ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2025

წულუკიანის კომისიამ შესაძლოა სააკაშვილიც გამოკითხოს - პროკურატურა კი უკვე ხაზარაძეს იბარებს

ვინ იფრენს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში - რეისების განხორციელების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა

ნატოს გენმდივანი პუტინს აფრთხილებს - ვისი დაცვა შეიძლება მოუწიოს ალიანსს და არის თუ არა ამისთვის მზად

* * *

წულუკიანის კომისიამ შესაძლოა სააკაშვილიც გამოკითხოს - პროკურატურა კი უკვე ხაზარაძეს იბარებს

“პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, “ძლიერი საქართველოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ოპოზიციონერების ნაწილი კვლავ უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. კომისია კი მუშაობას აგრძელებს და კიდევ ერთი საკითხი - 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება. “კოალიცია ცვლილებებმა” ღიად დააფიქსირა, რომ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს: “უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანის “კომისიაზე” მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი “გამპრავებელი” ბოდიალი ამას არ უშველის. წერტილი”. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოწმის სტატუსით მისულიყო..”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით წულუკიანის კომისიამ შესაძლოა სააკაშვილიც გამოკითხოს - პროკურატურა კი უკვე ხაზარაძეს იბარებს.

“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”, - წერს ხაზარაძე “ფეისბუქში”. პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო. 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის” საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის” მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სხდომაზე დაბარებულები იყვნენ “ძლიერი საქართველოს” ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და “ამ ცირკში მონაწილეობას” არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, შესაძლოა სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც დაიბარონ გამოკითხვაზე. ის არ გამორიცხავს, რომ მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხაზარაძის შემდეგ ალბათ გამოძახებული იქნება წამყვანი სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. თითქოს ისე ჩანს, რომ რაღაც საბაბს ეძებს, რათა პროკურატურამ საქმე აღძრას. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის დაპატიმრებები. მათი პირველი მიზანი იყო ეს პროპაგანდა, რომ ამხილონ წინა ხელისუფლების ე.წ. დანაშაულებრივი ქმედებები. ამიტომ გამორიცხული არაა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, რადგან სავარაუდოდ, იფიქრებენ, პოლიტიკური ლიდერის გარეშე პარტია დასუსტდება და სწორედ ამაზეა გათვლილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა” პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა. სხდომაზე მოუსმინეს პაატა დავითაიასა, მიხეილ ქარელს, გრიგოლ ვაშაძეს და ზურაბ ნოღაიდელს. ამასთან, სხდომაზე დაბარებული არიან ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი. აღნიშნული კომისიის წევრმა და “ქართული ოცნების” დეპუტატმა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ომის დროს მოწინააღმდეგეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მიეწოდებოდა. “კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ ტელევიზიებში. პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში მიდიოდა გადაცემა, რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნეთ ეს სოფელი, ის სოფელი, ის დასახლებული პუნქტი, ეს სიმაღლე ავიღეთ. მოსახლეობა იმედიანად იყო. მისივე თქმით, “ხომ არ იყო იმის ნიშანი, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით, სად იყო ჯარი განლაგებული, რას ვბომბავდით, საით მივდიოდით - ინფორმაციის გადაცემა მოწინააღმდეგეზე ხდებოდა პირდაპირ ეთერში”, - დასძენს გამოცემა.

“ერთ ფაქტს გავიხსენებ - 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი. რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა-ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათო, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ნახევარ საათში შემოფრინდა თვითმფრინავი და ის ზოლი ააფეთქა. ეს პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე? თქვენი აზრით, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, არის თუ არა დასჯადი ასეთი ღალატი პირდაპირ ეთერში?”- მიმართა სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა. ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს მოსახლეობას არა ხელისუფლება, არამედ მოქალაქეები აფრთხილებდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა 80-მდე სახელდება, 80-მდე კაცი იმის შემდგომ არის გარდაცვლილი, უფრო სწორად, მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა. მსხვერპლი ნაკლები იყო, იმიტომ, რომ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რომ თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა... რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა, ანუ რაღაც გეგმა სავარაუდოდ არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს, ან თუ იმსჯელეთ?”, - მიმართა სუბარმა დავითაიას... სხდომაზე გამოიკითხა შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, მიხეილ ქარელი, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

“ბოლო დროს, სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლში იმდენად შევიდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს იმდენად აღიზიანებდა, რომ უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა. გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და ადამიანისთვის სულაც არ არის ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვა დიაგნოზი, თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაშინ, მე განცხადებაც დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ; დამიბარა და დახია ეს განცხადება, გაგიჟებულმა თავის კაბინეტში მიმოფანტა და გამაფრთხილა,რომ მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა. სხვათა შორის, უკვე ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე თვითონ ოქრუაშვილისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დადგებოდა ის დღე, როცა მოვხვდებოდი ციხეში იმიტომ, რომ მისი ქმედებები უკვე ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამ ყველაფერზე თმენის ვალდებულებაც კი, ფაქტობრივად, უკვე არა მქონდა”, - განაცხადა სხდომაზე მიხეილ ქარელმა.

“მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმომედგინა, თუ რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის და საპროტესტო მუხტს მხარი დავიჭირე და მაშინვე გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ. ოთხი დღის განმავლობაში ბეტონის ოთახში დამტოვეს. ითხოვდნენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო და უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ, ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ. ჩემგან რომ ვერ მიიღო ის ყველაფერი, რაც თვითონ სურდა, უკვე შემდეგ მთელი ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრებზე, ჩემ მოხუცებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე აღრიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა”, - განაგრძო ქარელმა.

“სახლიდან მშობლებს აძევებდნენ და ეს ვერ მოახერხეს, რადგან ამათ სამეზობლო, სოფელი უპირისპირდებოდა და საბოლოოდ, მერე ამ ომმა, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ომის დროს ჩემი ის სახლი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, პაპაჩემის აშენებული, დაწვეს და მთლიანად გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია, ჩემი აზრით. გულწრფელად გეტყვით, ამიტომ აბსოლუტურად მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. თუ დამატებითი კითხვები იქნება ჩემთან მიმართებაში მზად ვარ, რომ გამოვცხადდე თქვენი კომისიის სხდომაზე. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი”, - დაასრულა მიხეილ ქარელმა.

“კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეც იყო დაბარებული, რომელსაც კომისიის თავმდჯომარემ, თეა წულუკიანმა მას კითხვები დაუსვა. “სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მოვუსმინეთ 2004-2007 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს. მან თქვა, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როდესაც შეხვედრები იმართებოდა, ამბობდა, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ “ამერიკელები მიხედავენ რუსებს”. ყველას მინდა შევახსენო, რომ ის იმავდროულად მთავარსარდალიც იყო. თქვენ დავითაიას კომისიის წინაშე ბრძანეთ, რომ მე ყველაფერში ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მინისტრის მოადგილე იყავით. მანამდეც იყავით მინისტრის მოადგილე და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ის, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს? რომ მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?”, - აღნიშნა წულუკიანმა. გრიგოლ ვაშაძის თქმით , “ამისთანა სისულელე არ გაუგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან”. ხოლო წულუკიანის განმარტებით, სააკაშვილი თავად უპასუხებს იმ კითხვებს, რაც მასთან დაკავშირებით კომისიას აქვს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვინ იფრენს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში - რეისების განხორციელების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა

“სოხუმის აეროპორტიდან რეისები მაისიდან განხორციელდება. ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა, 26 მარტს კრიტიკით უპასუხა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ საჭიროა კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას. საქართველოს საავიაციო სააგენტოს კომენტარი სააგენტო BMG-მ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, “დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ იფრენს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში - რეისების განხორციელების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

“აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია: “ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან შორს მყოფი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების მორიგი თავდასხმები შეუქცევადი პროცესების შეფერხების მცდელობას წარმოადგენს”. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საცდელი ფრენა აფხაზეთის მიმართულებით ავიაკომპანია “UVT Aero”-მ განახორციელა. 2023 წლის ზაფხულში “UVT Aero”-ს ყაზახეთის რეისზე საქართველომ არ გასცა ნებართვა, რომელსაც ქვეყანაში ფეხბურთელები უნდა ჩამოეყვანა. მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანია სანქციების ქვეშ იმყოფებოდა და ევროკავშირის შავ სიაში იყო შეტანილი და შეზღუდვები მის თვითმფრინავებზეც ვრცელდებოდა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 თებერვალს პირველად 32 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში სამოქალაქო თვითმფრინავი პირველად დაჯდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სოხუმიდან რეისები მხოლოდ რუსეთის მიმართულებით განხორციელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვფიქრობ, ვარაუდი არ სჭირდება, თუ სად განხორციელდება სოხუმიდან ფრენები. ერთადერთი სახელმწიფო იქნება რუსეთი - ვერსაიდან ვერ განხორციელდება სხვა რეისები, რადგან ამას არ მისცემს ნებართვას საერთაშორისო სამართალი. იქნება მხოლოდ შიდა რეისები რუსეთის ფარგლებში. არავითარი საერთაშორისო კავშირი მას არ ექნება. ასეთი რეისები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც არაღიარებულია ტერიტორიები და ერთი ქვეყნიდან ხდება ფრენები. ასე რომ, ვფიქრობ, ამას ბევრი ფილოსოფოსობა არ სჭირდება. რუსეთი განახორციელებს კვირაში ერთ-ორ რეისს მოსკოვიდან, როსტოვიდან. ამ აეროპორტის ძირითადი დატვირთვა არა სამგზავრო, არამედ სატვირთო იქნება. ამ აეროპორტიდან მიიღებენ და გაუშვებენ აკრძალულ, დასანქცირებულ ნივთებსა და საქონელს, რომელიც აფხაზეთში მოხვდება. გალში უკვე სპეციალური ტერმინალი შექმნილია. რუსულ ტვირთებს დააფასოებენ და რკინიგზით წაიღებენ რუსეთში. თუმცა სასწრაფო და გადაუდებელ ნივთებს, შორსმავალ საქონელს ისევ გაუშვებენ თვითმფრინავებით - ამისთვის არის გაკეთებული ეს აეროპორტიც”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისასა პაატა ზაქარეიშვილი.

“რეისები, რა თქმა უნდა, ზაფხულში იქნება, როცა გაიხსნება ტურისტული სეზონი. რუსული რეისები დაჯდება სოხუმში. სავსებით შესაძლებელია, კვირაში 2-3 რეისი იყოს. პოლიტიკური მნიშვნელობა ამ აეროპორტის ამუშავებაში უკვე არსებობს. უკვე არის გამოკვეთილი, - ფაქტობრივად, საქართველო თმობს აფხაზეთს და უთმობს რუსეთს - ეს ყველაფერში ჩანს. რუსეთი ახორციელებს ანექსიურ პოლიტიკას. საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ ამავე დროს დუმს - არც აღიარებს და არც პროტესტს გამოთქვამს. ეს აეროპორტიც ამ პროცესის ნაწილია. თუ ვეძებთ პოლიტიკურ განზომილებას, ეს უკვე არსებობს და გაგრძელდება კიდეც. ვფიქრობ, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება - ალბათ, უფრო ზეპირი. საქართველო არ შეუშლის ხელს რუსეთს, აითვისოს აფხაზეთი და არ დაგმობს ამ პროცესს. რაც შეეხება ზემოქმედების ბერკეტებს, ვფიქრობ, ეს აუცილებელია და საჭიროა. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველო აფხაზეთისთვის იბრძვის. თუ საქართველოს არ ადარდებს, მაშინ მსოფლიოს რატომ უნდა ადარდებდეს? სწორედ ესაა მთავარი საფრთხე”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშილი.

ნატოს გენმდივანი პუტინს აფრთხილებს - ვისი დაცვა შეიძლება მოუწიოს ალიანსს და არის თუ არა ამისთვის მზად

“ნატო-ს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს”, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის და ეს მათ მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების უნარზე დიდ გავლენას მოახდენს. რაც შეეხება პოლონეთისა და ნატო-ს ტერიტორიის დაცვას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შერჩება, იგი ალიანსის პასუხს მთელი ძალით მიიღებს. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება. ეს ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს”, - თქვა რუტემ. რონდელის ფონდის მკვლევრის, კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, ნატოს თუ ვინმეს დაცვა მოუწევს, ეს იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები. მისივე თქმით, ალიანსი ამისთვის მზადაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს გენმდივანი პუტინს აფრთხილებს - ვისი დაცვა შეიძლება მოუწიოს ალიანსს და არის თუ არა ამისთვის მზად.

“იმედია ნატოს არავის დაცვა არ მოუწევს, თუმცა დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი ნაწილობრივ და ალბათ პოლონეთი. ესენი არიან ისინი, ვინც პირველი რიგის რისკის ქვეშ არიან რუსეთის მხრიდან თავდაცვის კონტექსტში. დანარჩენ ქვეყნებს ამდაგვარი არაფერი არ ელოდებათ. თუ ვინმეს რამე რესურსი აქვს, ეს არის ნატო. მისი სამხედრო ბიუჯეტი არის დაახლოებით 20-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე რუსეთის და მისი შეიარაღებული ძალები ასევე, რამდენიმეჯერ უფრო მეტად აღემატება რუსეთისას. უბრალოდ, აქ საუბარია პოლიტიკურ მზადყოფნაზე. კარგად იცით, რომ ეს მოდის ტრამპის გამონათქვამებიდან. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - თუ არ გადაიხდიან ჩვენ დავიცავთ, ან არ დავიცავთ. აქედან მოდის ყველაფერი და სწორედ ამიტომ მოუწია გენერალურ მდივანს განცხადების გაკეთება, რომ ისინი ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავენ, თუ მას ვინმე თავს დაესხმება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაია აზრით, ნატოს ბალტიისპირეთის გარდა ფინეთის და პოლონეთის დაცვაც მოუწევს. მისივე თქმით, ნატო ამისთვის 70%-ით მზადაა. მისი თქმით, “საქმე თუ აქამდე მივიდა, ალბათ ფინეთის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის დაცვა მოუწიოს ნატოს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ყველაზე მეტად ესენი არიან რისკის ქვეშ. რუმინეთი ნაკლებად მგონია, რადგან იქამდე რუსეთმა იქამდე მოლდოვა და უკრაინის დასავლეთ ნაწილი უნდა დაიპყროს”, - თვლის ვახტანგ მაისაია, რომლის “პირადი მოსაზრებით, ამისთვის ნატო სავარაუდოდ, 70%-ით მზადაა, 30%-ით კი არა”, - დასძენს გამოცემა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ