ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2025

“ნეტავ, “ვივამედში” მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს?” - წულუკიანის კომისია გამოკითხვებს განაგრძობს

“წინააღმდეგობის პლატფორმის” პირველი წინააღმდეგობა - ზურაბიშვილის თანამოაზრეები საგამოძიებო კომისიას ბოიკოტს უცხადებენ

“ტრამპს გეგმა ჩაუვარდა, რასაც არავის აპატიებს” - ამერიკელი სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ამზადებენ

* * *

“ნეტავ, “ვივამედში” მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს?” - წულუკიანის კომისია გამოკითხვებს განაგრძობს

“ნეტავ “ვივამედში” მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა”, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით განაცხადა. სხდომაზე ყოფილმა პატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ მის მიმართ ციხეში განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. გიორგი ზერეკიძის განცხადებით, ასე სამაგალითოდ დასჯა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გასატარებლად სჭირდებოდა. ”მე არ ვიქნებოდი და სხვა ვინმე იქნებოდა. ჩემი ამბავიც სამაგალითოდ უნდოდათ. სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს, შენ გამოხვალ ზერეკიძეო”, - თქვა მან. მისი განცხადების შემდეგ, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილი “მუმიას” შეადარა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ყოფილი პატიმრების მძიმე ისტორიებს თავად სააკაშვილი ისმენდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნეტავ, “ვივამედში” მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს?” - წულუკიანის კომისია გამოკითხვებს განაგრძობს.

“ნეტავ “ვივამედში” მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა. ვალდებულება მაქვს, რომ არ უნდა ავღელდე, ამ თანამდებობაზე რომ დამნიშნეს კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ ალბათ, ერთხელ მაქვს უფლება, ასე მივმართო მას, თუ არადა, იქნებ ჩართოს და მოგისმინოთ”, - განაცხადა წულუკიანმა. “იმ მონათხრობიდან, რასაც ახლა ვისმენთ, რაც მოვისმინეთ, რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, ვისაც მომავალში მოვუსმენთ ამ კომისიის ფარგლებში, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს”, - თქვა წულუკიანმა, რომლის აზრით, “დღეს, მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია და ეს მან უნდა იცოდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა... რაც შეეხება მომავალ თაობას, მრჩევლად, რა თქმა უნდა, არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობამ, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ. დასამალი არაფერია. ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს... მომავალმა თაობამ, რომელიც ზოგი დეპუტატი გახდება, ზოგი მინისტრიც, ზოგი კერძო სექტორში ისახელებს თავს და ზოგი აკადემიურ სივრცეში, მათ უნდა იცოდნენ რა არის დაუშვებელი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი ხელისუფლებაში და ამასთან, მკურნალიძეები, ახალაიები, კალმახელიძეები, ფაცაციები, მუხაძე და ა.შ. თუმცა ამ გვარების მატარებელ ღირსეულ ხალხს ბოდიშს ვუხდით იმიტომ, რომ გვარში ერთი გამოერევა ხოლმე და შემდეგ, მთელ გვარს ცხებს ჩირქს”, - განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, სხდომაზე დაბარებულები არიან “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია. როგორც ნიკა მელია წერს ის საგამოძიებო კომისიაში, 11 აპრილს, 13:00 საათზე, არის დაბარებული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კომისიაზე 8 აპრილს, 10:00 საათზე არის დაბარებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია ისიც, რომ თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. ამის შესახებ წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ, როგორც კომისია, უნდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც საქმის არსებითად განხილვისთვის მომზადებას გულისხმობს. დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. არსებითი განხილვის პროცესში მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ ამ შეფასებას დავეთანხმოთ ვინაიდან, ასეთი კატეგორიების საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის, მესამე პუნქტით სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა სტანდარტი და კონვენციურ სტანდარტთან შესაბამისი”, - აღნიშნა წულუკიანმა, რომლის თქმით, “ახლა ჩვენ არსებით განხილვას დაველოდებით”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც იცით, უკვე არსებითი განხილვის შედეგად, მოსამართლეს გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, სისხლის სამართლის ჯარიმა და ასევე, პატიმრობა ერთ წლამდე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა იმ პირს, ვისაც ჩვენ ახსნა-განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ! ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და გვაქვს მოლოდინი, რომ მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს”, - განაცხადა წულუკიანმა. მამუკა ხაზარაძეს, რომელიც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა. ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა”, - წერს სტატიის ავტორი.

“წინააღმდეგობის პლატფორმის” პირველი წინააღმდეგობა - ზურაბიშვილის თანამოაზრეები საგამოძიებო კომისიას ბოიკოტს უცხადებენ

“წინააღმდეგობის პლატფორმის” პირველი წინააღმდეგობა - მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრაზე შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ არც ერთი არ მიიღებს მონაწილოებას და არ ითანამშრომლებს პარლამენტის ენმ-ს ხელისუფლების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალები უფრო მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდიან. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი თვლის, რომ ზურაბიშვილს ახალი ინიციატივა რაღაცნაირად უნდა გაეაქტიურებინა და პირველი ეს ნაბიჯი გადადგა, თუმცა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კომისიაზე არმისვლით ადასტურებენ, რომ მათ რაღაც დასამალი აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “წინააღმდეგობის პლატფორმის” პირველი წინააღმდეგობა - ზურაბიშვილის თანამოაზრეები საგამოძიებო კომისიას ბოიკოტს უცხადებენ.

“წინააღმდეგობის პლატფორმის” მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არც ერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, ის სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. მისი თქმით” არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ “ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმით, “იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ გადაწყვეტილებას მოვუსმინე და პოლიტიკური ძალები, ისევე, როგორც ხელისუფლება უფრო მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდიან, საინტერესო გადაწყვეტილებაა. ახლა რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება - წავა ღია რეპრესიებზე ოპოზიციის მიმართ, თუ არა. ერთია, რომ ხაზარაძეს გირაო შეეფარდა, მაგრამ პროცესი წინაა, ამ პროცესზე ხელისუფლება მიუსჯის პატიმრობას, თუ ჯარიმით შემოიფარგლება? ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება სწორია და თუ შენ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევ, იმ კომისიაშიც არ უნდა მიხვიდე და ჩვენება არ უნდა მისცე. ამასთანავე, გარკვეულწილად ლიდერებს უფრო მეტი მოეთხოვებათ და სწორედ ამ ლიდერებზეა აქ საქმე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც არის დაბარებული, მედიასაშუალებებიდან თარგამაძეა და ა.შ. ასე, რომ ამ მხრივ, მე მგონი, სწორი გადაწყვეტილებაა. ველოდები ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და უფრო მგონია, რომ პროცესის რადიკალიზაციას ამ ეტაპზე არ შეეცდებიან და მონახავენ რესურსებს იმისთვის, რომ ნერვების ომი, რომელიც ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდის, მოიგონ და რუსთაველზე შეძლონ საპროტესტო აქციის გაგრძელება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს რაღაცნაირად უნდა მოეხდინა თავისი ახალი ინიციატივის - ამ წინააღმდეგობის პლატფორმის პრეზენტაცია და აიღო პარტიებისგან სიტყვიერი პირობა, რომ ისინი არ მივლენ კომისიის სხდომაზე, მაგრამ რას აძლევს კომისიაზე არმისვლა თავად ამ წინააღმდეგობის პლატფორმას პოლიტიკურად, ან მორალურად? ამით ხომ ისინი, ვინც კომისიაზე მისვლაზე უარს აცხადებენ, რაღაცნაირად ადასტურებენ იმას, რომ მათ რაღაც დასამალი აქვთ და მათ არ სურთ ჩვენების მიცემა?! თუ ეს რაღაცა პოლიტიკური პრინციპის საკითხია, როგორც დავუშვათ მამუკა ხაზარაძისა და სხვების შემთხვევაში, ეს გასაგებია და ჩვეულებრივი ოპოზიციური თამაშებია და მეტი არაფერი. არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით კომისიაში არმონაწილეობით რაიმე სერიოზული და ღირებული შესძინოს პლატფორმას ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება მათგან ელოდება. პლატფორმისგან სხვა წინააღმდეგობებიც მოსალოდნელია, მაგალითად, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი, - მათ შეუძლიათ წერილობით გააფორმონ რაღაც დეკლარაცია-შეთანხმება, რომ არცერთ შემთხვევაში არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ტრამპს გეგმა ჩაუვარდა, რასაც არავის აპატიებს” - ამერიკელი სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ამზადებენ

“50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საუბარია პრესრელიზი, რომელიც “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრემისა და “დემოკრატი” სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა. “ეს სანქციები დაწესდება, თუ რუსეთი უარს იტყვის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობისთვის ან წამოიწყებს სხვა ძალისხმევას, მათ შორის სამხედრო შეჭრას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. კანონმდებლობა ასევე აწესებს 500-პროცენტიან ტარიფს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა პროდუქტებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ტრამპს გეგმა ჩაუვარდა, რასაც არავის აპატიებს” - ამერიკელი სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ამზადებენ.

“აშშ-ს სენატში გაბატონებული შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა შეწყდეს ახლა და შეჩერდეს მომავალში”, -აღნიშნავენ გრეჰემი და ბლუმენტალი. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს კონგრესის ორივე პალატა. “ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მზად არის და მიიღებს ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას, თუ მათ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე წარადგენენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელძღვანელის, ვახტანგ მაისიას აზრით, ტრამპს გეგმა ჩაუვარდა და ახლა ეცდება პუტინისთვის სამაგიეროს გადახდას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სანქციების დაწესების საკითხი იმიტომ გააქტიურდა, რომ ტრამპს თავისი გეგმა ჩაუვარდა და ის ამას არავის აპატიებს, მათ შორის არც პუტინს. ტრამპს იმხელა ამბიცია აქვს, პუტინს არც დაესიზმრება. მისი თითოეული წარუმატებლობა პირდაპირ აისახება მის პოლიტიკურ რეიტინგზე, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით. მას რომ რეიტინგზე არ ეზრუნა დღეს პრეზიდენტი ვერ იქნებოდა. ასე რომ, ტრამპი საკუთარი თავის მაღლა არავის დააყენებს, მით უმეტეს პუტინს. როგორც ჩანს, ტრამპს პუტინთან ყოველგვარი ლაპარაკის საშუალება ამოეწურა და ახლა გადადის მოქმედებაზე. ის თვლის, რომ ეს ყველაფერი პუტინს ზიანს მოუტანს, ეს არის და ეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ორპარტიანი კონსენსუსი ამაზეც მეტყველებს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას განსხვავებული ხედვა გააჩნია. ტრამპს უნდოდა რუსეთისთვის მეგობრული ხელი გაეწოდებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ხელი პუტინმა კარგად მოკვეთა. ბუნებრივია, ტრამპი ამას არ შეარჩენს და 50 ამერიკელი სენატორის გადაწყვეტილება ამის პირდაპირი გამოხატულებაა. სავარაუდოდ აქ საუბარი იქნება, ნავთობის ფასების მაქსიმალურად დაგდებაზე, რუსული გაზის ექსპორტის აკრძალვასა და იმ რუსული შავი ფლოტის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგაზე, რომლითაც პუტინს მოუწევს სერიოზული ანაზღაურება. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სამშვიდობო შეთანხმება ჩიხში შედის. მე აქამდეც მაქვს ნათქვამი, რომ ტრამპს სანქციების შემოღება მოუწევს-მეთქი და ასეც მოხდა”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა