოში, ნიცაში, ლონდონში, ფილადელფიაში, სეულში და ტოკიოში“, – განაცხადა „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძე.

თავის მხრივ, „საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მხარდამჭერი ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

„მოხარული ვართ, რომ, ამჯერად, შესაძლებლობა გვაქვს, წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან და „ბიბლუსთან“ ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბიბლიოთეკების მოწყობაში. პროექტის მიზანია, დავეხმაროთ ემიგრანტებს, მათ შორის ახალ თაობას, განათლების მიღებასა და საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებასთან - ხელი შევუწყოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი ბიბლიოთეკა ესპანეთში მოეწყობა, მომავალში კი ეტაპობრივად სხვა ქვეყნებსაც მოვიცავთ“, – აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

დღეისათვის პროექტის ფარგლებში, საქართველოს 50-მდე სოფელში გაიხსნა და წიგნებით მომარაგდა ბიბლიოთეკები, ასევე, 10-მდე ქვეყანაში მოეწყო ქართული სამკითხველო, რომელთა შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, ერევანი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.

„ბიბლუსი“ დაარსებიდან 17 წელია ხელს უწყობს წიგნიერების გავრცელებას და ხარისხიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის